Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ივანიშვილს სჭირდება მორჩილი პარლამენტი, დამჯერი მთავრობა, ყურმოჭრილი პრეზიდენტი

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ივანიშვილს სჭირდება მორჩილი პარლამენტი, დამჯერი მთავრობა, ყურმოჭრილი პრეზიდენტი

781

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი ავირჩიეთ. ჯერ კიდევ სრულად არ არის გარკვეული, შეძლებს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნება”, მაგრამ, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებენ, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა იქნება.

საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ჩამოერთვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის თითქმის ყველა ბერკეტი. საქართველო, ფაქტობრივად, საპარლამენტო მმართველობის ქვეყნად იქცა, თუმცა 2013 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევა ისევ პირდაპირი წესით მოხდა, მისი ლეგიტიმაცია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სხვა, რომელიმე ხელისუფლის.

თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მით უმეტეს _ გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს”, _ ეს პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვებია, რომელიც 2013 წლის თებერვალში გაზეთსაქართველო და მსოფლიოსთანსაუბრისას განაცხადა.

უკვე ჩავლილ არჩევნებსა და მის შედეგებზე, აგრეთვე, მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ჰამლეტ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, მოსახლეობამ აირჩია მე-9 მოწვევის პარლამენტი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და, რაც მთავარია, ამერიკის ელჩმა, დემოკრატიულად არჩეულად ჩათვალა

_ კი, თუ ჩვენს ქვეყანას ქვეყანა ჰქვია, მაშინ არჩევნები ნამდვილად ჩატარდა.

როდესაც პარლამენტში შედის ერთადერთი ძალა და მას აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის უფლება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაისადგურებს. იმის მუხედავად, რომ პარლამენტში ნაციონალებიც იქნებიან და თითოოროლაპატრიოტიც”, ერთპარტიული სისტემა და ერთმმართველობა მაინც გარდაუვალია. ერთმმართველობა კი, როგორც წესი, მიუღებელია იმ სივრცისთვის, რომლისკენაც ქვეყანა მიდის, ანუ ევროატლანტიკური სივრცისთვის.

ევროპაში იშვიათად ხდება, რომ ერთმა პარტიამ მოახერხოს იმდენი ხმის დაგროვება, რომ წარმართოს ერთპიროვნული საპარლამენტო მოღვაწეობა.

ივანიშვილმა მოახერხა ის, რასაც ოთხი წლის წინათ ამბობდა _ ყველა პარტია უნდა გაიკრიფოს და ქვეყანაში მხოლოდ ორი პარტია დარჩესო. ეს ორი პარტიაც თავიდანვე განსაზღვრა და სწორედ ამიტომ არ ჩაძირა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც მხარს უჭერდა და უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, და მეორე _ თავისავე შექმნილი “ოცნება”, რომელიც ახლა უკვე თითქმის ყოფილი ნაციონალებით არის დაკომპლექტებული.

_ თუ ევროპაში ასე არ ხდება და ეს არჩევნები დემოკრატიული არ არის, მაშ, რატომ განაცხადეს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა?

_ ამერიკელების ნამდვილად არ დაიჯერება. შეხედეთ, რა ხდება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ: საკუთარ ქვეყანაში ელემენტარული, პრიმიტიული დემოკრატიაც კი არ აქვთ. შეხედეთ, რა კამპანია მიმდინარეობს იმ კანდიდატის წინააღმდეგ, რომლის არჩევაც არ სურთ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მუშაობს მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ასე რომ, ამერიკელების აზრის გაზიარება დემოკრატიაზე უადგილოა.

საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონს ოდნავ აჭარბებს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა სამმილიონნახევარია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ემთხვეოდეს, ამომრჩეველთა რაოდენობას. ასეთი სისულელე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მაგრამ ეს ფაქტი აქ მოქმედმა არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ გააპროტესტა.

მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ისიც, რომ მიმდინარეობდა ადამიანების მასობრივი ჩაწერა ბინებში მეპატრონისგან, მესაკუთრისგან დამოუკიდებლად. ეს უდიდესი დანაშაულია და არა დარღვევა, რაზეც ყურადღება არც ერთ პარტიას არ გაუმახვილებია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს, რომელიც არჩევნებში რაიმე ფორმით მონაწილეობდა, გადაცემის წაყვანა აუკრძალეს, უთხრეს, რომ ეს პროპაგანდაა. მაგალითისთვის ბონდო მძინარაშვილსა და ვალერი კვარაცხელიას დავასახელებ. მაგრამ თვე-ნახევრის განმავლობაში ეკრანიდან არ ჩამოსულა ბიძინა ივანიშვილი, თანაც ის მხოლოდ თავის ტელევიზიაში კი არ იჯდა, ყველგან იყო და წინასაარჩევნო პროპაგანდას ეწეოდა. არც ამაზე უსაუბრია ვინმეს, არავის უთქვამს, რომ ეს საზიანო იყო, თუმცა ყველა ელოდა, რომ ტელევიზიების წინ საპროტესტო აქციები გაიმართებოდა და ივანიშვილის პროპაგანდის აკრძალვას მოითხოვდნენ.

ივანიშვილის გამოსვლების აკრძალვას საქართველოს მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც თვით ივანიშვილი უმწიფარს უწოდებს.

გარდა ამისა, იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და კიდევ ის, რაზეც უცხოელი ჟურნალისტები წერენ, რომ ივანიშვილმა მილიონი დოლარი გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არჩევნების შედეგები იმავე დღეს არ გამოცხადებულიყოო. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების შედეგების დათვლას არ სჭირდება სამი და ოთხი დღე.

ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩამოვთვალეთ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მაინც დაერქვა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, რადგან ერთმანეთი არ დავხოცეთ და ცეცხლის ალში არ გავეხვიეთ, თუმცა არც უმაგისობა იყო, მაგრამ თითო-ოროლა შემთხვევას საქართველოსთვის არა უშავს…

_ რას უნდა ველოდოთ ახალი პარლამენტისგან? უმრავლესობით მოსულმა ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა იქნება. ამაზეოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა და, სავარაუდოდ, მომავალმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

_ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მიიღო ის პარლამენტი, რომელიც მისი ყველა “ხუშტურის” გამტარებელი იქნება. სწორედ ასეთ პარლამენტზე ოცნებობდა ის 2012 წელს, მაგრამ მაშინ ვერ მოახერხა.

_ ბატონო ჰამლეტ, 2013 წლის თებერვალში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ქვეყნის მოწყობის საკითხზე, პრეზიდენტის ფუნქციებსა და .. თავისი თვალსაზრისი გაუზიარა საზოგადოებას. არც ერთი რაციონალური და უდავოდ საინტერესო წინადადება, რომლებსაც ის ხელისუფლებას სთავაზობდა, ამ უკანასკნელმა ყურად არ იღო. მეტიც, ივანიშვილმა ჯერ მარგველაშვილი აარჩევინა ხალხს ხელების გადაგრეხვით და მერე მოჰყვა თავში ცემას _ ეს რა ვქენი, რა უვარგისი აღმოჩნდა პრეზიდენტიო. დღეს, როგორც ჩანს, “ქართული ოცნებათავისით მივიდა დასკვნამდე, რომ არსებული მოდელი შესაცვლელია.

_ ალექსანდრე ჭაჭიას ვეთანხმები, მაგრამ არა საქართველოსა და ივანიშვილის შემთხვევაში, ჭაჭია ნორმალურ ქვეყნებს გულისხმობს, როდესაც ამ თემაზე საუბრობს, მაგრამ ჩვენ ხომ ნორმალური ქვეყნების სიაში არ შევდივართ…

ივანიშვილს სურს, რომ საქართველოს ჰყავდეს ამ პარლამენტის მიერ არჩეული “ოცნებისტი” პრეზიდენტი, რომელიც პირველივე დღეს დათმობს იმ ყბადაღებულ სასახლეს, რომელშიც მარგველაშვილი ცხოვრობს და რომელიც, რასაც ივანიშვილი ჩასძახებს, ქვევრივით იმავეს ამოსძახებს. ასეთი პრეზიდენტისგან კი (გინდა, პირდაპირი წესით აირჩიე და გინდა, პარლამენტს აარჩევინე) ხეირი ნულის ტოლია. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ივანიშვილს სახელმწიფოებრივი გათვლები არ აქვს _ მისი მსოფლმხედველობა საკუთარი თავისა და საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოების იქით არ მიდის. ივანიშვილს სჭირდება მორჩილი პარლამენტი, დამჯერი აღმასრულებელი ხელისუფლება და ყურმოჭრილი პრეზიდენტი, ბუტაფორია, ასეთი ეგონა კიდეც მარგველაშვილი, რომელიც ძალით აგვარჩევინა, მაგრამ არ გამოადგა

_ გასტანს ახალი პარლამენტი ოთხ წელიწადს?

_ რატომაც არა, ხელს ვინ შეუშლის? საქმე ისაა, რომ ხალხი ლუკმაპურისთვის იბრძვის, ამიტომ ასეთ საზოგადოებას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად არც დრო აქვს და არც შესაძლებლობა, მხოლოდ ჭამაზე ფიქრობს. ასე იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და, თუ ამას წინა 9 წელიწადს დავუმატებთ, ძნელი სათქმელია, რომ საქართველოში რაიმე პოლიტიკური ექსცესი მოხდეს. ჩვენ უმძიმესი წლები გამოვიარეთ, ეს კი ივანიშვილს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანა მართოს ისე, როგორც გაუხარდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. deda ara magram\\\”mama marchenali\\\’-bidzina ager ar gvyavs?? pui mis kacobas, rogor shemajavra tavi am ivanishvilma.xalxo ram gamogabecat?? kidev mas rom akebt da adidebt zogiertebi, ram gamogatayvanat??

    batono hamlet, yoveltvis swor shepasebebs aketebt, getanxmebit, magram ra?? sashveli ar chans am usindiso mmartvelebis xelshi…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here