Home რუბრიკები საზოგადოება ოცნებას ფიქრი ჯობია

ოცნებას ფიქრი ჯობია

1168

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები”ქართული ოცნების” პოლიტიკური ცხოვრების დასასრულის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ჩატარებულმა არჩევნებმა ერთგვარად პულსი გაუსინჯა უმრავლესობის სიცოცხლისუნარიანობას. 2012 წელის არჩევნებისას ქართველმა ხალხმა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, წლევანდელ არჩევნებში კი ამომრჩეველთა უმრავლესობას მოუწია არჩევა ცუდსა და უარესს შორის, ხმის მიცემა არა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, არამედ “ნაცმოძრაობის” საწინააღმდეგოდ.

ამომრჩევლისგან განსხვავებით, რესპუბლიკურმა პარტიამ ყოველთვის იცოდა, რა სურდა და ვისი მეშვეობით შეეძლო საწადელის მიღწევა. თუ პოლიტიკურ სარბიელზე ამ პარტიის მიქცევ-მოქცევას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ,რომ რესპები ხელისუფლებაში ნომინალურად მოსვლას მუდმივად მეორე, დომინანტი მოკავშირე ძალის ხარჯზე აღწევდნენ: ხან _ შევარდნაძის, ხან _ სააკაშვილის, ხანაც ივანიშვილის პარტიებთან ალიანსის შედეგად. ამ უნარის გამო ოპონენტები მათ ხშირად პოლიტპარაზიტებსაც უწოდებდნენ. და მართლაც, რესპუბლიკური პარტია იყენებდა რა ლოკომოტივს პარლამენტში სესასვლელად, სუფრიდან იღებდა გარკვეულ ულუფას და მოგვიანებით რადიკალურ მემარჯვენე-ცენტრისტული განწყობით შემოუტრიალდებოდა ხოლმე თავის მოკავშირეს. იმ ჭაში ჩაფურთხება, საიდანაც წყალს სვამდა, რესპუბლიკურ პარტიას ჩვევად ექცა.

 2011 წელს “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში 3 პოლიტიკური პარტია შევიდა: ირაკლი ალასანიას “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”; დავით უსუფაშვილის საქართველოს რესპუბლიკური პარტია და კახა შარტავას “ეროვნული ფოუმი”. ოდნავ მოგვიანებით კოალიციას შეუერთდნენ “კონსერვატორები” და “მრეწველები”. თუ ქართულ პოლიტიკურ რეტროსპექტივას ყურადღებით გადავავლებთ თვალს, წავაწყდებით ბევრ მაგალითს, როდესაც პარტიები ერთიანდებოდნენ ერთი მიზნით. რესპუბლიკელებს მსგავსი გამოცდილება 2003 წლის არჩევნებშიც ჰქონდათ, როცა “ვარდების რევოლუციის” გზით სააკაშვილთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო როდესაც სააკაშვილმა ისინი მოიშორა, როგორც აბეზარი პარაზიტები, “ქართულ ოცნებას” მიეკედლნენ.

რას უნდა ველოდოთ ამჯერად? პოლიტიკური დეჟავიუს კვალდაკვალ კიდევ რამდენჯერ უნდა მოახდინოს ამ პარტიამ რეინკარნაცია? პარლამენტის კარი, სულ ცოტა, 4 წლით დაიხურა რესპებისთვის. მართალია, დავით უსუფაშვილი კვლავ ლამობს ევერესტის დაპყრობას, იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც არ აუცურდეს ფეხი და შუა გზაზე არ მიატოვოს საქმე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. იგი კვლავინდებურად თავისი პოლიტიკური სქემის ერთგული რჩება, როგორც იტყვიან, პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი _ ახალიო.

ყოფილი ქოცები დღეს გაცოფებულები არიან თავიანთ გურუზე. “ქართულ ოცნებას” კი რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიიდან განდგომით პარტიული პაუპერიზაციის (მშრომელთა მასობრივი გაღატაკება ექსპლუატაციაზე დაფუძნებული კლასობრივი საზოგადოების პირობებში _ნ.თ). პერიოდი უდგათ, თუ, რა თქმა უნდა, ყოფილ თანამებრძოლებზე გული არ შემოუბრუნდათ. კოალიციის დატოვებით ყოფილმა თანაგუნდელებმა ვაი-ვიშის ძახილით მხოლოდ ფართხალი შეძლეს ისედაც ამღვრეულ წყალში. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებით დაანახვა ორივე პარტიას თავისი რეალური ძალა, ის, რომ მათ გარეშე ისინი პოლიტიკური გვამები არიან _ კარგია, რომ ივანიშვილი, როგორც იქნა, დარწმუნდა რესპების უმაქნისობაში, თორემ თვით რესპუბლიკელებმა და ამომრჩეველმაც, დიდი ხანია, ეს იციან და ხსენებულ პარტიას “ერთპროცენტიანის” იარლიყიც კარგა ხანია, მიეკერა.

გახსოვთ, ალბათ, ვანო მერაბიშვილის ფრაზა, ორ გვამს რომ ითხოვდა “მუხროვანის ამბოხისას”… სხვა საკითხია, როგორ შეასრულა “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა, მაგრამ ქართველმა ამომრჩეველმა შეასრულა ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა და ამ არჩევნებზე ორი “პოლიტიკური გვამი” დადო _ ერთპროცენტიანი რესპებისა და ნახევარდაშლის სტადიაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატების”.

 “ბიძინა ივანიშვილის პარტია” ქართველმა საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენისა და რეჟიმის გასამართლების იმედით აირჩია. სანაცვლოდ კი მიიღო კოაბიტაცია, “ქართულ ოცნებაში” პორტირებული ნაცები, უქნარა პრეზიდენტი, დედაქალაქის უნიათო მერი და კვლავ “ნაცმოძრაობა”, ციხის ნაცვლად, პარლამენტში, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. მოკლედ, შანსი, რომ უახლოეს 4 წელიწადში ივანიშვილი და მისი გუნდი, #41 ამომრჩევლის ცნობიერებაში მხსნელიდან ალი ბაბად და ორმოც ყაჩაღად ჩამოყალიბდეს, დიდია.

გამარჯვების ფასი

შეიძლება “ქართული ოცნება” მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ან შეიძლება ალტერნატიული ძალის მოლოდინში იყო, ან სულაც ნაციონალებს უჭერდე მხარს და შენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, სად იქნება ცოცხი. მაგრამ, არ უნდა დავკარგოთ ანალიზის უნარი და დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ აკვარიუმის თევზები ვერ გრძნობენ განსხვავებას გლობალურ აცივებასა და გლობალურ დათბობას შორის და, ვინც, საზოგადოდ, განსხვავებას ვერ გრძნობს რეპრესიულ რეჟიმსა და უნიათო ხელისუფლებას შორის, მას არც არჩევანის გაკეთების უნარი აქვს.

როგორც არჩევნებმა აჩვენა, ამომრჩეველთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილში პოლიტიკოსი, მეცენატი, ბიზნესმენი პერსონა ან სუბიექტი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლა სურს, ფასდება არა მისი მიზნებით, პლატფორმით, პროგრამით, პატრიოტიზმით, არამედ ფინანსური რესურსით, ანუ კუჭი კვლავ უსწრებს გონებას, ხოლო ოცნება _ ფიქრს. უახლოეს ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში ჩვენ არაერთი მაგალითი გვახსოვს, როდესაც დიდი ფულისა და გარე მხარდაჭერის შედეგად ხელისუფლებაში მოდიოდნენ ძალები, რომლებისთვისაც საღ გონებაზე მყოფ ამომრჩეველს, შეუძლებელი იყო, მიეცა ხმა; ძალები, რომლებიც შემდგომ სურვილისამებრ ქმნიდნენ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს. როგორც ახლო პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, ბიზნესმენებისა და მეცენატების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობაც და მოსვლაც ამომრჩევლის იმედებისა და მოლოდინების კონტრპროდუქტიულია. გავიხსენოთ პატარკაციშვილის შეუმდგარი დებიუტი პოლიტიკაში _ ამ ფიასკოს შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში თითქმის ჩაკვდა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლება ბურთსაც და მოედანსაც ერთპიროვნულად დაეპატრონა. და ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს “ცალ კარში თამაში”, რომ არა ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე.

იმთავითვე კომიკური იყო მავანთა მოლოდინი, რომ 2016 წლის არჩევნებზეც ადგილი ექნებოდა მსგავს “ეფექტურ გამობრწყინებას”; კომიკური, რადგან სააკაშვილსა და მის პარტიას “კაშკაშის რესურსი” ერთმნიშვნელოვნად აღარ ჰქონდათ. ივანიშვილისა და მისი პარტიის რეპუტაციული დანაკარგები 4 წლის განმავლობაში ისეთი დიდი იყო, რომ არათუ ძველებურ ბრწყინვალებას, არამედ ბრინჯაოს ვერცხლის ბზინვასაც ვერ გაუწევდა პაექრობას. ასევე გულწრფელ თანაგრძნობას იწვევდნენ ისინი, ვისაც ეგონა, რომ ბურჭულაძე ან “გირჩი” იერიქონის საყვირებივით შემუსრავდნენ პოლიტოპონენტების ციტადელებს. მსოფლიო ბანი ბანალურად გაბანძდა და მის მიმართ გაჩენილი მოლოდინებიც საპნის ოპერების სცენარისტთა შთაგონების წყაროდ იქცა. საქველმოქმედო საქმიანობა, რომელსაც პაატა ბურჭულაძეც ეწეოდა, მისთვის, განსხვავებით ივანიშვილისგან, ვერ იქცა პოლიტიკურ ტრამპლინად, პირიქით _ ნაცვლად აღზევებისა, პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებისა, ჩვენ გავხდით ადამიანური ტრაგედიის, საოპერო ბანის პიროვნული და პოლიტიკური სუიციდის საჯარო სცენის უნებური მოწმენი.

ლეგიტიმაციის პრობლემა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას ქართველი ხალხი და ოპოზიციაც ქოცების ბელადს აკისრებენ, რადგან სწორედ ის კურატორობდა სამთავრობო საქმეებს კულისებიდან და დაუზარლად გასცემდა მითითებებს.

 არჩევნებმა ცხადყო, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებად კვლავ რჩებიან ის მოქალაქეეები, რომლებისთვისაც ოთხი წლის წინათაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოძალადე რეჟიმის მოცილება, ეს მათთვის დღესაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ადამიანებისა და ადმინისტრაციული რესურსის წყალობით, დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება” მოიპოვებს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში. “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს საქმიანობას საქართველოს პარლამენტში. მან განაცხადა, რომ “საბოლოო ჯამში, თუ საერთოდ არ შემოვლენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში, ეს პირიქით _ წაადგება კიდევაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას ქვეყანაში”.

ფორმალური თვალსაზრისით, თითქოს ყველაფერი კანონიერად და პროცედურის სრული დაცვით არის, მაგრამ ვნახოთ, რამდენად “მაღალია” ირაკლი კობახიძის ნაქები მეცხრე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი.

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ საკმაოდ აქტიურად ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შემდგომ საბოლოოდ გაქრებოდა პოლიტიკური რადარებიდან, თუმცა არჩევნების მეორე დღესვე ქართველმა ხალხმა სრულიად საპირისპირო სურათი იხილა _ ოპოზიციური ძალებიდან მხოლოდ საკაშვილის პარტიამ გადალახა ბარიერი, თუ არ ჩავთვლით პატრიოტთა ალიანსის “წვალებას” 5,1 პროცენტით. სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” ილაპარაკებს პარლამენტში ოპოზიციის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” ამ ეტაპს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მარგინალიზაციის დასაწყისად მიიჩნევს, მაინც აღშფოთებულია ნაციონალების მანდატების რაოდენობით პარლამენტში. კოჰაბიტაციამ ისევ ქოცებს გაურთულა საქმე. კოჰაბიტაციამ შეაჩერა ნაციონალების დასჯის პროცესი, მაგრამ არსებობს შიში… და ეს შიში ამ ხალხში სასჯელის მიღების მოლოდინია. ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს, ნურავინ იქნება მშვიდობის მოლოდინში.

როგორც საზოგადოების უმრავლესობის, ასევე ივანიშვილის ხელისუფლების მიერ არაერთხელ რეჟიმად სახელდებული პარტიის დამქაშებმა რომ არ მიიღეს სასჯელი, ამიტომაც განიცდის “ქართული ოცნება” რეპუტაციულ დანაკარგს, ხოლო რეჟიმის მთავარი “შემკვეთებისა და შემსრულებლებისთვის” დაუსჯელობა რეციდივის წახალისებაცაა. კოლაბორაციონისტებს II მსოფლიო ომის შემდეგ რით გაუსწორდნენ ფრანგები? მათზე ხომ ვერ ვიტყვით, რომ კულტურის მქონე ხალხი არ არის _ გადაპარსეს თმები და ისე გაუშვეს ქუჩაში. ნაციონალები კი, არათუ თმები გადაპარსეს, ხელისუფლებაშიც დარჩნენ, სხვადასხვა ორგანიზაციაშიც, ბევრი დაწინაურდა კიდეც და არაერთ “მთავარ ეჭვმიტანილს” თმის ღერიც არ ჩამოვარდნია.

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, კვლავაც ზარავს ცოცხების პერსპექტივაზე ფიქრი. რამდენი არიან ისინი? ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტით არის არჩეული “ოცნება”? როგორც ვიცით, ამომრჩველთა 49 პროცენტი, ანუ ყოველი მეორე ამომრჩეველი არ მივიდა საარჩევნო ყუთთან, ხოლო ყუთებთან მისული 51 პროცენტის მხოლოდ არასრულმა ნახევარმა დაუჭირა მხარი “ოცნებას”. ასე რომ, კობახიძის ნაქები “მაღალი ლეგიტიმაცია”, არც მეტი არც ნაკლები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენს. ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, სავსებით საკმარისია. ყველაფერი ლეგიტიმურია, მაგრამ არის კი საკმარისი მოსახლეობის ამომრჩევლის მხოლოდ 25 პროცენტის მხარდაჭერა “ოცნების” მიერ გაცხადებული მიზნების მისაღწევად? ვინ უნდა დაფიქრდეს და რა დასკვნები გამოიტანოს, რა სამოქმედო გეგმა დასახოს იმაზე, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25 პროცენტმა (ისიც მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე) უთხრა უარი ცოცხებს? საზოგადოების რა ღრმა მორალური და სულიერი დეგრადაციის ტენდენციაზე მიგვითითებს ეს ციფრები? ხომ არ გახდება ეს პათოლოგიური ტენდეცია 2016 წლის არჩევნებში ფერფლიდან აღმდგარი ნაციონალების მიერ “ქართული ოცნების” “გაცოცხვის” საწინდარი? მათ მიერ სუფთად აღებული 27,11% ხომ, ძირითადად, იმ ამომრჩეველთა ხმებია, რომლებსაც მოძალადის შიში სიყვარულში გადაუვიდათ.

ნათია თათარიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here