ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).
_ მამაო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტომ “ტრანსგენდერ ქალთა ცენტრს” თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში 400 კვადრატული მეტრის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ გადასცა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქონება “ტრანსგენდერი ქალების” შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში იქნება გამოყენებული. რას ნიშნავს შესაძლებლობების გაძლიერება და რა პროგრამაზე შეიძლება იყოს საუბარი?
_ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საინტერესოა, რა მხრივ უნდა გაძლიერდნენ “ტრანსგენდერი ქალები”. გაძლიერება, ეკლესიური კუთხით თუ ავიღებთ, ის იქნება, რომ შეინანონ ცოდვა და სინანულის გზით გამოსწორდნენ, მაგრამ ისინი ამას არ გულისხმობენ. გაძლიერება მათთვის ნიშნავს ცოდვის მიღებას და გამრავლებას. აქედან გამომდინარე, ის 400 თუ 500 კვადრატული მიწა იქნება ადგილი, რომელზეც აშენდება ახალი ბაბილონის გოდოლი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი და საგანგაშო პრეცენდენტი სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ სხვა ორგანიზაციებსა თუ სტრუქტურებსაც გაუჩნდებათ მსგავსი “დახმარების” სურვილი. ეს ერთი და მეორე _ სახელმწიფო, რომელიც დღეს თავს დებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, უკვე აშენებულ ეკლესიებს არ აძლევს რეგისტრაციის გავლის საშუალებას და მათი კუთვნილი მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემაზე უარს ამბობს. არ ვიცი, ეს ვისი ბრძანებით ხდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: უამრავი ეკლესიაა, რომლებიც უკვე აშენებულია და მიმდინარეობს წირვა-ლოცვა.
_ დაახლოებით რამდენია ასეთი ეკლესია?
_ მხოლოდ გლდანის რაიონში ხუთი თუ ექვსია და მთლიანად თბილისის მასშტაბით _ სამოცამდე. იმ ბატონებს შეუძლიათ, ჩამოიარონ ეს ეკლესიები, რომლებიც ადამიანის უფლებებს თავგადაკლული იცავენ და გაერკვნენ, რა ხდება. შემიძლია, მისამართები მივცე.
_ რომელი უწყების კომპეტენციაა მსგავსი საკითხების მოგვარება?
_ სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ: ხან ეკონომიკის სამინისტროს აბრალებენ, ხან _ ვის და ხან _ ვის. მეტსაც გეტყვით, კომპანია “ყაზტრანსგაზი” ეკლესიებს ბუნებრივი აირის გადასახადს იმ ტარიფით ახდევინებს, რომლითაც, ვთქვათ, რესტორნებს. 75 თეთრია კომერციულ დაწესებულებებზე ერთი კუბური მეტრი აირის საფასური და ამდენივეს იხდის თითოეული ეკლესია და მონასტერი. საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობს ამაზე სახელმწიფო. რა, ეკლესია კომერციული დაწესებულებაა?!
_ ამ საკითხზე თუ მიმართეთ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ან თანამდებობის პირს?
_ რა თქმა უნდა. მე, პირადად, რამდენიმე თვის წინათ წერილი მივწერე კახა კალაძეს და მომივიდა ასეთი პასუხი: ეს არის კერძო კომპანია და მის საქმიანობაში ჩვენ ვერ ვერევითო. მორჩა, ასე მოკლედ გამოგვისტუმრეს. სხვათა შორის, ანალოგიურად იქცევა კომპანია “თბილისის წყალიც”, რომელიც ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. ამ ადამიანმა სოდ-ისა და კუდ-ის ყველა ყოფილი თანამშრომელი თავის სამსახურში მიიღო და ეს ყოფილი ჯალათები ახლა ეკლესია-მონასტრებში აწესებენ იმ ტარიფს, რომელიც აქვთ რესტორნებს, ბარებს და სხვა კომერციულ დაწესებულებებს. გასაგებია, რომ ესეც კერძო კომპანიაა და სახელმწიფო მის საქმეში ვერ ჩაერევა, მაგრამ ისინი თუ ყაზახები არიან, ეს ხომ ქართველია? რატომ არ ითვალისწინებს არაფერს? სოდ-ისა და კუდ-ის ჯალათები რომ შეუსია ეკლესია-მონასტრებს და ტყავს აძრობს, ნორმალურია?! სად არის სინდისი ან ზნეობა?!
_ ამას წინათ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საგანგებო რეზოლუციით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” გააიგივა და შავ სიაში შეიყვანა. მიზეზად ის დასახელდა, რომ თურმე იგი მკვეთრად ანტიევროპულ და, საზოგადოდ, ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. რა შეიძლება იგულისხმებოდეს ანტიდასავლურ პროპაგანდაში?
_ ჯერ მოდი, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს: რა არის დასავლური ღირებულებები. თანამედროვე “ნეოლიბერალური” გაგებით, დასავლური ღირებულებები გულისხმობს ადამიანის, პიროვნების გათავისუფლებას ყველანაირი ჩარჩოსგან, მათ შორის, ზნეობისგან. ღირსება, როგორც ასეთი, საერთოდ არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი ცნება _ ადამიანის უფლებები. შეგიძლია მოიქცე, როგორც მოისურვებ, მაგალითად, შიშველმა იარო ქუჩაში და ეს იქნება შენი უფლება. ვიღაცას შეუძლია, ძაღლზე ან კატაზე დაქორწინდეს და ეს მისი უფლება იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, მათი მიზანია ადამიანის გაპირუტყვება და თანამედროვე დასავლეთში უკვე არის ამის ნიშნები.
რაც შეეხება შეტევას ეკლესიაზე, ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა. მათ ეშინიათ მართლმადიდებლობის იმიტომ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მუდმივად ამხელს ე.წ. ნეოლიბერალურ იდეოლოგიას. პროპაგანდა აქ არაფერ შუაშია, სასულიერო პირი ვალდებულია, მრევლს სიმართლე უთხრას. ის, რასაც დღეს დასავლური დემოკრატია ჰქვია, გულისხმობს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებას, გეიაღლუმებს, ნარკოტიკის ლეგალიზებას და ა.შ. ხოლო ტოლერანტობას ეძახიან იმას, რომ საზღვრები უნდა გახსნა და მიიღო ასიათასობით “მიგრანტი”, რომლებიც, კაცმა არ იცის, რა დანაშაულს ჩაიდენენ შენს ქვეყანაში. ეს ხომ ობიექტურად ასეა და ისინი ხომ ამით ამაყობენ. საინტერესოა, რატომ მიაჩნიათ ამაზე საჯაროდ საუბარი ანტიდასავლურ პროპაგანდად…
_ რატომ მიაჩნიათ?
_ იმიტომ, რომ ეშინიათ, ადამიანები არ გამოფხიზლდნენ. ხშირად მსმენია ე.წ. ლიბერალებისგან, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ რაღაცისთვის მზად არ არის. რას ნიშნავს ჯერ? ეს იმას ნიშნავს, რომ, სანამ რაღაცას დაგიკანონებენ, უნდა დაგარწმუნონ, რომ ეს რაღაც “ნორმალური” მოვლენაა, ჯერ ტვინი უნდა გამოგირეცხონ და სხვანაირად დაგაწყებინონ აზროვნება…
ჩემი აზრით, დღეს დასავლეთის შეტევა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, ეს არის ბრძოლა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროსთან და, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება საქართველოც. ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეს სარწმუნოებაში და, მათ თუ დღეს რაღაც რეზოლუცია მიიღეს, ხვალ იმავე რეზოლუციას ჩვენ წინააღმდეგაც მიიღებენ. მერე ამას ისე წარმოაჩენენ მათი აქაური დამქაშები, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. ამაში იღებენ გრანტის სახით მილიონებს…
_ პატრიარქის ვიზიტზე მოსკოვში ერთი ამბავი ატეხეს “ლიბერალებმა”, ეკლესიასა და სამღვდელოებას კრემლის აგენტები უძახეს.
_ რომის პაპი რომ ჩამოიყვანა ჩვენმა გონებანაკლულმა პრეზიდენტმა, მაშინ რატომ არ ყვიროდნენ, სად იყვნენ?! სხვათა შორის, რომის პაპმა რამდენიმე კვირის წინათ ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანტიქრისტედ გამოაცხადა და მესა ჩაატარა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, სადაც იგეგმება უზარმაზარი კედლის აშენება, რათა მიგრანტებმა ვერ შეაღწიონ ამერიკაში. ასეთი რამ მართლმადიდებელმა მღვდელმსახურმა რომ გააკეთოს, გაგიჟდებიან, _ სიძულვილის ენით ლაპარაკობსო. ეს რა, არ იყო სიძულვილი, კაცი ანტიქრისტედ რომ მოიხსენია? ისინი ახლა ხვდებიან, რომ ყელში ჰყავთ ტრამპი გაჩხერილი და რა ქნან, არ იციან. კუჭი ეწვით იმის გამო, რომ ბოლო გაფართხალება აქვთ და ყველაფერს კადრულობენ.
რაც შეეხება აგენტებს, თვითონ ვისი აგენტები არიან? ვისი გრანტებით იკვებებიან, საინტერესოა. ესენი სხვას როგორ უნდა უწოდებდნენ აგენტებს, როცა თვითონ თვალებში შესციცინებენ დასავლელ ცისფერ კომისრებს?!
_ აგენტები რადგან ვახსენეთ, “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი მასალა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელ საქმიანობაზე საქართველოში. საუბარია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში ჩანერგილ ადამიანებსა და სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობასა და გაძლიერებაზე როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რა საფრთხეს წარმოადგენს რეალურად ეს ჯაშუშური ქსელი სახელმწიფოსთვის?
_ უცხოეთის სპეცსამსახურები საქართველოში თავისუფლად რომ დათარეშობენ, არახალია. ამ სპეცსამსახურების პირმშოა სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ხროვასთან ერთად. არ მიკვირს, რომ იგივე გრძელდება დღესაც, თუმცა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რას აკეთებენ ჩვენი სპეცსამსახურები. როგორც ჩანს, იქ დღესაც ბევრია ჩარჩენილი “ნაციონალი” _ ერთუჯრედიანი და, რასაც ცისფერი კომისრები ავალებენ, იმას აკეთებენ.
“არასამთავრობოებს” რაც შეეხება, მათ მზაკვრობას, დიდი ხანია, ფარდა აეხადა და დღეს, ალბათ, ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ ეს არის ტიპური მეხუთე კოლონა. ცხადია, სახელმწიფო მსგავსი ძალების მიმართ უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ფხიზელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ვის გინდა ეს სიფრთხილე და სიფხიზლე მოსთხოვო, როცა თვითონ სახელმწიფოსაც ანალოგიური ძალები მართავენ.
_ მიუხედავად “ნეოლიბერალური” ტერორისა, დღეს ევროპაში ნაციონალისტური ძალები ძლიერდებიან. ამის მაგალითია გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები. საქართველოში თუ ხედავთ მსგავს ძალებს ან მათი ჩამოყალიბების პერსპექტივას?
_ საქართველოში, სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ძლიერია “ნეოლიბერალური” ძალები და ეს აშკარაა. ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში სერიოზული ძვრები არ შეინიშნება და ამის მიზეზი, ალბათ, მძლავრი ეროვნული ძალების არარსებობაცაა. მეორე მომენტია დაფინანსება. “ლიბერალებს” და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებს მილიონებს უხდიან მსოფლიოს მასშტაბით ანტიქრისტიანული კამპანიის წარმოებაში. ამ საქმის მედროშე არის ყველასათვის ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი, რომელმაც, ფაქტობრივად, ღმერთად გამოაცხადა საკუთარი თავი. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, საქართველოში გამოჩნდებიან საღი ძალები, რომლებიც ამ ურთულეს დროებაში მოახერხებენ ძირეული ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს დღეს ეს ჰაერივით სჭირდება, ვნახოთ… ისე, ერთი რამ ყველამ უნდა ვიცოდეთ: როგორი გარდაქმნებიც უნდა მოხდეს საზღვარგარეთ, აქ არავინ ჩამოვა და ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. თუ რამის შეცვლაზეა საუბარი, ეს, უწინარესად, ამ ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია