Home ახალი ამბები მსოფლიო Die Presse: მობრძანდით ევროპაში… ოღონდ _ თეორიულად

Die Presse: მობრძანდით ევროპაში… ოღონდ _ თეორიულად

740
მატარებელი

უკრაინელებს უკვე მისცეს უფლება, გაემგზავრონ ევროპაში, მაგრამ ამ სიკეთით უმეტესობა ვერ ისარგებლებს უსახსრობის გამო, _ წერს ავსტრიული Die Presse.

ამ გაზეთის კორესპონდენტი უკრაინაში ესაუბრა რამდენიმე ადგილობრივ მოქალაქეს და მათთან ერთად განიხილა შექმნილი ვითარება.

58 წლის კიეველი მასწავლებლის _ ოლგა სტეცენკოს თქმით, როცა პეტრე პოროშენკომ გამოაცხადა ვიზების გაუქმების ამბავი, ამ ქალბატონმა, როგორც ბევრმა სხვა უკრაინელმა, უცებვე გადაწყვიტა, წასულიყო ბიომეტრიული პასპორტების გამცემ დაწესებულებაში, ჩადგა უგრძეს რიგში და ერთი თვის შემდეგ მიიღო სასურველი დოკუმენტი. პასპორტი 31 ევრო დაუჯდა, რაც უკრაინაში მასწავლებლის ხელფასის მეოთხედია.

გაიხარა: “ბედნიერი და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ეტაპი უკან მოვიტოვე. ახლა უკვე შემიძლია მოვიარო მთელი ევროპა _ თეორიულად”, _ განაცხადა მასწავლებელმა.

“პრაქტიკაში როგორღაა? პრაქტიკულად უკრაინელების უმეტესობა ვერ შეძლებს ევროპაში ხანგრძლივ მოგზაურობას, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებშიც ცხოვრება იაფი არ არის”, _ წერს Die Presse.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც უფრთხიან შრომითი და ჩვეულებრივი მიგრანტების მოძალებას უკრაინიდან, სერიოზულ წინაღობებს უქმნიან ევროპაში ჩასვლის მსურველებს. რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი მოითხოვს, საზღვარზე მისულმა ვიზიტორებმა დაადასტურონ, რომ აქვთ საჭირო თანხა, რაც ყოველდღიურად 50 ევროს დახარჯვის შესაძლებლობას გულისხმობს. “ავსტრიას არ დაუდგენია კონკრეტული ტარიფები, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე განიხილავს შეშვება-არშეშვების საკითხს”, _ აუხსნეს Die Presse -ს კიევში, ავსტრიის საელჩოში.

ძალაგამოლეული კიევის ხელისუფლებისთვის უვიზო რეჟიმი ისედაც მცირე წარმატებულ ინიციატივებს შორის ერთ-ერთია. მოლაპარაკება ამ რეჟიმის შემოღებაზე ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, უხვადაა გამოფენილი პლაკატები, მათ შორის, პოკროვსკოეშიც კი, რომელიც დონბასში მდებარეობს.

ამ ქალაქში ცხოვრობს 29 წლის ნიკოლაი, რომელიც დღისით ტელეფონების შეკეთებითაა დაკავებული, საღამოობით კი _ რეპით და ოცნებობს, დასავლეთში ჩასვლაზე. მაგრამ შვებულება ოცნებად ექცა, რადგან ოჯახის ახალგაზრდა მამა იძულებულია, უპირველეს ყოვლისა, შემოსავალზე იზრუნოს. იგი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გადასახადები, იმ ტარიფების მიხედვით, რომლებიც საერთაშორისო კრედიტორებმა უკრაინას დაუწესეს. ასეთ ვითარებაში უნდა ვიფიქრო არა მოგზაურობაზე, არამედ სიცოცხლის გადარჩენაზე, _ აუხსნა ჟურნალისტს ნიკოლაიმ.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების დოკუმენტს ხელი მოაწერეს 17 მაისს, 11 ივნისს იგი ძალაში შევიდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამუშაოდ მიღების უფლებას არ იძლევა. ზუსტად ისეა, როგორც საქართველოს შემთხვევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here