Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო აკაკი (კაკო, კაკი), ხვდებით მაინც, რამხელა სისულელე თქვით?

ბატონო აკაკი (კაკო, კაკი), ხვდებით მაინც, რამხელა სისულელე თქვით?

1212
ბატონო აკაკი (კაკო, კაკი), ხვდებით მაინც, რამხელა სისულელე თქვით?

ქართულმა ოცნებამ”, რაც 2020 წლისთვის დაპირებები ჰქონდა გადანახული, ყველაფერი ამ არჩევნებისთვის გამოაჩინა: პენსიის მომატება, სოციალური დახმარების გაზრდა და ამ სოციალური დახმარების შენარჩუნება ერთი წლის განმავლობაში, თუ ადამიანი მუშაობას დაიწყებსდა კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი საჭირო თუ არასაჭირო დაპირება გაიცა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა გაცემულ დაპირებებს ხელისუფლება შეასრულებს, რადგან წინ 2020 წელია, უფრო სწორად, ძალიან ახლოს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და, თუ ახლა გაცემული დაპირებები არ შესრულდა, მოსახლეობას ვეღარ დაარწმუნებს. მართალია, ამომრჩეველს ძალიან მოკლე პოლიტიკური მეხსიერება აქვს (სხვაგვარად ნაციონალების 37 პროცენტი წარმოუდგენელია), მაგრამ არც ისე მოკლე, ერთ წელიწადში ყველაფერი რომ დაავიწყდეს.

საზოგადოდ, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისა და მობოდიშების შემდეგ თითქოს ბევრი რამ შეიცვალა: ოდიოზური ფიგურები (როგორც იქნა, აღიარა მმართველმა გუნდმა, რომ ასეთები ჰყავს) საგულდაგულოდ გადამალეს, თვალს მოარიდეს სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეც თავის მენტორული ტონით ნაკლებად ჩანს, “კომკავშირელებიც” დაიმალნენ და ასპარეზზე თითქოს უფრო სერიოზული ხალხი გამოჩნდა, მაგრამ…

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ხმამაღლა და ამაყად განაცხადა: რა გჭირთ, ხალხო, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, პენსია საარსებო მინიმუმზე მაღალიაო.

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მაღალია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და მხოლოდ ვემხრობი, თუ გვაქვს საშუალება, გავზარდოთ პენსია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული”, _ განაცხადა ზოიძემ.

ბატონო აკაკი (კაკო, კაკი), ხვდებით მაინც, რამხელა სისულელე თქვით? ბოდიში, ამხელა თანამდებობის კაცს ასე პირდაპირ და მოურიდებლად რომ გეკითხებით, მაგრამ… თქვენ არ დაიწყეთ?! ჯერ ერთი, თუ თვლით, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე მაღალია, ხომ წარმოგიდგენიათ, საარსებო მინიმუმი რა აქვს მოსახლეობას?! ან რას ეძახით თქვენ არსებობას?! კაცურად, ადამიანურადთვეში 180 ლარს, ანუ საარსებო მინიმუმზე დიდ თანხას მოგცემთ და შეძლებთ ოჯახის შენახვას? ეს ის თანხაა, თქვენ დღეში რომ გაქვთ ხელფასად და დარწმუნებული ვარ, თვის ბოლოს რაღაცაში მაინც არ გყოფნით. და იმასაც თუ ვერ ხვდებით, ამ განცხადებით მოსახლეობას რომ დასცინით, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

ის თუ გახსოვთ, ბატონო აკაკი, ხელისუფლებაში თქვენი მოსვლისას რა დღეში იყო ეროვნული ვალუტა და რა დღეშია ახლა? შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ლარი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც “გირჩის” აქტივისტები გამოიყურებოდნენ რამდენიმე დღის წინათ სოფელ ატოცში. და თქვენი წინასაარჩევნო დაპირება თუ გახსოვთ _ ტარიფები გაბერილია, ბენზინიდან ერთი ლარი ნაციონალების ჯიბეში მიდისო? მას შემდეგ ტარიფები რამდენჯერმე გაიზარდა და ისიც ვთქვათ, რომ ნაახალწლევს ბუნებრივი აირის ტარიფს ისევ მოემატება. ბენზინი ჩვენი სახელოვანი სპორტსმენივით, ლაშა ტალახაძესავით, რეკორდებს ხსნის, ოღონდ ფასების ზრდის რეკორდებს.

ახლა ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველაფერში მხოლოდ ზოიძეს ვადანაშაულებდე, პირიქით _ ზოიძე, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება, რადგან მას 2012 წელს კარდაკარ არ უვლია და არ უთქვამს: ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო. აი, ისინი, ვინც დადიოდნენ და ივანიშვილის სახელით საოცრებებს გვპირდებოდნენ, დღეს ჩუმად არიან. თავის მართლება, ყველაფერი კარგად არ გვქონდა დათვლილიო, უადგილოა. თუ არ გქონდათ, ვალდებული იყავით, დაგეთვალათ და ადამიანები არ მოგეტყუებინათ. ხომ კარგად იცოდით, რომ ხალხმა 2012-ში ხმა, ტარიფებს კი არა, რეჟიმის გასამართლებას მისცა, იმ რეჟიმის, მერე გულში რომ ჩაიკრაქართულმა ოცნებამდა ისე შეისისხლხორცა, რომ დღემდე ვეღარ ელევა.

ამას წინათ ერთ-ერთმა პარლამენტარმა პირად საუბარში თქვა: იცი, თურმე დანიაში ერთი კუბური მეტრი წყალი დაახლოებით 25 ლარი ღირს და ჩვენთან რა იაფიაო. დანიაშიო, ხალხო, ქვეყანაში, რომელიც ყველა ინდექსით ლამის პირველია მსოფლიოში. დანიაში, სადაც ხელფასი და პენსია იმხელაა, ერთი თვის ჯამაგირით იმდენ წყალს იყიდი, მდინარედ რომ აქცევ; დანიაში, სადაც პენსია 2 500 ევროდან იწყება და… დანიას კი ნუ ვედრებით, აგერ ჩვენი მეზობლები ვნახოთ.

საქართველოში, კერძოდ თბილისში, ბუნებრივი აირის ტარიფი 0,46 თეთრია, რეგიონებში კი ფასი უფრო მაღალია _ 0,56-დან 0,57 თეთრამდე მერყეობს. რატომ გადაწყვიტეს, რომ რეგიონებში უფრო მეტი ფული აქვს ხალხს, ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ნერვიულობთ, ახალი წლიდან ყველგან მოიმატებს და, სავარაუდოდ, გათანაბრდება. აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ტარიფი ყველგან ერთნაირია და 0,22 თეთრის ტოლია; რუსეთში _ 0,27 თეთრია; სომხეთში კი ბუნებრივი აირის ტარიფს უზარმაზარი ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება და 0,86 თეთრს უტოლდება.

ელექტროენერგიაზეც ვთქვათ: თბილისში დენის ტარიფი 19,2 თეთრია, რეგიონებში _ 18,5; აზერბაიჯანში დენის ტარიფი 13,4 თეთრია; რუსეთში _ 13,8; სომხეთში _ 24,3. ახლა ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და რუსული პენსიახელფასები რომ დავთვალოთ, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ, აღმოჩნდება, რომ ქართველები სასწაულს ვახდენთ და იმ ფულით, რომელიც გვაქვს, გადასახადებსაც ვიხდით, ვჭამთ, ვსვამთ დავიღაცების ჯიბრზე არც ვკვდებით.

სხვათა შორის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკვე აღიარა, რომ დაპირებული 400-ლარიანი პენსია უტოპიაა. ასე რომ, მთავარი დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. ასევე გაირკვა, რომ 2020 წლისთვის გამზადებული 20-ლარიანი საპენსიო მატების რესურსი ხელისუფლებას ახლაც ჰქონია, ამიტომ სწორედ წინასაარჩევნოდ იქნება მატება და ეჭვი მაქვს, მორიგი მატება 2020 წლისთვის გველოდება, რადგან უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება და “ბარტყის გადმოგდების” გარეშე ეს საქმე არ ჩაივლის. შესაბამისად, აკაკი ზოიძის სიტყვები “მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა ვუმატებდეთ პენსიასო” 2020 წლამდე სასაცილოდ გამოჩნდება.

ისევ ივანიშვილის ტელეეთერს დავუბრუნდეთ. აქაოდა, ეს რა დაგვემართა, ხალხო, არ ვიცოდი, ასე თუ გიჭირდათო, და ბიძინამ ძველ ტყუილებზე ბოდიში ხომ მოიხადა, ახლებიც დაგვიანონსა. დაგვიანონსა იმიტომ, რომ გამორიცხულია, ერთ წელიწადში ივანიშვილმა გუნდი გაასუფთავოს. ჯერ ერთი, არ არსებობს მუნიციპალიტეტი, რომელშიც ნაციონალების ყოფილი მაღალჩინოსნები კარგ თანამდებობებზე არ იყვნენ მოკლათებულნი, პარლამენტშიც ყოფილი ნაციონალებისგან არისქართული ოცნებადაკომპლექტებული და, ყველა რომ ხელის ერთი მოსმით გაყაროს, საპარლამენტოს გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებიც ხელში უჭირავს. ამისთვის კი “ოცნება” მზად არ არის და ივანიშვილსაც ერთი სული აქვს, როგორმე 2020 წლამდე მივიდეს, რათა მერე თქვას: ყველა ნაციონალი მოვიშორე, განვიწმინდე და მოდით, ისევ ჩვენ აგვირჩიეთო. ეს მაშინ, როცა ის ნაციონალყოფილები მილიონებს აგროვებენ და ამ მილიონებს 2020-ში ისევ ივანიშვილს შეუტრიალებენ.

თუმცა პოლიტიკაზე შემდგომ, ახლა ისევ სოციალურ ფონს მივხედოთ, იმ ფონს, რომელიც ყოველდღიურად უარესდება. ტარიფების გაიაფებას რომ ვერ მოვესწრებით და ვეღირსებით, უკვე გაცხადდა, რადგან საქართველო ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შემომტანია, შესაბამისად, ფულს დოლარში იხდის, დოლარი კი ისეა გამყარებული, ლარი თქვენობით ესაუბრება. 20 ლარით გაზრდილი პენსია გაძვირებულ პროდუქტსა და გაზის გადასახადს არ ეყოფა და, იმავე დოლარში თუ ვიანგარიშებთ, 200-ლარიანი პენსია უფრო ცოტა გამოდის, ვიდრე 2012 წელს არსებული 150-ლარიანი პენსია იყო. და ასე, ტყუილ-ტყუილში გადის დრო, პენსიონერთა რაოდენობა რეალურად ნერვებს უშლის ყველა ხელისუფალს, რადგან ეს პრობლემა მუდმივად დგას, თუმცა არ იმჩნევენ. იმჩნევენ კი არა, წინასაარჩევნოდ მოხუცებს გულში იხუტებენ, აქაოდა, ჩვენი სიამაყეები ხართო, და სიამაყეს რომ აშიმშილებ და სასიკვდილოდ იმეტებ, ეგ აღარავის ახსოვს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ათასჯერ მოტყუებული ამომრჩეველი, ორიოდე კვირაში ათასმეერთედ მივა საარჩევნო ყუთთან, ათასმეერთედ გააკეთებს არჩევანს და ეს იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცის, ორივე მხარე ატყუებს. ტყუილში ცხოვრებას მივეჩვიეთ თითქოს, ათასჯერ ჩამქრალ იმედის ნაპერწკალს სულს მაინც ვუბერავთ, ვაღვივებთ და იმის იმედად ვართ, რომ იქნებ ახლა მაინც არ მოგვატყუონ… ისე, ბატონმა აკაკიმ რომ თქვა, პენსია საარსებო მინიმუმზე მეტიაო, არ მოვუტყუებივართ, რადგან ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 168 ლარია. შედარებისთვის გეტყვით, რომ იმავე შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმად ლუქსემბურგში 1922 ევროა დაწესებული, ჰოლანდიაში _ 1501 ევრო, ირლანდიაში _ 1461, საფრანგეთში _ 1457… ახლა არ დამიწყოთ: ეგ ევროპის განვითარებული ქვეყნებია, აბა, რეგიონს შეედარეო. კი ბატონო, სომხეთში საარსებო მინიმუმი 260 ლარია, აზერბაიჯანში _ 370 ლარი. ახლა არ მითხრათ, სომხეთი და აზერბაიჯანიც ევროპის განვითარებული ქვეყნებიაო…

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here