Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლებას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში

ხელისუფლებას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში

649

ჩვენი კოლეგა, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი დიდ პოლიტიკაში მიდის: პოლიტიკურმა გაერთიანებამდავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციასაჭიროდ ჩათვალა ქარელში მაჟორიტარ დეპუტატად მისი კანდიდატურის წამოყენება.

პარლამენტისთვის მომგებიანი იქნება ასეთი როტაცია.

ჟურნალისტიკას, ტელესა და საგაზეთოს, აშკარად შეემჩნევა არყოფნა მისი _ პოპულარული და ავტორიტეტული ჟურნალისტის, რომელსაც უსმენდნენ “ობიექტივის” ღამის ეთერში (ბოლო პერიოდში), კითხულობდნენ მის პუბლიკაციებს “საქართველოს რესპუბლიკაში”, “საქართველო და მსოფლიოში” (წლების განმავლობაში), ხოლო უფრო ადრე “კავკასიონისა” და “ქართველი ერის” გვერდებზე.

ჟურნალისტიკისკენ მიმავალი გზა

ჟურნალისტიკისკენ გეზი ქარელის რაიონის კეხიჯვრის სკოლის 8 კლასის დამთავრებისთანავე აიღო: სწავლა განაგრძო თბილისის პოლიგრაფიულ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1998 წელს დაამთავრა თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1995 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა გამომცემლობა “სამშობლოში” და გაზეთების რედაქციებში.

1995 წლიდან 2002 წლამდე იყო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ჯერ პასუხისმგებელი მდივანი, შემდეგ _ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2002 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსად _ პრეზიდენტის პრესსამსახურის კურატორად. თანამდებობიდან გადადგა 2003 წლის 23 ნოემბერს.

შემდეგი წლები გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” (მთავარი რედაქტორის მოადგილე) და მედიაკავშირ “ობიექტივთან” (ჯერ დამფუძნებელი, შემდეგ _ მთავარი რედაქტორი) წარმატებული თანამშრომლობით იყო გამორჩეული.

საოცარი შრომისმოყვარეობით, სიახლეთა ათვისების უნარით დაჯილდოებულმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა იმთავითვე მიიპყრო მკითხელი საზოგადოების ყურადღება: მის გაბედულ, პრინციპულ, ნიჭიერებით აღბეჭდილ და ყოველთვის საინტერესო პუბლიკაციებს მკითხველი ელოდა და არასოდეს გასცრუებია მოლოდინი.

ყველანი, ვინც იმხანად მასთან ერთად მოღვაწეობდა, მოწმენი იყვნენ იმისა, თუ როგორ დაიხვეწა მისი პროფესიული ოსტატობა, გემოვნება და როგორ ჩამოყალიბდა იგი ძალიან საინტერესო, დაკვირვებულ და ობიექტურ ანალიტიკოსად: დღეს ასეთია მისი ძირითადი ამპლუა.

მოკლედ (რაღა მოკლედ!), მთელი ამ წლების განმავლობაში საქმიანობით, ცხოვრების წესით ჟურნალისტიკასთან იყო დაკავშირებული, მისით სუნთქავდა, მისთვის იხარჯებოდა.

სამოღვაწეო ასპარეზის შეცვლის პერსპექტივა საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გამოჩნდა, როგორც ახალი რეალობა; ახალი, მაგრამ არა უცხო, რადგან ჟურნალისტიკის სივრცეში საქმიანობის დროს უმთავრესად იმ პრობლემატიკით იყო დაკავებული, რომლის მოგვარება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ზრუნვის საგანია. ლაპარაკია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

შეთავაზებული ალტერნატივა

თანხმობა შეთავაზებაზე უცებ არ მიუცია. დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში იმ არგუმენტმა გადაწონა, რომლის თანახმად მასმედიის კრიტიკული გამოსვლები, რაგინდ კონსტრუქციული ყოფილიყო, პრობლემების მოგვარებას ისე უწყობდა ხელს, როგორც გარდაცვლილს მდოგვის ცხელსაფენები. ხოლო პარლამენტის ტრიბუნიდან გამოთქმული კრიტიკა შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს. დეპუტატის ხელთ არსებული ბერკეტები მეტი ძალაა.

ბონდო მძინარაშვილს თავისი პროფესია საქვეყნო საქმისთვის სჭირდებოდა, რეალური შედეგის მისაღწევად და არა ტელეეკრანზე გამოსაჩენად.

ამიტომაც დათანხმდა.

დათანხმდა და გავიდა ხალხში.

შეხვედრები, საუბრები, თხოვნა და _ დაპირება არა, საკითხზე მუშაობა, შესწავლა და შემდეგ ბრძოლა ნებისმიერი კერძო თხოვნის თუ მოუგვარებელი საერთო საქმის განსახორციელებლად _ კი! ასეთი იყო წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობის პრინციპი.

მაგრამ ისე არა, რომ დეპუტატმა იქ _ პლენარულ სხდომებზე გამოსვლებით, კომიტეტებში მუშაობით თუ სახელისუფლო დერეფნებში დერვიშივით კარდაკარ სიარულით მიაღწიოს სასურველ შედეგს, არამედ “ერთად ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ!” _ ასეთია მისი ტაქტიკა, რომელიც ამართლებს. ამას ადასტურებს საარჩევნო ოლქში შემავალ 50-ზე მეტ სოფელში გამართული შეხვედრები, რომელთა მონაწილენი თავიანთ მხარდაჭერას უდასტურებენ და საერთო საქმეში ერთობლივად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.

სოფლის ჩივილი

გლეხს რა უჭირს და, სოფელიო. სოფელი, რომელსაც გზა კი აქვს, მაგრამ უკეთესი უნდა რომ ჰქონდეს; ბუნებრივი აირი კი აქვს, მაგრამ საყოველთაო გაზიფიკაცია სჭირდება; მოსავალი კი მოჰყავს, უხვი და მრავალფეროვანი, მაგრამ გასაღების ბაზარი სჭირდება; ძამის ხეობაში უნიკალური ტაძრები კი არის, მაგრამ ტურისტების მისაზიდად თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგვიანებს; საინტერესო წიაღისეულის საბადოებიც არის, მაგრამ მათ ასამოქმედებლად ინვესტიციები უნდა მიიზიდონ.

ამ ყველაფრის მოწყობა-მოგვარებას ერთი კაცი, თუნდაც ისეთი ენერგიული და შეუპოვარი, როგორიც ბონდო მძინარაშვილია, ვერ შეძლებს.

თანაც _ ოთხ წელიწადში.

ამიტომ _ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით!

_ მე მჯერა, _ ამბობს ბატონი ბონდო “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში, _ უფლის გზით თუ ვივლით, საქართველო აღარ იქნება ღარიბი და მოწყენილი, თუ ყველანი გავერთიანდებით სამშობლოს ინტერესების დასაცავად, დავეპატრონებით საქართველოს და ხელისუფლებას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში.

“საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით!”

გზა დაულოცა

ჩვენმა სასიქადულო პოეტმა რეზო ამაშუკელმა ბონდო მძინარაშვილს ახლახან გამოცემული თავისი პოეტური კრებული რომ აჩუქა, შესანიშნავი კალიგრაფიით წააწერა: “ბონდო მძინარაშვილს _ ქვეყნის ერთგულს, სიმართლისთვის ნაომარ კაცს!”.

ქვეყნის სიკეთისთვის მართლაცაა ნაომარი. წარმატებითაც. ამის დასტურია სახელმწიფო ორდენები, რომელთა კავალერიც არის.

დაფასებულია ხალხისგან.

პოპულარულიც გახლავთ, რა თქმა უნდა.

ახლა იგი ახალ ომშია ჩართული და გამარჯვება ვუსურვოთ!

წინასაარჩევნოდ დაბეჭდილ მის ბუკლეტში იგი ასე მიმართავს ქართლელებს: “მჯერა, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებთ!”

ჩვენც, მის კოლეგებსაც, გვჯერა!

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

1 COMMENT

  1. batoni bondo ,vfiqrob ,dges namdvilad iq dgas, sadac kvelaze metad schirdeba tavis xalxs,mjeravs ,rom qartlis mosaxleoba endoba mas , swamt misi ,-misi patriotizmis ,misi nichisa da gamocdilebisa ,romeltac, axarjavda tavis mshobel xalxs da kvlavac moaxmars ufro meti energiit shemartuli, ,amitom ,vimedovneb,qartlelebi swor,gonivrul, gadawyvetilebas miigeben da 8 oqtombers,-archevnebshi, tavianti xmis micemis uflebas ,swored ,samshobloze da tavis xalxze uzomod sheyvarebul ,baton bondos sasargeblod gamoiyeneben .warmatebebs vusurveb mas da gamarjvebis gzit winsvlas,ufali sheewios,saqartvelostvis sasiketo saqmeebis ketebashi.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here