უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდესის” (უნგრეთის მოქალაქეთა კავშირი) თავმჯდომარის მოადგილის _ ზილარდ ნემეტის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებას განზრახული აქვს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია, რომელსაც მილიარდერი ჯორჯ სოროსი აფინანსებს“. – იუწყება უნგრული გამოცემა Budapest Business Journal-ი.
ზილარდ ნემეტის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს მილიარდერთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების უნგრეთიდან გასაძევებლად.
“სოროსის იმპერიის ყალბი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფულს იღებენ იმისათვის, რომ ემსახურონ გლობალურ კაპიტალიზმს და მხარს უჭერენ პაოლიტკორექტულობის პრინციპის უპირატესობას ეროვნულ ინტერესებზე“. – განაცხადა ნემეტმა და დასძინა, რომ აშშ-ის ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შეიქმნება სათანადო პირობები, იმისათვის, რომ უნგრეთი ამერიკელი ფინანსისტის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განთავისუფლდეს.
ამა წლის მარტში უნგრეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს, პარლამენტში განსახილველად შეიტანოს პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ვალდებულნი იქნებიან, ანგარიშები გამოაქვეყნონ პირადი აქტივების შესახებ.
უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა სოროსის ფონდი “ღია საზოგადოება” და მისი მოღვაწეობა, განსაკუთრებით ლტოლვილთა კრიზისის კონტექსტში. თვითონ ჯორჯ სოროსმაც აღიარა მისი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალი კრიზისში, რომელიც გამოწვეულია მასობრივი მიგრაციით. შარშან ინტერნეტში გავრცელდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სოროსი, როდესაც მან ლტოლვილების მიღებას დაუჭირა მხარი, მხოლოდ ალტრუისტული მოსაზრებებით არ ხელმძღვანელობდა – ფონდმა “ღია საზოგადოებამ” მიგრაციული კრიზისი თანხების მოსაპოვებლად გამოიყენა.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმაც არ დაიშურა კრიტიკა სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მისი განცხადებით, 2017 წელს დაიწყება ასეთი არასამთავრობოების გაძევება ევროპიდან.
“ყველაფერი ცხადი შეიქნება – საიდან იღებენ ისინი ფულს, რომელ საიდუმლო სამსახურებთან არიან დაკავშირებული და ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები“. – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
აღსანიშნავია, რომ სოროსის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებენ ანტისამთავრობო გამოსვლების მოწყობაში პოლონეთში, აგრეთვე არჩეული თანამდებობის პირების ავტორიტეტის შელახვაში რუმინეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და იმავე უნგრეთში. ამას სოროსელები კორუფციასთან ბრძოლის საბაბით აკეთებდნენ.
აი ასეთი პროცესები მიმდინარეობს უნგრეთში და სრულიად ევროპაში საქართველოში კი სოროსის ფონდს არათუ კრძალავენ, მის წარმომადგენლებს მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ. მაგალითად, სოროსის ფონდის – “ღია საზოგადოება საქართველოს” მმართველი საბჭოს წევრები იყვნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. სოროსის ფონდის დახმარებით შეიქმნა საქართველოში ანტიეროვნული ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი“ რომლის ზოგი წევრიც ახლა პარლამენტშია (გიგა ბოკერია, აკაკი მინაშვილი, გივი თარგამაძე, თამარ კინწურაშვილი კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელმძღვანელობდა), ზოგიც – ხელისუფლებაში (სოზარ სუბარი).
აღსანიშნავია, რომ ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც თავის დროზე სოროსის ფონდის თანამშრომელი იყო…
ნიკა კორინთელი