Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ექიმმა ლარი მოარჩინა

ბიძინა ექიმმა ლარი მოარჩინა

597

გასულ კვირაში ფინანსთა მინისტრმა ჩვენი გაჭირვების საიდუმლოს ერთხელ და სამუდამოდ აჰხადა ფარდა. ეს იყო ყველაზე მამაცი და გაბედული ნაბიჯი, რომელიც კი საქართველოს ისტორიაში მაღალჩინოსანს ერის საკეთილდღეოდ გადაუდგამს.

მოკლედ, გაირკვა, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ფინანსური კრიზისის არსი. თურმე ყველაფერი იმის ბრალი ყოფილა, რომ არ გვაქვს ჰეჯირებული სესხი, ანუ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დაზღვეული სესხი. ამის გაგონებაზე ლარისთვის ნერვებს უმტყუნია, წნევა ასწევია და სასწრაფო სასწრაფოზე გამოუძახებიათ.

“რაუნატინი”, “კლოფელინი”, შარდმდენები… მოკლედ, ყველაფერი აყლაპეს, რათა ცოტა დავარდნილიყო წნევა, მაგრამ არაფერმა უშველა. ლარის სასოწარკვეთილ ოჯახის წევრებს უკვე აღარაფრის იმედი ჰქონდათ, როდესაც იქ მყოფი პირებიდან ერთ-ერთს უთქვამს, ერთი ექიმბაში ვიცი, ის თუ მოუვლის ამ პრობლემასო.

_ ვინ? _ უკითხავთ გარემოცვის წევრებს.

_ ბიძინა ექიმი, _ უთქვამს ერთ-ერთს. თავიდან უარი განუცხადებიათ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დასახმარებლად მისთვის მიემართათ.

მასთან დახმარების სათხოვნელად კი ენძელა და მანანა გაუგზავნიათ. ენძელა და მანანა გვიან ღამით, სამუშაოს დასრულების შემდეგ, პირდაპირ გაემართნენ სოლოლაკის აღმართისკენ. თოვდა, ქარი ზუზუნებდა.

კრძალვით დარეკეს კარზე ზარი და დაელოდნენ. კარისკაცმა ქალბატონები შინ შეიპატიჟა და უთხრა, ბიძინა ექიმი ცოტა ხანში მიგიღებთ, იქამდე ჟასმინის ჩაის შემოგთავაზებთ, შეციებულები იქნებითო. ენძელა და მანანა მორიდებით მიუსხდნენ აგიზგიზებულ ბუხარს და ხელები შეითბეს. ამასობაში ბიძინა ექიმის კაბინეტიდან შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი გამოვიდა, უღრმესი მადლობა მოახსენა და ჩქარი ნაბიჯით გაუდგა გზას.

_ ოო, ესენი ვინ მოსულან, მოდით, გოგონებო, მოდით. რა ხდება, ხო მშვიდობაა? _ გამოეხმაურა სტუმარს გამოყოლილი ბიძინა ქალებს.

_ ვაიმე, ბატონო ბიძინა, ამ შუაღამისას არ შეგაწუხებდით, მაგრამ… _ ღიმილნარევი სევდით შესჩივლა ენძელამ.

_ რა ხდება, გოგო, მითხარი… _ უთხრა ბიძინამ.

_ ბატონო ბიძინა, ამ საღამოს ლარი გაგვიხდა ცუდად. ვისხედით, ტელევიზორს ვუყურებდით, დიმას ზღაპრები გადიოდა, ჰოდა, უცებ ერთი დაიძახა, “ვაიმეო” და გადაყირავდა. ისე შეგვეშინდა, ძლივს გადავარჩინეთ, მაგრამ წნევა მაინც ვერ დავუგდეთ, ხან რა ვაყლაპეთ, ხან _ რა, მაგრამ არა. წნევა თითქოს ოდნავ დაიწევს, მაგრამ მერე ისევ მაღლა ადის, ვერაფერს ვშველით და იქნებ რამით დაგვეხმაროთ ან რჩევა მოგვცეთ? _ ისევ ღიმილნარევი სევდით შესჩივლა ენძელამ.

_ კი არ გვინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ კვნესის ნამეტანი და მეზობლებიც წუხდებიან, რა გავაკეთოთ, არ ვიცი, _ დასძინა მანანამ.

_ ძმრიანი “ნასკები” ამოაცვით? _ იკითხა ბიძინამ.

_ ყველაფერი ვცადეთ, თქვენმა მზემ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, _ გამოეპასუხა ენძელა და ჟასმინის ჩაი ხმაურით შეხვრიპა.

_ მე მაინც მგონია, რომ პანიკას აჰყვა ეგ ლარი, ნევროზი აქვს, მგონი, და სინამდვილეში არაფერი აწუხებს. მეც ეგრე ვიყავი მაგის ასაკში, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, არ ავყევი პანიკას და დღეს მშვიდად ვარ. აბა, სხვა რა უნდა შემოგთავაზოთ, უთხარით, გააკონტროლოს თავი, ნუ აჰყვება შიშას და ვიღაცების ხმებს; გული როგორც უკარნახებს, ისე გააკეთოს. ბიძინა ექიმმა გადმოგცა, სანერვიულო არაფერია და წნევაც მალე დაგისტაბილურდება-თქო.

ბიძინა ექიმმა ფურცელზე რაღაც დაწერა, კონვერტში ჩადო და ქალბატონებს გადასცა, უთხრა, პირადად ლარისთვის მიეტანათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

გახარებული ქალები სირბილით დაეშვნენ სოლოლაკის დაღმართიდან და ქოშინით მივიდნენ ლართან, გადასცეს კონვერტი და რამდენიმე წუთში წნევაც დაეცა.

აქამდე უცნობია, რა ეწერა იმ ქაღალდზე ისეთი, რამაც ლარს წნევა დაუსტაბილურა… ან იქნებ, კი არ ეწერა, იდო რამე?..

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here