Home რუბრიკები საზოგადოება პაატას თავგადასავალი

პაატას თავგადასავალი

515

წინასაარჩევნოდ პიარმენეჯერები ათასგვარ ლეგენდასა და ზღაპარს თხზავენ, რათა მათ დამქირავებელ პოლიტიკოს ამომრჩეველს მოაწონონ. ეს ზღაპრები, ძირითადად, დამქირავებლის, ანუ კანდიდატის წარსულს, მის ბავშვობას, მოღვაწეობას, განვლილ გზას შეეხება ხოლმე.

ამჯერად ჩვენს ძალიან გაფაციცებულ კორესპონდენტს ხელში ჩაუვარდა პაატა ბურჭულაძის პიარმენეჯერის ჩანაწერები, ანუ ის ხელნაწერი, რომელშიც პაატა ბურჭულაძის მიერ დაქირავებული პიარის სპეციალისტი ჩანაწერებს აკეთებდა, რათა შემდეგ პაატასთვის ამომრჩევლთა თვალში ქულების მომტანი ზღაპარი ჩამოეყალიბებინა და გამოექვეყნებინა. ჩვენ მას დავასწრებთ და უცვლელად შემოგთავაზებთ ამ ჩანაწერებს:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი უბრალო ბიჭი, სახელად პაატა.

ბავშვობიდან მეტად ნიჭიერი იყო _ უკრავდა, ცეკვავდა, მღეროდა. მთელი უბანი მისი ნიჭით იყო აღფრთოვანებული. ცოტა რომ წამოიზარდა, ნიჭს გზა ფართო მისცა და გადაწყვიტა, ცხოვრების გზა უფრო მეტად გაეკაფა. აიღო გუდა, ჩააწყო საგზალი და ქალაქის გზას გაუდგა. დიდხანს ეხვეწნენ მეზობლები, _ დარჩი ჩვენთანო, მაგრამ პაატამ თავისი გაიტანა და შორს მიმავალ ბილიკებს გაუყვა. ჩამოვიდა თბილისში და უცხო ქალაქში ღიღინ-ღიღინით დადიოდა ჩიხებსა თუ აღმართ-დაღმართებში.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა მზე ცას შესციცინებდა და ღრუბელი სადღაც იყო მიმალული, პაატა ფილარმონიის კიბესთან, “მუზის” ქვეშ იჯდა და “აბესალომ და ეთერის” არიას ღიღინებდა. მოულოდნელად მასთან თეთრ წვერში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი მივიდა და ჰკითხა:

_ რა გქვია, ქართველი ხარ, ბიჭო?

_ კი, შენი ჭირიმე, ქართველი ვარ, პაატა მქვია, ბურჭულაძე ვარ გვარად, სოფლიდან წამოვედი და ქალაქში არ მაქვს ღამის გასათევი.

წვერებიანი მამაკაცი მეტად შეწუხდა, მოჰკიდა პატარა პაატას ხელი და თავისთან წაიყვანა. მოაწესრიგა, თმა გაკრიჭა და უთხრა, ხვალ დიდი დღეა, ახლა დაისვენე და ხვალიდან შენი ახალი ცხოვრების გზაზე სასიარულოდ მოემზადეო.

პატარა პაატა სიხარულისგან ცას ეწია, მთელი ღამე ვერ მოისვენა, ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა.

და აი, გათენდა. პატარა პაატა კონსერვატორიაში მიიყვანა უცნობმა კაცმა, კონსერვატორიის მასწავლებელი გადაირია მისი ნიჭიერებით, უმალ ჩარიცხა გუნდში და მისი ახალი ცხოვრების გზაც აქ დაიწყო.

დღე და ღამეს ასწორებდა პატარა პაატა, რათა სასურველი მიზნისთვის მიეღწია. თავს არ ზოგავდა, ჭამისთვისაც კი არ იტოვებდა დროს, რათა კარიერა მოეწყო. დადგა ნანატრი დღეც. წვერებიანმა ბიძიამ ჯადოსნური სიტყვები უთხრა: პაატა, ხვალ ლა სკალაში მიდიხარ, აბა, მოემზადეო.

პაატა წავიდა ლა სკალაში, ამასობაში დროც გავიდა, ის მსოფლიომ გაიცნო და მის არიებს ოპერის ყველა მოყვარული გულში თუ ხმამაღლა ღიღინებდა. ასე გავიდა დღეები, თვეები, წლები. პაატა უკვე ყველამ გაიცნო და გადაწყვიტა, თავისი ბავშვობის კვალობაზე, გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა. ფული ბევრი ჰქონდა, თუმცა საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა, და ადამიანების მეშვეობით გაჭირვებულებისთვის სახლებს ყიდულობდა, მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს.

იმ პერიოდში საქართველოში არცთუ კარგი ჟამი იდგა, ადგილობრივი მედია გადმოსცემდა, რომ ადამიანის უფლებები ილახებოდა, ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ, ქუჩაში ხალხს კლავდნენპაატა კი მღეროდა, მართავდა კონცერტებს და გაჭირვებულ ხალხს ეხმარებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს პაატამ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა, მოულოდნელად დაანება თავი სიმღერას და თქვა, _ ჩემს ქვეყანას უჭირს, უნდა დავეხმაროო და სასწრაფოდ შექმნა პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”. გააერთიანა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ასე დაიწყო მისი პოლიტიკური საქმიანობა.

ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ხმა გავარდა, პაატას ფული შემოელია და მისი პარტიიდან ხალხი გარბისო. პაატა გამოსავალს ეძებდა. კვირას, როდესაც ის აგარაკზე ტყეში ისვენებდა, ხის ქვეშ მჯდომ პაატას მოულოდნელად გირჩი დაეცა თავზე და…

გაგრძელება შემდეგ ნომერში.

გრიგოლ ინგაძე

1 COMMENT

  1. გირჩს კი გავდა მაგრამ თავზე რომ დაეცა, სუნით მიხვდა რომ \\\”ფუნა\\\” ყოფილა. მას მერე იგი თავიდან არ მოუცილებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here