Home რუბრიკები საზოგადოება ასი წელი და ერთი დავიწყებული იუბილე

ასი წელი და ერთი დავიწყებული იუბილე

1553
ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქციაში _ ნათელა ვასაძე (ცენტრში), ჟურნალის რედაქტორი მარიკა ბარათაშვილი ( მარცხნიდან პირველი), და აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე (მარჯვნიდან პირველი).

ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, თავისი საქმე და სიხარული: განუმეორებელი, ერთადერთი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რომელიც სხვა დროს ვეღარ მოერგება.

ეგებ არცაა საჭირო გამეორება ერთფეროვნების, დეგრადირებისა და უპერსპექტივობის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პირწმინდად, სრულად, კარგისა და ცუდის განურჩევლად მისი ამოშანთვა, როგორც რამ ჭირიანობის მსგავსი სენის, უაზრობაა და _ შეუძლებელიც.

ჟამი, დრო ისტორიაა, თავისი იდეოლოგიით, მოვლენებით, ფაქტებით, ურთიერთობებით, საცხოვრებელი გარემოთი, სამოღვაწეო ასპარეზით საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს და თავის ამქვეყნიურ არსებობას არავის ამადლის.

წინაპარია, რომელიც მავან ახალთაობელს მხოლოდ ბუზღუნა მოხუცად წარმოუდგენია, რომელიც ერთ დროს თავმოყვარე ახალგაზრდა იყო და ჰქონდა უფლება, ეამაყა ვაჟკაცობით, ქალიშვილებს _ კდემამოსილებითა და მზისადარობით.

წასულები, რომლებიც დარჩნენ.

ხოლო დრო, ზოგის დაკვირვებით, სივრცის აჩრდილია და ადამიანის წარმოდგენებთან არის დაკავშირებული, მის ფიქრთან და განსჯასთან.

ფიქრთა ეს აფორიაქებაც ზემოთ თქმულთან არის დაკავშირებული, გამოწვეულია სარედაქციო დავალებით, რომელიც ერთ ისტორიულ თარიღთან არის დაკავშირებული და რომელიც დღევანდელი ცხოვრების ორომტრიალში არ გაგვხსენებია.

29 ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდა კომკავშირს. მუშა და გლეხი ახალგაზრდობის გაერთიანებას 1924 წლის ივლისში ლენინის სახელი მიენიჭა, 1926 წლის მარტიდან კი საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი ეწოდა.

კომკავშირი კომუნისტური პარტიის საიმედო რეზერვად იყო მიჩნეული. მას, ცხადია, პარტიის ხელმძღვანელობით, უნდა აღეზარდა თაობები მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებზე, რევოლუციური ბრძოლის ტრადიციებზე, მუშების, კოლმეურნეების შრომის, ინტელიგენციის მოღვაწეობის საუკეთესო მაგალითებზე, მოზარდი თაობისთვის უნდა ჩაენერგა კლასობრივი მიდგომის პრინციპი ცხოვრების ყველა მოვლენის მიმართ.

კომკავშირის შექმნას თავისი წინაისტორია ჰქონდა. XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში გააქტიურდა სტუდენტთა მოძრაობა, რომლის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულმა (ბოლშევიკების) პარტიამ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ პეტროგრადში, მოსკოვში, ეკატერინებურგსა და სხვა სამრეწველო ცენტრებში შეიქმნა მუშათა ახალგაზრდობის წრეები, კომიტეტები. რსდმპ(ბ) VI ყრილობამ, რომელიც 1917 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართა, მიიღო რეზოლუცია “ახალგაზრდობის კავშირების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციების შექმნას. ერთი წლის თავზე კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კომკავშირიც ჩამოყალიბდა. კომკავშირული ორგანიზაციები იმპერიის განაპირა მხარეებში, საბჭოთა რესპუბლიკებშიც შეიქმნა.

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას კოლმეურნეობა „თბილისი“. მოწინავე მეჩაიეები: მარცხნივ სოციალისტური შრომის გმირი სულიკო სამუშია და მარჯვნივ _ ლიუზა სამუშია, მათ მიერ დაკრეფილი ჩაის ფოთლით. ფოტო: ისააკ ნანიკაშვილი. 1968 წ.
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას კოლმეურნეობა „თბილისი“. მოწინავე მეჩაიეები: მარცხნივ სოციალისტური შრომის გმირი სულიკო სამუშია და მარჯვნივ _ ლიუზა სამუშია, მათ მიერ დაკრეფილი ჩაის ფოთლით. ფოტო: ისააკ ნანიკაშვილი. 1968 წ.

1991 წელს კომკავშირი გაუქმდა. მისი არსებობის პერიოდში კომკავშირის რიგები გაიარა 200 მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ. ქვეყნის ყველა ისტორიულ პერიოდში ორგანიზაციამ თავისი რიგებიდან ათასობით გმირი და წარმატებული ახალგაზრდა წარმოაჩინა. დიდი სამამულო ომის პერიოდში 3,5 მილიონი კომკავშირელი დაჯილდოვდა საბრძოლო ორდენებითა და მედლებით, 3,5 ათასს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, ორგანიზაცია კი ექვსი ორდენის კავალერი გახდა.

უამრავი ნაკლისა და დამახინჯების მიუხედავად, რომლებიც ამ ორგანიზაციას ახასიათებდა, როგორც ცენტრში, ასევე რესპუბლიკებში, კომკავშირი ახალგაზრდობის უნიკალურ საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

კომკავშირი მხოლოდ პოლიტიკა კი არ იყო, არამედ მეგობრობა, სიყვარული, დიდი ცხოვრებისთვის მომზადების სკოლა, ნიჭისა და უნარის განვითარების, თვითდამკვიდრების პრაქტიკული ასპარეზი. უწინარეს ყოვლისა, მშრომელთა უუფლებო ფენებიდან ახალგაზრდების ქვეყნის მართვაში მოზიდვის, მათთვის ორგანიზატორული ჩვევების შესწავლის, პროფესიული ოსტატობის დაუფლების მანამდე არნახული შესაძლებლობების გაჩენის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის გამოვლენისა და ჩაბმის ასპარეზი.

უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება.

ერთზე შევაჩერებ ამჯერად ჩვენი მკითხველების ყურადღებას, ერთ ქალბატონზე _ ნათელა ვასაძეზე _ რომელთანაც წლების განმავლობაში არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს კომკავშირულ წარსულზე.

გუშინწინ ინტერვიუ ვთხოვე “საქართველო და მსოფლიოსთვის”. ძალიან მორიდებულად, უაღრესად ტაქტიანად, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა.

მიზეზი, რა თქმა უნდა, ჰქონდა _ ბოლო დროს თავს შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ მთავარი მაინც სხვა არის: სისხლში გამჯდარი თავმდაბლობა, რომელიც მისი თაობის ღირსეული პიროვნებების ბუნებრივი თვისებაა. ამით გამოირჩევიან ეს ღვაწლმოსილი ადამიანები დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ისტებლიშმენტის აქტივისტებისგან.

_ რა დროს ჩემი ინტერვიუებია!

ალისტრახოობას როგორ ვიკისრებდი და დავეხსენი, მაგრამ განზრახვაზე ხელი არ ამიღია და წარმოგიდგენთ:

ნათელა შალვას ასული ვასაძე _ ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საკავშირო პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს განათლების მინისტრი, პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი და, ამ პუბლიკაციის თემასთან დაკავშირებული, ჯერ საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და შემდეგ, სამი წლის განმავლობაში საკავშირო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, რომელიც სტუდენტი ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო კავშირის საკითხებს კურირებდა.

_ დედიკო, _ მითხრა ერთხელ, _ მეამაყება კომკავშირში გატარებული წლები. უნდა მეამაყებოდეს კიდეც, რადგან ერთი გაჭირვებული, გაღლეტილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში გაზრდილი ქალი საზოგადოებრივი სარბიელის უმაღლეს დონემდე ამამაღლა.

ნათელა ვასაძე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც საბჭოთა კავშირის უპირველეს საზეიმორიტუალურ ტრიბუნაზე, ლენინის მავზოლეუმზე იდგა, როგორც უზარმაზარი ქვეყნის ახალგაზრდული კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი და თაობის სახე.

დიდი გზა განვლო მანამდე, არცთუ იავარდით მოფენილი.

ერთი ფაქტი მხოლოდ: 1956 წლის მარტის დასაწყისი. გაუნათლებელი და ვოლუნტარისტი ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინური კამპანიის პიკი, როცა ამ უვიცის წინამძღოლობით ძალა მოიკრიბა უპრეცედენტო მასშტაბის მოძრაობამ იოსებ სტალინის ძეგლების მსხვრევისა და დემონტაჟის საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ცხადია, საქართველოშიც: “ცხენს ვერ მისწვდნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევა”. მაშინ აღდგა ჩვენი სტუდენტობა, უწინარესად, თბილისში, გორში, ქუთაისში ბელადის სახელისა და ღირსების დასაცავად და ეს არ იყო კულტისთვის თავგანწირვა, ეს იყო არსებული გაუგებარი და წინააღმდეგობრივი, უაზროდ ცვალებადი პრინციპების მიმართ სპონტანურად აგორებული საპროტესტო აქციები _ მასშტაბური მიტინგებისა და დემონსტრაციების სახით.

ახალგაზრდობა მტკვრის სანაპიროსკენ, სკვერში აღმართული სტალინის ძეგლისკენ დაიძრა. აივსო რუსთაველი ადამიანების არნახული მასით.

ზემელზე, იქ, სადაც პროსპექტი იწყება (თუ მთავრდება), იდგა მეეზოვე იეზიდი ქალი და პირველ დემონსტრანტებს ქრისტიანულ ჯვარს გადაგვსახავდა.

სტალინის ძეგლისკენ მიმავალ მასას კომკავშირის ცეკას ბიუროს ლეგენდარული შემადგენლობა ჩაუდგა სათავეში: თამაზ ჯანელიძე, სერგო რიგვავა, გელა ბანძელაძე და, რა თქმა უნდა, ქართველი პასიონარია (დოლორეს იბარური) ნათელა ვასაძე. დაწესდა მორიგეობა, ჩადგა მიტინგი კალაპოტში. სიტყვა თავისუფალი და გაბედული ისმოდა მაშინ სანაპიროს ბაღში, სტალინის ძეგლთან.

აღიმართა კომკავშირი ფარად ახალგაზრდობასა და სისტემის მსახვრალ ძალას შორის და იგი რომ არა, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა…

შემდეგ იყო ყამირი და ნასვენი მიწების ათვისების კამპანია, საზაფხულო შრომითი ბრიგადები, ქართული ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მოძრაობა, ბაიკალ-ამურის რკინიგზის მაგისტრალზე “ნია გრუზინსკაიას” მშენებლობა, ქართული ენის დასაცავად აღმდგარი სტუდენტობა და დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე ტანკების პოლიგონის მოშლის ისტორიული ფაქტი, ენგურჰესი და ა.შ. და ა.შ. ნოდარ დუმბაძეს _ პირველს საკავშირო კომკავშირის პრემიას ანიჭებენ, ასპარეზზე გამოდიან ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე _ ახალგაზრდა შემოქმედთა მთელი პლეადა, მწერლები და პოეტები _ მუხრან მაჭავარიანი, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, ჯანსუღ ჩარკვიანი, მორის ფოცხიშვილი (“ვინც კომკავშირში ყოფილა ოდეს, არ დაბერდება ის არასოდეს”), ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი და სხვები. სამოციანელების სახელით ცნობილი თაობა.

არ იყო უმუშევრობა, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მძებნელთა რიგში ჩადგომა, მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნა და ლგბტ-თემის წევრობით ტრაბახი…

არ არის კომკავშირი. არც უნდა იყოს, რადგან მსოფლიოს ახალი წესრიგის პარამეტრებს ვერ მოერგებოდა უთუოდ.

და თუ დღეს მაინც გავიხსენეთ _ მხოლოდ როგორც ისტორიული ფაქტი, ასი საიუბილეო წელი 29 ოქტომბერს რომ შეუსრულდა.

სულ ესაა.

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. გენაცვალეთ თქვენ ასე რომ იხსენებთ წარსულს!გული ამიჩუყდა ეს ხომ ჩვენი წარსულია რომელიც ნაციონალებმა აგვიკრძალეს,გასხენებაც დანაშაულად მიაჩნდათ!!!მაგათმა გიჟმა მიშამ 2003 წლის იქეთ ნურაფერს გაიხსენებთ დაბლოკეთო!!!!! ის 70 წელი რაც ჩვენ ბედნიერად გვაცხოვრა კომუნისტებმა ჩვენი ბავშვობა რატომ არ უნდა გავიხსენოთ?ან მომავალმა თაობამ რომ საერთოდ არ იცის ის დრო რასაც ჩემი თაობა მისტირის ესაა დანაშაული!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: 777 Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here