Home რუბრიკები პოლიტიკა მონსტრების კორპორაციის საარჩევნო აღლუმი

მონსტრების კორპორაციის საარჩევნო აღლუმი

705

არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა, პარტიები ყველა მეთოდს მიმართავენ ამომრჩევლის ყურადღების მისაპყრობად და, ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, რომელ მათგანს გამოსდის ეს კარგად და რომელს _ ნაკლებად.

რესპუბლიკური პარტია რთულ მდგომარეობაშია. ის ბოლო მომენტამდე ებღაუჭებოდა მინისტრების სავარძლებს და, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ დარჩა დრო იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” სატელიტის როლიდან გამოვიდეს და ამომრჩეველთა წინაშე წარდგეს, როგორც სრულფასოვანი ოპოზიციური პარტია. პოსტები გაზაფხულზე რომ დაეტოვებინათ, პრობლემა, ალბათ, არ იარსებებდა. მის დაძლევას რესპულიკელები ხმაურიანი და ხშირად დემაგოგიური განცხადებების ხარჯზე ცდილობენ.

მაგალითად, დავით უსუფაშვილის წინადადებამ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების თაობაზე შეიძლება მოხიბლოს რადიკალური “პროდასავლელები”, მაგრამ მისი რეალიზება ხელშესახებ პერსპექტივაში შეუძლებელი ჩანს. ციტატა აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მოხსენებიდან (ავტორები არიელ კოენი და პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი): რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას”.

რესპუბლიკელების მცდელობა, მინიმალურ ვადაში მაქსიმალური დისტანცირება მოახდინონ “ქართული ოცნებისგან”, ზოგ შემთხვევაში, აშკარად კარიკატურულ ხასიათს იძენს. უარი ვუთხრათფულის ტომრებსპოლიტიკაში”, _ განაცხადა გასულ კვირას თინა ხიდაშელმა და ამას სოციალურ ქსელებში ჰომერული ხარხარი მოჰყვა, რადგანფულის ტომრებისძიებისა და აქტიური გამოყენების პროცესი რესპუბლიკური პარტიის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, რესპუბლიკელების ძალისხმევა საკმაოდ ქაოსურ შთაბეჭდილებას ტოვებს; იმის ალბათობა, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ, საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ოქტომბერში ნაციონალებთან უნისონში არჩევნების გაყალბებაზე იყვირებენ.

იგივე შეიძლება დაემართოს ირაკლი ალასანიას. მისი პარტია მმართველი კოალიციიდან გაცილებით ადრე გამოვიდა, მაგრამ სათანადოდ ვერ გამოიყენა დრო, რომელიც, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ნამდვილად ჰქონდა. “თავისუფალ დემოკრატებს” ცოტა სხვა ტიპის პრობლემა აქვთ _ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი პარტიის სრულფასოვან პოზიციონირებას და ამომრჩევლებისთვის იმის ახსნას, თუ რით განსხვავდებიან თუნდაც იმავე რესპუბლიკელებისგან, ნაციონალებისგან, ბურჭულაძის პარტიისგან და .. თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ სხვაობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის არ არის გამოხატული და გაშლილი მარტივ და გასაგებ ლოზუნგებში, რომლებიც მასებს მოხიბლავს. თავისუფალი დემოკრატებისსაარჩევნო კამპანია ამ მომენტამდე ფრიად ფერმკრთალია.

პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის სტარტზე საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მაგრამ მოგვიანებით სერიოზული სირთულეები შეექმნა. ჯერ ერთი, ბურჭულაძეს საკმაოდ ბევრი ხალხი გაექცა, ეს კი ნებისმიერი პარტიის იმიჯისთვის საზიანოა. რაც მთავარია, მან ვერ გააქარწყლა ფართოდ გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ “ნაცმოძრაობის” მარიონეტია; მეტიც, გაამყარა ის გირჩისადა გიორგი ვაშაძის ჯგუფის შემოერთებით. ვაშაძე, სხვათა შორის, დაუფარავად ამბობს: დიახ, მზად ვართ, ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ახალინაციონალური მოძრაობა”. ყოველივე ამან შეიძლება დააბნიოს და დააფრთხოს ელექტორატი.

სამივე ჩამოთვლილ პოლიტიკურ გაერთიანებას კომენტატორების მნიშვნელოვანი ნაწილი “მაღალი რისკის ჯგუფს” მიაკუთვნებს და ამა თუ იმ ფორმით მიუთითებს იმაზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მათ შეიძლება ხელი შეუწყონ “ნაცმოძრაობის” მიერ “მაიდნის” აგორების მცდელობას. საგულისხმოა, რომ მმართველი პარტია პოსტსაარჩევნო არეულობის თემაზე უკვე სრული სერიოზულობით საუბრობს. ნაციონალურ მოძრაობასმასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელსაც გამოიყენებს პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული”, _ განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ (ინტერპრესნიუსი). ეს, ალბათ, სრული კატასტროფაა _ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ არ ამოშანთა ქვეყნის პოლიტიკიდანნაცმოძრაობა”, როგორც მისი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მოითხოვდა, არამედ, ირაკლი კობახიძის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს და, შესაძლოა, განახორციელოს პროვოკაციები, რომლებსაცქართული ოცნებისწარმომადგენელი, ფაქტობრივად, აანონსებს.

ყველაზე მეტი ამომრჩეველი მმართველმა პარტიამ, სავარაუდოდ, იმიტომ დაკარგა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ნიურნბერგის პროცესი არ მოუწყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ნეპოტიზმი, უეფექტო მენეჯმენტი და უთავბოლობა. ერთადერთი პოლიტიკური ილეთი, რომელიცოცნებისხელმძღვანელობამ ამ წლების განმავლობაში აითვისა, შემდეგია: ის ნებისმიერ დაპირისპირებაში ახერხებსნაკლები ბოროტებისროლი მოირგოს და ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს დაუმტკიცოს, რომ ის, შესაძლოა, ცუდია, მაგრამ ოპონენტი (“ნაცმოძრაობათუ სხვა) გაცილებით უარესია. ალბათ, სწორედ ეს არისქართული ოცნებისკამპანიის ცენტრალური იდეა. ამასთანავე, ის ცდილობს, დააშინოს ამომრჩეველი სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხით, ხოლო პოზიტიური გზავნილების ნაწილში მისი კამპანია ერთობ ჰგავსმოქკავშირის” 2003 წლის კამპანიას, როდესაცაღმშენებლობადანარჩენი პროცესებისგან ცალკე, განყენებულად განიხილებოდა, რომელიც ამძაფრებდა სიყალბის განცდას.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს”, მან 10 თვის წინათ, შესაძლოა, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც შუალედური არჩევნების შედეგების გაპროტესტებისას ამორჩეველთა ემოციების მობილიზება და რადიკალური ლოზუნგების გამოყენება დაიწყო. “პატრიოტთა ალიანსმა” ვერ მიაღწია საგარეჯოს არჩევნების შედეგების გადახედვას და, ამასთანავე, გაღიზიანებული ელექტორატის ენერგია არ მიმართა სხვა მიმართულებით იმ პირობებში, როდესაც ამ მუხტის შენარჩუნება საპარლამენტო არჩევნებამდე შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის იმედგაცრუებისა და რეიტინგის კლების მიზეზი და ეს გასაკვირი არაა იმ პირობებში, როდესაც სტრატეგიული მიზანი (წარმატება საპარლამენტო არჩევნებში) მსხვერპლად შეწირეს ემოციებსა და ტაქტიკურ აუცილებლობას (“სახის შენარჩუნება” საგარეჯოს არჩევნების შემდეგ). “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, სავარაუდოდ, შეეცდება, ექსტრაორდინარული ზომების გამოყენებით მუხტი ისევ ააგდოს.

ნინო ბურჯანაძე კარგად მოქმედებს კრიტიკულ ვითარებაში რამდენიმედღიან მონაკვეთზე, მაგრამ მას ტრადიციულად უჭირს ძალების განაწილება და ხანგრძლივი კამპანიის წარმოება, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება. მაგრამ ბურჯანაძემ მიიღო შესაძლებლობა, რომელიც ადრე არ ჰქონდა _ მისთვის, ფაქტობრივად, “ოვერტონის ფანჯარა” გაიხსნა. საქმე ის არის, რომ “ცენტრისტებმა” და ვალერი კვარაცხელიას “სოციალისტებმა”, სანამ ცესკო მათ არჩევნებიდან მოხსნიდა, წამოაყენეს რუსეთთან სწრაფ დაახლოებაზე ორიენტირებული არაერთი ლოზუნგი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა, როგორც რადიკალური, და ამ ფონზე ნინო ბურჯანაძის იდეები საქართველოს უბლოკო სტატუსზე, პირდაპირ მოლაპარაკებებზე პუტინთან და ა.შ., წარმოჩნდა, როგორც ზომიერი, რომლის თაობაზე შეიძლება დისკუსიის გამართვა. ადრე ასე არ იყო, რადგან პროდასავლური ძალები ახერხებდნენ, პირველივე სტადიაზე დაებლოკათ ბურჯანაძის ინიციატივების ფართო განხილვა. ამჯერად მისი მდგომარეობა განსხვავებულია, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად გონივრულად გამოიყენებს ის ამ ახალ შესაძლებლობებს.

მრეწველებსადაეროვნულ ფორუმს კოალიციის დატოვების შემდეგ დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებიათ, დრო და დრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიების ლიდერები სრულ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ და ყოველგვარი გეგმის გარეშე, სიტუაციური რეაგირების რეჟიმში მოქმედებდნენ. აქაც, ისევე, როგორც რესპუბლიკელების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი იყო დროის ფაქტორი _ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მოითხოვდა, რომ ამ პარტიებს მმართველი კოალიცია გაცილებით ადრე დაეტოვებინათ და მთავრობისთვის ოპონირება გაეწიათ. რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, ის სტარტზე საკმაოდ აქტიური იყო, მაგრამ შემდეგ ტემპი დააგდო. ამასთანავე, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დადასტურდა, რომ ერთი კაცი ან რამდენიმე თანამოაზრე არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სრულყოფილი პარტია, რომელიც არჩევნებში წარმატების მიღწევას შეძლებს; საჭიროა სხვა, გაცილებით საფუძვლიანი სტრუქტურა და საარჩევნო სტრატეგია.

იმ პოლიტიკური გაერთიანებებიდან, რომლებიც “უმაღლეს ლიგაში” მოსახვედრად (ან დასაბრუნებლად) იბრძვიან, დაკვირვებისთვის საინტერესოა “საქართველოს მშვიდობისათვის”, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ შექმნა. ის არ ფლობს დახვეწილ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს, მაგრამ არ ცდილობს ზოგადეროვნული მასშტაბით იმუშაოს, რაც საქართველოში ძალიან დიდი იშვიათობაა, არამედ ცდილობს, უწინარესად, აითვისოს კონკრეტული კლასტერი _ ბოლოდროინდელი ომების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები. თუ ამ ნიშის დაკავებას მოახერხებს, მომავალში სხვა პარტიებისთვის სასურველი კოალიციური პარტნიორი გახდება.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას , მსჯელობა მის წინასაარჩევნო ძალისხმევაზე საკმაოდ რთულია ორი მიზეზის გამო: პირველი _ მოქალაქეების დიდი ნაწილი არ განიხილავს “ნაცმოძრობას”, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალას, და ძალიან ღიზიანდება, როდესაც მას ასე უდგებიან და სხვა პარტიებს ადარებენ. ამასთანავე, საკმაოდ ძნელი დასადგენია, რა აინტერესებს ყოფილ მმართველ პარტიას _ არჩევნებში წარმატების მიღწევა თუ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. არის ფაქტები, რომლებიც როგორც ერთ, ისე მეორე ვერსიას ამყარებს. აქედან გამომდინარე, ალბათ, სჯობს, “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა დროს დავუბრუნდეთ, როდესაც საუბარი არა არჩევნებზე, არამეს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გვექნება, რადგან სააკაშვილის მიმდევრებმა ოქტომბერში პრობლემები შეიძლება სწორედ უსაფრთხოებას შეუქმნან.

ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება ჯორჯ ორუელის ფოტო და მის გვერდით მოყვანილია ციტატა, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად გადმოსცემს წლევანდელი არჩევნების არსს: ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ ლუზერებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მსხვერპლნი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან”. საგულისხმოა, რომ იქ არაფერი წერია მკვლელებზე, ჯალათებზე, მწამებლებზე _ მათზე, ვინც კანონის სახელით ადამიანებს აუპატიურებდა; სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ჯორჯ ორუელიც კი, რომელმაც “1984”-ის კოშმარული სამყარო შექმნა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება კენჭი იყარონ და, არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე ცინიკური ლოზუნგი ააფრიალონ _ “ძალადობა აღარ იქნება!”.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. \\\”ნაციონალბანდიტებს\\\” შეცდომები და გადაცდომები არ ქონიათ, მათ სისხლიანი კრიმინალი და მკვლელობები ქონდათ, ესენი თავის დამქაშებთან ერთად თანამონაწილენი არიან. აქვე ჩასაფრებულან კაპიტანი გიაური და ლომჯარია ხუშტურიები. პირწვარდნილი ნაციონალები. ვაშაძე, რეტიანი, აბაშიძე, წერეთელი, \\\”მიშა ნაძირალას პუდელი\\\” დ. ბაქრაძე წარბებგადაჯაჭვული სპარსელი, უთავმოყვარო კანდელაკი და \\\”სააკაშვილის კაჭკაჭი\\\” ზურა ჯაფარიძე. ხომ კლავდით ხალხს ხომ ძარცვავდით, ხომ იყავით ბედნიერნი, ქართველთ სისხლისმსმელებო.

  2. ჯ.ორუელის მოღვაწეობას არ ვიცნობ მაგრამ, მსგავსი შეფასება მეც გამიკეთებია არაეროვნულ, დამნაშავე და სისხლიან \\\”ნაცმოძრაობაზე\\\”.
    \\\”ადამიანები ვინც მხარს უჭერს \\\”დამნაშავე ნაც მოძრაობის რეჟიმს\\\” არიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების \\\”თანამზრახველები.\\\”
    დიმიტრის ანალიტიკური სტატიები ცოცხალი, საინტერესო, დროული, ჭკუადსაღები და აქტუალურია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here