Home რუბრიკები საზოგადოება შეწყდეს მასწავლებლების შეურაცხყოფა და დამცირება

შეწყდეს მასწავლებლების შეურაცხყოფა და დამცირება

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის” (ნაწ. I და II, 2015 .) ყველა შეუსაბამობა და აბსურდი რომ განვიხილო, გაცილებით მეტი მოცულობის წიგნის დაწერა მომიწევს, ვიდრე ხსენებულიგზამკვლევია”.

ჯერ სათაური რას ნიშნავს? აქამდე საქართველოში მასწავლებელი არ არსებობდა თუ საქართველო უწიგნურთა ქვეყანაა, რომელშიც ვიღაც უვიცებს სურთ მასწავლებლობა? არ გვაქვს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც ასწავლიან სპეციალობას და პედაგოგიკის საფუძვლებს? არ ტარდება მომავალი პედაგოგების ცოდნისა და უნარების შეფასების გამოცდები? მაშინ დავწეროთ მსგავსი “გზამკვლევები” ეკონომისტებისთვის, იურისტებისთვის, ინჟინრებისთვის და ა.შ., ვაწერინოთ საკუთარი საქმიანობის შეფასებები, ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები, თვითშეფასების გეგმები, რომელსაც არავინ წაიკითხავს” _ ასე გვარწმუნებენგზამკვლევში”. ყველა სპეციალისტს მუდამ ვაბარებინოთ სხვადასხვა სახის გამოცდა, ვატაროთ ტრენინგებზე, ვაგროვებინოთ სტატუსის შესანარჩუნებელი ქულები, გამოვუყოთ “ტრენერები”, დავუწესოთ შემმოწმებლები, შემმოწმებლებს _ გადამმოწმებლები, გადამმოწმებლების შემმოწმებლები (“გზამკვლევის” ტერმინოლოგიით: ფასილიტატორები, შიგა შემმოწმებლები, გარე შემმოწმებლები, შეფასების ჯგუფები…) და ყველა მათგანს დავუნიშნოთ ხელფასი თუ არა _ წამახალისებელი ქულები. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ მასწავლებელმა “კარგად” ასწავლოს და მიიღოს ისეთი ანაზღაურება, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, გაწვდება კომუნალურ გადასახადებს. თუკი ამ პირობებს არ დააკმაყოფილებს პედაგოგი, “დამოკლეს მახვილიც” გაგვიმზადეს: პედაგოგის “სტატუსის” შესაბამისობას განიხილავენ, ხოლო მის ადგილზე ახალ ვაკანსიას გამოაცხადებენ(?!).

ყოველივე ამას სათავეში უდგას მაღალი ანაზღაურების მქონე მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრი”.

როგორც იქნა, მავანმა გაიღო მოწყალება და პედაგოგებსმოგვიმატესხელფასი. ამ ხელფასის მომატებას გვამადლის ყველა: ისიც, ვინც ცდილობს, ამით ქულები დაიწეროს, და ისიც, ვინც მასწავლებლისკენ ქვების სროლას არ იშურებს. მერწმუნეთ, ეს შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თვით თანხა დამამცირებელია და, რაც მთავარია, პედაგოგის ღირსებისა და ავტორიტეტის შემლახველი.

ამ ხელფასების “მომატებას” საფუძვლად მასწავლებლების სტატუსებად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი, მენტორი) დაყოფა დაუდეს, რაც თავისთავად მიუღებელი არ უნდა იყოს, მაგრამ ამას იმდენი ადამიანის უფლებების დარღვევა, ზღვარგადასული მოთხოვნა და შეუსაბამობა დაურთეს, რომ მეტის მოთმენა შეუძლებელია.

ეს _ საზოგადოდ.

ახლა კი ვისაუბრებ მხოლოდ უფროსი მასწავლებლის “სტატუსის” შესახებ.

“გზამკვლევის” გვ. 20, ტ. 1, ა, ბ, გ პუნქტებში დეტალურად აღწერილია, რატომ მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოქმედ პედაგოგს, მოკლედ კი ასეა: უნდა გქონდეს ან სპეციალობაში გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი, ან დოქტორის დიპლომი.

ჩნდება კითხვა:

რატომ გაუთანაბრეს დოქტორის ხარისხი ე.წ. სერტიფიკატს?

სად არის ამ ორ საბუთს შორის იდენტურობა?

თუ სერტიფიკატს 5-საათიანი წერითი გამოცდის შედეგად მიიღებ (აქ არ ვსაუბრობ იმაზე, როგორი ხარისხისაა სერტიფიცირების პროცესი და შესაბამისი შედეგები; ეს ცალკე თემაა), სადისერტაციო ნაშრომის (რომელსაც იკვლევ 3-5 წლის განმავლობაში) მხოლოდ დაცვის უფლების მოსაპოვებლად ვაბარებდით სამ გამოცდას (სპეციალობას, უცხო ენასა და ფილოსოფიას. ახლა ეს მოთხოვნა გამარტივებულია) და თემის გარშემო, სულ ცოტა, 3 სამეცნიერო ნაშრომს ვაქვეყნებდით დარგობრივ ჟურნალებში, ხოლო რეკომენდაციას გამოქვეყნებაზე ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები გვაძლევდნენ.

გეკითხებით, რის საფუძველზე ხდება ე.წ. სერტიფიკატით შემდეგი დიპლომების დევალვირება:

) უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შედეგად უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის?

) უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ გაცემული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის?

ნუთუ ვინმე იტყვის, რომ ამ შემთხვევაში არ ირღვევა უმაღლესი განათლების მქონე პირისა და დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანის უფლებები, შეურაცხყოფაზე რომ არაფერი ვთქვათ?!

მოკლედ, დაგვალაგეს.. სტატუსების მიხედვით და საპილოტე წელი გამოგვიცხადეს. ზემოთ ხსენებული შეურაცხყოფა არ იკმარეს და, თუ რაიმე მიღწევა გვქონდა სამეცნიერო თუ პედაგოგიურ ასპარეზზე, ყველაფერი უკუაგდეს, უარყვეს. აქვე ვადები დაგვიწესეს. “გზამკვლევის” გვ. 28, ტ. 1: “უფროსი მასწავლებელი… ვადაში აგროვებს 13 კრედიტქულას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი” (აი “დამოკლეს მახვილიც”!), თუ კი მოინდომებს, მოიპოვოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მაშინ უნდა მოაგროვოს 13+6=19 ქულა, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები ერთვის: “გარდა შენარჩუნებისთვის საჭირო აქტივობებისა, უნდა ჩაატაროს პრაქტიკის კვლევა, დამატებით გაიაროს მესამე შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და დამატებით საქმიანობებში მოაგროვოს შენარჩუნებისთვის საჭირო 4 კრედიტქულაზე დამატებით 2 კრედიტქულა” (“გზამკვლევის” გვ. 31, ტ. 1, სტილი შენარჩუნებულია). დასასრულ, თუ უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვერ მოაგროვებს საჭირო რაოდენობის კრედიტქულებს, მაშინ ამოქმედდება “დამოკლეს მახვილი” და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია” (“გზამკვლევის” გვ. 32, ტ. 1).

გეკითხებით: თუ ისეთი მონაცემები მქონდა, რომ ერთხელ გავხდი უკვე უფროსი მასწავლებელი, ახლა, როდესაც ვეღარ ვაგროვებ (რატომ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ) ამ ავბედით ქულებს, ადრე შეძენილმა ცოდნამ ან ჩატარებულმა შრომამ ჩემში არანაირი კვალი არ დატოვა? თუ ერთი ღილაკის დაწკაპუნებით ყველაფერი წაიშალა?

გადავწყვიტე, გამეგო, რამდენად მისაღწევია ეს, ერთი შეხედვით, “უწყინარი” მოთხოვნები.

სკოლაში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ინკლუზიურ სწავლებას ეხებოდა. ამ ტრენინგის ქულა სკოლის შიდა კომისიამ არ ჩამითვალა, რადგან 20-საათიანია და მე კი მითხრეს, _ საათების რაოდენობა არ არის საკმარისიო. “მასწავლებლის სახლში” კი მიპასუხეს: “ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგები ყველა გეთვლებათ”-ო. ვინ ამბობს სიმართლეს?

ვთარგმნე ქართულიდან რუსულად . კოსტავას წიგნი გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ (მერაბ კოსტავაგზა ჭეშმარიტებისა”, თბილისი, “ზენაარი”, 2015 ., გვ. 71-132. წიგნი გამოცემულია ქართულ და რუსულ ენებზე). წიგნს ისტორიის კათედრაზე იყენებენ, როგორც ორენოვან წყაროს, მაგრამ ესეც არ ჩამითვალეს, იმიტომ, რომ ფიზიკას არ ეხებაო. ხოლო ის, რომ ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს, აქ რა მოსატანია.

მერე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდა კონკურსი-შერჩევა CERN-ში გასაგზავნი პედაგოგებისთვის (ქულებიც ეწერებოდა მონაწილეს). შევიტანე განცხადება, დამიბარეს გასაუბრებაზე, მოისმინეს პრეზენტაცია, გაარკვიეს, რომ თურმე მუსიკალური განათლებაც მქონდა. ძალიან გაუკვირდათ ისიც, Linux-ის პროგრამის ცოდნა რაში მჭირდებოდა. არც კი იცოდნენ, რომ იყო დრო, როცა სკოლაში Linux-ს იყენებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე ცინიკური და მეტად შეურაცხმყოფელი პასუხი:

“სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადალახეთ კონკურსის(?) მეორე ეტაპი. იმედი გვაქვს, კვლავ დაინტერესდებით და მონაწილეობას მიიღებთ ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში”.

ვერაფრით დავიჯერებ, რომ დელეგაციის ათივე მონაწილე ჩემზე უკეთესი CV-ით და სლაიდშოუთი წარდგა, რომ ათივე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება NORLEG-ის (ინგლისი) წევრი იყო, რომ ათივეს 34-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და პუბლიკაცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, ინგლისისა და ამერიკის სამეცნიერო ჟურნალებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე აქვთ გამოქვეყნებულმოხსენებული, რომ ათივე რუსულ და ინგლისურ ენებს ისე ფლობს, რომ საჭირო ლიტერატურას დედანში კითხულობს, სხვა სამეცნიერო თუ პედაგოგიურ მიღწევებზე არაფერს ვამბობ, თუმცა კომისიას ეს მხარე სულაც არ აინტერესებდა. ნეტა, რა იყო კიდევ საჭირო ამ კონკურსში გასამარჯვებლად?! როდესაც ერთ პიროვნებას ვთხოვე, გაეგო, რატომ მითხრეს უარი (დარეკვით ხომ ვერ დარეკავ _ მათი ტელეფონები მხოლოდ აქეთ რეკავენ), პასუხი არანაკლებ გამაოგნებელი მივიღე: შერჩევა გენდერული პრინციპით მოხდა, მამაკაცი გაუშვეს”. რა თქმა უნდა, ამის გამო სქესს ვერ შევიცვლი.

რადგან, ჩემს 34 სამეცნიერო ნაშრომთან ერთად, ყველაფერს უგულებელყოფენ, გადავწყვიტე, იმავე დაწესებულების მიერ გამოცხადებულ მასწავლებელთა მეოთხე ეროვნულ კონფერენციაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამჯერად ცინიკური პასუხიც კი არ იკადრეს. ნეტავ, რატომ?! ამჯერად პასუხის მისაღებად არავინ შემიწუხებია.

მსგავსი შემთხვევების შესახებ კოლეგებისგანაც მსმენია.

როგორც ჩანს, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მესვეურთ არც მასწავლებლის განათლებისა და არც მისი წინსვლის პრობლემა არ ადარდებთ. მათ მიაჩნიათ, რომ პედაგოგი უნდა იქცეს რობოტად, რომელიც აგროვებს კრედიტქულებს, რომელთა დაგროვება ამ დაწესებულებისა და მათი ქვეშევრდომების ნებასურვილზეა დამოკიდებული და არა საქმისადმი ობიექტურ მიდგომაზე. ერთი ანეკდოტისა არ იყოს: “თუ კარგად მოიქცევით, აუზში წყალს ჩაგისხამთო”, ანუ, თუ “კარგად მოვიქცევით” (ნეტა როგორ?) ქულებსაც დაგვაგროვებინებენ, თუ არა და… ზემოთ უკვე მოგახსენეთ მომზადებული “დამოკლეს მახვილის” შესახებ.

კიდევ ერთი შეუსაბამობა. ჩვენი ხელფასი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ძირითადი ხელფასია, მეორე კი _ ე.წ. სერტიფიცირების დანამატი. თუ პედაგოგი ავადმყოფობის გამო გადადის ბიულეტენზე, მას ხელფასის ორივე ნაწილიდან ექვითება შესაბამისი თანხა. ბიულეტენის წარდგენის შემდეგ ხდება ხელფასის მხოლოდ ძირითადი ნაწილიდან დაქვითული თანხის გაცემა და არ გაიცემა სერტიფიცირების ნაწილიდან დაქვითული თანხა. რატომ?!

აქ აღწერილი მეტისმეტად მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლებიც თვით “გზამკვლევშია” თავმოყრილი და სკოლაში დაგროვილ პრობლემებთან ერთად დამატებით შექმნა ნაჩქარევად და დაუფიქრებლად განხორციელებულმა “სქემამ”. არავინ არაფერი იცის. თვითმასწავლებლის სახლშიცკი რიგ კითხვებზე ასეთ პასუხს მიიღებთ: “ეს მე არ მეხება, ამიტომ არ ვიცი”. თხოვნაზე: “მომეცით იმის ტელეფონის ნომერი, ვისაც ეხება”, პასუხია: “არ ვიცი”. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ამ წერილის დაწერა. ეგებ ახლა გადახედონ იმ უაზრო მოთხოვნებს და დიდი სიფრთხილით მოეკიდონ არსებულ პრობლემებს.

შედეგი არ დააყოვნებს. ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებული განათლების სისტემა საბოლოოდ დაგვემხობა თავზე. პრობლემა ბევრია. მართალია, ჩვენ, პედაგოგები, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ვინ გვაცდის?..

პატივისცემით, ქეთევან ჯინორია,

თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსი მასწავლებელი, ფიზიკოსი, აკადემიური დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დოცენტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here