Home რუბრიკები საზოგადოება თინა ნატომ “ფეისბუქიდან” წაშალა!

თინა ნატომ “ფეისბუქიდან” წაშალა!

638

გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვის წინათ თინა ხიდაშელისა და მისი პარტიის წევრების საიდუმლო ვიზიტი მთავრობის კანცელარიაში, როდესაც მის თანამდებობას საფრთხე დაემუქრა. იმჟამინდელმა ღამემ დიდი ლეწვაგლეჯით ჩაიარა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩაწყნარდა. როგორც ამბობენ, თინას ისტერიკამ ამჯერად ვეღარ გაჭრა და ისიც მიხვდა, რომ, სადაც არ სჯობდა, გაცლა სჯობდა. აიკრა გუდანაბადი ქმართან და მეგობრებთან ერთად და კარიც გაიჯახუნა _ მეხიც დაგცემიათ თავზეო!

ნეტავ, რა მოხდა იმ საღამოს, როდესაც თინა სამსახურიდან გაუშვეს?

ეს კითხვა არ ასვენებდა და დღემდე არ ასვენებს ჩვენს ცნობისმოყვარე კორესპონდენტს და, რომ არა ჩვენი მეორე, ფანტაზიორი კორესპონდენტი, ალბათ, საბოლოოდ დაკარგავდა მოსვენებას. ჩვენმა ფანტაზიორმა კორესპონდენტმა კი, არ ვიცით საიდან და როგორ მოიგონა, მაგრამ, აი, რა მოგვიყვა:

საღამო იყო, წინწკლავდა, ეზოში “ტაქსი” გაჩერდა, იქიდან თინა გადმოვიდა, მძღოლს სულ მადლობას უხდიდა, დაემშვიდობა და სადარბაზოში ლიფტთან გაჩერდა, თან 5-თეთრიანს ეძებდა. სანამ ლიფტი მოვიდოდა, სევდიანად ამოიხვნეშა, ამასობაში კარი ჭრიალით გაიღო და თინამაც ჩააგდო ფული.

შევიდა შინ, კარის დაჯახუნების ისეთი საშინელი ხმა იყო, თითქოს აფეთქდა. აშკარად ცუდ განწყობაზე იყო, მაგრამ ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა.

_ მოხვედი, თინ? _ ჰკითხა მეუღლე დავითმა

_ ჰო, მოვედი, დავწერე განცხადება და წამოვედი, _ სევდიანად უპასუხა თინამ.

_ ჩვენებიდან ნახე ვინმე? _ ჰკითხა დავითმა.

_ ლევანი და დათო დავტოვე ავტობუსის გაჩერებაზე, მე “ტაქსის” გამოვყევი. ისეთი დათრგუნვილები იყვნენ… 5 ლარი ჰქონდა ორივეს და ჩქარობდნენ, მაღაზიაში პური არ გათავდესო.

დავითმა სინანულის გამომეტყველება მიიღო და მეუღლეს ჟოლოს ჩაი შესთავაზა, თან უთხრა, საინტერესო პროექტი მაქვს, შევაგდოთ და იქნებ დაგვაფინანსონო.

_ რა პროექტია? _ ჰკითხა თინამ.

_ ამაზე მოგვიანებით, ახლა შხაპი მიიღე და დაისვენე, მძიმე დღე გქონდა, _ უპასუხა მზრუნველმა მეუღლემ.

თინამ გაიხადა ფეხსაცმელი, ტახტის ქვეშ შეყარა და წამოწვა, შემდეგ პულტი მოიმარჯვა და 9-საათიან “კურიერს” ჩაუჯდა. დავითი მშვიდი სახით, მაგრამ მაინც ბოლთას სცემდა _ გადიოდა, გამოდიოდა, ხან აივანზე გავიდოდა, ხან ფანჯარაში გაიხედავდა.

უცებ ძილბურანში წასულმა თინამ მეუღლეს უთხრა:

_ ნატოს წავუშლივარ “ფეისბუქიდან”, ნახე?

_ რას ამბობ?! _ შეიცხადა დავითმა.

_ ჰოო, არც კი ამიხსნა, რატომ გააკეთა ასე. გამიკვირდა, აღარც ლაიქები იყო, აღარც _ კომენტარები. გადავამოწმე და ვნახე, რომ აღარ ვართ მეგობრები.

_ და შენზე უკეთესი ვინ უნდა დაემატებინა _ მეჭიაური თუ ბურჭულაძე?

_ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ, რაც გამომიშვეს, რუსულმა გავლენამ იმატა ნატოზე. მე რომ ვიყავი, ვერ ბედავდა ასეთ რაღაცებს და, დღეს რომ ვნახე, შუფუტინსკის სიმღერა ჰქონდა გაზიარებული, ალბათ, იმიტომ წამშალა, რომ არ მენახა.

ამ ლაპარაკში თინას დაღლილობისგან ჩათვლიმა, დავითმა მას სათვალე მოხსნა და შუქი ჩაუქრო, თვითონ კი სამუშაო კაბინეტში გავიდა და პროექტზე მუშაობა განაგრძო.

ღამის 3 საათი იქნებოდა, ცაზე მოულოდნელად თეთრი ნათება გამოჩნდა და პირდაპირ თინას ფანჯარაში შეიჭრა.

_ ვაიმეე! _ იყვირა თინამ.

_ დაწყნარდი თინა, მე ვარ! – უთხრა ნათებამ.

_ ბატონო ბიძინა? _ შეიცხადა თინამ.

_ ჰო, მე ვარ, ვიცი, ახლა რა მდგომარეობაშიც ხარ, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და ისე არ დაგტოვებ, ცოტა მოითმინე, თორემ შემჭამეს რუსებმა, _ ამ ქალმა მოსვენება დაგვიკარგაო. ცოტა დაისვენე, ისინიც დაწყნარდებიან, ამასობაში რამეს მოვიფიქრებთ, ფულზე არ ინერვიულო, ხელფასს ყოველთვე გამოგიგზავნი, _ უთხრა ნათების სახით მოვლენილმა ბიძინამ, თან გააფრთხილა, ჩემ მოსვლაზე არავის უთხრა, ჩვენ შორის დარჩესო.

შემდეგ გამოაღო ფანჯარა და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.

გრიგოლ ინგაძე

1 COMMENT

  1. Tinas da daviTs agar hirdebat bidzos nateba magat beeeeeeevri aqvt dagrovili .qartveli mosaxleobis fanjrebsi hemoanate bidzo ..ogond ekonomikurad gaadzliere qveyana .. ro xalxma cxovrebis interesi gagvegvidzos … (segidzlia da ra jandabas elodebi rom amovwydebit shimshilit ….

  2. რას არ მოიგონებთ… ახლა ეს რამდენს ეგონება,რომ მართლა ასე იყო. ბეჭდურ თუ ტელე მედიაში გასული ნიუსები ბევრს გონია,რომ ჭეშმარიტებაა! გესმით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here