Home ახალი ამბები საქართველო ძალიან  მალე საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება აღარავის გაუკვირდება

ძალიან  მალე საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება აღარავის გაუკვირდება

315

ერთ დღეს დავინახავთ, რომ ირგვლივ ყველა, დიდი თუ პატარა, ნარკოტიკზეა დამოკიდებული, სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად აზროვნებს და ამ სხვანაირ ფიქრსა და აზროვნებაში არსებული ვითარებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობთ. მათთვის სულერთი იქნება, ქალი ქალზე იქორწინებს თუ კაცი კაცზე

ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ლიბერალური კანონი მიიღო და სასჯელი შეარბილა. მეტიც, რაღაც დოზით ნარკოტიკის მიღება ლეგალურიც კი გახდა, მათ შორის მარიხუანის მოწევა, და ეს ნაბიჯი დასავლეთმა დადებითად შეაფასა, ტაშიც კი დაგვიკრა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, აღვნიშნოთ, რომ, ექიმთა დასკვნით, მარიხუანაში, რომელსაც ადრე ეწეოდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, იმ ნივთიერების შემცველობა, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს, 7-დან 10%-მდე იყო. ახლა კი, ძირითადად, ჰიბრიდული ჯიშებია შემოსული და აღნიშნული ნივთიერება, საუკეთესო შემთხვევაში, 60%-ია, რაც ჯანმრთელობისთვის მავნე კი არა, მომაკვდინებელია; ამიტომ იყო, რომ ადრე მარიხუანა შედარებით მსუბუქ ნარკოტიკად ითვლებოდა, ახლა კი მის უკუჩვენებებში ფსიქიკური აშლილობა, მიჩვევა, ნევროზი და ათასი რამ არის. და ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე მივიღეთ…

2022 წლის იანვრიდა, აგვისტოს ჩათვლით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკულ თრობაზე 3047 პირი შეამოწმა. ნარკოტიკული თრობა 2127 პირს დაუდგინდა, ანუ 69,8%-ს. გამოვლენილ პირთაგან 64 ქალი იყო, 12 – არასრულწლოვანი, ანუ ბავშვი. რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ყველა მათგანი მარიხუანის თრობის ქვეშ იყო, გაცილებით მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდათ მიღებული.  ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შედეგი კატასტროფულია და წინ კიდევ 4 თვე გვაქვს, ანუ ძალიან დიდია  შანსი იმისა, რომ პროცენტულმა მაჩვენებელმა მოიმატოს და…  საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება უკვე აღარავის გაუკვირდება…

თუ გახსოვთ, როცა აღნიშნული კანონი მიიღეს, დასავლეთმა ტაში დაგვიკრა, – ეს რა კარგი რამ ჰქენითო; ჩვენს კანონმდებლებსაც გაუხარდათ,  – ევროპას და ამერიკას მოეწონათო. ჯერ ერთი, როცა პირი რამეზეა დამოკიდებული, გააკეთებინებ ყველაფერს, რაც გინდა; მეორე – ნარკოლიბერალიზაციის კანონის გამკაცრების გამო, კიდევ იმის გამო, რომ ოჯახის ერთობა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობააო, ამერიკელმა ლიბერალებმა დონალდ ტრამპი პოლიტიკური რუკიდან გააქრეს. მეტიც, როცა დაბრუნება განიზრახა და იმავე ლიბერალურმა ფრთამ დაინახა, რომ შესაძლებელი იყო, ვეღარ დაემარცხებინათ, სახლში ჩხრეკა ჩაუტარეს, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და ეჭვი გვაქვს, თუ საჭრო იქნება, არც დაკავებას მოერიდებიან. ანუ, ლიბერალურ ფრთას ეჭვი გაუჩნდა, რომ ტრამპმა მიძნებული ამერიკელი მოსახლეობის გამოფხიზლება დაიწყო  და მითი ქვეყნის უძლეველობაზე, დემოკრატიულობაზე, ლიბერალიზმის სიკეთეებზე თვალს და ხელს შუა იმსხვრეოდა. არადა, ქართული ოპოზიცია უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობა სურს ყველა  სიკეთით, ნარკოტიკებისადმი უფრო ლოიალური მიდგომით, ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების დაკანონებით. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსზე კი არა, სწორედ იმაზე უნდა მუშაობდეს, რომ არა მხოლოდ ნარკოტიკების მიმართულებით, არამედ ყველა სფეროში ლიბერალური მიდგომები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოსპოს. სხვაგვარად, მომავალი იღუპება, ჩვენი მომავალი, და ერთ დღეს დავინახავთ, რომ ირგვლივ ყველა, დიდი თუ პატარა, ნარკოტიკზეა დამოკიდებული, სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად აზროვნებს და ამ სხვანაირ ფიქრსა და აზროვნებაში არსებული ვითარებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობთ. მათთვის სულერთი იქნება, ქალი ქალზე იქორწინებს თუ კაცი – კაცზე, მნიშვნელობა არ ექნება, მისი მეგობარი მარიხუანას ეწევა თუ „კრაკადილს“ იკეთებს და სწორედ ესაა მიზანი – ასეთი დამოკიდებულება საბოლოოდ ორივე მუხლზე აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც დაავადებული მომავალი ჰყავს.

პანდემიის დასრულების შემდეგ, ქორწილები და დღეობები მომრავლდა. ჰკითხეთ ნებისმიერი (ჰო, ნებისმიერი) რესტორნის მეპატრონეს და გეტყვის, რომ ასკაციან სუფრებზე 20 ლიტრი ღვინოც კი არ ისმება, რადგან ახალგაზრდების უმრავლესობას სპეციალურად ამ დღისთვის სწორედ ის ჰიბრიდული მარიხუანა აქვს ნაყიდი, რომელიც განსაკუთრებით დედაქალაქში ლამის ყველგან იყიდება და ეწევიან, შემდეგ კი სხედან და მათთვის სულერთია, დაბადეის დღეა, ქორწილი თუ ძეობა. მეტიც, არც ახსოვთ, წინა დღეს სად და რატომ იყვნენ, მხოლოდ ის ახსოვთ, რომ გაბრუვდნენ, დრო მოკლეს და მეორე დღეს იმავეს გაკეთება სურთ – არსებული რეალობის გაქრობა, შეგრძნებების გაქრობა და ამას სწორედ ნარკოტიკი უზრუნველყოფს. ვინ იფიქრებდა, რომ ნარკოტიკის ყიდვა მაღაზიაში იქნებოდა შესაძლებელი და, თუ მაღაზიაში წასვლა დაგეზარებოდა, შინ მოგართმევდნენ. ჰო, მთავარია, გადაიხადო, თორემ ნარკოტიკს შინ კი არა, მთის წვერზე ამოგიტანენ და დაგიტოვებენ.

ქართველი ემიგრანტების არცთუ მცირე ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც დიდ ქალაქებში ცხოვრობს, ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს გარეუბნებიდან, სადაც ნარკოტიკით გაბრუებული  ათეულობით ადამიანი ნორმალურად არ იქცევა – ან შიშველი დარბის, ან გული ერევა, ან სხეულს ისერავ…  ქართველები ამბობენ, რომ ესეც ამერიკაა და ასეთი ამერიკა უფრო დიდი და ვრცელია, ვიდრე ის, რომელიც ფილმებში და ბევერლი ჰილზზე სეირნობის დროს ჩანს. ეს არის ის მწარე რეალობა, რომლისგან შორს ნამდვილად არ ვართ და ქუჩაში ნარკოტიკებით გაბრუებული ადამიანები უკვე აქაც გვხვდებიან. ამას წინათ პოლიციელი ჩიოდა: დავიჭერ ნარკოტიკით გაბრუებულ მოქალაქეს, მივიყვან, გავაფორმებ და მესამე დღეს ისევ ქუჩაში მხვდება, რადგან სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენო.  ისე გამოდის, რომ პოლიციელი ცუდია, რადგან იჭერს, და მოსამართლე – კარგი, რადგან ათავისუფლებს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობა დიდად აღარავის სურს და ქართველი ძალოვნები მართლაც ჯგუფ-ჯგუფად მიდიან ევროპასა და ამერიკაში… სატაქსაოდ.

ისევ სტატისტიკას დავუბრუნდეთ. რაც უნდა მოვინდომოთ, ციფრებს ვერ გავექცევით და…იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ანუ შვიდ თვეში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი აღინიშნა. გამოდის, რომ თვეში საშუალოდ 14 ადამიანზე ძალადობენ სექსუალურად და ეს ლამის ყოველი მეორე დღე გამოდის. დანაშაულის შემთხვევების უმრავლესობა კი სწორედ ნარკოტიკული თრობის მომენტშია ჩადენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი დანაშაული შობს მეორეს და ეს ჯაჭვური რეაქციაა. ნარკოტიკის მიღება რომ დანაშაულია, მისმა მომხმარებელმაც კარგად იცის; ისიც იცის, რომ ამის გამო არ დასჯიან. დაუსჯელობის განცდა კი ავტომატურად იწვევს იმას, რომ მას სხვა დანაშაულიც ეპატიება, სხვაც შერჩება და სჩადის…შედეგად, საწყის შვიდ თვეში საქართველოში სულ 33 058 დანაშაული აღირიცხა, ანუ თვეში დაახლოებით 4722. ეს დღეში 157 გამოდის. დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, არც ისე მცირე ნაწილი სწორედ ნარკოტიკული თრობის დროს ჩადენილ შემთხვევებზე მოდის, უფრო მეტი მოდის იმ ადამიანებზე, რომელსაც ნარკოტიკის (მათ შორის მარიხუანის) შესაძენი ფული სჭირდებოდა და დანაშაულიც ამიტომ ჩაიდინა.

არც ისე იშვიათად მომისმენია მაღალჩინოსნებისგან: შვილებს ისე ვზრდით, ნარკოტიკებს არასდროს გაეკაროონ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მაღალჩინოსნებს ერთ რამ ავიწყდებათ: მათი შვილები კერძო სკოლებში მძღოლებს დაჰყავთ, შემდეგ რეპეტიტორებთან დადიან, შემდეგ – შინ და დრო არ რჩებათ იმისთვის, რომ სხვა რამეზე იფიქრონ. რიგითი ადამიანების შვილები კი საჯარო სკოლებში სწავლობენ, რეპეტიტორებთან 20%-იც  ვერ ახერხებს სიდუხჭირის გამო მისვლას და არც სავსე მაცივარი ხვდებათ შინ დაბრუნებულებს. შედეგად, ისინი გამოდიან გარეთ, ქუჩაში და სწორედ ქუჩა სთავაზობს ხან ნარკოტიკს და ხან  მცირე კრიმინალს. იმაზე მაინც თუ უფიქრიათ მაღალჩინოსნებს, რატომ გაიზარდა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა? სწორედ იმიტომ, რომ მათ, უბრალოდ, შიათ ან ერთხელ გასინჯეს ნარკოტიკი, მოეწონათ რეალობისგან მოწყვეტა, მეორედაც გასინჯეს და ნახეს, რომ ფული არ აქვთ. თანაც, კანონი არასრულწლოვანთა მიმართ ისევ შერბილებულია და ესეც ლიბერალთა ინიციატივა იყო. ჰო, ლიბერალებმა აგრძნობინეს მოზარდებს, რომ დანაშულის ჩადენის შემთხვევაში მკაცრად არ დაისჯებიან და ამით ისინი, უბრალოდ, წაახალისეს.

კიდევ გავიმეორებთ: სასწრაფოდ არის კანონი შესაცვლელი, სასწრაფოდ არის გასამკაცრებელი განსაკუთრებით ნარკოტიკების მიმართულებით. როცა  ბიუჯეტს გაუჭირდება, ხელისუფლება ხომ აძვირებს სატრანსპორტო ჯარიმებს? ახლა ბიუჯეტს კი არა, ქვეყნის გენოფონდს უჭირს და სწორედ ამიტომ  სახელმწიფომ  სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. როცა ვამბობთ ხვალ, მართლა ხვალინდელ დღეს ვგულისხმობთ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here