რეგვენი პატრიოტი – სიტყვათა ამგვარმა შეთანხმებამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს, მაგრამ ბოლო ოცდათხუტმეტი წლის განმავლობაში ჩვენ თვალწინ არ ჩაიარეს რეგვენი პატრიოტების მთელმა თაობებმა, რომლებმაც ქვეყანას დიდი უბედურება მოსწიეს?! ცალკეულ რეგვნებსაც შეუძლიათ გარკვეული ზიანის მოტანა, მაგრამ ორგანიზებულ რეგვენთა ნამოქმედარის ძალა და მასშტაბი სხვაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათი ქცევის მოტივი პატრიოტულია…
სხვის მაგალითზე საუბარი გაცილებით ადვილია, რადგან საკუთარი მაგალითებით ლაპარაკმა შეიძლება ბევრი გააღიზიანოს, ამიტომ უკრაინის მაგალითით დავიწყოთ: ის, რაც უკრაინას დაემართა, მოღალატეების ნამოქმედარია თუ რეგვენი პატრიოტების? უკრაინის ყველა ლიდერი, კრავჩუკით დაწყებული და ზელენსკით დამთავრებული, Слава україні-ს გაიძახოდა, მაგრამ ამას უკრაინისთვის ნგრევისა და უბედურების გარდა არაფერი მოუტანია, რადგან ამ ლოზუნგში არაფერი იყო ჭეშმარიტად პატრიოტული. თავიდან ბოლომდე სიყალბითა და ფარისევლობით გაჯერებული ”პატრიოტიზმი” კი დამანგრეველი შედეგის მომტანია ყოველთვის. გულზე მჯიღის ”პატრიოტულმა” ცემამ, აი, სანამდე მიიყვანა უკრაინა: კიევში ჩასულმა ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ერთი საკითხის დაზუსტება მოითხოვა: ”კიევის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, უკრაინას ომის გასაგრძელებლად კიდევ დარჩა თუ არა ადამიანური რესურსი”. აი, რა აინტერესებს ნატოს და, საერთოდ, დასავლეთს. დარჩა თუ არა უკრაინაში ხალხის ის ნაწილი, რომელსაც ხელში იარაღის დაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება შეუძლია? ეს ადამიანები ფიზიკურად თუ აღარ არსებობენ, დასავლეთი უკრაინას აღარ დაეხმარება, რადგან მათთვის ეს ქვეყანა ამოწურულია. რიუტემ ეს საკითხი ყოველგვარი დიპლომატიური შელამაზების გარეშე წამოჭრა: ”ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უკრაინაში კიდევ არიან ადამიანები”. ცხადია, მან სამობილიზაციო რესურსი იგულისხმა, აბა, პენსიონერები რაში აინტერესებდა?! ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადების შემდეგ შეხვედრის წამყვან ჟურნალისტს ალერგიული ხველება დააწყებინა, რაზეც რიუტემ უხერხულად და უნიჭოდ იხუმრა: ”თქვენ ზედმეტად ემოციური რეაქცია გაქვთ ჩემს ნათქვამზე. მე შემიძლია ამის გაგება”.
ადრე სააგენტო Associated Press-ი წერდა: ”პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ხელისუფლებისგან ითხოვს, მაქსიმალურად სწრაფად გადახედოს მობილიზაციის კანონს 18 წლის ასაკის ახალგაზდების გაწვევის თვალსაზრისით, რათა გაზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა და რაც შეიძლება მეტ ჯარისკაცს მოუყაროს თავი”. რაც მართალია – მართალია, უკრაინაში ყველა არ მიესალმება მათ მიმართ ასეთ ვანდალურ დამოკიდებულებას. ზელენსკის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა: ”არავითარი აზრი არ აქვს სამობილიზაციო ასაკის დაწევას, რადგან მომარაგებაში სერიოზული შეფერხების გამო არ გვაქვს საკმარისი შეიარაღება”.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს თქმით, ”ნატოს იმედი აქვს, რომ უკრაინა არამხოლოდ უკანასკნელ ჯარისკაცამდე, არამედ უკანასკნელ ახალგაზრდა ჯარისკაცამდე იბრძოლებს. ეს უკიდურესად სახიფათო ტენდენციაა”.
ხომ ნათელია და გასაგები, სადამდე მიიყვანა უკრაინა დასავლური გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული პროექტის პოსტსაბჭოთა ნაწილმა, მაგრამ უშუალოდ ვისი ხელით გაკეთდა ეს ყველაფერი? თვითონ უკრაინაში ვინ ქმნიდა ამ პროექტის შესაბამის იდეოლოგიას, ვინ იყო მისი პოლიტიკური და სამხედრო შემადგენელის უშუალო შემსრულებელი? – რა თქმა უნდა, უკრაინელი რეგვენი პატრიოტები; კი, კორუფციაში ჩაძირული ავაზაკებიც; კი, ვითარებას მორგებული არამზადებიც; კი, უკრაინელი ხალხის სისხლის მწოველი წურბელებიც, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე რეგვენი პატრიოტები არიან, რომელთა სიმრავლე ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმ ათასი ჯურის ვიგინდარათა ბოგინისთვის ქვეყანაში, ახლა რომ ჩამოვთვალე. რამდენიმე ათეული ყაჩაღი, რომლებიც ამ ვითარების ორგანიზატორები არიან, ქუჩაში ვერ დადგება, მიტინგებს ვერ გამართავს და დემონსტრაციებს ვერ მოაწყობს, მათი საყრდენი რაოდენობრივად მათზე გაცილებით ბევრი ის რეგვენი პატრიოტები რომ არ იყვნენ, რომლებიც ვერც წინ იყურებიან და ვერც უკან, რომლებსაც ერთი ნაბიჯის გათვლა არ შეუძლიათ და არც უნდათ. მათ ჰგონიათ, რომ უყვართ სამშობლო და მორჩა; მათ ჰგონიათ, რომ ეს ”სიყვარული” მომდევნო ნაბიჯების გათვლისგან, მოვალეობისა და დამდგარი შედეგის გამო ერისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებთ. მათი მოვალეობა უკრაინაში Слава україні-ს (საქართველოში, შესაბამისად, საქართველოს გაუმარ… ჯოს!) არ სცდება. იყვირებენ, იბღავლებენ და მორჩა! ამის შემდეგ თავი უფლებამოსილად წარმოუდგენიათ, რომ ის ადამიანები ლანძღონ და ათრიონ, რომლებმაც ნამდვილი პატრიოტიზმით იცხოვრეს, ეროვნული ტვირთი ზიდეს, შრომაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა და სხვა უბანზე პატიოსნად იღვაწეს, მაგრამ რეგვენი პატრიოტების გვერდით არ დადგნენ და არ იბღავლეს: Слава україні ან საქართველოს გაუმარ… ჯოს! ადამიანები, რომელთა სამოღვაწეო დიაპაზონი საქართველოს გაუმარ… ჯოს და Слава україні-თ შემოიფარგლება, შეუძლებელია, ხალხისა და ქვეყნის მომავლის განსაზღვრის ავანგარდში იდგნენ, არადა, იჩემებენ. ამ ადამიანებმა, რომელთა პატრიოტული არსენალი ორი სიტყვის უაზრო წამოძახილით განისაზღვრებოდა, ახლა ახალი ატრიბუტი დაიმატეს და სახელმწიფო დროშაში სომხურ ტოლმასავით გახვეულები გამოგვეცხადნენ. დროშის მიმართ დამოკიდებულების საუკუნეებგამოვლილი რიტუალები არსებობს საქართველოშიც და სხვაგანაც, მაგრამ ისეთ ვულგარულ დამოკიდებულებას, როგორიცაა მისი ტანზე შემოხვევა, დროშასთან დამოკიდებულების კულტურა არ იცნობს. არის ამაში რაღაც პრიმიტიული, უხეში და რეგვნულ-პატრიოტული. მეტიც, ამათთვის ასეთი დახასიათებაც გადაჭარბებულია. ესენი დროშისტარები ანუ ის ჯოხები არიან, რომლებზეც დროშები წამოაცვეს და აქეთ-იქით დაარბენინებენ, როგორც ეროვნულ გამაღიზიანებელსა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის საფუძველს.
ხშირად გაიგონებთ: იქ (რუსთაველის პროსპექტზე) გულწრფელი და გულანთებული ახალგაზრდები დგანანო. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამგვარი შემფასებლებიც და იქ მდგომთა აბსოლუტური უმრავლესობაც იმ სამარცხვინო რეგვნული პატრიოტიზმით არიან შეპყრობილნი, რომელსაც არაერთი ქვეყანა დაუყენებია საბედისწერო საფრთხის წინაშე. ეს – უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი ფულითა და ძღვენით მოსყიდულთა თარეშია ირგვლივ. არ არის საჭირო ზედმეტი რევერანსები იქ, სადაც უცხოეთის აგენტურული ქსელი პროვოკაციას გვიწყობს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონს ვინ ებრძოდა? ისინი, ვინც დღეს იმ დაფინანსებით სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ და რამდენიმე კარგად დაფინანსებული ტელეარხის ღია ეთერებიდან გვიმტკიცებენ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობასა და სარგებლიანობას. ეს ნუმერაციაც არ არის სწორი. დასავლეთს რუსეთთან მეორე ფრონტი გახსნილი აქვს უკვე. ეს უკრაინაში ხდება. პირველი ფრონტი საქართველოს გაახსნევინეს იმ რეგვენი პატრიოტის ხელით, რომელიც ახლა, მართალია, სანატორიუმის პირობებში, მაგრამ მაინც სასჯელს იხდის. ეს იყო 2008 წელს, როცა ორ დღეში დამცირებული, დამარცხებული და განადგურებული გამოვედით. უკრაინა კი საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა. უკრაინა არამხოლოდ ტერიტორიებს, არამედ ორ (შავ და აზოვის) ზღვაზე გასასვლელსა და საზღვაო ქვეყნის სტატუსს კარგავს, მაგრამ ამაზე მძიმე ხომ ის ადამიანური დანაკარგია, რომელიც ასიათასობით და შესაძლებელია, მილიონებითაც იზომება. რეგვენთა პატრიოტიზმით დანგრეულ, აწ უკვე ყოფილ ორმოცდახუთმილიონიან სახელმწიფოს ”მოკავშირეები” შეკითხვას რომ დაუსვამენ, ადამიანური რესურსი კიდევ დაგრჩათო, ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა იყოს?! ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს, თუ არა ზელენსკიმ და მისმა წინამორბედებმა – კრავჩუკმა, კუჩმამ, იუშჩენკომ, ტიმოშენკომ, პოროშენკომ და ათასი ჯურის სხვა რეგვენმა პატრიოტებმა, რომლებმაც ქვეყანა ამ უძირო და უსაზღვრო ტრაგედიამდე მიიყვანეს? ჩამონათვალის გაკეთება აქაც შეიძლება იმ რეგენი პატრიოტებისა, რომლებმაც ქვეყნის ნგრევას დაუდეს სათავე და დღემდე ცდილობენ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. იმ ავაზაკებს კი, რომლებიც ყოველთვის ითბობდნენ და ახლაც ითბობენ ხელს ამგვარ პროცესებში, ეშინიათ, რომ შესაძლებელია, საქართველო ხელიდან დაუსხლტეთ, ამიტომაც არ ზოგავენ თავს, ამიტომაც კადრულობენ უკადრებელს, ამიტომაც მიდიან ყველაფერზე. ისინი არ იღლებიან, არ ჩერდებიან, სანამ ჯერ კიდევ მოდის თანხები, სანამ ვიღაცას ჯერ კიდევ სჭირდება მათი არსებობა. ასეთია ბუნება პატრიოტული სირეგვნისა და არამზადობისა, ასეთია ბუნება დროშისტარებად ქცეული არარაობებისა…
ვალერი კვარაცხელია
დიდი მადლობა ბატონო ვალერი. როგორც ყოველთვის, ამ სტატიაშიც შესანიშნავად გააანალიზეთ არსებული სიტუაცია და გადმოეცით თქვენი ზუსტი შეფასება. ყველა თქვენი საგაზეთო სტატია თუ სატელევიზიო გადაცემა პროფესიონალიზმის ნიმუშია. როდემდე უნდა ვიძახოთ ”ბავშვები” ”შესანიშნავი ახალგაზრდები” ”ჩვენი სტუდენტები” — ვაქოთ და ვადიდოთ ეს წაქეზებული და გონებააბნეული ადამიანები? გაუნათლებლობაა ყოველივე ამის მიზეზი და ეს ეხება არა მხოლოდ ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს, არამედ მათ მასწავლებლებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც; ასევე მათ უწიფარ და გონებაარეულ მშობლებსაც. ან რატომ მოიხსენიებენ მსახიობებს ინტელექტუალებად? ისინი არ არიან ინტელექტუალები (მცირე გამონაკლისის გარდა) და ამას ამტკიცებენ კიდეც თავისი საქციელით . მხოლოდ რამდენიმე ანდაზას და ხატოვან გამონათქვამს შევახსენებდი მკითხველს: 1.’როდესაც სპილოები ჭიდაობენ, ბალახი ითელებაო’ (აღმ.ანდაზა) ეს ბალახი უკრაინაა და თუ არ არ ვიმოქმედეთ, საქართველოსაც გადათელავენ. დიდი იმპერიები კი მუდმივად თავის ინტერესებს დაუქვემდებარებენ ჩვენსავით პატარა ერებსა და ქვეყნებს. 2.’თუ გინდა მტერზე გაიმარჯვო, შვილი აღუზარდეო’ (აღმ. ანდაზა) არ გამოგვიზარდეს? წაიყვანეს, ‘ასწავლეს’ და დაგვიბრუნეს ტვინგადმობრუნებულები. სად არის სახელმწიფო? სად არის ჩვენი დიპლომატიური სამსახური ანუ ‘გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი?’ რატომ არ ველაპარაკებით იმას, ვისაც უნდა ველაპარაკებოდეთ? სად არის ჩვენი სიბრძნე ან ჩვენი ეროვნული სიამაყე, როდესაც არავინ გველოდება ევროპაში და ევროკავშირის დროშაში გახვეულები მთელი მსოფლიოს გასაგონად ურცხვად გავკივივართ ‘ღირსებით შინ ვროპისკენ’-ო. დაგვცინის მთელი ამიერ და იმერ კავკასია და ახლო სამეზობლო. სირცხვილია!!! ეს ”ხელოვანი ხალხი” , იმის შიშით ერთმანეთს არ ჩამოვჩეთო, დამდგარან ქუჩაში და არც აინტერესებთ რა ხდება პლანეტზე. ეს არის ჩვენი მოშლილი განათლების სისტემის ოცდაათწლიანი ნგრევის შედეგი. ამ სისტემამ შვა ეს ე.წ.’პროფესორ- მასწავლებლები” და უფრო უარესი გველის წინ, როდესაც ეს დროშებშემოხვეული ‘პატრიოტი ახალგაზრდები’ მოვლენ აღმზრდელებად. ეს დაკარგული თაობაა (უფრო ზუსტად რამდენიმე თაობა) და ყოველივე ამის გამოსწორება არ იქნება ადვილი. ისიც ხომ ევროპული ღირებულებაა – აღიარო დამარცხება, მიულოცო გამარჯვებულს და გადგე განზე ღირსეულად. ასე იქცევიან ცივილური ქვეყნების ლიდერები. ჩვემთან კი პრეზიდენტიც კი სკამს არის ჩაბღაუჭებული და არ ტოვებს რეზიდენციას. გასაკვირია პირდაპირ ამ ‘ევროპულ ღირებულებებზე აღზრდილი’ ქალბატონისგან! კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ იმაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რასაც თქვენ ამბობთ და წერთ ბატონო ვალერი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!!!