დღეს მსოფლიოში პოპულარულია ისეთი ცნებები, როგორიცაა მილიარდერი და ოლიგარქი. უმდიდრესი ადამიანების სახელები არანაკლებ პოპულარულია კინოსა და სპორტის ვარსკვლავების სახელებზე. საინტერესოა, ვინ იყო პირველი მილიარდერი.
პირველი ადამიანი, რომელმაც 1 მლრდ დოლარის ქონების შეგროვება შეძლო, იყო ამერიკელი ჯონ როკფელერი. და ეს მოხდა დაახლოებით 101 წლის წინათ _ 1916 წლის 29 სექტემბერს.
ჯონ როკფელერი დაიბადა 1839 წლის 8 ივლისს ქალაქ რიჩფორდში (ნიუ იორკთან ახლოს). მისი მამა _ უილიამ როკფელერი ახალგაზრდობაში მეტყევე იყო, შემდეგ მიატოვა მძიმე ფიზიკური სამუშაო და დაიწყო სამკურნალო ელექსირის გაყიდვა, რომელიც, მისი აზრით, სხვადასხვა დაავადებას კურნავდა. უილიამს ამ საქმიანობამ საკმაო მოგება მოუტანა და მან მიწის ნაკვეთები იყიდა.
ჯონმა, როკფელერების 6-ბავშვიან ოჯახში მეორე შვილმა, სამეწარმეო საქმიანობა 7 წლისამ დაიწყო _ ზრდიდა ინდაურებს და ჰყიდდა, თან რვეულში გულმოდგინედ იწერდა თავის კომერციულ წარმატებებს.
რამდენიმე წლის შემდეგ მოზარდი ჯონი უკვე კრედიტებს გასცემდა ფერმერებზე _ ფულს ასესხებდა პროცენტებით.
16 წლის ჯონმა მუშაობა დაიწყო კომპანიაში, რომელიც დაკავებული იყო უძრავი ქონების გაყიდვითა და საზღვაო გადაზიდვებით. მოკლე ხანში ჯონმა კომპანიის მმართველის თანამდებობამდე მიაღწია, მაგრამ მალე დატოვა, რადგან ხელფასმა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ჯონ როკფელერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობდა.
აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში როკფელერი ამერიკის არმიას სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა, შედეგად საწყისი კაპიტალი რამდენიმეჯერ გაზარდა, შემდეგ კი დაიწყო როკფელერის, როგორც ნავთობის მაგნატის, ერა.
1870 წელს შექმნა კომპანია “სტანდარტ ოილი”, რომელიც არა მხოლოდ ნავთობის გადამუშავებით იყო დაკავებული, არამედ ნავთობსაბადოების დაზვერვით სამუშაოებსაც ეწეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ “სტანდარტ ოილი” აშშ-ის ნავთობმოპოვების 90%-ს აკონტროლებდა.
სანავთობე კომპანიების გარდა, ჯონ როკფელერი ფლობდა 16 სარკინიგზო, 6 მეტალურგიულ და 6 სანაოსნო კომპანიას, 8 ბანკსა და უძრავი ქონებით მოვაჭრე რამდენიმე ფირმას.
1916 წლის 29 სექტემბერს ჯონ როკფელერი ოფიციალურად გამოაცხადეს მილიარდერად.
მსოფლიოში უმდიდრესი დინასტიის შემქმნელმა 97 წელი იცოცხლა და 1937 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტში მისი ქონება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა, ანუ აშშ-ის მთლიანი შიგა პროდუქტის 1,54%-ს. The New York Times-მა, ინფლაციის გათვალისწინებით, ჯონ როკფელერის ქონება 192 მლრდ დოლარად (2006 წ.) შეაფასა.