Home რუბრიკები ისტორია ავჭალა

ავჭალა

2304
იოანე ნათლისმცემლის ტაძარი

ავჭალა საქართველოს დადაქალაქის დასავლეთის ჭიშკარია, ქართული ისტორიოგრაფიის გზაჯვარედინზე მრავლის მომსწრე და მნახველი. ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის შემდეგ გახდა. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება ავჭალა, როგორც საქართველოს ერთერთი უძველესი სოფელი. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით თურმე ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში _ კახეთის საერისთავოში, 1962 წლიდან კი თბილისის გარეუბანი გახდა, ამჟამად გლდანინაძალადევის რაიონის ნაწილია.

საუკუნეების განმავლობაში მტკვრის წყლის დანალექით განოყიერებულ მიწაზე წარმოიქმნა უდაბური და უღრანი ტყე, რომელსაც ხალხმა “ავი ჭალა” უწოდა, იგი წარმოადენდა მრავალი მხეცის, ფრინველის, ასევე ავაზაკთა საბუდარს. მტკვრის ახლოს გაუვალი ჭაობებითა და უღრანი ტყით დაფარული ეს ტერიტორია თურმე შიშს ჰგვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ავი სულები ბინადრობდნენ. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ ამ ადგილს ავ ჭალას.

ასე რომ, სოფელ დიდუბიდან მოკიდებული, თითქმის მცხეთამდე მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო წარმოადგენდა დიდ უღრან ჭალას, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონისა და ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში მოხსენებულია, როგორც “ავი ჭალა”, იგივე ავჭალა. როგორც მემატიანეები აღნიშნავენ, ეს ადგილი მრავალჯერ გამოუყენებათ ქართველ მეფეებს თბილისზე საიერიშოდ, ჯარის სამალავად, როდესაც თბილისის ციხესიმაგრეები მტერს ეკავა. ავჭალასთან, მდინარე მტკვარზე, ხელსაყრელო ფონი იყო, რითაც მტრები, მათშორის ლეკი მოთარაშეებიც, სარგებლობდნენ.

წმ. პეტრეს მოციქულის ჯაჭვები, რომი
წმ. პეტრეს მოციქულის ჯაჭვები, რომი

XVIII საუკუნის დასაწყისში 1724 წელს მტრისგან თავდასაცავად მტკვრის გაყოლებაზე სოფელ დიდუბემდე ციხე-კოშკები აუშენებიათ, სულ 12. მათგან 11 მთლიანად დაინგრა ისე, რომ კვალიც არსად დარჩენილა. ერთი კი ავჭალაში ახლაც დგას ერთ-ერთ საკარმიდამო ეზოში. აღნიშნულ კოშკს მიწისძვრისა და დიდძალი ნალექებისგან დროთა განმავლობაში ჩამოეშალა ცალი მხარე. რესტავრატორებმა გაწმინდეს ჩამოშლილი ქვა-ღორღისაგან, გაანთავისუფლეს აღსადგენი ადგილი და აღმოაჩინეს, რომ კოშკს საძირკველი საერთოდ არ ჰქონია. კოშკი დგას იდეალურად მოსწორებულ ადგილას ათი მეტრის დიამეტრის უსაძირკვლოდ, კედლების სისქე ორი მეტრია, კოშკის საერთო სიმაღლე _ 15 მეტრი. იგი შედგება სამი სართულისგან. სართულები ერთიმეორეს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით. მეორე სართულზე არის ბუხარი. პირველ და მეორე სართულებზე დატანებულია სათოფურები. მესამე სართულზე ქონგურებია სათოფურებით.

ცნობილია, რომ მდინარე მტკვარი (მარცხენა ნაპირი) ორთაჭალისა და კრწანისის ბაღების მოსარწყავად ვერ გამოიყენებოდა, რადგან მტკვრის ეს ნაპირი კლდოვანი იყო. არადა დიდუბის ველის გამოყენება ხელოვნური მორწყვის გარეშე წარმოუდგენელი იყო, ამიტომ მის მოსარწყავად რუ უნდა გამოეყვანათ მდინარე არაგვიდან. ასეთი რუ ვახტანგ V დროს (1658-1676) ავჭალიდან გამოუყვანიათ. ეს უნდა ყოფილიყო ძველი სარწყავი ტრასის _ არაგვი-ავჭალა-ღრმაღელე-დიდუბე აღდგენილი ხაზი, რომელიც არსებობდა და მოქმედებდა შორეულ წარსულში. როგორც ჩანს, ჯერ თამარ მეფეს განუახლებია დიდუბის ვალისა და თბილისის სანახების მოსარწყავად, შემდეგ მოშლილა. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.

წმ. ქეთევანის ტაძარი
წმ. ქეთევანის ტაძარი

XVIII საუკუნის დასაწყისიდან სოფელი ავჭალა თავად გურამიშვილთა მამულში შედიოდა. გურამიშვილის სასახლე, რომელიც მტკვრის ნაპირზე (კომუნისტების პერიოდში შუშის ქარხნის ტერიტორიაზე) იყო აგებული და გალავნით გარშემორტყმული, იქვე იყო აგებული საგვარეულო ეკლესიაც. სასახლეს XIX საუკუნის შუა წლებამდე მიუღწევია, ხოლო ეკლესიას _ XX საუკუნის 50-იან წლებამდე.

ავჭალისკენ მიმავალ გზას აჩვენებს ვახუშტი ბატონიშვილი მის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის პირველ გეგმაზე. დედაქალაქის ტერიტორიაზე ის გარეთ ავლაბრისა და ჩოღურეთს შორის გადიოდა.

მტკვართან უფრო ახლოს გამავალ გზას ეწოდებოდაქვემო გზა სოფელ დიდ ავჭალამდე”, ხოლო მეორეს _ “ზედა გზა”, ძველად ავჭალის გზა გალავნის ავლაბრის კართან იწყებოდა, რომელიც XVIII საუკუნემდე დღევანდელი მეტეხის აღმართზე მდებარეობდა. ავჭალის გზა სოფელ ჩოღურეთს ორად _ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფდა. ეს იყო იმ დროისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც თბილისს ჩრდილოეთთან აკავშირებდა.

ავჭალის გზას ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო-საფორტიფიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ქვეყნის ცენტრს პერიფერიასთან აკავშირებდა: სოფელს _ ქალაქთან, დამამზადებელს _ გამსაღებელთან. გზა ხელს უწყობდა ჯარის სწრაფ ფორსირებას და სხვ. ავჭალის გზის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი “ქალაქის კართან” _ ისანთან იწყებოდა, კარს კი ქალაქის გალავანს იმ მხარეს უკეთებდნენ, რომელ მხარესაც ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა წარმოებდა. XII-XIII საუკუნეებში ეს გზა ინტენსიურად გამოიყენებოდა, ამაზე მეტყველებს ახლანდელ რიყის ქუჩაზე 1940 წელს აღმოჩენილი ჯალალ ედ-დინის დროინდელი მონეტები.

ბედის უკუღმართობამ საქართველოს ისტორიის ბორბალი უკან დაატრიალა, თბილისი მტრებმა რამდენიმეჯერ დაარბიეს და დაანგრიეს. მოძალებული მტრის გამოისობით ბევრი საქარავნო გზა დაინგრა და დავიწყებას მიეცა. ვერც ავჭალის გზა გადაურჩა მსგავს ბედისწერას.

XVII საუკუნის დასაწყისში არაგვის ერისთავმა ნუგზარმა მდინარე მტკვარზე (ახლანდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილას) ქვითკირის ბურჯებზე ხიდის აგება გადაწყვიტა, რაც იმაზე მიგვნიშნებს, რომ XVII საუკუნეში “ავჭალის გზას” გამოცოცხლება დაუწყია და თავისი პირვანდელი ადგილი დაუკავებია ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში.

მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კოშკის ახლოს კლდოვან ფლატეზე, გადმოცემით, ვინმე ბარნაბა ლომიშვილისა და მაშინდელი მრევლის მეშვეობით აიგო ტაძარი, რომელსაც იოანე ნათლისმცემლის სახელი ეწოდა. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი აშენებულია ძველი ქართული ტაძრების სტილზე. 1742 წელის 7 ივნისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, ტაძარი აკურთხა თვით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზმა. იმავე წელს მომხდარა საშინელი მიწისძვრა. ვახუშტი ბატნიშვილის სიტყვებით, “ამ ხანთა შინა შეიქმნა ძვრა საშინელი ორმოცი დღე და ღამე ქვეყანა ირყეოდა. დიდი საშინელება შეიქმნა, ქვეყანა რყევისაგან აღარ დადგა. კახეთს, ალავერდს საყდარი დაიქცა, იალბუზის მთები ბევრ ადგილს გადმოიქცა და მრავალი სული მოსახლე კაცი შიგ მოიტანა, ქართლში მრავალი შენობა დაიქცა”. ახლად ნაკურთხ იოანე ნათლისმცემლის ტაძარში შესასვლელი ჩამონგრეულა. ტაძრის რესტავრაცია მოხდა 1990 წელს. მრევლის ძალისხმებითა და მონდომებით 2001 წლის 7 ივნისს აქ აშენდა დიდი ტაძარი. 1994 წლიდან აქ მოქმედებს დედათა მონასტერი.

წელიწადის ნებისმიერ დროს მორწმუნებს იზიდავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სასწაულმოქმედი წყარო _ ზაფხულში ცივი, ზამთარში თბილი, რომელიც, საიდან იღებს სათავეს, არავინ იცის. აქ მოსული მლოცველები, რწმენით მიახლოებულნი, იუკურნებიან დაავადებებისგან.

თბილისში არსებული მრავალი ტაძრიდან ერთ-ერთია ავჭალის წმ. ქეთევანის ტაძარი. ავჭალის გავლით საგურამოში მიმავალი ილია ჭავჭავაძე, მშენებარი ტაძრით დაინტერესებულა და საკუთარი წვლილიც შეუტანია მის დამთავრებაში. ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღვარი ყოფილა ნიკიფორე კანდელაკი, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლა ჰქონია გახსნილი. 21 მარტს ტაძარი აღნიშნავს დიდმოწამე ქეთევან დადოფლის ხსენების დღეს. ქეთევან წამებულის ტაძარში უამრავი სიწმინდეა დაბრძანებული: ქეთევან წამებულის, წმ გიორგის, კლიმენტი რომის პაპის, ევდოკიმე ვატოპედალის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, საბა გამწმენდელის, კვირიკეს, ივლიტას, იოანე ნათლისმცემლის, წმ. მარინეს წმინდა ნაწილები, ღვთიშობლის კვართის “უფლის საფლავის ლოდის და იმ ღრუბლის ნაწილი, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს პირზე მიადეს; სინას მთის ქვა, რომელზეც ყოველი მხრიდან მაყვლის ბუჩქია გამოსახული, ხის ნაწილი, რომელზეც ზაქე იყო ასული, დიმიტრი თესანოკელის მირონი, პანტანასას “ყოველთა დედოფლის” ხატი, რომელიც XVIII საუკუნის ხატის ასლია. მასთან ლოცვით მრავალი ადამიანი განკურნებულა ავთვისებიანი სიმსივნისგან.

ქეთევან წამებულის ტაძარში დასვენებულია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა, ეს სასწაული დაიწო 1999 წლის 31 დეკემბერს, ღამისთევის მსახურებაზე. მირონი სდიოდა ჯვარცმასაც, რომელიც აღმართულია გოლგოთის მთიდან ჩამოტანილ ლოდზე. ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინ ქეთევან დედოფალი ლოცულობდა სიცოცხლის ბოლომდე. ხატს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოაბრძანეს საქართველოში, ჩამობრძანებისას ცრემლი გადმოუგორდა. მისი კვალი ახლაც ატყვია ღვთიშობლის თვალებს. ქეთევან წამებულის ტაძრის ეზოში კიდევ ორი ეკლესიაა: ერთი იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის, ხოლო მეორე – სერაფიმ საროველის.

ვინაიდან ავჭალის მახლობლად მდებარეობდა მრავალი პატარ-პატარა სოფლები, იალნოს მთაზე აგებული იყო საკულტო ნაგებობა, რომელიც მტრის მრავალი შემოსევების შედეგად დაინგრა. XIX საუკუნეში მოსახლეობამ არ იცოდა, თუ რის ნანგრევები იყო ეს, გადაწყვიტეს, აეგოთ წმ. პეტრეს ტაძარი. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1815 წელს, რომელიც დღესაც გადმოჰყურებს ზემოდან ავჭალას და მის მფარველად ითვლება. იგი მთელი ავჭალის სალოცავია. წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარი სამია მსოფლიოში. ერთ-ერთი მათგანი რომშია, სწორედ იქ იჯდა საპყრობილეში ჯაჭვებით დაბმული პეტრე მოციქული, რომელიც იესომ თავის ღვთიური ძალით იხსნა, გისოსები გასწია და მოციქულმა თავის დაღწევა შეძლო. ეს მოხდა 29 იანვარს, ამიტომ რომშიც და საქართველოშიც ეს დღე ჯაჭვთა თაყვანისცემის დღითაა წოდებული.

ჯაჭვის სამი ნაწილი რომიდან ჩამოაბრძანეს და წმ. პეტრე მოციქულის ტაძარში დააბრძანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here