Home რუბრიკები საზოგადოება როგორ გავაშენოთ ხეხილის ბაღი

როგორ გავაშენოთ ხეხილის ბაღი

3844

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ხეხილის ბაღის გაშენებისას მთავარი საბაღე ადგილის შერჩევა და გაშენების წესების დაცვაა. სწორად შერჩეული საბაღე ადგილი, შესაბამისად, შერჩეული ხეხილოვან კულტურათა ჯიშების სორტიმენტი, გაშენების დროისა და წესების დაცვა განაპირობებს მცენარეთა დროულ განვითარებას, რაც მაღალხარისხოვანი და სტაბილური მოსავლის წინაპირობაა.

საბაღე ადგილის შერჩევა

ბაღის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ადგილი, რომელზეც წყალი არ გუბდება და კარგად იწრიტება. გასათვალისწინებელია რელიეფი და მისი ექსპოზიცია. საქართველოს მეხილეობის ცენტრალურ რაიონებში ხეხილის გასაშენებლად საუკეთესოა მდინარისპირა ტერასები და მთის კალთები 3-50-ის, აგრეთვე, 10-120-იანი დაქანების ფერდობები. 120-ზე მეტი დაქანების ფერდობები ათვისებული უნდა იქნეს დატერასებით, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგში ეროზიული პროცესების შეჩერებას.

სიმაღლე დიდ გავლენას ახდენს ხეხილოვან მცენარეთა გავრცელებაზე. ხშირად ნაყოფის მომცემი კულტურული მცენარეები 2000 მეტრ სიმაღლემდეც ხარობს. მეხილეობის კლასიკურ ზონად მიღებულია ზღვის დონიდან 400-დან 800 მეტრამდე სიმაღლე, თუმცა სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენება შესაძლებელია ზღვის დონიდან 1200 მეტრამდეც.

რელიეფური განსხვავების გათვალისწინებით საქართველოს მეხილეობის სხვადასხვა ზონაში ხეხილის გასაშენებლად რეკომენდებულია:

* აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მეხილეობის ზონებში ბაღის განლაგება მცირე დაქანების (3-50) ფერდობებზე. სამხრეთაღმოსავლეთისა და დასავლეთის კალთები უფრო ტენიანია და საუკეთესოდ ითვლება. ასევე უპირატესობა ეძლევა მთის კალთების შუა ნაწილს.

* დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენისა და სითბოს დეფიციტი არ შეინიშნება, გასაშენებლად გამოდგება ყველა მიმართულების დაქანება, თუმცა, უფრო ხელსაყრელია დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები.

* მთიან რაიონებში, სადაც ხეხილისთვის სითბოს რეჟიმი არასაკმარისია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სამხრეთის დაქანების მთის კალთებს. ამასთანავე, ნიადაგის ჭარბტენიანობის პირობებში, ყველაზე ხელსაყრელია ფერდობის შუა და ზედა მესამედი ნაწილი.

საბაღე ადგილის შერჩევისას მნიშვნელოვანია რეგიონში გავრცელებული ქარების მიმართულებისა და სიძლიერის გათვალისწინება, რადგან მათი მოქმედება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნიადაგში ტენის დაგროვება-შენარჩუნებაზე, ნარგავების დგომის სისწორეზე, ინტენსივობაზე და ა.შ. ამიტომ საბაღე ფართობი უმჯობესია, შეირჩეს ქარებისგან შედარებით დაცულ ადგილებზე. ასეთი ადგილების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში აუცილებელია ბაღის გასაშენებლად გამოყოფილ ნაკვეთზე 4-5 წლით ადრე ან უკიდურეს შემთხვევაში ბაღის გაშენებისთანავე საცავი ზოლების მოწყობა, რაც მაღალი და ხარისხიანი მოსავლის რეგულარულად მიღების საწინდარია.

საბაღე ფართობის შერჩევისას აუცილებელია სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება. ბაღის გაშენებამდე ნაკვეთი უნდა გასარწყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღის გაშენება მიზანშეუწონელია. უნდა მოეწყოს სპეციალური სარწყავი სისტემა მორწყვის თანამედროვე წესების გათვალისწინებით.

საბაღე ნაკვეთის შერჩევისას უნდა შემოწმდეს როგორც ნიადაგი, ისე ქვენიადაგი და გრუნტის წყლის დგომის დონე ყველაზე უფრო ჭარბტენიან პერიოდში. საბაღედ შერჩეულ ნაკვეთზე გრუნტის წყლის დონის დასადგენად რამდენიმე ადგილას უნდა გაითხაროს დაახლოებით 1,5 მ სიღრმის ორმოები. თუ ამ სიღრმეზე გრუნტის წყალი არ აღმოჩნდა და, ამასთანავე, ნიადაგისა და ქვენიადაგის პირობები საერთო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ ასეთი ნაკვეთი გამოდგება ხეხილის ბაღის გასაშენებლად.

ბაღის გაშენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები ხეხილის სხვადასხვა კულტურის მოთხოვნების შესაბამისად. საბაღე ნიადაგის სწორად შესარჩევად აუცილებელია ნიადაგის საველე და ლაბორატორიული გამოკვლევა. ხეხილის ბაღის გასაშენებლად საუკეთესოა სტრუქტურიანი, ღრმა, კარგი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და აერაციის მქონე ნიადაგი, რომელიც წყალგამტარ ქვენიადაგებზე მდებარეობს და ტენიანობის შთანთქმის დიდი უნარით ხასიათდება. ხეხილოვანი კულტურების გაშენება უმჯობესია ალუვიურ, მდელოს ყავისფერ, ტყის ყავისფერ, ტყის ყომრალ, რუხ ყავისფერ, შავმიწისებრ და შავმიწა ნიადაგებზე.

საქართველოს მთელ რიგ რაიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ზამთარში ნიადაგი არ იყინება და წლის განმავლობაში ნალექების დიდი რაოდენობაა (ბათუმის, ქობულეთის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, სამტრედიის და სხვა რაიონებში) გრუნტის წყლის სიუხვის გამო აუცილებელია სადრენაჟო ქსელის მოწყობა.

ფერმერულ მეურნეობებში ბაღების გაშენება და რეკონსტრუქცია უნდა ჩატარდეს წინასწარ შედგენილი და მოწონებული პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. ბაღი უნდა გაშენდეს საქართველოს მეხილეობის ცალკეული ზონის მიხედვით დადგენილი კულტურებით და საუკეთესო ჯიშებით.

ხეხილის ბაღის გაშენებისას უნდა შეირჩეს ჯიშები, რომლებიც ურთიერთდამტვერვით განაყოფიერდებიან. ნორმალური მსხმოიარობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ბაღში ფუტკრით დამტვერვა. ჰექტარი ხეხილის ბაღის ნორმალურად დასამტვერავად საჭიროა ფუტკრის ორი ოჯახი.

ხეხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლისას შხამქიმიკატებისა და ჰერბიციდების გამოყენება მეფუტკრეობას დიდად აზარალებს ხოლმე. ამ ღონისძიებების გატარებისას, ფუტკრის განადგურების თავიდან ასაცილებლად შემუშავებულია რიგი ღონისძიებები: ხეხილის ყვავილობის პერიოდში შხამქიმიკატების გამოყენება დაუშვებელია. შხამქიმიკატების გამოყენებამდე 5-6 დღით ადრე უნდა ეცნობოს ფუტკრის მფლობელებს წამლობის შესახებ. მეფუტკრეები ვალდებულნი არიან, მიიღონ სათანადო ზომები _ შესაწამლი ზონიდან გადაიტანონ საფუტკრეები.

საბაღე ტერიტორიის ორგანიზება

ტერიტორიის ორგანიზება გულისხმობს ბაღის გასაშენებლად შერჩეული ფართობის მაქსიმალურად ათვისებას, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის წარმოების რენტაბელობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას. საბაღე ფართობის ორგანიზება ითვალისწინებს მთლიანი ფართობის კვარტლებად დაყოფას და შესაბამისად, საგზაო, სამელიორაციო ქსელებისა და ბაღსაცავი ნარგაობის მოწყობას.

დიდ სამრეწველო ბაღებში, კვარტლები შეიძლება იყოს 10 ჰექტრამდე; თუ ბაღის სიგრძეა 400 , სასურველია, სიგანე იყოს 250 ; ინტენსიურ ბაღებში, სანერგეებსა და კენკროვანთა პლანტაციებში კვარტალი იყოფა 100-მეტრიან უჯრედებად, რომელთა შორის ტოვებენ 3-4 მეტრის სიგანის გზებს. კვარტლები, უმჯობესია, განლაგდეს ქარების პერპენდიკულარულად; ჩვენი ქვეყნის პირობებისთვის ეს არის ჩრდილოსამხრეთის განლაგება; ფერდობის 40-ზე მეტი დაქანების შემთხვევაში, კვარტლები უნდა განლაგდეს სიგანეზე, ისე, რომ ნიადაგის დამუშავება და სხვა ღონისძიებები ჩატარდეს დახრილობის გარდიგარდმო მიმართულებით. თუ საბაღედ შერჩეული ტერიტორია მოიცავს დიდ მასივებს, ფართობზე გაჰყავთ მაგისტრალური გზები, რომლებიც ტერიტორიას ჰყოფს თანაბარ თარგებად. ამ შემთხვევაში, მთავარი გზები გაჰყავთ მისი მოხაზულობის მიხედვით და მათი სიგანე 8-10 მეტრს შეადგენს.

ფერდობებზე, რომელთა დახრილობა 80 აღემატება, გზა უნდა მიდიოდეს ნაწილობრივ ზიგზაგისებურად, რათა შეიზღუდოს ნიადაგის ეროზია და არ შემცირდეს ტრანსპორტის ტვირთზიდვა.

ქარსაფარი ზოლი _ მის მოწყობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთებზე, რომლებიც მოქცეულნი არიან ძლიერი ქარების ზონაში. ყველა ნაკვეთისთვის აუცილებელი არ არის ქარსაფარი ზოლების გაშენება ბაღის ყველა მხრიდან. თუ ქარებს ახასიათებს ერთი ან ორი მკვეთრად განსაზღვრული მიმართულება, ასეთ შემთხვევაში საკმარისია ბაღსაცავი ნარგაობები შეიქმნას მხოლოდ იმ მხრიდან, საიდანაც ქრის ქარი.

ქარსაფარის გასაშენებლად უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებთან კარგად შეგუებული ხე-მცენარეები. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარების სიძლიერე და ხასიათი, რომლის მიხედვითაც შეირჩევა ოპტიმალური დაშორება ქარსაფრებს შორის: ძლიერი ქარების შემთხვევაში ქარსაფარი მოეწყობა 200 მეტრის დაშორებით, ხოლო, სუსტი ქარების შემთხვევაში _ 300 მეტრის დაშორებით.

ქარსაფარი ზოლების დაშორება ძირითადი ნარგაობიდან უნდა იყოს ისეთი, რომ არ გამოიწვიოს დაჩრდილვა. Eეს მანძილი საშუალოდ 12-15 მეტრით განისაზღვრება. ძირითადი დამცავი ზოლების გასაშენებლად გამოიყენება 4-6 რიგი (ზოგ შემთხვევაში 6-8 რიგი), ხოლო განივი ზოლებისთვის _ 2 რიგი. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 2-2,5 მ, ხოლო, რიგში მცენარეთა შორის მანძილი _ 1-1,5 მ. გაშენების სქემად ირჩევა ჭადრაკული წესი. ბაღსაცავ ზოლებში, აღმოსავლეთ საქართველოს ზონებში, რეკომენდებულია ხისა და ბუჩქნარი მცენარეების შემდეგი ჯიშები: ალვის ხე, კანადური ვერხვი, შავი ფიჭვი, ევროპული ნაძვი. დამატებით შეიძლება გამოყენებული იყოს ტყემალი, თუთა, კომში, შინდი. წიწვიანი მცენარეები უნდა დაირგოს გაზაფხულზე, ხოლო ფოთლოვანის დარგვა შეიძლება შემოდგომითაც.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში).

იუზა ვასაძე,

ვაჟა კვალიაშვილი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here