Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს რესურსი არ...

ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს რესურსი არ აქვს, მინისტრები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში არ უნდა ნებივრობდნენ.

541

არასამთავრობო ორგანიზაცია „ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასებისა და სახელფასო დანამატების სახით დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარია გაცემული. ამავე ორგანიზაციის კვლევის თანახმად, აღნიშნული თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი მოქალაქეები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულიყვნენ. „2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50%-იანი ეკონომიის და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით”,-აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ვინ ან რა სამსახურებმა უნდა გააკონტროლონ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რა მექანიზმების შემუშავებაა ამისთვის შესაძლებელი და რა საშუალებები არსებობს დღესდღეობით აღნიშნული კონტროლისთვის, „საქართველო და მსოფლიო“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ვასილ მჟავანაძეს დაუკავშირდა.

ნიკოლოზ მჟავანძე: – პრემიებისა და სახელფასო დანამატების თემა უკვე იმდენად ყბადაღებულ საკითხად იქცა, რომ ხელისუფლებაც გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ რა კეთდება ამ უხერხულობის მიღმა, უცნობია. ყოველ შემთხვევაში ამ ტოტალური სიღარიბისა და უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე სახელმწიფო მოხელე, თუ სინდისი გააჩნია, ათასობით და ათეულ ათასობით ლარს არ უნდა იღებდეს პრემიების სახით. მათ ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ და სირცხვილია. ეს ერთი და მეორეც, ძალიან მძიმედ აწვება ეკონომიკას ასეთი მიდგომა. როდესაც ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს რესურსი არ აქვს, მინისტრები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში არ უნდა ნებივრობდნენ. მე ვფიქრობ, უნდა შემუშავდეს გარკვეული სახელმწიფო მექანიზმები და საბიუჯეტო თანხების ხარჯვა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ასევე მკაცრი კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს სამინისტროებზე, რადგან არის რიგი სამთავრობო უწყებები, სადაც უამრავი პრობლემაა. მათ შორის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გაბერილი შტატები, ამ უწყებების ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ავტომობილები და ა.შ. საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, ამიტომ ეს უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომით და პოლიტიკით. 



LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here