Home რუბრიკები პოლიტიკა “თქვენმა წინამორბედმა გაგვაცურა, თქვენ რატომ უნდა გენდოთ?”

“თქვენმა წინამორბედმა გაგვაცურა, თქვენ რატომ უნდა გენდოთ?”

1240

პოლიტიკურმა გაერთიანებამმრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთბილისში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ირინე ჩხენკელი წარადგინა. დაბადებულია 1985 წლის 17 აგვისტოს თბილისში. 2002 წელს დაამთავრა თბილისის 55- საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე; 2006 წელს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის წოდება; 2008 წელს _ მაგისტრის წოდება საერთაშორისო სამართლის განხრით; მუშაობდა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში; 2012-დან 2016 წლამდე _ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. ფრაქციაქართული ოცნება _ მრეწველებშიამავე წლიდანაა.

_ კანონშემოქმედება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, _ ამბობს ირინესაქართველო და მსოფლიოსთანსაუბარში, _ გარდა იმისა, რომ დიდ ენერგიას მოითხოვს, ეს არის ინტელექტუალური შრომა. ჩვენ, ამ მუშაობაში ჩართული ადამიანები, არა მხოლოდ სამართლებრივ სისწორეზე ვაკეთებთ აქცენტს, არამედ იმაზეც, პრაქტიკულად თითოეული ნორმა როგორ იქნება გამოსაყენებელი მოსახლეობისთვის, მწარმოებლისთვის, ბიზნესმენისთვის. ნორმა რომ უნდა იყოს ქმედითი და არ იქცეს მკვდარ დეკლარაციად, ამის მიღწევა ყოველმხრივ განსჯასა და დასაბუთებას მოითხოვს, რასაც დრო სჭირდება. პარლამენტში კი ყოველთვის დროის დეფიციტს განვოცდით და ყოველთვის სწრაფ ტემპში გვიწევს მუშაობა.

_ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ.

_ ძალიან დიდი. ჩემი აზრით, პარლამენტში უნდა იყოს არა მხოლოდ კვალიფიციური კადრი, არამედ სწორედ ამ დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალები. ჩვენს კომიტეტში, რომელსაც ბატონი ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, ყოველთვის ვცდილობდით, სრულყოფილებამდე მიგვეყვანა ესა თუ ის კანონი. არადა, სიჩქარეში შეიძლება ელემენტარული ნიუანსი გამოგვრჩეს, რომელიც, გამორიცხული არ არის, არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი გახდეს ნორმის პრაქტიკულად რეალიზაციისას.

_ გრძნობდნენ ამას იმ პარლამენტის წევრები, რომლებიც დღედღეზე ამოწურავენ თავიანთ უფლებამოსილებას?

_ უმრავლესობა ამ განწყობილებით მუშაობდა. პარლამენტარებს, განსაკუთრებით, მაჟორიტარებს, აქვთ მოვალეობაც და ბერკეტებიც, რომელთა გამოყენებით თავიანთი ამომრჩევლების გარკვეული პრობლემების მოგვარება შეუძლიათ.

_ როგორ, რა გზით? პარლამენტის წევრი ხომ მოკლებულია იმ პრაქტიკულ უფლებებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრია?!

_ დღევანდელ სიტუაციაში მაჟორიტარ დეპუტატს რატომღაც აღიქვამენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლად, რომელიც დააგებს ქუჩაში ასფალტს, სახლს გადახურავს, შეაკეთებს ლიფტს, უზრუნველყოფს წყლითა და გაზით, ანუ მოაგვარებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.

ასეთი დამოკიდებულება მცდარია. მაჟორიტარი, უწინარეს ყოვლისა, არის შუამავალი ამომრჩეველსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. იგი მოვალეა, მიიტანოს ამომრჩევლის ხმა საკანონმდებლო ორგანოში და ორიენტირებული იყოს არსებული პრობლემების კანონმდებლობით მაქსიმალურ მოგვარებაზე.

შუამავლობაში იგულისხმება ისიც, რომ იმ შემთხვევაში, როცა ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, მიაწვდინოს ხმა ამა თუ იმ ორგანოს, დაეხმაროს მას და მხარში ამოუდგეს.

მაჟორიტარი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე და ეს არის მთავარი.

_ რა თქმა უნდა, მთავარი სწორედ ეს არის, მაგრამ ასეა კი პრაქტიკულად?

_ სამწუხაროდ, ბევრ უბანში თავიანთ მაჟორიტარებს არ იცნობენ. ოთხი წელიწადი ისე გადის, რომ მხოლოდ მომდევნო “საარჩევნო სეზონის” დროს გამოჩნდებიან _ “გამარჯობა, მე თქვენი დეპუტატი ვარ”!

_ წლევანდელმა წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახვა, რომ კანდიდატებთან მოსახლეობის შეხვედრებისას, როგორც ერთი კლიშე, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება განიხილება _ ამომრჩევლები მოითხოვენ, კანდიდატები ჰპირდებიან.

ვითომ მხოლოდ ეს აწუხებს ჩვენს ქვეყანას? სად გაქრა გლობალური პრობლემები?

_ სოციალური პრობლემები _ ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, მომსახურება და ა.შ. _ ჩემ წინაშეც დაუყენებიათ ამომრჩევლებს შეხვედრების დროს. ასეთი საკითხები, რომლებიც მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ, მომავალი პარლამენტის შესაძლო წევრებმა, ისე და იმ გზით უნდა გადავუწყვიტოთ, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. მაგრამ ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად მოხელეების კაბინეტების კარდაკარ კი არ უნდა ვირბინოთ, არამედ შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკითხების ერთობლიობის გლობალურად გადაჭრას.

_ ყოფით დონეზე ამომრჩევლის ცნობიერების შეჩერება ხომ არ ნიშნავს, რომ მას, ამომრჩეველს, არ აინტერესებს ქვეყნის საერთო სატკივარი?

_ დემოკრატიულ პროცესებში ამომრჩევლის მონაწილეობის კულტურა საკმაოდ გაზრდილა.

იყო პერიოდი, როცა ამომრჩეველი ითხოვდა დამოუკიდებლობას, როცა უსამართლობისგან, ზემოქმედებისგან, წნეხისგან გათავისუფლებას აყენებდა უპირველეს ამოცანად, ანუ გათავისუფლებას იმ გლობალური უკანონობისგან, რომელიც ყოფილი რეჟიმის პერიოდში მძვინვარებდა საქართველოში.

დღეს ამომრჩეველი კონკრეტული საქმის გაკეთებას ითხოვს. ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ იგი ხედავს და სათანადოდაც აფასებს, რაც გაკეთდა და კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ფონზე მას აქვს უფლება, დეპუტატების წინაშე დააყენოს საკითხები, რომლებიც უშუალოდ მას, ამომრჩეველს, ეხება. მიაჩნია, რომ შექმნილია ვითარება, როცა მას შეუძლია მოითხოვოს მის წინაშე პრობლემად მდგარი საკითხების გადაჭრა.

გლობალური საკითხები, ისეთები, როგორიცაა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს გამთლიანების საკითხი, ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, კურსის არჩევა არსად გამქრალა. ჩვენს ამომრჩეველს იმედი აქვს, რომ მომავალი პარლამენტი განაგრძობს ბრძოლას, პრინციპულ დიალოგს საერთაშორისო ასპარეზზე, ურთიერთგაგებისა და საერთო პოზიციების მონახვაში დაინტერესებულ მხარეებთან, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აღსადგენად სოხუმსა და ცხინვალთან, სამართლიანობის გასამარჯვებლად.

ამომრჩეველი უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ მიიღო ის, რასაც ჰპირდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, ისე სრულად და იმ მოცულობით, როგორც მას და საქმეს სჭირდებოდა.

_ ესე იგი, არ უნდა დაჰპირებოდნენ?

_ უნდა დაჰპირდე იმას, რისი გაკეთებაც რეალურად არის შესაძლებელი. უსაფუძვლო დაპირება, უწინარეს ყოვლისა, მომგებიანი არ არის იმ პარტიისთვის, რომელიც ასეთ დაპირებას იძლევა.

მე, როგორც ერთ-ერთ კანდიდატს, მირჩევნია, ამომრჩეველს ველაპარაკო მხოლოდ სიმართლის პოზიციიდან; ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ დაყენებული საკითხების გადასაწყვეტად, ოღონდ პირობა არ მივცე, მაგრამ, როცა მოვაგვარებ, მივალ და ვეტყვი, რომ მისი დავალება შესრულებულია. თუ ვერ შევძლებ, ამის მიზეზსაც ავუხსნი.

ჩვენ, “მრეწველები”, პირობას იშვიათად ვიძლევით, მით უფრო, ტყუილ დაპირებებს არ გავცემთ, საქმის კეთებას ვამჯობინებთ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, რომელიც ჩვენს პარტიას აქვს ბატონ გოგი თოფაძისგან განსაზღვრული და რომლითაც ვამაყობ.

_ რა სხვაობაა დაპირებასა და მოსყიდვას შორის? დაპირება სიტყვიერი მოსყიდვა ხომ არ არის?

_ არა მგონია. დაპირება, ჩემი აზრით, ამომრჩევლის გულის მოგება, გამხნევება, დაიმედება, დეპუტატობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამისა და ამომრჩევლის მოთხოვნის ერთგვარი შეფარდებაა.

მოსყიდვა, ყველას მოეხსენება, სისხლის სამართლის დანაშაულია.

_ თქვენი წინამორბედი დაგვპირდა და არ შეგვისრულა. რატომ უნდა გენდოთ თქვენ? ხომ არ წაწყდომიხართ რომელიმე შეხვედრაზე ასეთ გულაცრუებას?

_ ვაკეში, სადაც მაჟორიტარად ვარ წარდგენილი და სადაც ვცხოვრობ, სპეციფიკური ვითარებაა _ საერთოდ არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან მაინც არაფერი გვეშველებაო. ასეთი პოზიცია უფრო ჭარბობს, მაგრამ როცა საუბარს ვიწყებთ, ამომრჩეველი თანდათან იხრება იმ აზრისკენ, რომ ერთ ხმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, “ყველაფერს რომ ეშველოს”.

_ ურთიერთგაგება ყალიბდება?

_ ვფიქრობ, ასეა. ამომრჩევლებს ყოველთვის ვეუბნები _ არ მოვდივარ იმიტომ, რომ მაინცდამაინც მე მომცეთ ხმა. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესია ვაკეში მოსახლეობის აქტივობის ამაღლება, რაც აუცილებელია საერთო აზრის უშეცდომოდ გამოსახატავად. ვაკეში კარგი კანდიდატურები არის წარდგენილი და არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ თითოეული ხმა გადამწყვეტი შეიძლება იყოს.

_ მასმედია ამ პერიოდში სრულად არის გადართული არჩევნებზე. თვალს ადევნებთ? შეგიძლიათ შეაფასოთ?

_ პოლიტიკური მოვლენების გაშუქება ხდება რაღაც უცნაური ფორმით. დებატები იმართება ჩხუბით, ერთმანეთის შეურაცხყოფით… ამ ჩხუბსა და აურზაურში ამომრჩეველს უჭირს, გაერკვეს, ვინ არის მართალი და ვინ _ მტყუანი, რაზე კამათობენ, რა დასკვნებს გვთავაზობენ იმ პრობლემაზე, რომელიც განსახილველად აქვთ გამოტანილი.

უნდობლობაც აქედან მოდის.

უნდობლობის ერთერთი მიზეზი ისიც არის, რომ პარტიები, მაჟორიტარობის კანდიდატები ტელეეკრანებიდან ამომრჩევლებს სთავაზობენ ისეთსიკეთეებს”, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგალითად, 500-ლარიან პენსიას.

_ რაც შეუძლებელია.

_ დიახ, მაგრამ ხომ ჰპირდებიან?! ასეთ მომგებიან ფანდს ზოგიერთი პარტია პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს, რომელიც ყოველდღიურად, გაუთავებლად მეორდება ტელესივრცეში.

ამომრჩეველმა იცის, რომ ეს ცრუ დაპირებაა და ამიტომაც არის ხელჩაქნეული.

100 წელს მიღწეულთათვის 2000-ლარიანი პენსიის დაპირება პენსიონერთა გარკვეულ კატეგორიაზეა გათვლილი. თუ გაჭრის, ხომ კარგი, თუ არა და… 8 ოქტომბრის შედეგები გვიჩვენებს.

_ მოულოდნელი იყო თქვენთვის დეპუტატობის კანდიდატად წამოყენება?

_ გულწრფელად გეტყვით, რომ მოულოდნელი იყო. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რომელმაც საშუალება მომცა, პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში ვყოფილიყავი ჩართული. მაგრამ სწორედ ამ გარემოებამ დამანახვა, რომ დეპუტატს გაცილებით მეტი საშუალება აქვს ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართულ საქმიანობაში შედეგიანი მოღვაწეობისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა დონის სახელმწიფო მოხელეს. მას აქვს სხვებზე მეტი საშუალება მოსახლეობასთან კომუნიკაციის, რაც დღევანდელ საზოგადოებაში დეფიციტია. არადა, სწორედ ასეთი ურთიერთობა არის უაღრესად საინტერესო წინადადებების წყარო.

_ ხომ არ უთქვამთ თქვენთვის _ გოგონა, რა დროს შენი პარლამენტარობააო?

_ კი, უკითხავთ, _ რატომ გადაწყვიტე, კენჭი გეყარაო?

თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პასუხს: გადავწყვიტე იმიტომ, რომ სწორედ ჩემი ახალგაზრდული ენერგია მაძლევს შესაძლებლობას, არ დავიზარო და ჩემი ცოდნა მოვახმარო ქვეყნისა და ხალხის სამსახურს.

P.S. ხალხური სიბრძნე ამბობს: ჭკუა ახალგაზრდას ჰკითხე, გამოცდილება _ მოხუცსო.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here