Home რუბრიკები ისტორია “ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის...

“ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის მეთაურად… თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული წინამძღოლები ჰყავდეს?”

1020
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძემ ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქციით თავისი ქვეყნისთვის მტკიცე ევროპული საზღვაო კარიბჭე შექმნა, მაგრამ წუხდა, რომ ამ პროგრესის წარმატების გზები და მეთოდები იმ დროს არ ესმოდათ. ასე ცხოვრება რომ სამომავლოდ შეუძლებელი იყო, არ ესმოდა არა მხოლოდ ინტელიგენციას, არამედ ქვეყნის მეთაურებსაც კი.

ნარკვევიოცნება და ცხოვრებამეცნიერების მიღწევების, ცოდნის პრიმატის, ტექნიკის განუსაზღვრელი შესაძლებლობების განმარტებაა მათთვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა პროგრესული წესებით საზოგადოების ცხოვრების მართვას, ახალი ტექნიკის შემოღებას, უახლეს საწარმოო საშუალებათა დანერგვას. ასეთები იმდროინდელ საქართველოში ცოტანი როდი იყვნენ.

დღეს სხვა დროა, სხვა შეხედულებები და დამოკიდებულებები, პროგრესის დანახვა არც ინტელიგენციისთვისაა რთული და არც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ ევროპულ სტანდარტებზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, იდება ინვესტიციები, ხორცილედება ძვირად ღირებული პროექტები _ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის იგივეა, რაც ფუფალასთვის ფერუმარილი. მავანი შეიძლება შემომედავოს: რა, ახალგაყვანილი გზებით ყველა არ სარგებლობს? რესტავრირებულ და გალამაზებულ ქუჩებში განა გაჭირვებულ ხალხს ვინმე უკრძალავს გავლასო? რა თქმა უნდა, არავინ უკრძალავს მათ არც უზარმაზარ სუპერმარკეტებში სანოვაგის შეძენას, არც რესტორნებში ქეიფს, მაგრამადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც ნაგვის ურნებში ქექვა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათხოვრობაურჩევნია”. ასეთია რეალობა. ნიკო ნიკოლაძე კი, როცა პროგრესზე საუბრობდა, ხაზს უსვამდა იმას, რომ ყველა იმ სიკეთემ, რომლებიც ქვეყანაში იქმნება, უპირველესად, თითოეული მოქალაქის ცხოვრება უნდა გააუმჯობესოსო.

 ნიკო ნიკოლაძეცა და მისი თაობის სხვა პროგრესულად მოაზროვნე მამულიშვილებიც მიიჩნევდნენ, მსოფლიო არც წყევლაკრულვისა და არც ძალადონის შედეგად არ განახლებულა, ცოდნითა და მეცნიერებით ავიდა განვითარების მაღალ საფეხურზეო. განათლების დღევანდელ დონეზე საქართველოში კი თუნდაცდედა ენისგარეშე სკოლის დატოვება ამბობს ყველაფერს.

ოცნება და ცხოვრება

რა მომავალი აქვს ქვეყანას, რომლის არა მხოლოდ ინტელიგენციას, არამედ მეთაურებსაც კი არ ესმით, რომ ასეთი ცხოვრება სამომავლოდ შეუძლებელია? ვის ან სად აქვს წარსული წლების დანაზოგი, ძველი თაობების მიერ შეგროვებული ის სიმდიდრე, რომელსაც შეეძლო გადაეფარა ხალხის ბიუჯეტის ასეთი დეფიციტი? კიდეც რომ მოვაქუჩოთ აქამდე შეგროვილი ჩვენი სიმდიდრე, ის ხომ ორი-სამი წელიც არ გვეყოფა? საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელზედაც ამდენს ვლაპარაკობთ ისე, რომ არც კი ვიცნობთ კარგად, ისევე გაკოტრდებოდა, როგორც მისი კარიკატურები, საფრანგეთს ყველა დამშეულისათვის თანაბრად რომ გაენაწილებინა მთელი ფრანგული სიმდიდრე. როგორც ახლა ზუსტად დაიანგარიშეს, ფრანგებსაც მხოლოდ ორ წელს თუ ეყოფოდა სახელმწიფო დოვლათი. მისი სიდიადე სულ სხვა რამეშია. …რევოლუციამ კანონის წინაშე გაათანაბრა ყველა, ყოველგვარ ნიჭს მისცა გაქანების, განათლების, მოღვაწეობის, ხელისუფლებაში მოსვლის უფლება, და ამასთან წესრიგის დამყარებით ქვეყანას მისცა საშუალება, კიდევ უფრო ნაყოფიერი გაეხადა მისი შემოქმედებითი ძალები, ამასთან, შრომის ნაყოფით ესარგებლა მშრომელებს და არა მუქთამჭამელებს. საფრანგეთის რეალური სიმდიდრე მოკლე ხანში კი არ დანაწილდა, არამედ ათმაგი შეიქნა, რაც რევოლუციის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი იყო. ჩვენში კი ჰგონიათ, რომ ყოველივე ეს დასჯითა და კონფისკაციებით მოხდა…

საფრანგეთის დიდი რევოლუციის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ის, რომ მან ისტორიის არქივს ჩააბარა ის ბობოლები, რომლებსაც საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტები ეჭირათ, რომელთაც არაფერი ესმოდათ იმ საქმისა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ. შემდეგ ამ თანამდებობებზე ყველაზე გამორჩეული ადამიანები დანიშნეს, ვინც ცოდნით, გამოცდილებით, ენერგიით, ტალანტით ყველასგან განსხვავდებოდნენ. თუ რევოლუციაში უნდა მივბაძოთ ვისმეს, უნდა დავიწყოთ უმთავრესით: ჩვენი საქმე საქმიან ადამიანებს უნდა მივანდოთ. მსოფლიო განახლდა და განთავისუფლდა არა წყევლა-კრულვის შედეგად, არა მისტიკოსების და ოკულტისტების მიერ, არა ძალადობის წყალობით, არამედ გონებისა და ცოდნის საფუძველზე. რობესპიერებსა და ბაბეფებს კი არ დაუდევთ ახალი წყობის ქვაკუთხედი, მათ შემდეგ, მათივე წყალობით შექმნა ნაპოლეონის დესპოტიზმი, რომელთან შედარებითაც ადრინდელ მეფეთა თვითმპყრობელობა ბავშვური გართობა იყო, მსოფლიოს განახლება იმ სწავლული ქიმიკოსების, მექანიკოსების, ბიოლოგების, ინჟინრების, ფინანსისტების და სამართალმცოდნეთა წყალობა იყო, რომელთაც განსწავლულ ადამიანს მანამდე არარსებული ძალაუფლება მიანიჭეს ბუნებაზე ზემოქმედებისა, ასწავლეს მისი გამოყენება, სრულიად ახალი პირობები შეუქმნეს მრეწველობის განვითარებას და ბუნებრივ საიმდიდრეთა ათვისებას. თავის ნამდვილ განმათავისუფლებლად, ახალი ცხოვრების შემქმნელად გამოფხიზლებული კაცობრიობა მიიჩნევს კარნოს, ლავუაზიეს, პურტალს, ფულტონს, სტივენსონს, ლესეფს, პასტელს და არა იმ მარიონეტებს, რომლებიც კრიზისის დღეებში მომწიფებული ძალებისა და ინტერესების შემთხვევით წარმომადგენლებად გამოჩნდებიან ხოლმე.

შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, თითქოს ჩვენი დროის მეცნიერებამ, დაასამარა რა მისტიკის ქიმერები და მეტაფიზიკის დოქტრინები, ადამიანთა გონებრივი ჰორიზონტი შეავიწროვა და კაცობრიობის ნათელი მომავლის იმედი გააფერმკრთალა. პირიქით, ძველი დროების ყველაზე თამამი უტოპიაც კი ვერ შეედრება იმას, რაც ზუსტმა მეცნიერებებმა მოუტანა დღევანდელ სინამდვილეს არა მარტო ცდებით, არამედ ყველასათვის ხელმისწვდომობით. ადამიანი სავსებით გათავისუფლდა ბუნებაზე დამოკიდებულებისაგან, გემის, რკინიგზის, ავტომობილის, უმავთულო ტელეგრაფის, ტელეფონის, ჰაერში ფრენისა და ტექნიკის სხვა ასეთი სასწაულის წყალობით.

…აი, გზები და ჰორიზონტები გახსნილი მეცნიერების მიერ თანამედროვე ადამიანის ფხიანობისათვის, სხვაზე რომ არაფერი ვილაპარაკოთ და თუნდაც ტრესტების შექმნა აღვნიშნოთ, რომლებიც ქმნიან კონკურენციას, რამაც ჩვენს თვალწინ აშკარა გადატრიალებები მოახდინა, _ გადაზიდვების კოლოსალური გაიაფება, მანძილზე ელექტროენერგიის გადაცემა, _ ნათელყოფენ, რომ კაცობრიობის ეკონომიკური საქმიანობა სინამდვილეში სულ სხვა მიმართულებით მიქრის, ვიდრე წინასწარმეტყველებდნენ ოკულისტები და მეტაფიზიკოსები გასული საუკუნის (მე-19 საუკუნის – რედ.) შუა ხანებში.

მსხვილმა კაპიტალისტურმა წარმოებამ არამც თუ მარტო ჩაყლაპა წვრილი წარმოება, არამედ ყოველდღიურად რაღაცით შეავსო კიდეც იგი, წვრილი მეურნეობისა და საწარმოს რიცხვი და წარმადობა მსხვილთან შედარებით ინტენსიურად იზრდება კიდეც. მაგრამ ხელით შრომამ კი არ აჯობა მექანიკურსა და ინტელექტუალურ საქმიანობას, არამედ თანდათან გაუქმდა. მეცნიერება წინ მიუძღვის მანქანებითა და რეაქტორებით განვითარებულ წარმოებას, რომელშიც მხოლოდ ინჟინრებს ექნებათ საქმე და არა ხელით მშრომელს. აი, ფაქტები, რომლის დაუნახაობა სიბრმავეს ნიშნავს. ეს შეიძლება არ ეწამათ სოხუმის მახლობლად მდებარე ათონის მონასტრის ბერებს, ვის ვის და ამ მონასტრის მნათეებს მართებდათ მათი მისტიკური და მეტაფიზიკური დრომოჭმული დოქტრინათა დაცვა, მაგრამ ჩვენს მხარეში სწორედ მათ პირველებმა და ერთადერთებმა გაითავისუფლეს თავი ხელით შრომის სიმძიმისაგან, ბუნებით დაწესებული შავი სამუშაოსაგან. ჩვენი ცრუ პროგრესისტები, რომლებიც ჯერ კიდევ 1848 წლის ჩამორჩენილობას ებღაუჭებიან და ვერ ამჩნევენ, რომ დიდი ხანია მსოფლიოში ყველაფერი გარდაიქმნა, არ ითვალისწინებენ ამ ცოტახნის წინანდელი სიველურეს. ჩვენს ქვეყანას ყველაფერი აქვს ამ სიველურისგან თავის დასაღწევად, უფრო მეტად შეუძლია ხელით შრომისა და პრიმიტული ტექნიკის შეცვლა, ვიდრე სავოიასა და დოფინოში, რომლებიც გამდიდრდნენ რაღაც მეოთხედ საუკუნეში.

იმათთვის, ვინც იცნობს მეცნიერებისა და წარმოების უკანასკნელ მიღწევებს, მე ახალი, რასაკვირველია, არაფერი მითქვამს, მაგრამ განა ბევრი გვყავს ასეთი ადამიანი? არა მარტო განათლებულ, არამედ მოწინავე ადამიანთა უმრავლესობას ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი იმ ილუზიებისა და ვარაუდებისათვის, 60 წლის წინ რომ პროგრესულად ითვლებოდა. ისინი ახლაც წამდაუწუმ იმეორებენ ჩვენს წინააღმდეგ მომართული პოლემიკის პათოსს, _ თითქოს ასაკრების აღება შუასაუკუნეობრივი ხარკია. ესეც ორმოციანი წლებიდან გადმოსული გადმონაშთია, როცა სიტყვა ბატონობდა აზრზე, და უარყოფდა ცხოვრების რეალური ფაქტების სერიოზული შესწავლის საჭიროებას. ახლანდელი ზუსტი მეცნიერება კი სრულიად სხვა რამეს გვასწავლის, მან მათემატიკურად დაასაბუთა, რომ შუასაუკუნეების ბოროტება ასაკრების შემოღებაში კი არ მდგომარეობდა, არამედ უხეში ხელით შრომის გაბატონებაში, მაგრამ იგი თანდათან შეცვალა ქალაქისა და მისი თვითმმართველობის მიერ შემოღებულმა გადასახადების წესმა. ქალაქების მიერ დამკვიდრებული ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებისათვის შემოღებული გადასახადები ერთადერთი საშუალებაა ხალხის ეკონომიკური ყოფის გასაუმჯობესებლად, რომ აფრიკის სიღრმეში არსებულ ველურ ტყეებში, სადაც უხსოვარი დროიდან ბატონობს ცემა-ტყეპა და კაციჭამიობა, არავითარი გადასახადი დაწესებული არ არის, ხოლო ინგლისსა და საფრანგეთში ღარიბი გლეხიც კი ყოველწლიურად ასობით მანეთს იხდის, ანუ ათჯერ მეტს, ვიდრე მისი წინაპრები იხდიდნენ შუასაუკუნეებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავის ბედს მაინც არ გასცვლის წინაპართა ხვედრზე. ამიტომ ვისაც თავისი ქვეყნის სიკეთე და პროგრესი სურს, მან გადასახადს ბრძოლა კი არ უნდა გამოუცხადოს, არამედ მის გაძლიერებასა და განმტკიცებაზე უნდა იფიქროს, რასაკვირველია, ეს გადასახადები, ხალხის წარმომადგენელთა კონტროლის წყალობით, უნდა მოხმარდეს საკუთარი ქვეყნის საჭიროებას, ტექნიკურ შეიარაღებას და ხალხის განათლებას.

გული მტკივა, რომ ამ აქსიომების მტკიცება მჭირდება არა ბავშვებისათვის, არამედ ბელადებისათვის. ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის მეთაურად, მისი საჭიროების გამომხატველად, მისი ენერგიის წარმმართველად თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული წინამძღოლები ჰყავდეს? თუ მას ელის დაღუპვა ისე, რომ ვერ ეღირსოს ნათელს და იმ მეთაურთა მსხვერპლი შეიქნეს, ვინც ვერც კი ხვდება თავის გონებრივ სიბნელეს ქვეყანას უფსკრულისაკენ რომ მიაქანებს.

ნიკო ნიკოლაძე,

ოცნება და ცხოვრება

 1908 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here