Home რუბრიკები საზოგადოება 1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება

1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება

654

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეს ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ:

• შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან.

დღეს აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუწია, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და დამატებითი რესურსის ხარჯვას ნიშნავს.

ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა. აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს.

პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისთვის დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე.

ამასთანავე, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს.

• სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში.

დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა. სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.

ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა ვეღარ შეუშლის ხელს მიწის რეგისტრაციას, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისთვის.

გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.

• სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება.

მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების სასამართლოს გარეშე მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი, ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1 COMMENT

  1. იtu sheidzleba mipasuxet,sazgvari romelic arsebobs 100 weli da metia,sheidzleba tuara daargvios mosazgvrem raime mizezit tundac wina 20wlis winat dafiqsirebuli araswori azomvis gamo da ar sheiyvanos saqmis kurshi mezobeli da miizomos tviton chumad da tqvas chemia. ramdenad realuria es da sheesabameba tuara simartles,roca rom sazgvari iyo saukunis?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here