Home რუბრიკები საზოგადოება პაატას ზღაპრები

პაატას ზღაპრები

702

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #33-34 (362-363)

_ ეუჰ, რა კაია, ბიჭო! – გადაჰკრა მელაკუდამ არაყი, ლუკმა მიაყოლა და ხაშის წვენი მოხვრიპა.

_ ჭამე, ჭამე, ნამდვილი სასწაულია. თან მითხარი, აბა, რის თქმა გსურდა, _ უთხრა პაატას. პაატა აწყლიანებული თვალებით შესცქეროდა მელას და ოფლს იწმენდდა.

_ რა ვქნა, მელაკუდა, როგორ გავხდე ტყის ბელადი? სიმღერაც აღარ შემიძლია, ბოლო პერიოდში სმას მოვუმატე და ხმაც დავკარგე. ბულბული მჯობნის უკვე. ჩემი ბანი აღარავის უნდა.

_ ჩემო პაატა, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, დალიე და გეტყვი, _ უთხრა კარგად შეზარხოშებულმა მელამ.

პაატამ გადაჰკრა ჟიპიტაური და თავით მაგიდაზე დაემხო.

_ ოო, ეს არ შეგშვენის. აბა, წელში გაიმართე, შემომხედე! ყურები რომ ჩამომეყარა და ენოტს დავნებებოდი, დღეს ასე კი არ ვიქნებოდი. ახლა კარგად მომისმინე: ცოტა ფული მაქვს გადანახული შავი დღისთვის. მე დაგეხმარები, ოღონდ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ.

_ გისმენ, მელაკუდა, შევთანხმდებით, აბა, რას ვიზამთ, – მიუგო იმედის ნაპერწკლით ანთებულმა პაატამ.

_ შენს ტყეში ვინ ბინადრობს?

_ კატა, ვეფხვი, ლომი, ერთი ბუც გვყავს, სინდიოფალა და ჰიენა.

_ ძალიან კარგი, მათ რიგებს ჩვენი ტყის ბინადრებიც შეუერთდებიან და საქმეებს ერთად გადაწყვეტენ. მოკლედ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვი: ფორმალური ბელადი შენ იქნები, მაგრამ ვითარებას მე და ჩემი გუნდი გავაკონტროლებთ, როგორც აქაურ, ისე თბილისურ ტყეში. ნუ, შენც გექნება რაღაც უფლებები, მაგრამ საბოლოოდ მე გადავწყვეტ საკითხებს.

_ თანახმა ვარ, შენი ჭირიმე, ოღონდ ეს ისე უნდა შევფუთოთ, რომ ვერავინ მიხვდეს, _ მიუგო პაატამ.

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეგ არ იქნება პრობლემა. მე მყავს ჩემი ტყიდან ვითომ გაქცეულები, რომლებიც ისევ მემორჩილებიან. ისინი დღესვე ჩაატარებენ ტყის შეკრებას. იქ გაახმაურებენ, ვითომ მათ უნდათ, რომ თქვენს ტყეს შემოუერთდნენ. ხომ ხედავ, კაი ტიპი გამომყავხარ, ვითომ მათ უნდათ, რომ შენი გუნდის წევრები გახდნენ. ერთი დღე ფორმალურად დაიცდით და მეორე დღეს გამართავთ ტყის შეკრებას, რომელზეც იტყვით, რომ თანახმა ხართ, მათი გუნდი შეიერთოთ. ნუ, რა თქმა უნდა, თქვენც იტყვით, რომ მხოლოდ მათში ხედავთ პოტენციალს ტყის ასაღორძინებლად.

_ ეს რა კარგი რამე მოგიფიქრებია, მელაკუდა, ყოჩაღ!

_ ხომ გითხარი, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს-მეთქი. ჰოდა, ახლა მივიდეთ ჩვენებთან და დაველაპარაკოთ ამ ამბებზე. შენიანებთან არაფერი დაგცდეს, – გააფრთხილა მელამ.

_ არა, ჭირიმე, როგორ გეკადრება.

გამოვიდნენ მელა და პაატა სახაშიდან და კვლავ ტყისკენ გაეშურნენ, გზაში გეგმები გაწერეს. მიადგნენ ისევ იმ მიტოვებულ შენობას, რომელშიც მათი მეგობრები იმყოფებოდნენ.

_ აბა, აბა, ყურადღება! მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს თქვენთვის, _ თქვა მელამ და უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. _ ხვალ მოიწვევთ ტყის კრებას და გააკეთებთ მიმართვას პაატას ტყესთან შეერთების ინიციატივაზე. ტექსტზე მუშაობა ახლავე დაიწყეთ და ქანდარაზე მომართვით, ერთი დედალიც წამომიყოლეთ.

ცხოველები დაფაცურდნენ, ერთმანეთს ყურში რაღაცებს უჩურჩულებდნენ და დაიწყეს ტექსტზე მუშაობა. მელა და პაატა კი ქანდარისკენ გაეშურნენ.

_ ახლა დავისვენოთ და დავიძინოთ, საღამოსთვის ტექსტი იქნება, დილით ჩვენები ტყის კრებას მოიწვევენ და საგანგებო მიმართვასაც გააკეთებენ, _ უთხრა მელამ პაატას.

_ კი, ჭირიმე, დიდი მადლობა, ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ! – უთხრა პაატამ და დამშვიდებულმა ფშვინვა ამოუშვა.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here