საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და ქართველი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზეა გადატანილი. არჩევნებში მრავალი პარტია მონაწილეობს; გვყავს მაჟორიტარები, რომლებიც ოქროს კოშკებსა და თაფლის მდინარეებს ჰპირდებიან მოსახლეობას, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ცრუ დაპირებებს არ იძლევიან. დეპუტატობის ასეთი კანდიდატია ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი _ ჟურნალისტი და იუმორისტი, ისნის რაიონის მერვე საარჩევნო ოლქში დეპუტატობის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ბაკურ სვანიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება.
_ ბატონო ბაკურ, როგორც ვიცი, მაჟორიტარ დეპუტატად იყრით კენჭს. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ დიახ, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ისნის რაიონის მერვე საარჩევნო ოლქში _ ეს არის ვაზისუბანი-მერვე ლეგიონი და ვარკეთილის ნაწილი. ეს იყო კახა ძაგანიას, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერის ინიციატივა. სწორედ მან დამირეკა მოულოდნელად და შემომთავაზა, ჩვენ წარგადგენთ მაჟორიტარადო. პარტიაში გაწევრებას არ მთხოვენ, ანუ პარტიის წევრი არ ვიქნები. როგორც კახა ძაგანიამ მითხრა, ჩემი ფეისბუქპოსტებიდან და საზოგადოებრივი აქტივობიდან გამომდინარე გაუჩნდა ეს სურვილი. არ მეკისრება არანაირი პარტიული პასუხისმგებლობა, არც ახლა და არც პარლამენტში შესვლის შემდეგ. პარტიამ მომიმზადა ყველა დოკუმენტი, რომლებიც საჭირო იყო ცესკოში წარსადგენად, შესაბამისად, ფონდის დაარსება არ დამჭირვებია. კენჭს ვიყრი პარტიის ნომრით _ ეს არის # 25. ჩემი კანდიდატურის დასახელებამ ვაზისუბანში სერიოზულად შეაფუცხუნა ვიღაცები. ეს, ძირითადად, ეხება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ ბანაკებს სერიოზული შეშფოთება ეტყობა. ისე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ ხმას წავართმევ “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”, მიუხედავად იმისა, რომ ზომბირებული ამომრჩეველი ჰყავთ. მე ის ადამიანები დამიჭერენ მხარს, რომლებიც საერთოდ არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობს, და პლუს მათ უფრო დაფიქრებული ამომრჩეველი, რომელიც, ალბათ, პარტიალ სიაში 41-ს შემოხაზავს, ხოლო 25-ს _ მაჟორიტარების სიაში. საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერ შეშვებულ ამ 41-ებს კონტროლი სჭირდებათ, შესაბამისად, მე ეს კონტროლის ფუნქცია უფრო შემეფერება პარლამენტში.
_ ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში. ერთ–ერთ პოსტში წერთ: “თითქმის ყველა უბანში, სადაც კი გავიარე, 5-ების და 41-ების პლაკატები თითქმის სულ ჩამოხეულია, მიუხედავად იმისა, რომელი მაჟორიტარის ფოტოა პლაკატზე. ეს არ არის “კონკურენტების” მიერ ორგანიზებულად ჩამოხეული პლაკატები. იმდენად სპონტანურად და უსისტემოდ არის დაფხრეწილი, რომ ეს აშკარად სახალხო პროტესტზე მიანიშნებს!”
მხოლოდ ჩამოხეული პლაკატები გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? და ასევე წერთ ივანიშვილზე და ამბობთ რომ, “ულაპარაკოდ მივანიჭებდი ბიძინა ივანიშვილს “მისტერ უზნეო 2016”-ის ტიტულს”. რატომ მიანიჭებდით?
_ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩამოხეული პლაკატებით ამ დასკვნას ვერ გამოიტან, ეს არის სახალხო პროტესტის ერთ-ერთი ნიშანი. “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხი დაღალა, უკვე ეზიზღებათ ეს ორი პარტია. ხშირად მეკითხებიან _ რას ჰპირდები ამომრჩეველსო? რას დავპირდე? ცრუ დაპირებებით ვერ გავაბრუებ საზოგადოებას! დროა, ქართველი საზოგადოება ამაღლდეს იმ დონემდე, რომ აღარ დაუჯეროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებიც “ბუს კვერცხებს” ჰპირდებიან ხალხს.
“მე ამირჩიეთ მაჟორიტარად და, ბუჩქი რომ არის მოგლეჯილი სკვერში, იმ ბუჩქს ჩავრგავ, იქ ასფალტს დავაგებ, სადარბაზოს წინ ბეტონს დავაგებ” და მსგავსი რაღაცები. იმისთვის შეგყავს ადამიანი პარლამენტში, რომ გზა დაგიგოს? ამას თვითმმართველი ქალაქები აკეთებენ. თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, აქვს მერია, გამგეობები. ეს მათი საქმეა, პარლამენტარის საქმე სკვერებში ბუჩქების დარგვა არ არის. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ასფალტების და სკვერების ეპოქიდან და ასეთ წვრილმან სისულელეებზე აღარ წამოვეგოთ. არ ვაპირებ აფერისტულ საარჩევნო კამპანიას _ პარლამენტში შესასვლელად სისულელეების ლაპარაკსა და ცრუ დაპირებების გაცემას. “ქართული ოცნება” გაიძახის, აღარ არის დრო ლანძღვისა და შურისძიებისო, მერე კი იღებენ ფილმ “ჰეროკრატიას”. თუ ერთმანეთის ლანძღვის დრო აღარ არის, თუ ერთმანეთს ძველი ცოდვები აღარ უნდა გავახსენოთ, მაშინ რატომ იღებ ამ “ჰეროკრატიას” და ეთერში რატომ უშვებ? ეს ყველაფერი არის უზნეობის პიკი. არ მესმის, კიდევ რატომ ნიშნავენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მაღალ თანამდებობებზე. არ შეიძლება, ვიღაცის პირადი განწყობა გახდეს საფუძველი ამა თუ იმ ადამიანის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის. ამის ნათელი მაგალითია ნინო შუბლაძე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, ასეთი არ უნდა იყოს ჟურნალისტიო, მაგრამ დღეს შუბლაძე ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტს მართავს. 2012 წელს ივანიშვილი კახა ოქრიაშვილზე ამბობდა, მაფიოზიაო, დღეს კი ოქრიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ან ავიღოთ ოდიშარია, ენუქიძე, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდნენ. არ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს _ ოქრიაშვილს, ოდიშარიას, ენუქიძეს _ ჩამოვართვათ ბიზნესი, პირიქით _ მივცეთ თავისუფლება, უბრალოდ, ნუ დანიშნავენ მაღალ თანამდებობებზე. რატომ შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ ეს ადამიანები “ქართულმა ოცნებამ” წარადგინოს მაჟორიტარებად? _ აი ეს ამიხსნას ვინმემ. სწორედ ამ მიზეზების გამო მივანიჭებდი ბიძინა ივანიშვილს 2016 წლის “მისტერ უზნეოს” ტიტულს.
_ როგორ შეაფასებთ ქვეყნის საგარეო–პოლიტიკურ კურს?
_ საქართველოს საგარეო–პოლიტიკური კურსი არ აქვს. როცა ქვეყანას გარედან უსაზღვრავენ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, ამას საგარეო-პოლიტიკური კურსი არ ჰქვია. მე ხშირად დამიწერია და მითქვამს, რომ რუსეთს ხაზი არ უნდა გადავუსვათ და ამ ქვეყანასთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, შესაძლოა, ნატოზე უარის თქმის ფასადაც კი. ასე პრიმიტიულად ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე მსჯელობა არ შეიძლება. დღეს საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ სერიოზულად არასდროს გვიმსჯელია ამ საკითხზე. ერთს რუსეთი უნდა, მეორეს _ ნატო. არ უნდა იყოს არც ერთი აზრი აკრძალული, არც ერთი მიმართულება. გამოვარდებიან რესპუბლიკელები “ნატოს” ძახილით, მაგრამ რატომ ნატო, რისთვის ნატო, ვერ გვეუბნებიან. გამოვარდება ვიღაც მეორე ოდიოზური ფიგურა “პუტინის” ძახილით, ისიც ვერ გვეუბნება, რატომ პუტინი. თუმცა, როდესაც საქმე ქვეყანას და მის მომავალს ეხება, ჩექმასაც ავლოკავ _ რუსულსაც, მონღოლურსაც, ეგვიპტურსაც და ყურებზეც დავდგები.
_ “იანდექს ტაქსის” შემოსვლამ საქართველოში მოსახლეობა გააღიზიანა, თქვენ თუ ხედავთ საფრთხეს “იანდექს ტაქსის” საქართველოში მოძრაობით?
_ “იანდექს ტაქსის” გაპროტესტება _ ეს არის ტუტუცური მეწვრილმანეობა. თუ “იანდექს ტაქსიზე” ვამბობთ უარს, უნდა გამოვთქვათ გლობალური პროტესტი ყველაფერი რუსულის მიმართ. მაგრამ ჯერ დავფიქრდეთ, გვაძლევს კი ხელს ეს გლობალური პროტესტი? “იანდექს ტაქსის” რომ აპროტესტებ და სხვა ძალიან ბევრ რუსულ რამეს იყენებ, არასწორია. ჩემი აზრით, საქართველოს ასეთი ტიპის პროტესტები ხეირს არ მოუტანს, მაგრამ ტაქსი გააპროტესტო და ელექტროენერგია არ გააპროტესტო, “იუბილეინოე პეჩენიე” არ გააპროტესტო, გამოდის, შერჩევითი პროტესტია და კიდევ უფრო გაუგებარია. ტაქსის მუშაობის გაპროტესტება არანაირი შედეგის მომცემი არ არის, ამას ჰქვია მატრაკვეცობა. თუ ვინმე დამისაბუთებს, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს ტაქსი, მაშინ განვაგრძოთ პროტესტი.
_ ამბობენ, რომ სამეგრელოში დიდი მხარდაჭერა აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. თქვენი აზრით, რატომ?
_ ასეთი მხარდამჭერები 15-20%-ია და ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა მგონია, სამეგრელოში “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს _ ეს უფრო მითია, თუ მართლა ასეა, ეს იმის ბრალია, რომ “ქართულ ოცნებას” სამეგრელოში ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, “ქართულმა ოცნებამ” 2012 წელსაც ბევრი შეცდომა დაუშვა სამეგრელოში და დამარცხდა არჩევნებში.
_ როგორ ფიქრობთ, მაღალი აქტივობა იქნება არჩევნებში?
_ არ ველოდები მაღალ აქტივობას, “ქართული ოცნების” უპასუხისმგებლობის, უნიათობის, უზნეობის ყველაზე კატასტროფული შედეგი შეიძლება იყოს არჩევნებში დაბალი აქტივობა. იქნებ რამენაირად საკუთარ თავზე მაღლა ახტეს ქართველი საზოგადოება და მივიდეს არჩევნებზე. ამ არჩევნებში ელექტორატის დაბალი აქტივობა კატასტროფა იქნება. ადამიანებო, იქნებ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალი, გადავაბიჯოთ საკუთარ თავს და მივიდეთ არჩევნებზე. ხალხო, ძალიან სამართლიანია თქვენი იმედგაცრუება ხელისუფლებით და უმადური, ხალხი კი არა, ბიძინა ივანაიშვილია. მე არ დავიწყებ ცრუ დაპირებების გაცემას, პარლამენტში ვიტყვი სიმართლეს, არავის არც ერთ სიტყვას არ შევარჩენ უზნეოს, უტიფარსა და არასწორს _ აი ამას გპირდებით. 2020 წელს გვემუქრება კატასტროფა _ სურთ, მაჟორიტარული სისტემა გააუქმონ, ეს კი მოიტანს ნგრევას. მაჟორიტარული სისტემა კი არ უნდა გაუქმდეს, უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს: ნუ დაწვრილმანდებით ბუჩქებზე, ასფალტზე, ცოტა გლობალურად იფიქრეთ. მე, პირადად, პირობას ვიძლევი, თუ ვაზისუბნელები ამირჩევენ, იამაყებენ, თავიანთი წარმომადგენლის პარლამენტში ყოფნით.
ესაუბრა ნანა ფოფხაძე
ბატონო ბაკურ! არ გასწავლით მაგრამ მაჟორიტარობას ორპალატიანობა სჭირდება და საერთოდ კონსტიტუციური მოწყობაა საჭირო, თორემ ღამურების როლში ვართ.
ხალხი უნდა ირჩევდეს პიროვნებებს და არა უსახო პარტიებს ამოფარებულ უსახო მასას, პაჭკა პაჭკა, ბითუმად რომ შედიან ხოლმე პარლამენტში ხალხისთვის სრულიად უცნობი პოლიტიკოსები, არამედ პიროვნულად იყარონ კენჭი, გაიმარჯვონ, გავიდნენ პარლამენტში და მერე დაითვალონ, რომელმა პარტიამ რამდენი კანდიდატი გაიყვანა საკანონმდებლო ორგანოში. პარტიებს კი არ უნდა გაყავდეთ მისი წევრები, მის წევრებს უნდა გაყავდეთ პარტია პარლამენტში