ოთხშაბათს (მართლმადიდებლური კალენდრით _ დიდ ოთხშაბათს), 1989 წლის 24 მარტს, 20 საათზე, იუგოსლავიის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დაიწყო ნატოს აგრესია. 15 წუთის შემდეგ ბელგრადში, პოდგორნიცასა და იუგოსლავიის სხვა დიდ ქალაქებში გაისმა სირენების გამაყრუებელი ხმა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
72 დღის განმავლობაში ნატოს ავიაციამ 2300-ჯერ დაბომბა 995 ობიექტი. იუგოსლავიის ტერიტორიისკენ გაუშვა 3 ათასზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, ჩამოყარა 25 ათასი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის აკრძალული საბრძოლო მასალის სახეობები: 152 კონტეინერი 35 450 კასეტური ბომბით, გრაფიტო-ელექტრომაგნიტურმუხტიანი ჭურვებითა და გაუმდიდრებელი ურანით.
ნატომ ევროპის ცენტრში გააჩაღა სამარცხვინო ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გამოიწვია იუგოსლავიის მოსახლეობაში, გააპარტახა ქვეყნის ეკონომიკა, მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი და მსოფლიო პოლიტიკა. მას შემდეგ მოიმატა კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შემთხვევებმა, სერიოზულად დაზიანდა საერთაშორისო სამართალი. ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვის შემდეგ “დასავლეთის ნებისმიერი მსჯელობა ვინმეს მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევის საკითხებზე განხილული უნდა იყოს, როგორც ფარისევლობა.
დასავლეთში ცდილობენ, საუკეთესო შემთხვევაში, ახსნან, უარესში _ გაამართლონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესია, მაგრამ ბოლო პერიოდში იქაც გაჩნდა 1999 წლის მოვლენების ობიექტური შეფასებები. მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პასუხად ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებისა, რომ იუგოსლავია სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით დაიბომბა, ალიანსის მოქმედებას ევროპული სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესია და გამოუსწორებელი შეცდომა უწოდა.
ასეთ შეფასებებს აგრესიის ეფექტი სააშკარაოზე გამოაქვს. ოპერაცია “სამოკავშირეო ძალამ” ხავიერ სოლანას ხელმძღვანელობით უარყოფითი გავლენა იქონია ევროპული სახელმწიფოების ურთიერთობების განვითარებაზე. რაც შეეხება ნატოს ბლოკს, იუგოსლავიაზე 1999 წლის შეტევის შემდეგ ის საბოლოოდ გარდაიქმნა საერთაშორისო მშვიდობის მთავარ საფრთხედ.
საინტერესოა იტალიელი გენერლის, 2002-2003 წლებში კოსოვოში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელის, ფაბიო მინის, შეფასება. მისი აზრით, ნატო აშშ-ის ინტერესების დაცვის ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. “არსობრივად, ეს არის სააგენტო, რომელიც მომსახურებას გთავაზობთ. ალიანსი უკვე აღარ არის ის, რაც იყო 1949 წელს. ახლა ის გაქირავების კომპანიას უფრო ჰგავს: თქვენ იხდით და იღებთ ნატოს წევრი სახელმწიფოების მომსახურებას, რომლებიც დათანხმდნენ იმაზე, რომ დამოუკიდებლად არ გააკონტროლებენ ბლოკის საქმიანობას და იქნებიან მრავალეროვანი კორპორაციის ნაწილი. ასეთი მომსახურება დღეს ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც იხდის, თუმცა ეს, როგორც წესი, ეხება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს _ აშშ-ის _ ინტერესებს”.
იუგოსლავიის წინააღმდეგ მიმართულ ნატოს საჰაერო კომპანიაში აშშ-ის (საბრძოლო ფრენების 60%, საბრძოლო თვითმფრინავების 55%, ფრთოსანი რაკეტების 95%-ზე მეტი, იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩაყრილი ბომბების 80%, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების 60%, 25-დან 24 სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრი) გარდა მონაწილეობდნენ: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ალბანეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, მაკედონია, რუმინეთი. ამ ქვეყნებმა თავიანთი საჰაერო სივრცე და ტერიტორია ნატოს ბლოკის სამხედრო ძალებს დაუთმეს საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად. ასეთი რამ ისტორიაში არ მომხდარა. ამუშავდა ბალკანური “ბოროტების სინდრომი”, როდესაც მთავრობები თავიანთ წინსვლასა და “აყვავებას” მეზობლების დამარცხებაში ხედავენ. ევროპაში მხოლოდ ავსტრიამ თქვა უარი თავისი საჰაერო სივრცის ნატოსთვის დათმობაზე, შვეიცარიამ კი შეზღუდვები დააწესა ნატოს ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებაზე.
საინტერესოა, რომ 1999 წლის ოქტომბერში ცნობილი ტელეჟურნალისტის, ლარი კინგის, შეკითხვის _ “მოიქცეოდა თუ არა ტრამპი კოსოვოში ისე, როგორც კლინტონი?”, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა მოულოდნელად უპასუხა: “მე ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი… ნახეთ, როგორ გაანადგურეს მათ კოსოვო, ნახეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ იმ ქვეყანაში, რა დავმართეთ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს დანაკარგები არ გვქონია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ზევით ვიყავით, თვითმფრინავებში… მე არ მიმაჩნია ეს წარმატებად. მათ სასტიკად დაბომბეს ქვეყანა (იუგოსლავია) და მთელი ოლქი (კოსოვო)”.
ნატოს აგრესიაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ ევროპელები. ისინი იოლად დაჰყვნენ ვაშინგტონის პროპაგანდას და არა მხოლოდ დადგნენ ფარისევლური “ჰუმანიტარული ინტერვენციის” დროშის ქვეშ, არამედ პირდაპირ აქეზებდნენ აგრესიას.
შედეგად, აშშ-მა ევროკავშირის ქვეყნებს დააკისრა დაბომბვით დანგრეული იუგოსლავიის ინფრასტრუქტურის აღდგენა და აიძულა ისინი, სამხედრო ხარჯები გაეზარდათ. თანაც, ეს იმ ფონზე, როცა ევროპელებს შეექმნათ უამრავი პრობლემა უკონტროლო მიგრაციის, მათ შორის ბალკანეთის მარშრუტის გამო. ევროპელი ლიდერები დღეს უკანა რიცხვით ცდილობენ თავიანთი სამარცხვინო მოქმედებების გამართლებას. მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი საზოგადოებას არწმუნებს, რომ იუგოსლავიის დაბომბვა იყო “მართებული”.
თანამედროვე პოლიტიკის ტრანსფორმაცია ჰიბრიდული ომების გაშლისკენ რადიკალური მოძრაობების მატება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მოითხოვს არა მხოლოდ 22 წლისწინანდელი მოვლენების ერთმნიშვნელოვან შეფასებას, არამედ აგრესიის დაუსჯელობით გამოწვეული შედეგების ანალიზსაც.
აგრესორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო აუცილებლად დაისჯებიან. ეს სასჯელი შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ მოსამართლის წინაშე წარდგომაში, არამედ საერთაშორისო კრიმინალის მიერ სახელმწიფო სტრუქტურების შთანთქმაში, დაუნდობელ ტერორისტულ შეტევებში, უკონტროლო მიგრაციის ნაკადებში, დიდი ადამიანური მასების ცნობიერების მუტაციაში. მართალი იყო ფრანგი გენერალი ჟან-ფრანსუა ოგარი, როდესაც განაცხადა: “ევროპა მოკვდა პრიშტინაში”. სერბების წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულმა და უსამართლობამ ოდესღაც ქრისტიანულ ევროპაში, რომელსაც ადრე პეტრე მოციქულის ევროპას უწოდებდნენ, გამოძახილი ჰპოვა გარკვეული თვალსაზრისით გამოუსწორებელ შედეგებში. სასჯელი უკვე აღსრულდა _ ქრისტიანული ევროპა, ისევე, როგორც დიადი ამერიკა, აღარ არსებობს.
fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ