ფეხბურთის არ იყოს, თავის დროზე საქართველოში კალათბურთიც ყვაოდა. ყვაოდა კი არა, თბილისის “დინამოს” ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული, უმაღლესი საკლუბო ჯილდო, რაც კი შეიძლებოდა საკლუბო დონეზე გუნდს მოეგო. დღეს კი…
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართული სოციალური ქსელი NBA-ში მოთამაშე ერთადერთი ქართველის _ ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერით იყო დაკავებული. “გოლდენ სტეიტის” ქართველ ლეგიონერს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის შანსი ჰქონდა, საამისოდ კი ხმების ის რაოდენობა სჭირდებოდა, რომელიც მის პოზიციაზე, სულ ცოტა, სამეულში მოსახვედრად იქნებოდა საჭირო. როცა შუალედური შედეგები გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ ზაზა მეორე ადგილზე იყო და, დიდი ალბათობით, ამ ადგილს არ დაკარგავდა, ამერიკელებმა კანონი შეცვალეს, შედეგად კი ფაჩულიას მხოლოდ გულშემატკივრის ხმები აღარ ჰყოფნიდა და… მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ მეორე ადგილი დაიკავა, ყველა ვარსკვლავის მატჩში მაინც ვერ მოხვდა, რადგან მას მხარი ჟურნალისტებმა და კალათბურთელებმა არ დაუჭირეს.
ეს არაფერი. 14 წელია, ჩვენი ნაკრების კაპიტანი ამერიკაში თამაშობს, სახელიც აქვს, თავისი ოფლით ნაშოვნი ფულიც და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, მაგრამ…
ქართული კალათბურთი დღეს, უბრალოდ, არ არსებობს. ვიღაც იტყვის, როგორ არ არსებობს, აგერ უკვე მერამდენედ, ჩვენი ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენო, მაგრამ, ნურას უკაცრავად, გავიდა ნაკრები, რომელშიც ლეგიონერები თამაშობენ, ეროვნული ჩემპიონატი კი რეანიმაციაშიც აღარ არის, უბრალოდ, გარდაიცვალა და აღიარება არავის უნდა, რადგან ამას სახელმწიფოსგან დაფინანსების შეწყვეტა მოჰყვება.
როგორც წესი, სეზონის დაწყების წინ კალათბურთის ვერც ერთი სპეციალისტი ვერ გეტყვით, რამდენი გუნდი ითამაშებს იმ წელს ეროვნულ სუპერლიგაში. მიზეზი მარტივია _ გუნდებს მუდამ აქვთ ფინანსური პრობლემა და, თუ ფული არ არის _ ვერც თამაშობ. ასე იცვლება კლუბების რაოდენობა წლიდან წლამდე და გამარჯვებული გუნდი… არც არაფერი, გამარჯვებული გუნდი არსად თამაშობს. უფრო სწორად, ვერ თამაშობს, რადგან ფული არ აქვს. არადა, იყო შემთხვევა, გუნდებმა ფული იშოვეს და მერე რა, რომ ჩემპიონები არ იყვნენ, “ჩელენჯის თასზე” მოსინჯეს ძალები… სამწუხაროდ, ევროპაში ყველა გასვლა მთავრდება იმით, რომ ევროპული, თუნდაც საშუალოზე დაბალი დონის გუნდები სარკეში გვახედებენ და გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენთან კალათბურთის მიმართულებით უდიდესი პრობლემაა.
ისიც გვახსოვს, 2015 წელს თბილისის “ვითას” ახალმა ხელმძღვანელებმა სერიოზული ნაბიჯი რომ გადადგეს და გუნდი “ვი თი ბი” ლიგაში ათამაშეს. ეს ლიგა რუსებმა გააკეთეს, მასში ათი რუსული კლუბი მონაწილეობს, ექვსი კი სხვადასხვა ქვეყნიდანაა. ქართველების თხოვნის შემდეგ, რუსებმა ლიგიდან “კრილია სოვეტოვი” ბოდიშის მოხდით ამოაგდეს, ქართული “ვითა” ჩასვეს და ასე შედგა ცხრა რუსული კლუბით, პლუს საქართველოს, ესტონეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ბელარუსის, ჩეხეთისა და ფინეთის კლუბებით 16-გუნდიანი ლიგა. ანუ, რუსებმა იმის ხათრით, რომ ქართველებს ეთამაშათ (ალბათ, ჩვენი ძველი დიდება ახსოვდათ), საკუთარი კლუბი გაწირეს.
გვახსოვს, მაშინ რა ამბავი ატყდა, _ ნახეთ, ქართული კალათბურთის გარდაცვალება მითია, ჩვენი გუნდი, სულ ცოტა, პლეი-ოფში გავაო (პლეი-ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადიოდა) და “ვითამ” სასწაული მართლა მოახდინა _ ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო და ნული მოგებით ბოლო ადგილზე გავიდა.
ხელის გაშვერას არავისკენ ვაპირებთ, არც იმას ვამბობთ, რომ ბევრი რამ გვეუცნაურება (თუნდაც ის, რომ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატებმა: ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ კანდიდატურები მოხსნეს, შემდეგ კი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები გახდნენ), მაგრამ ის კი ფაქტია, რომ რაღაცამ თუ ვიღაცამ იმავე ზაზა ფაჩულიას ხელი შეუშალა.
როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ თბილისში საკუთარი აკადემია დაეარსებინა, მაშინვე ითქვა, რომ ეს აკადემია ბევრ ბავშვს გაზრდიდა და სპორტის მკვდარ სახეობას მეორე სუნთქვას შთაბერავდა, მაგრამ ისე არ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. ფაჩულიას აკადემია გაიხსნა, მაგრამ პრაქტიკულად ყველა ამბობს, რომ იქ ბავშვის მიყვანა და მომზადება სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არადა, ზუსტად ვიცით, რომ ზაზა უფასოდ აპირებდა ამ აკადემიის გაკეთებას, უცხოელი მწვრთნელებისთვის ხელფასი ფედერაციას უნდა ეხადა და სანაცვლოდ კალათბურთელები უნდა მიეღო. დღეს კი ბავშვები ფულს იხდიან და, როგორც კი რომელიმეს შეეტყობა, კალათბურთის ნიჭი აქვს, მაშინვე უცხოური კლუბების სამიზნეში ხვდებიან, საქართველოდან მიდიან და კარიერის აწყობას საზღვარგარეთ ცდილობენ. სწორედ ამიტომ ბევრ ევროპულ ასაკობრივ ლიგაში ჩვენებურები თამაშობენ, ეროვნულ ჩემპიონატს კი ზრდა არ ეტყობა. წეღან ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები ვახსენეთ. შარშანდელის მსგავსად, საქართველოში Junior NBA-GBF ლიგა წელსაც გაიმართება, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ სრულიად საქართველოს მოიცავს და ბევრი ბავშვი მოინდომებს იქ თამაშს, მაგრამ იმავე ფედერაციას ვეკითხებით: წინა ტურნირიდან, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესოდ დასახელდა, რამდენი ბავშვი წავიდა ქართული კლუბების ასაკობრივ გუნდებში? პასუხი მარტივია _ არც ერთი და ეს იმიტომ, რომ პირობები პრაქტიკულად არსად არ არის და ქართულ კლუბებს, ასაკობრივი გუნდების კი არა, მთავარი გუნდის შენახვის პრობლემა უდგათ.
მწარე რეალობა ასეთია _ საქართველოს საკალათბურთო სამყაროს ჰყავს ეროვნული ნაკრები, მაგრამ პრაქტიკულად არ აქვს ეროვნული ჩემპიონატი. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში არაერთი ლეგიონერი თამაშობს და მათ მცირე ჰონორარს არ უხდიან, მაშინ, როცა ქართველი კალათბურთელები შანსს ელოდებიან და ვერ იღებენ. სწორედ ამიტომ ცდილობენ მშობლები, ბავშვი უცხოეთში წაიყვანონ, რათა იქ აღზარდონ. სანამ ეს ტენდენცია არ დასრულდება, ეროვნულ ჩემპიონატს არაფერი ეშველება. ითამაშებენ კლუბები ასე, თავისთვის, საქართველოს ჩემპიონი არც ერთ ევროპულ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, გამოჩნდება მეპატრონე, რომელიც რომელიმე კლუბს დააფინანსებს “ვითას” დარად და მალე მიხვდება, რომ ფული წაგებებში, ანტირეკორდებში გადაიხადა.
ჰო, ვინც არ იცის _ ყველა ვარსკვლავის მატჩი საქართველოშიც უნდა გაიმართოს, კალათბურთელთა შერჩევა უკვე დაწყებულია, ანუ ზუსტად ისე, როგორც ზაზა ფაჩულიას ვაძლევდით ხმას, უნდა მივცეთ ხმა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე იმ კალათბურთელებს, რომლებიც ქართულ “ოლ სტარში” ითამაშებენ. სხვა პრიზებთან ერთად, სპეციალური პრიზებია დაწესებული იმათთვის, ვინც ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე 24 კალათბურთელს დაასახელებს. სწორედ ამდენი რამაა საჭირო, “ოლ სტარი” რომ გაიმართოს.
ნიკოლოზ იაშვილი