Home რუბრიკები პოლიტიკა ვისი ვისაშია და ვინ ვის ჩინჩლავს, ან ვინ ვინ დაჩინჩლა უკვე…

ვისი ვისაშია და ვინ ვის ჩინჩლავს, ან ვინ ვინ დაჩინჩლა უკვე…

რა სარგებლობას მოგვიტანს… მამალი მამლის წელიწადში? დადგა მამლის წელიწადი და მოგვაყარა მამალმა გამოჩინჩლებული ამბები ოხრად…

ჩემს მარგველას ვენაცვალე, ეგ იხეირებს, თუ იხეირებს – რასაც მოახერხებს – მის სინდისზე იყოს და რასაც ვეღარ გაქაჩავს მდიდრულად – მამალს გადაულოცავს… მერე იქნება ჩვენთვისაც მორჩეს ცოტაოდენი დრო… არა, იმისთვის კი არა, კაცო, საქმისთვის, საქმისთვის, თორე მაგან ჩემს მტერს მიაბჯინა დეზი…

დარგო ჯაფარიძემ ახალ წელს ოფისში და რა დარგო ვერ გავიგე დღემდე… შსს–მ განაცხადა: – თუ მარიხუანას დარგავს, ასე ვუზამთ, ისე ვუზამთო…

გამოვიდნენ გირჩელები და: – დავთესეთ, მარა, რა დავთესეთო, დავთესეთ, მარა, რამდენი დავთესეთო…

სად მოაგროვეს მაინც ამდენი თესლი! მარიხუანის ბატონო, მარიხუანის.

გააკეთა ისევ შსს-მ განცხადება – ამ ფაქტზე მოკვლევაა დაწყებულიო…

რა მოკვლევა უნდა, თქვე კარგო ხალხნო, დათესეს, ყველა თესლს თავისი სახელი და გვარი დააწერეს, გადაიღეს, ტელევიზიით გვაჩვენეს, ინტერნეტში ატვირთეს…

აჰ, არაო, ამოვიდეს ჯერ, იქნება და „ტრუხაა“ და კაიფი არ მოაქო…

13 დღის შემდეგ დაფიქრდნენ, თუ მოსავალი ამოვიდა, არ ვიცი, მაგრამ ექსპერტიზაზე გააქანეს ნათესები… ჰოდა, კითხვა მაქვს, „ტრუხაა“ თუ მოაქ კაიფი, ჰა?

იდგა ამას წინათ შუა ქუჩაში დაბოლილი მამალი და გაჰკიოდა, გამოდით, უნდა დაგჩინჩლოთო… მოთხოვე ახლა პასუხი, ბოლოს და ბოლოს მამალია, ჯაფარიძე კი არა…

ჩვენი პრეზიდენტი რა კაცია და ხალხზე მზრუნველი კაცია, ასე ზრუნვა-ზრუნვით მოაწერა ხელი ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს… – უპასუხო კითხვები მაქვს საქართველოს პარლამენტთან და ეროვნულ ბანკთანო, მაგრამ ხელი მაინც მოვაწერეო… არსებობს საფრთხე რომ ონლაინ სესხების მომხმარებლები მევახშეებთან წავლენ და ამ შემთხვევაში პროცესს ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ დავაკვირდებიო… გვიჭყიტინეთ ხო, სასახლიდან, გვიჭყიტინეთ… რომ არ გვეჯღანებით და ენას არ გვიყოფთ რეზიდენციიდან – მადლობელნი ვართ მაგაზეც…

400 მილიონი ერთეული ონლაინ სესხია გაცემული საქართველოში – მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობა სულ 3,7 მილიონიაო, ჰოდა, ახლა ზოგი ონლაინ სესხი კი გადაკეთდება, ალბათ, მიკროსაფინანსოდ, მაგრამ მაგათსაც მოვუვლითო… აჰა, ბანკებო ბურთი და მოედანიო…

პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა დაგვამშვიდა: სესხების საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100%–ს არ გადასცდებაო… კაი, კაცო… მართლა? ანუ, ათასი ლარი თუ მასესხა მიკროსაფინანსომ – შეუძლია მშვიდი სინდისით კი არადა, მშვიდი კანონმდებლობით მომთხოვოს ორი ათასის დაბრუნება და მეტს მიმატანინებდა თქვენ რომ არ დაგვხმარებოდით? ასეა საქმე? ბარემ დაგვჩინჩლეთ, ბატონო… თუ სამადლობელოა, სამადლობელო იყოს…

 

არაო, პრეზიდენტმა, მე ჩემი მდიდრულიც მეყოფაო, თქვენ არ შეგეხებითო… და საერთოდაც, ჯიგარი ვარ მეო… ჯიგარიც ხართ, ბატონო პრეზიდენტო და კარგი ნათესავიც, ნუ, შეწყალების ამბავში, გულმოწყალების ამბავში… ნათესავებიც კარგი ბიჭები გყავთ – ძველი ბიჭების ამბავში, ნასამართლევი თუ გასასამართლებელი ბიჭების ამბავში… ზოგჯერ მგონია, სპეციალურად იქცევით ასე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ის უფლებებიც ჩამოართვან, რაც ახლა გააჩნია, მაგრამ „ზატო“ ჯიგარი ხართ… რაღაა იგი პრეზიდენტობა, რასაც ჯიგრობა არ ახლავს, არა?

ამასობაში დრო იხელთა ჯეჯელავამ და აიშვა, აიშვა და ჩვენი გაგიჟების მუღამშია, თუ, თავს იგიჟიანებს, ჯერ ვერ დავადგინე… ახლა სკოლების დაყოფა მოისურვა წამყვან და არაწამყვან სკოლებად… ჰოდა, ეს იმისათვის გვჭირდება, რომ არაწამყვან (ანუ „ბანძ“?) სკოლებში საჭირო არ იქნება მაღალკვალიფიციური და სერთიფიცირებული პედაგოგების აყვანა და დაფინანსებაც მცირე ექნებათო…

პრეზიდენტი, ჩვენი უენო, უთქმელი, მორიდებული, მაგრამ უგზო–უკვლოდ ჯიგარი პრეზიდენტიც კი შეაწუხა და შეძრა თქვენმა კანონპროექტმა და – დისკრიმინაციას გამოიწვევთო – შემოუთვალა აჯეჯილებულ ჯეჯელავას…

ეახლა ჯეჯელავა პრეზიდენტს, ეახლა და უკან გამობრუნებულმა დაგვამშვიდა – დავარწმუნე ჩემს სიმართლეშიო… ჰკითხეს – არგუმენტად რა მოიყვანეთო? – არა, არგუმენტი არ მქონდა, ისე დავარწმუნეო…

რატო, არგუმენტი სახლში დაგრჩათ? ტეხავს არგუმენტის ტარება? თუ ცეცხლსასროლი იარაღია და ტარების უფლება არ გაქვთ? აბა, ისე როგორ დაარწმუნეთ, დედა დაიფიცეთ? თუ, დედა დააფიცეთ?

არაო, ქიმიური ელემენტები ვიგულისხმე და პასკალის ბიოგრაფიაო… ცოტა ხანში მოგვიტრიალდა და გვეკითხება – რა საჭიროა ქართული ნაწარმოებებიდან საზეპიროების ცოდნაო… როგორ ავუხსნათ ბავშვებს შუშანიკის წამების ფაქტებიო…

ნაძლევს ჩამოვალ, ვისთანაც გნებავთ, რაზეც გნებავთ, რომ ეს სულ მალე, „ვეფხისტყაოსანსაც“ გადასწვდება… ისე შეპარვით, ისე დელიკატურად, ისე მელაკუდურად ეპარება „ვეფხისტყაოსანს“ ზღაპრებზე საუბრის დასასრულს, აი, იმ ძალადობრივ ზღაპრებზე საუბრისას… ისე საყვარლად გვაცოდებს თავს – მაძალებდნენ სკოლაში რუსთაველის პოემის შესწავლას და ამიტომ ვერაფერიც ვერ გავიგეო… ჰოდა, მალე აღმოაჩენს რომ ქაჯეთის ციხის აღება – პრობლემის სისხლისმიერად გადაჭრის გზაა, რომ ასთამი “იმნაირია“, რომ ნამდვილი ვაჟკაცები არ ტირიან – და საერთოდაც ზღაპრებში გაატარებს ამ უკვდავ პოემასაც…

რა არ მოსწონს ამ აფერისტ მინისტრს ჩვენი ზღაპრების ახლა მივხვდი – დასასრული… კეთილი დასასრული და კეთილი სიტყვები: – „ჭირი იქა, ლხინი აქა“…

იმიტომ რომ, ვაი და მერე ჩვენც მოვითხოვოთ ეს ლხინი და ბედნიერი ცხოვრება, საიდან მოგვიტანოს, სად გვიშოვნოს, ვის დაესესხოს?

გამოფხიზლდეს ერთი ეს დაბოლილი მამალი, მივუქსიო…

კოჰაბიტირებული წელი რომ გველის, ეს ცხადია, ახლა გვექნება თუ გვექნება სამარჩიელოდ, ვისი ვისაშია და ვინ ვის ჩინჩლავს, ან ვინ ვინ დაჩინჩლა უკვე…

 

“საერთო გაზეთი”

 თამუნა კეშელავა

1 COMMENT

  1. ის ლაჩარი და გათახსირებული სააკაშვილი, მეპურე ქალებს რომ მინისტრებათ ნიშნავდა და მის სიგიჟეებს საზღვარი არ ქონდ გახსოვთ?, ეხლა სხვა გიჟის განათლების მინისტრად, დანიშვნით დაიმშვენეს ცხვირი.. ჯეჯელავა მამალი გიჟია და სანამ ყველა გააგიჟა მოშთეთ.

    0 ძლივს მოვიცილეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here