Home რუბრიკები სამართალი მაღაზიათა ქსელ ფრესკოს თანამშრომლები თანამედროვე მონობაზე და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტებზე ალაპარაკდნენ

მაღაზიათა ქსელ ფრესკოს თანამშრომლები თანამედროვე მონობაზე და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტებზე ალაპარაკდნენ

733

სოციალურ ქსელში ”ფრესკოს” თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე” საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებენ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოს” იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით დღეს დეპარტამენტიდან ჯგუფი ”ფრესკოს” ერთ-ერთ ობიექტში შევა და ვითარებას იძულებით შრომასა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს, ნახავს ხელშეკრულებებს. ამასთან, სამინისტროს თანამშრომლები შეხვდებიან როგორც ობიექტის თანამშრომლებს, ასევე მენეჯმენტის წარმომადგენლებს. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

”გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ჩვენი მანდატის პირობებში შესაძლებელია შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფარგლებში. მაგალითად, საუბარი იყო, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ სამსახურიდან, შანტაჟის ერთ-ერთ ფორმად იყენებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებთან დააგზავნიდნენ მის გაფუჭებულ რეზიუმეს მომავალი დასაქმებისთვის პირობების გასაუარესებლად. ეს ჩვენთვის სიგნალია, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მოვიკვლიოთ, რადგან ჩვენს მანდატში ჯდება. ამ ეტაპზე, მთლიანად შრომით უფლებების სფეროს ზედამხედველობას ვერ ვუწევთ, თუმცა თუკი იქ იქნება იძულებითი შრომის ექსპლუატაციის ნიშნები, შემდგომში აუცილებლად გადავცემთ შსს-ს გამოსაძიებლად”, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, თუკი უფლებრივ ნაწილში, რაც შეეხება – სამუშაო საათებს, ხელფასსა და სხვა საკითხებს, მართლაც აღმოჩნდება წარმოჩენილი მდგომარეობა, დეპარტამენტი ეცდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს გააგებინოს რა წერია კანონში და როგორ უნდა აღსრულდეს შრომის კოდექსი.

“ფრესკო”-ს დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ გასული წლის ნოემბრის თვეში გაავრცელა განცახდება სოციალურ ქსელში, სადაც იგი საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებლზე გადაცემა “მოამბეში” ნაჩვენებ სიუჟეტზე “მარკეტინგული გათვლა”. სიუჟეტში ფარული კამერით გადაღებულ კადრებში აჩვენეს “ფრესკოს” ერთ-ერთი სუპერმარკეტი. დახლზე იყო ერთი ფასი და სალაროში – მეორე.

ვასილ სოფრომაძემ ამის შემდგომ სოციალურ ქსელში დაპოსტა:

„ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არასოდეს, ვიმეორებ – არასოდეს, არ დაუგვიანებიათ ხელფასის გადახდა თანამშრომლებისთვის მთელი მისი 5 წლიანი არსებობის განმავლობაში.„ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, სადაც არსებობს თანამშრომლების უფასო კვება.„ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთარ ფართებზე და არ გააჩნია არც იჯარის გადასახადი და არც საბანკო ვალები და პროცენტები.

ბოლოში კი ჟურნალისტებს მიმართავს: პატივცემულო ჟურნალისტებო! თუ რეპორტაჟის გაკეთება გინდათ, მოდით ღიად. ჩვენი კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი და მზად ვართ ყველაფერი გაჩვენოთ, მათ შორის ჩვენი წარმოებაც. ხოლო, მათ ვისაც სხვა ინტერესები ამოძრავებთ, ვურჩევდი ჯერ საგადასახადო სამსახურებში დაინტერესებდნენ რამდენს იხდის „ფრესკო“ გადასახადებს ერთი კვადრატული სავაჭრო სივრციდან ბიუჯეტში და რამდენს იხდიან სხვა ქსელები, ხოლო მერე მოძებნონ ერთი ცნობილი ქართული ფრაზის დაბოლოება: „არ გინდოდათ რძე და ყველი?…“ – განაცხადა სოფრომაძემ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here