Home ახალი ამბები საქართველო აშშ-ის ელჩის ტყუილები და საქართველოს პრეზიდენტის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება

აშშ-ის ელჩის ტყუილები და საქართველოს პრეზიდენტის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება

426
კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი

სად დაინახეთ საქართველოს ინტერესების დარღვევა რუსი ტურისტების აქ ყოფნის პერიოდში? ერთი ინციდენტი მაინც რომ მომხდარიყო, დეგნანი „გარაჟიდან“ გამოვიდოდა და იმ ადგილიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთვებოდა, ბოლო ხმაზე იყვირებდა, მაგრამ… არ და ვერ გამოვიდა ეს ამბავი.

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა და სავიზო რეჟიმი გაუქმდა, დასავლელი „სტრატეგიული პარტნიორები“ ვერ ისვენებენ და დღეში რამდენიმეჯერ ამბობენ, რომ ეს პროცესი საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. ყველაზე მეტად ამერიკული მხარე აქტიურობს.

„მესმის, რატომ ღელავს ქართველი ხალხი ფრენების აღდგენის გამო  და რატომ არის შეშფოთებული. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში დაახლოებით 130 ათასი ქართველი ცხოვრობს, უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მას, ვისაც რუსეთის დატოვება უნდოდა, გასულ წელს დატოვა. პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ გასაგებია, რატომ არის ხალხი შეშფოთებული და რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

დავიწყოთ იმით, რომ აშშ-ის ელჩი უნამუსოდ იტყუება, როცა ამბობს, რუსეთში საქართველოს 130 ათასი მოქალაქე ცხოვრობსო. თანაც, მეტი დამაჯერებლობისთვის აზუსტებს, ბოლო მონაცემებითო. არადა, სწორედ ბოლო მონაცემებით, რუსეთში საქართველოდან წასული მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და ეს მილიონამდე ადამიანი ყოველწლიურად წვალობს, შემოვლითი გზებით ჩამოდის, უკანაც იმავე გზებით მიდის და ის, რომ ბევრ მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, არაფერს წყვეტს – პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებსაც ეხებათ და  მოქალაქეობის არმქონეებსაც.

მეორე ტყუილი – ქართველი ხალხი შეშფოთებულია. თუ ქალბატონი კელი დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ ტელევიზიებს ეძახის ქართველ ხალხს, მაშინ შეშფოთება ნამდვილად არის, მაგრამ რეალურად ისინიც კი, ვინც ამერიკა-ევროპისგან ფულს იღებენ, შეშფოთებას ერთადერთი მიზეზის გამო გამოხატავენ – არ სურთ, ეს დაფინანსება შეწყდეს. არადა, ის მაშინვე შეწყდება, როგორც კი  არასამთავრობოები, ოპოზიციური პარტიები თუ ტელევიზიები დასავლეთის დაკრულზე ცეკვას შეწყვეტენ.

საზოგადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში ვითარება ძალიან აერია და კონტროლიდან გაექცა. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელები ისე უხეშად ჩაერივნენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა პირდაპირ თქვა, – ამერიკის საელჩო იმისთვის არსებობს, რომ გადატრიალება მოაწყოსო. როცა ამხელა ქვეყნის გამოცდილი პოლიტიკოსი და ლიდერი ასეთ განცხადებას აკეთებს, თავმოყვარე საელჩომ საპროტესტო ნოტა მაინც უნდა აფრინოს, მაგრამ რომელ თავმოყვარეობაზეა საუბარი, როცა ამერიკის ელჩები ორღობის დედაკაცებივით ჭორაობენ, ისეთ რაღაცებში ერევიან და ისვრებიან, რაც არ ეხებათ (დეგნანისა და „გარაჟის“ ამბავი გავიხსენოთ). ჰოდა, ამერიკას ხელიდან გაექცა ნატოს წევრი თურქეთი, გაურბის საქართველო, თურქეთს აუცილებლად მიჰყვება აზერბაიჯანი და დასრულდა კავკასიაზე კონტროლი, ამიტომ ამერიკა გააფთრებით  იბრძვის გავლენების აღსადგენად და თურქეთში 28 მაისს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც – თუ ამერიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს, საქართველო კარგ დღეში არ ჩავარდება.

ცალკე თემაა ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტთა ქცევა. ისინი რუსეთიდან საქართველოში ჩამოფრენილი თვითმფრინავების მგზავრებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ატერორებენ. ისინი მათ აეროპორტის გასასვლელში ხვდებიან და ეუბნებიან: აღიარე, რომ თქვენი ქვეყანა ოკუპანტიაო. ერთ-ერთი ასეთი დახვედრისას  ჟურნალისტს ბალტიისპირელი მგზავრი შეხვდა და, სანამ ჟურნალისტი ბოლო ხმაზე უკიოდა (ჰო, უკიოდა), აღიარე, რომ შენი ქვეყანა ოკუპანტიაო, მგზავრმა ძლივს გააგებინა, – ბალტიისპირეთიდან ვარ და რას მერჩიო. ჟურნალისტი „უინტერესო“ მგზავრს შეეშვა და სხვას ეცა. სამწუხაროდ, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ,  ადამიანის უფლების დარღვევაა, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მერე არასამთავრობოები და ოპოზიციური პარტიები აყვირდებიან: დამოუკიდებელ მედიას ხელს უშლის პოლიცია მუშაობაშიო. ის, რომ „დამოუკიდებელი მედია“ სტუმრად ჩამოსულ ადამიანებს აეროპორტიდანვე ატერორებს, ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა და ტაში უნდა დავუკრათ…

სამწუხაროდ, ოპოზიციური არხები ეფექტიანად მუშაობენ და მოვლენებს ისე აშუქებენ, თითქოს მოსახლეობის 99%  წინააღმდეგია პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის. თითქოს ათასობით ადამიანია ქუჩაში გასული და ამ ყველაფერს აპროტესტებს, რეალურად კი, ქუჩაში ოპოზიციის მცირე აქტივი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები დგანან, ანუ იმაზე ნაკლებია ხალხი, ვიდრე ერთ კარგ ქორწილში იკრიბება ხოლმე, მაგრამ ისეა წარმოჩენილი, თითქოს ერი და ბერია ქუჩაში გასული. ესეც ხელისუფლების სისუსტეა და სწორედ მისი ბრალია ის, რომ ელჩები ამდენს ბედავენ ან ჟურნალისტებს ამდენის უფლება რომ აქვთ. რამდენჯერ გვინახავს, ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ვიღაცას სახლში რომ ეჭრება და ბოლო ხმაზე გაჰკივის: უფლება მაქვს, შემოვიდე, ჟურნალისტი ვარო. არადა, კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება არავის  აქვს და პატრონს შეუძლია,  სულ კინწისკვრით გააგდოს, მაგრამ მედიის წარმომადგენლებს ხელმძღვანელობა ეუბნება, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, რომ დასავლელი დიპლომატები მათ მხარეს არიან, რომ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი და ისინიც ამ თავისუფლებას და დაუსჯელობას ბოლომდე ირგებენ.

საოჯახო სასტუმროების მფლობელები ადასტურებენ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის 80%-ზე მეტი დაჯავშნილია და დამჯავშნელთა დიდი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. ამ სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ ზაფხულში საქართველოში რუსეთიდან 3 მილიონამდე ტურისტი ჩამოვა; ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თითოეული ათას დოლარს დახარჯავს, რაც 3 მილიარდი გამოდის და ეს ფული მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე გადანაწილდება, რომ არაფერი ვთქვათ  ბიუჯეტში შესულ ასეულობით მილიონ ლარზე. მოდი, ახლა იმ სასტუმროების მფლობელებს ვკითხოთ, როგორ განწყობაზე დადგებიან, თუ ჯავშნები გაუქმდება და მოსალოდნელი ბუმი არ იქნება. მათ ვკითხოთ, ბანკის კრედიტები რომ აქვთ გამოტანილი და ერთადერთ (და არა ერთ-ერთ) იმედად სწორედ ზაფხულის ტურისტული სეზონი და რუსეთის მოქალაქეების მოზღვავება აქვთ. ამ ხალხს ოპოზიცია და არასამთავრობოები მოღალატეებს ეძახიან – აქაოდა, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებენო. და სად დაინახეთ საქართველოს ინტერესების დარღვევა რუსი ტურისტების აქ ყოფნის პერიოდში? ერთი ინციდენტი მაინც რომ მომხდარიყო, დეგნანი „გარაჟიდან“ გამოვიდოდა და იმ ადგილიდან პირდაპირ ჩართვას გააკეთებდა, ბოლო ხმაზე იყვირებდა, მაგრამ არ და ვერ გამოვიდა ეს ამბავი. სამაგიეროდ გამოვიდა ის, რომ რუსულნომრიან ავტობუსებსა თუ მანქანებს საღებავებს ასხამენ კონკრეტული ადამიანები, თან ვიდეოებს იღებენ და ცდილობენ, პოპულარობა მოიპოვონ. არადა, ეს დანაშაულია, მათი იდენტიფიცირება მარტივია, არ მალავენ არც სახეს და არც სახელს, მაგრამ სამართალდამცველები ვერ თუ არ ეკარებიან, რადგან დასავლეთისა და არასამთავრობოების თვალში ისინი ხომ ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც „მტერს“ საღებავით ებრძვიან.

რეალურად, გასული წლიდან მოყოლებული, წელში გამართული ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო დიდი ნახტომისთვის ემზადება, რაც პრემიერმაც აღნიშნა. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, მოსახლეობის უკვე საკმაოდ დიდი ნაწილი ახერხებს დოვლათის  შექმნას და რაღაც თანხის გადადებასო. პირდაპირი ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ამ პროცესს უფრო დიდ მასშტაბს შესძენს და სწორედ ეს არის დასავლეთის შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ წელში გამართული საქართველო, გაცილებით რთული დასამონებელი იქნება და სწორედ ამიტომ ცდილობენ, პროცესი ჩანასახშივე მოკლან. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტიც აჰყვა და ავიაკომპანიას, რომელიც რუსეთში ფრენებს ასრულებს, ბოიკოტი გამოუცხადა. თავის მხრივ, აღნიშნულმა კომპანიამაც ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და განცხადებაში აღნიშნა, რომ,  სანამ პრეზიდენტი ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის, მას არ მოემსახურება. სალომეს ეს არ ადარდებს, მისთვის ახლა მთავარი თურმე რუსეთის დამარცხებაა და ამიტომ ხელისუფლებას „ეკაჩავება“, – მე დამიჯერეთო; იმ ხელისუფლებას, რომელმაც მხოლოდ ოჯახის წევრების იმედად მყოფი ქალი პრეზიდენტად აქცია, იბრძოლა, იომა, აქტივი წელში გაწყვიტა და ახლა იმ აქტივის აზრსაც არ ითვალისწინებს, რომელმაც ეს თანამდებობა ხონჩით მიართვა.

ახლა  მთავარია, რუსეთთან პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი შევინარჩუნოთ; მთავარია,  დესტრუქციულმა ძალებმა არ მოახერხონ და არ მოაწყონ ისეთი პროვოკაცია, რომელიც დაწყებულ ურთიერთობებს დაასრულებს. არადა, საამისოდ ემზადება დასავლეთიც, ოპოზიციაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აი, ტელევიზიები კი რომან გოცირიძეს გუბაზ სანიკიძედ რომ გადააქცევენ (ბუზი და სპოლოს „პონტში“), ადვილი მისახვედრია.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here