Home რუბრიკები პოლიტიკა წაგებული ომი და დაუსჯელი დამნაშავეები

წაგებული ომი და დაუსჯელი დამნაშავეები

713

აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე ურიგო არ იქნება, ერთი ძველი განცხადების გახსენება: “საჭიროა, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობსრატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რომელმაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა”.

ეს ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 12 აპრილს განაცხადა. მას შემდეგ სამ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ზემოჩამოთვლილი ყველა კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროში ამ მიმართულებით ჩატარებულმა სამუშაომ შესამჩნევი შედეგი ვერ გამოიღო და ეს, ალბათ, კიდევ ადასტურებს ივანიშვილის ხელისუფლების უუნარობას; მას, როგორც ჩანს, არ შეუძლია თუნდაც ერთი საქმე მიიყვანოს ბოლომდე.

ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ გამოძიება, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აწარმოებს, და საქართველოს პროკურატურის საქმიანობა. ბენსუდა ომის პერიოდში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს იძიებს და მას არ ეხება, ვინ და რატომ მიატოვა ქართველი რეზერვისტები ან რატომ არ მოახდინა სააკაშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

შესაძლოა, ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მოახერხაშიდა ქართლშიგამოძიების ფორსირება და ასპარეზი ფატუ ბენსუდას დაუთმო, არის შიში, რომ ნაციონალები მასპუტინის დაკვეთისშესრულებაში დაადანაშაულებენ. პროცესები ისედაც მიდის მთავრობისთვის სასურველ კალაპოტში. თუ ჰააგის სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ მოხდა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, ეს სეპარატისტული ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევს. თუ პარალელურად გაირკვევა, რომ სააკაშვილის ან მისი რომელიმე ხელქვეითის ესა თუ ის ბრძანება ან ქმედება დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა, ეს “ქართულ ოცნებას” დიდად არ დაამწუხრებს, უფრო _ პირიქით. ერთი შეხედვით, ეს პოზიცია პრაგმატულია, მაგრამ მასში, ალბათ, არის რაღაც ამორალური. როდესაც, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არ ხდება იმ საქმის გამოძიება, რომლის დანაშაულის ნიშნები აშკარაა და რომელიც ამდენი ადამიანის დაღუპვას ეხება, ეს ანგრევს სახელმწიფოს და უკარგავს მოქალაქეებს სურვილს, ემსახურონ მას.

ახალმა ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, “ცხოვრება მოიწყო”. როდესაც მის წარმომადგენლებს მიუთითებენ, რომ ამა თუ იმ საქმის, ზოგ შემთხვევაში კი მთელი სფეროს მიმართ, სამართლიანობის აღდგენა არ ხდება, ისინი ხშირად პასუხობენ, რომ ამისთვის დრო და რესურსი არ ჰყოფნით. მაგალითად, ცოტა პროკურორი ჰყავთ, რომლებიც ისედაც გადატვირთულნი არიან. არადა, ჩვენ იმისთვის კი არ ვირჩევთ ხელისუფლებას, რომ პრობლემებზე მიუთითებდეს, არამედ იმისთვის, რომ წყვეტდეს მათ. მართალია, აგვისტოს ომზე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელისუფლება პროკურორების უკმარისობას ან სხვა მსგავს სისულელეს არ იმიზეზებს, მაგრამ დრო გადის, ხანდახან გვესმის, რომ თითქოს მიმდინარეობს რაღაც ბუნდოვანი “მოკვლევა”ან “შესწავლა”, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს.

1942 წელს, როდესაც ბრიტანელთა ღირსებისთვის დამამცირებელ გარემოებაში დაეცა სინგაპური, უინსტონ ჩერჩილი დახურულ მოსმენაზე პარლამენტში გამოვიდა წინადადებით _ ომის დასრულების შემდეგ მომხდარი გამოეძიებინათ. მისი განცხადება 1946-ში გამოქვეყნდა და ავსტრალიის მთავრობა (ამ ქვეყანამ სინგაპურში ბევრი ჯარისკაცი დაკარგა) დაინტერესდა, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გამოძიების დაწყებას. ლონდონში პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების კონსულტაციები დაიწყო და გაირკვა, რომ საქმე რამდენიმე გენერლის დასჯით ვერ შემოიფარგლებოდა და თითქმის გარანტირებულად დადგება იმ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ე.წ. სინგაპურის სტრატეგიაზე და დანაშაულის ტოლფას შეცდომებს უშვებდნენ. დიდი ალბათობით, დაზარალდებოდა ყველა _ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, და ზიანი დიდი ბრიტანეთის ელიტას მიადგებოდა, ამიტომ ლონდონში გადაწყვიტეს, გამოძიება არ დაეწყოთ. შესაძლოა, სწორედ იმ დღეს გაწყდა უკანასკნელი ძაფი, რომელიც ავსტრალიას ბრიტანეთის იმპერიასთან აკავშირებდა. ავსტრალიელებმა ბრიტანელებს ეს გადაწყვეტილება დღემდე არ აპატიეს. სინგაპურის დაცემიდან 50 წლის შემდეგ, 1992-ში, ავსტრალიის პრემიერმინისტრი პოლ კიტინგი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში დიდ ბრიტანეთზე ასე საუბრობდა: “ქვეყანა, რომელმაც მიატოვა სინგაპური და არ დაგვიბრუნა ჩვენი ჯარები მაშინ, როდესაც ისინი იაპონურ საფრთხესთან ბრძოლისთვის გვჭირდებოდა”. ლონდონის გადაწყვეტილებამ ანალოგიური რეაქცია გამოიწვია ახალ ზელანდიაშიც. გაივლის კიდევ 50 წელი, მაგრამ, 99%-იანი ალბათობით, განწყობა არ შეიცვლება და ეს თავმოყვარე ერის ბუნებრივი რეაქციაა. მანამ, სანამ პასუხგაუცემელია კითხვა _ “რატომ დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები?” _ (საქართველოს შემთხვევაში საქმე, მშვიდობიან მოქალაქეეებსაც ეხება) ნორმალურ საზოგადოებას დამშვიდების უფლება არ აქვს.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც ე.წ. დუბოვაია როშჩაში 42-ე ბატალიონი დაიბომბა და 20-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ბევრი კი _ დაიჭრა. გენერალ გია ყარყარაშვილის წიგნში “ეს ჩემი სამშობლო იწვის” შემდეგი რამ წერია: დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხეთაგუროვოზე წარმატებული შეტევის შემდეგ მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელობა ისე იყო დარწმუნებული იოლ წარმატებაში, რომ ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები თავშეყრის რაიონში დატოვეს, . . ბატალიონს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები არ გააჩნდა”. ჩნდება კითხვა _ უნდა დააზუსტოს თუ არა გამოძიებამ ეს ინფორმაცია? აქვე შეიძლება დაისვას მეორე კითხვა: როგორ აღმოჩნდა ბატალიონიდუბოვაია როშჩაში”? ის მთავარი მიმართულებიდან მოხსნეს და ცხინვალისკენ გაუშვეს, მაშინ, როდესაც მე-3 და მე-4 ბრიგადის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად დიდი გუფთისკენ უნდა გადაადგილებულიყო (ხეთაგუროვოსა და ძარის გზის მხრიდან). ამას მოითხოვდა როგორც ოპერაციის გეგმა, ისე ჩვეულებრივი ლოგიკა, მაგრამ 42-ე ბატალიონი ცხინვალისკენ “მოატრიალეს”.

დასაწყისში არ იგეგმებოდა ცხინვალზე შეტევა, ეს უკვე შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა”, _ ასე უპასუხა გაერთიანებული შტაბის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ზაზა გოგავამ საპარლამენტო კომისიის წევრების კითხვას. ეს კი, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ 42- ბატალიონიდუბოვაია როშჩაშირაღაც გაუგებარი იმპროვიზაციის შედეგად აღმოჩნდა. სამხედრო აუცილებლობა მოითხოვდა სასწრაფო წინსვლას ჩრდილოეთით, მაგრამ პროპაგანდისტული ეფექტისთვის სააკაშვილს სჭირდებოდა გადასატანი ტრიბუნის ცხინვალში შეტანა და მგზნებარე სიტყვის წარმოთქმა, და, შესაძლოა, სწორედ ამის გამო დაიწყო ქალაქის ქაოსური შტურმი. ეს ვერსია არაერთმა კომენტატორმა გამოთქვა. ნუთუ ყოველივე ეს არ უნდა გამოიძიონ?!

თქმული არ ნიშნავს, რომ ამ გამოძიების შედეგი აუცილებლად ამა თუ იმ ხელმძღვანელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას გამოიწვევს, მაგრამ ერს აქვს უფლება, ზუსტად იცოდეს, რატომ დაიღუპნენ მისი სამხედროები; აგრეთვე, ის, თუ რატომ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა და არ დაიწყეს ევაკუაცია. ხელისუფლება, უბრალოდ, გაუჩინარდა _ რუსეთის 76- სადესანტომოიერიშე დივიზიის მეთაურმა გორში ლადო ვარძელაშვილის კაბინეტის კედელზე დაწერა: “გუბერნატორ, ვერნის სვოემუ ნაროდუ, ტრუს!” (გუბერნატორო, დაბრუნდი საკუთარ ხალთან, შე ლაჩარო!). იმ მომენტში ქალაქის მოსახლეობას უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ ჰქონდა, სააკაშვილის რეჟიმმა მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ყოველივე ამას ფატუ ბენსუდა არ გამოიძებს, თვითონ ქართველებმა უნდა დაადგინონ, რატომ არ განხორციელდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან, გორიდან და მიმდებარე სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ცალკე თემაა კოდორის ხეობისა და ახალგორის რაიონის დატოვება, მაშინ, როდესაც სარკოზის სამშვიდობო მისია უკვე დაწყებული იყო, რუსებმა მიაღწიეს თავისი ოპერაციის დეკლარირებულ მიზნებს და მათ, დიპლომატიურ ფრონტზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, არ ჰქონდათ “დამატებითი დრო” იმისთვის, რომ კოდორის ხეობის თუნდაც რამდენიმედღიანი შტურმი ეწარმოებინათ. მისი დატოვების ბრძანება ვანო მერაბიშვილმა გასცა (თუ დავეყრდნობით მისივე განცხადებას საპარლამენტო კომისიის სხდომაზე).

სიტუაციის აბსურდულობის თვალსაზრისით, ყველა რეკორდი მოხსნილია. ხელისუფლება, ფაქტობრივად, აფერხებს საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მძიმე მარცხისა და თანმდევი მოვლენების გამოძიებას, სავარაუდოდ, იმის შიშით, რომ მთავარი ეჭვმიტანილები მას რუსეთის აგენტობაში დაადანაშაულებენ, და ჰააგელი პროკურორების ზურგს უკან იმალება.

კიდევ ერთი მაგალითი უცხო ქვეყნების გამოცდილებიდან: როდესაც არგენტინაში ყოფილი დიქტატორი, გენერალი ლეოპოლდო გალტიერი გაასამართლეს, ის უდანაშაულოდ ცნეს ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებში, რამაც უფლებადამცველები ფრიად გააკვირვა. მაგრამ მას 12 წელი მიუსაჯეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისთვის, რომლებიც ფოლკლენდის წარუმატებელი ომის დროს შეიარაღებული ძალების მართვის პროცესში დაუშვა. ეს შედარებით რბილი განაჩენი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინის არმიის შიდა მოკვლევა, ე.წ. რატენბახის მოხსენება გალტიერის დახვრეტის რეკომენდაციას შეიცავდა.

აქ შეიძლება გაჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა _ სად გადის ზღვარი შეცდომასა და დანაშაულს შორის, საქმე ის არის, რომ დისკუსია ამ თემაზე ვერ ჩაანაცვლებს გამოძიებას და სასამართლოს, რომელმაც, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკუთარი სიტყვა მკაფიოდ უნდა თქვას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ივანიშვილის ხელისუფლება ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა გახმაურებულ საქმეებზე საზოგადოებრივი კომისიების შექმნას, რომლებიც “პარალელურ გამოძიებას” ჩაატარებდნენ (მაგალითად, ლაფანყურის მოვლენებზე). ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებამ ხელისუფლების პოზიციას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კომისიის შექმნით ან რომელიმე სხვა გზით პროკურატურას გააქტიურება აიძულოს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სრულყოფილი გამოძიება ერთგვარი ტესტია, რომლის ჩაბარების გარეშე საქართველო შემდგარ სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლება.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. კარგია სხვის ოჯახებში ახალგაზრდა ბიჭების კუბოები? და თქვენები საზღვარგარეთ უნდა
    სწავლობდნენ? მოგეწონებათ არაფრის გამო, ვიღაცის პირადი ინტერესის გამო სახლში
    შვილის კუბო რომ მოგისვენონ? ყველას უნდა მიეზღას დანაშაულის მიხედვით. პატიება
    შეუძლებელია. მოღალატეები და სამშობლოს გამყიდველები უნდა დაისაჯონ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here