აშშ–ის ანტირუსულმა სანქციებმა, ავსტრიის ნავთობკონცერნ OMV-ის ხელმძღვანელის _ რაინერ ზეელის აზრით, ხელი არ უნდა შეუშალოს რუსეთის “გაზპრომთან” თანამშრომლობას. “ჩვენ არ შევცვლით სტრატეგიას”, _ ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი კომპანიის განვითარებისთვის რუსეთი რჩება “ძირითად რეგიონად”. ზეელის თქმით, ამერიკელებს არავინ ეკითხება, უნდა მონაწილეობდეს თუ არა OMV ციმბირში ურენგოისა და სამხრეთ–რუსეთის საბადოების ათვისებაში.
ავსტრიის კონცერნის ხელმძღვანელი ასევე მოითხოვს, რომ გაგრძელდეს “ჩრდილოეთი ნაკადი-2”-ის პროექტის რეალიზაცია. “აშშ ცდილობს, შეამციროს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი ევროპაში, რათა გაყიდოს თავისი თხევადი აირი, მაგრამ ევროპის ენერგოუზრუნველყოფა ჯერჯერობით კვლავ ევროპის საქმეა და არა აშშ-ის”, თქვა მან. და დასძინა, რომ უფრო ძვირად ღირებული თხევადი აირი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია. “საბრძოლო შეძახებამ: “ამერიკა უწინარეს ყოვლისა!” ტრანსკონტინენტური ურთიერთობის განვითარების გარდამტეხი მომენტი აღნიშნა. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და, ბოლოს და ბოლოს, “გახდეს დამოუკიდებელი, თვითკმარი კავშირი”, ხაზი გაუსვა კონცერნის ხელმძღვანელმა.