Home ახალი ამბები საქართველო ბუბა. ეპოქალური გაუგებრობის სუდარა

ბუბა. ეპოქალური გაუგებრობის სუდარა

999
ბუბა

წავიდა ბუბა.

ბუბა წავიდა, მაგრამ დარჩნენ მიმინო, ბენჟამენი, მედროგე პავლე… დარჩა უამრავი სიმღერა, რომლებსაც ვერავინ შეასრულებს ისე, როგორც ბუბა ასრულებდა. წავიდა ბუბა და დაგვიტოვა სიცარიელე, რომელიც ვერასოდეს შეივსება, რადგან იგი ბუბას სიცარიელე იქნება, ბუბას მარადიული სივრცე… წავიდა ბუბა და დაგვიტოვა ნათელი მაგალითი იმისა, რას ნიშნავს ფეხის ხმაყოლა, ომელმაც შეიძლება არამხოლოდ საკუთარ წარსულს, არამედ საკუთარ თავსაც ისე მოგწყვიტოს, რომ ამა სოფლის დათმობის შემდეგ დამტირებელიც აღარ დაგრჩეს.

წავიდა ბუბა და ერთი თავსატეხიც დაგვიტოვა: ვინ ვართ ჩვენქართველები, საით მივდივართ და რას ვემსგავსებით თანდათანობით?

ბუბას პოლიტიკურმა მსოფლმხედველობამ, რომელიც უთავბოლობა უფრო იყო, ვიდრე ჩამოყალიბებული და გააზრებული საზოგადოებრივი პოზიცია, მისი პიროვნება გახლიჩა, გააორა და ერთმანეთთან დააპირისპირა. ეს მისი ტრაგედია იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოიარა და საოცარი წარმატებითაც, ბუბას შემოქმედებითი სივრცე ყოფილი საბჭოთა კავშირი და რუსეთი იყო. ისეთი დიდი და ხანგრძლივი სიყვარული, როგორიც ბუბას ამ უზარმაზარ სივრცეში ხვდა წილად, შეუძლებელი იყო, სხვაგან მოეპოვებინა, ვინაიდან სხვაგან სხვად დარჩებოდა ყოველთვის, აქ კი შინ იყო – საკუთარ ერთიან პოლიტიკურ სივრცეში, საკუთარ სამშობლოში. ის პოლიტიკა კი, რომელსაც ბუბა ბოლო წლებში მიეკედლა, გამოკვეთილად რუსოფობიური, ნაცისტური და ფაშისტური იყო. ეს განწყობილებები მას, როგორც პოლიტიკურად ნაკლებად განათლებელ პიროვნებას, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახვიეს თავს. ამ განწყობილებებმა ბუბა უკრაინის ფაშისტი პრეზიდენტის მეხოტბედ აქცია. გზამ ფაშისტი სააკაშვილიდან ფაშისტ ზელენსკიმდე იგი ლოგიკურად მიიყვანა ფაშისტებშიც კი გამორჩეულად ნაძირალა სტეპან ბანდერამდე. მართლაც უმძიმესი სანახაობა და პიროვნული ტრაგედია იყო ბანდერას ძეგლთან მისი პოზირება ფოტოკამერების თანდასწრებით. ამით იგი ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს არამხოლოდ გაემიჯნა, არამედ კრიჭაშიც ჩაუდგა. ქართველი ხალხისთვის კრიჭაში დგომა იყო მწამებელი, პატიმრების გამაუპატიურებელი და სისხლიანი სააკაშვილის კერპად გამოცხადება, რის შედეგად თვითონაც ქართველ ფაშისტთა მცირე ჯგუფის კერპად იქცა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურა.

ძნელია, ჩასწვდე იმ საოცარი მეტამორფოზის ფსიქოლოგიურ მოტივებს, რომლებმაც თბილისის იტალიურ ეზოში გაზრდილი კაცი, რომელიც ქართული მრავალეროვნული და მრავალკონფესიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრუბადური იყო, იმ სააკაშვილისა და ზელენსკის მეხოტბედ აქცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში ნეოფაშისტური მოძრაობის ფუძემდებლებად რომ გვევლინებიან. კიდევ უფრო ძნელია საბჭოთა კავშირში გაზრდილი და საბჭოთა ხალხის მიერ განებივრებულ-გაღმერთებული კაცისგან საბჭოთა სინამდვილისა და რუსი ხალხის მიმართ უკიდეგანო სიძულვილით გაჟღენთვის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა. აი, რა შეუძლია დასავლურ იდეოლოგიასა და პროპაგანდას, ადამიანთა ტვინის რეცხვის მეცნიერულად დამუშავებულ ტექნოლოგიებს. ეს მხოლოდ ბუბას არ შემთხვევია. ამერიკელების მიერ მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირში შემოგდებული ბაცილა, რომელიც პირდაპირ ტვინს ურტყამს, დღემდე ცოცხალია და თავის საქმეს აკეთებს.

ამ ამბავს უსიამოვნო გაგრძელება აქვს: ბუბას პოლიტიკურმა ვნებებმა ქართველი ხალხის ერთ ნაწილს თვითონ ბუბა დაავიწყა, მისი საოცარი სიმღერები და ბრწყინვალედ შესრულებული როლები დაავიწყა და მის მიმართ ისეთივე სიძულვილით განაწყო, ოგორი სიძულვილითაც მან საკუთარი ბიოგრაფია და განვლილი გზა შეიძულა. დასანანია, რომ ასე მოხდა, ვინაიდან ეს იმავე სინდრომის აშკარა გამოვლენაა, რომელიც ბუბას შემთხვევაში გვქონდა. ბუბა ხომ პოლიტიკოსი არ ყოფილა, მან პოლიტიკა და პოლიტოლოგია, სოციალური თეორიები და სოციოლოგია ყურმოკვრითაც არ იცოდა. არ იყო ეს მისი საქმე. ის არტისტი იყო, კულტურის სფეროს წარმომადგენელი, უმაღლესი კლასის პროფესიონალი, განუმეორებელი ნიჭით დაჯილდოვებული შემოქმედი. მორჩა, აქ წერტილი უნდა დაისვას. როგორი გულსატკენიც უნდა იყოს მისი პოლიტიკური დაბნეულობა, ბუბას სახით ქართველებს პოლიტიკოსი არ დაგვიკარგავს, მისი სახით ესტრადისა და კინოს ვარსკვლავი ჩაგვიქრა, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში ანათებდა, უფრო სწორად, კაშკაშებდა ქართული ხელოვნების ცის კაბადონზე. ბუბას ვარსკვლავის ჩაქრობამ გული ვისაც ვერ დასწყვიტა, მას გული არ ჰქონია. კიდევ უფრო დიდი უგულობა ჩანს იმ ადამიანთა საქციელში, რომლებიც ბუბას მიმართ უხეშ და უკადრებელ სიტყვას ამბობენ. ამგვარ უგულობას პოლიტიკით ვერ ავხსნით. მისი ახსნა მიტევების, სულგრძელობისა და სიყვარულის ნაკლებობით, ანუ ქრისტიანული მორალის არქონით თუ შეიძლება, რომელსაც სისასტიკე და ულმობლობა ჰქვია. ვერიდები ამ სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ ეს ყველაფერი, ერთად აღებული, უღმერთობაა. სხვისი შეცდომით, სხვისი სისუსტითა თუ სხვისი ცოდვით ტკბობა და ამაზე გამუდმებული აპელირება საკუთარი შეუმცდარობისა თუ უცოდველობის ხაზგასმაა, რაც, ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაუშვას. სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული ადამიანური სისუსტისგან, არც შეცდომის დაშვებისა და ცოდვის ჩადენისგან. მით უფრო არავინ არის დაზღვეული ამ სოფლიდან იმ სოფელში გადასვლისგან:

“ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის, დრო ყველას გაგვატიალებს…”

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, თითქმის ყველა სიმღერა, რომელიც ბუბას შეუსრულებია, მისი გარდაცვალების შემდეგ ახალი შინაარსით დაიმუხტა და არტისტის იდუმალი და სევდიანი წინათგრძნობით შეივსო. ამაშია ხელოვნების უდიდესი ძალა. ხელოვნება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობას განსხვავებულსა და განახლებულ ინფორმაციას აწვდის და სულის ისე სათუთ სიმებს ეხება, თითქოს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად უკრავსო.

კიდევ ერთი გაგრძელება აქვს ამ ამბავს: ბუბა თუ ვინმეს პოლიტიკურ წინააღმდეგობას უწევდა და, თუ გნებავთ, მტრობდა კიდეც, პირველ რიგში, ეს დღევანდელი მთავრობა იყო, მაგრამ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არათუ აუგი, ერთი ირიბი მინიშნებაც კი არ დასცდენია მის მიმართ; ბუბა თუ ვინმეს წინააღმდეგობას უწევდა და, თუ გნებავთ, მტრობდა კიდეც, პირველ რიგში, ეს რუსეთი იყო, მაგრამ რუსეთში საყვედურის არც ერთი სიტყვა არავის წამოსცდენიაარც პოლიტიკოსებს, არც ჟურნალისტებს, არც ხალხს. ბევრი დიდი არტისტი და ხელოვანი დაუკარგავთ რუსებს, მაგრამ ვერ ვიგონებ ისე საოცარი ტკივილითა და მონატრებით, სიყვარულითა და პატივისცემით გაჟღენთილ სიუჟეტებსა და გადაცემებს, როგორიც ბუბას მიუძღვნეს.

უცნაურმა ფიქრმა გამიელვა. უნდა გააცოცხლო ბუბა და აყურებინო ამ გადაცემებისთვის, რათა იგრძნოს და დარწმუნდეს, როგორ ჰყვარებიათ იგი რუსეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირში; იმის სანახავადაც და იმაში დასარწმუნებლადაც უნდა გააცოცხლო ბუბა, რა სიძულვილი ახლავს ნაციონალიზმის ბაცილას, რომელთან ზიარებამაც ამდენი ტკივილი აგრძნობინა მას სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც.

საოცრად დამწყდა გული, როდესაც ბუბას სხეულზე გადაფარებული უკრაინული დროშა ვიხილე. თითქოს პატივისცემის გამოხატვაა ეს, მაგრამ ამ დროშას ხომ უკრაინის ის ხელისუფლება დააფრიალებს, ფაშისტ ბანდერას გმირის წოდება რომ მიანიჭა და ძეგლი დაუდგა. უკრაინის დროშა კი არა, თითქოს ეპოქალური გაუგებრობის სუდარა გადააფარეს ჩვენს ბუბას…

ეჰ, რაც მოხდა, მოხდა. მშვიდად იძინე, დიდო არტისტო. გაივლის დრო და შენი პოლიტიკური დაბნეულობის ისტორია არავის ემახსოვრება, შენი უკვდავი სიმღერები და როლები კი თაობებს გაჰყვება, როგორც სიყვარულის, მეგობრობისა და ინტერნაციონალიზმის დიდებული ჰიმნი. შენ კი ყოველთვის მოგიგონებენ, როგორც ნამდვილ არტისტს, ლამაზ შემოქმედსა და ეპოქის გამორჩეულ ხელოვანს, რომელიც სიმღერით დაიბადა და სიმღერითვე გადავიდა მარადისობაში: “სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი…”

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here