Home რუბრიკები საზოგადოება დაპირებების შესრულების ნაცვლად გაცვეთილი საფრთხობელა: რუსეთი დაგვიპყრობს!

დაპირებების შესრულების ნაცვლად გაცვეთილი საფრთხობელა: რუსეთი დაგვიპყრობს!

1147
საფრთხობელა

ზუსტად ექვსი წელი ეყო ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თემა. ის, რომ მიშა ჩამოვა და მერე ნახავთო, წინა არჩევნებზე აქტიურად მუშაობდა, ახლა კი აშკარად არ იმუშავა. არ იმუშავა იმიტომ, რომქართული ოცნებისძველმა აქტივმა ხმა აღიმაღლა: მიშა აქ რომ იყო, მაშინ ვებრძოდით და არ გვეშინოდა, ახლა რატომ გვაშინებთო?! რეალურად კი, სააკაშვილის ჩამოსვლის იმათ უფრო ეშინიათ, ვინც 2012 წელს ნაციონალების ნავიდანოცნებისგემში გადაჯდა და მათთან ერთად მიაპობს პოლიტიკურ ტალღებს. სწორედ მათ გაუჩნდათ შიში, რომ მამამთავარი ღალატს არ აპატიებდა, თორემ ძველ გვარდიას _ 2012-ში ნაბრძოლ ხალხს, რომელიც ხელისუფლებამ სანაგვეზე მოისროლა, სააკაშვილის კი არა, მათი უფრო ეშინია ახლა.

მოკლედ, არ გაამართლა მიშას ჩამოსვლის შიშმა და ახალი ბუას მოფიქრება შეიქნა საჭირო. ხელისუფლებას ბევრი არ უწვალია და მთავარ საფრთხედ რუსეთი გამოაცხადა. მეტიც, არჩევნებზე ორმა მთავარმა კანდიდატმა კამპანია იმაზე ააგო, ვინ იყო რუსეთის აგენტი და ვინ _ არა.

არადა, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, მაშინ, როცა ივანიშვილს ხალხის მხარდაჭერა სჭირდებოდა, სხვანაირად ჭიკჭიკებდა. თუ გახსოვთ, თავის რუსულ წარსულს ამაყად უსვამდა ხაზს, ამბობდა, რომ პირადად იცნობდა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს, რომ მზად იყო მათთან საუბრისთვის, რომ მას აუცილებლად მოუსმენდნენ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სხვათა შორის, მაშინ რუსულმა მხარემ განაცხადა: არჩევანი ქართველი ხალხის გასაკეთებელია, ჩვენ კი ყველასთან სასაუბროდ მზად ვართო.

ჯერ ის ვთქვათ, როგორ და რატომ დაივიწყა ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა რუსეთთან დადებული პირობა და მერე უფასო ფულსა და აყვავებულ ეკონომიკაზე ვისაუბროთ.

მოკლედ, გაინაღდა ბატონმა ბიძინამ ხელისუფლება, ხელთ იგდო ძალაუფლება და რუსეთის თემა ჯერ მიივიწყა, მერე საბოლოოდ მიაძინა. პირველ რიგში, ეს იმიტომ მოხდა, რომ მან გვერდით ევროპაამერიკიდან მართული ლიბერალები დაიყენა და, როგორც კი რუსეთს ახსენებდა ვინმე, მაშინვე მოღალატედ ინათლებოდა. მერე ევროპაამერიკიდან დაძრულმა გრანტებმა მოსჭრა თვალი ივანიშვილს და მიხვდა, რომ იქიდან წამოსული ფულით საკუთარს დაზოგავდა. იმ ფულს დაზოგავდა, რომლის ჩადებასაც წინასაარჩევნოდ ხან სოფლის მეურნეობაში აპირებდა უანგაროდ და ხან კიდევ ასი ახალი ქარხნის მშენებლობაში. დაზუსტებით გეტყვით: ივანიშვილს მისი გარემოცვის რამდენიმე წევრმა პირდაპირ უთხრა, _ არც ევროპა და არც ამერიკა უანგაროდ არაფერს გვაძლევს, სანაცვლოდ ლგბტ თემის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, იდენტობის დაკარგვას, ეროვნული სულის ჩაკვლას ითხოვსო, მაგრამ ამოსავალი წერტილი სხვა იყო _ ფული მოდიოდა ბაბა, ბევრი ფული!

ამის მიუხედავად, მაინც იყო მცდელობა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაწყებულიყო, მაგრამ ივანიშვილმა _ პოლიტიკიდან მივდივარო, და ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. ე.წ. ლიბერალურმა ფრთამ კი 2012 წელს მიცემული პირობა დაივიწყა (პრინციპში, პირობა ივანიშვილმა დადო) და სრული სვლით ევროპა-ამერიკისკენ ავიღეთ გეზი. სანაცვლოდ კი მივიღეთ ის, რომ ამერიკაც და ევროპაც რუსეთს სწორედ ჩვენით ევაჭრებოდნენ; ჩვენ გვაქეზებდნენ, გვეუბნებოდნენ: ოკუპანტი უძახეთ ჩრდილოელ მეზობელს და გრანტები არ შეწყდებაო. შედეგად, აუცილებელი გახდა, ევროპარლამენტის ქართველ წევრებს ყოველი გამოსვლისას რუსეთი ოკუპანტად მოეხსენიებინათ და აღტკინებული ევროპელების ტაში ამაყად ესმინათ.

რა მივიღეთ სანაცვლოდ? _ დაპირება იმისა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ოდესმე მიგვიღებენ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და… მეტი არაფერი. სხვათა შორის, არც ხელისუფლებამ და არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ გააკეთა განმარტება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდიმეგობრის” _ ნიკოლა სარკოზის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში მიღების შანსი, უბრალოდ, არ აქვთ და აჯობებს, შავი ზღვის კავშირზე დაფიქრდნენო. პრეზიდენტად ყოფნისას სარკოზი ამას არ ამბობდა, აი, გადადგომის შემდეგ კი მწარე სიმართლე გვითხრა, მაგრამ არ ვუჯერებთ. იმიტომ არ ვუჯერებთ, რომ ხელს არ გვაძლევს, რადგან, რომ დავუჯეროთ, გამოვა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ცხრა წელი და ახლა დამატებით ექვსი საგარეო კურსი, უბრალოდ, ფარსი იყო.

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარდა, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა 2012 წელს არაერთი დაპირება გასცა. ხალხის მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო, რომელიც, აღდგა კი არა, ჯერ კოაბიტაციაში გადაიზარდა და ახლა რა ჰქვია, მგონი, თვითონაც არ იციან. ამას წინათ კახა კალაძის სიძემ, პაატა აბულაძემ, სოციალურ ქსელშიოცნებისლიდერებს მიმართა: დამისახელეთ ერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში, რომელშიც ყოფილიმამალი ნაციონალისაპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ არის და ხმას არ ამოვიღებო. მართლაც, არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სამინისტრო, სამსახური, რომლებშიც ნაციონალები თანამდებობებზე არ იყვნენ მოკალათებულნი და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ, ღიად არ დასცინოდნენ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა არათუ შესრულდა, პირიქით, უსამართლობის ზეიმია.

მეორე მთავარი დაპირება ე.წ. უფასო ფული იყო, ანუ იაფფასიანი კრედიტი, რომელსაც ივანიშვილი ყველა შეხვედრაზე ახსენებდა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს და ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა უფრო მეტად გაღატაკდა.

ასი ქარხნის აშენება რეალური ჩანდა. რეალური იმიტომ, რომ საქართველოს აქვს ამის პოტენციალი. საბჭოთა პერიოდში არ არსებობდა რაიონი, რომელშიც რამდენიმე საწარმო არ ყოფილიყო და დასაქმებულიც ყველა იყო. სხვა დაპირებების დარად, არც ქარხნები აშენებულა, არც უმუშევრობის პრობლემა გადაწყვეტილა და, საზოგადოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით, ერი იმაზე მეტად გაღარიბდა, ვიდრე ადრე იყო. აი, გაეროს კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველდღიურად 77 ათასი ბავშვი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებს და ეს რიცხვი, რბილად რომ ვთქვათ, კატასტროფულია.

სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიარდობით ლარი არავის უნახავს. არადა, გლეხობა იმედის თვალით შეჰყურებდა ივანიშვილს. ჩადებულ ფულს ვინ ჩივის, ყურძნის სუბსიდირებაც კი შეწყვიტა სახელმწიფომ, ორიოდე წლის წინათ ატმის ჭარბი მოსავალი წყალს გაატანა გლეხობამ და სოფლის მეურნეობასაძოვარზე უპატრონოდ მიშვებულ ნახირსდაემსგავსა. ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და ქართული, ნატურალური საკვების ნაცვლად, უცხოური, ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტის მიღება გვიწევს.

მოდი საკითხს ასე შევხედოთ _ რომელი დაპირება შეასრულა ივანიშვილმა? ის, რომ თურმე ტელეფონებს აღარ უსმენენ, აბსურდია, რადგან მედიაში ისეთი ჩანაწერები ვრცელდება, ადვილი მისახვედრია, რომ კარგად გვისმენენ. უკანონო დაკავებები არ ხდებაო და ბევრმა საქმემ დატოვა დიდი კითხვის ნიშნები. ნარკობარიგების მფარველებს გავაქრობთო და გაქრობას ვინ ჩივის, ნარკოტიკების ლეგალიზება მოვახდინეთ. ეროვნული ვალუტა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია, პროდუქტი იმაზე მეტად გაძვირდა, ვიდრე ოდესმე; წყალზე, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე გადასახადებმა მოიმატა და კიდევ აპირებენ გაზრდას (განახევრებას გვპირდებოდნენ); ბენზინის ფასი, საიდანც თურმე ერთი ლარი ხელისუფლების ჯიბეში მიდიოდა, ლამის სამ ლარამდე ავიდეს. და ამ ყველაფრის ფონზე, არ იმატებს პენსიახელფასები, არ იქმნება სამუშაო ადგილები, რეგულაციები შემოვიღეთ ტაქსებისთვის, ახალ გადასახადებზე ვფიქრობთ და არავინ გვეუბნება, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. როდის გამყარდება ვალუტა, როდის შეიქმნება სამუშაო ადგილები, როდის მოიმატებს პენსია და ხელფასი, როდის აღარ იშიმშილებს ყოველდღიურად 77 ათასი ბავშვი… და ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ ერთადერთი მუქარით _ თუ ხელისუფლება შეიცვლება, რუსეთი დაგვიპყრობს. ეს მუქარა იყო წინა ხელისუფლების პირობებშიც, მაგრამ რუსეთს აზრადაც არ მოსვლია ჩვენი დაპყრობა. ჯერ ერთი, საამისო სურვილი არ აქვს და მეორე _ ჩვენსავით ჩამორჩენილი ქვეყნის დაპყრობა მის რჩენას ნიშნავს და სარჩენი თავისიც საკმარისი ჰყავს ჩრდილოელ მეზობელს.

ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს და ხელისუფლებას ისევ დაავიწყდება ხალხი მომავალ არჩევნებამდე. აქედანვე ჩანს, რომ მომავალ არჩევნებზეც რუსეთზე უკეთეს თემას ვერც ერთი მხარე ვერ გამონახავს და ეგებ ხალხს ჰკითხოთ, ბატონებო, ეშინია რუსეთის? იქნებ იმის უფრო ეშინია, რომ ევროპა-ამერიკისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს ვკარგავთ, რასაც ეროვნული ჰქვია, და სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ, გარდა იმის შეხსენებისა, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარზე თურმე უფრო მაგრად უნდა დავაკაკუნოთ. არ გვიღებენ და “შეეკითხეთ”, თუ გინდათ…

ბესო ბარბაქაძე

P.S. ივანიშვილმა ისიც თქვა: ხალხო, კიდევ ერთხელ მენდეთ; ვისაც გული გაგიტყდათ, გაგიმრთელებთ, გვერდზე დაგიყენებთ და ნაცების გადმოპორტირებაც მორჩებაო. ამ განცხადებიდან მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ ნინუა დაინიშნა, კაცი, რომელიც ნაციონალების პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და უკანონოდ ჩამორთმეული ქონება სწორედ მისი ხელმოწერით ჯდებოდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. დაზარალებულებმა დათვალეს და ნინუას ხელმოწერით წინა ხელისუფლების მიერახეულმასიკეთემ, საერთო ჯამში, 120 მილიონ ლარს გადააჭარბა. ისევ გვატყუებს თუ არა ივანიშვილი, თავად განსაჯეთ.

P.P.S. ადამიანს, რომელიც უამრავი დაპირებიდან ერთსაც არ ასრულებს, მატყუარა ჰქვია, ბატონო ბიძინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here