აშკარად უმართლებს საქართველოს! ბოლო პერიოდში ასპარეზზე ისეთი გენიალური მოღვაწეები გამოჩნდნენ, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდებით _ იბერია აუცილებლად გაბრწყინდება!
სხვას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქალბატონის მიერ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეშინება რად ღირს. განა არ გვახსოვს, როგორ ცახცახებდა შიშისგან ვალოდია, როგორც კი თინას სახელს უხსენებდნენ?
მართალია, ჯერაც ვერავინ ახსნა ეს წმინდა ქართული ფენომენი და ჯერაც არავინ იცის, როგორ ახერხებდა მთავარსარდალი თინა, ასე სასტიკად დაეშინებინა მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი.
თუმცა, არც არის აუცილებელი, ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა, ამოვხსნათ ის ფენომენი, რომელსაც ასე იდუმლად ფლობენ ახალი ქართველი მოღვაწეები. ჩვენ მათ დონეს მაინც ვერ შევწვდებით ვერასოდეს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა.
დიახ, სწორედ ისე, როგორც თინა-მინისტრმა ჯარისა და არმიის გაუქმება გვაუწყა, განათლების მინისტრი სკოლების გაუქმებას აპირებს.
“რა საჭიროა ბავშვმა დაიმახსოვროს, რომელ ქვეყანაში რა სასარგებლო წიაღისეულია, როდესაც არსებობს “გუგლი”? დაგჭირდა? დაგუგლე და გაიგებ”, _ განაცხადა მინისტრმა და, როგორც ჩანს, ზარმაცი მოსწავლეების დიდი მხარდაჭერაც დაიმსახურა.
მართალიცაა! რა საჭიროა ამდენი ვაება, წვალება, სასექტემბრო მზადება, ჯანდაბა და უბედურება. ან უმაღლესი სასწავლებლები რა საჭიროა?! საერთოდაც, რა საჭიროა სამსახურებში პროფესიონალი კადრების შერჩევა და მიღება? ან სულაც პროფესიებად ადამიანების დაყოფა რა საჭიროა?
*დაგვჭირდა ზეინკალი? ვნახოთ “გუგლიში”, როგორ კეთდება საზეინკლო სამუშაოები და გავაკეთოთ!
*დაგვჭირდა ტორტის გამოცხობა? “გუგლი” ყველანაირ რეცეპტს გვასწავლის!
*გვინდა, გავერკვეთ, როგორ იგეგმება მაკროეკონომიკა? აგერაა “გუგლი” და რისთვის გვჭირდება უამრავი სპეციალისტის დაქირავება და ფულის გადახდა?!
*მტერი დაგვესხა თავს და გვჭირდება გამოცდილი სამხედრო საქმის მცოდნე სარდალი? მეტი საქმე არ გაქვთ? აგერაა “გუგლი” და უცებ გვასწავლის, როგორ უნდა ვაწარმოოთ თავდაცვითი ომი დამპყრობლის წინააღმდეგ.
მესმის, რომ განათლების მინისტრს უამრავი მოწინააღმდეგე შეიძლება ჰყავდეს, რადგან ეს ზარმაცი ხალხი მიეჩვია დილით სამსახურში წასვლას და საღამოს შინ დაბრუნებას და ეზარება “გუგლიში” “დასერჩვა”!
თუნდაც ელემენტარული აიღეთ: რომ დასხდებიან პრესკონფერენციებზე ეს ძველმოდური თანამდებობის პირები და ჟურნალისტმა თუ სახელი და გვარი, ასევე თანამდებობა ჰკითხა, იმ წამს თვალის დაუხამხამებლად პასუხობენ, სწორია ეს?
იქნება გეშლება, ადამიანო?! ხომ უნდა დარწმუნდე, რომ ჟურნალისტი შეცდომაში არ შეგყავს და მართლაც შენს სახელს, გვარსა და თანამდებობას ეუბნები?! ხომ უნდა იყო დარწმუნებული, რომ არ ატყუებ მედიის წარმოადგენელს?
ჰოდა, თუ გკითხეს სახელი, გვარი და თანამდებობა, დაგუგლე რა, შე კაი ადამიანო, და ისე უპასუხე! იქნებ სულაც დაგავიწყდა, რა თანამდებობაზე ხარ და რა გევალება, რა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული ქვეყნის წინაშე?! ხომ უნდა შეგახსენოს ვინმემ, “გუგლიმ” მაინც?!
მასე აბარავა