Home რუბრიკები სამართალი მთავარი პროკურატურა: ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გაგრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი...

მთავარი პროკურატურა: ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გაგრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად

568

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, მთავარი პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რომელთა საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, შემდეგ კი გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების გამო დაკავებულ იქნა საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის _ ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების _ გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here