Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენს “სტრატეგიულ პარტნიორს” ურჩევნია, საქართველოში ჰყავდეს არა ახალწვეულები, არამედ კონტრაქტორი ჯარისკაცები, რომლებსაც...

“ჩვენს “სტრატეგიულ პარტნიორს” ურჩევნია, საქართველოში ჰყავდეს არა ახალწვეულები, არამედ კონტრაქტორი ჯარისკაცები, რომლებსაც უფრო მარტივად მართავს”

744

ხალხი, რომელსაც არ სურს, გამოკვებოს საკუთარი არმია, იძულებული იქნება, გამოკვებოს სხვა ქვეყნის არმია.”

ნაპოლეონ ბონაპარტე

თავდაცვის სამინისტრო სამხედროსავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. თავდაცვის მინისტრმა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა განაცხადა: “ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებიან წვევამდელები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნილება. შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური პრესტიჟულია და არავის სჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი…” ახალგაზრდები, რომლებმაც მოიხადეს სამხედროსავალდებულო სამსახური, ამბობენ, რომ ქართულ ჯარში ძალიან დაბალ დონეზეა სწავლება, ახალწვეულები საჭირო ცოდნას ვერ იღებენ, რაც დაბალი პროფესიონალიზმის მქონე ოფიცერთა კადრების ბრალია. ახალგაზრდები თვლიან, რომ სამხედროსავალდებულო გაწვევის გაუქმება ქვეყნისთვის საზინოა, თუმცა, თუ ახალწვეულთა სწავლებას გავითვალისწინებთ, ნამდვილად არ ღირს ერთი წლის ფუჭად დაკარგვა. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება, მინისტრმა კი არა, ამერიკამ მიიღო. ამერიკას ხელს აძლევს, ქართულ ჯარს ჰყავდეს კონტრაქტორი ჯარისკაცები, რომლებიც გადამხდელის მითითებისამებრ უყოყმანოდ მიიღებენ მონაწილეობას აშშსა და ნატოს სხვადასხვა სამხედრო კამპანიაში. აი რას ამბობენ თბილისელი ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებაზე:

ლექსო ოქრუაშვილი, 21 წლის:

_ ეს გადაწყვეტილება ამერიკის დაკვეთა იყო. მას ხელს არ აძლევს, რომ საქართველოს ჰყავდეს ჯარი, ქვეყანას ჰყავდეს მეომრები, რომლებიც, ფულის გამო კი არა, სამშობლოს სიყვარულის გამო დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს. მათ სჭირდებათ კონტრაქტორები, რომლებსაც ატარებენ თავიანთ ჭკუაზე, წვევამდელები კი ასეთებად არ გამოდგებიან, და სწორედ ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ხიდაშელმა, უფრო ზუსტად _ ამერიკამ. სწორედ ამიტომ ასუსტებდნენ ჯარს ნელ-ნელა, არ არის სწავლება, დღეს ჯარი არაფრისმომცემია. ახალგაზრდები ჯარში რომ არ წასულიყვნენ, რას აღარ აკეთებდნენ _ მაგალითად, ჩემმა მეგობარმა 5 კილოც კი დაიკლო ერთ კვირაში, ვენებს იჭრიდნენ და ა.შ.

გიორგი კალატოზიშვილი, 21 წლის:

_ ქართულ ჯარში, ლოგინის გასწორების გარდა, არაფერს ასწავლიან. ახალწვეულს წაიყვანენ პოლიგონზე, გაასროლინებენ ერთ ტყვიას და მორჩა. ერთი ტყვიის გასროლის გამო მიჰყავთ ერთი წელი. ამას არ სჯობს, გააკეთონ ორკვირიანი სასწავლო კურსები და ახალგაზრდებს იარაღის ხელში დაჭერა მაინც ასწავლონ? ამის კარგი მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი. გამოიძახეს თავიანთი მომზადებული ბიჭები და რა შერჩათ ხელში? – იარაღის სროლა არ იცოდნენ. თუ ჯარში გვიწვევთ, ისეთი სწავლება მაინც უნდა იყოს, რომ გვიღირდეს წასვლა და საფუძვლიანი ცოდნა მივიღოთ. ან ის რა ჯარია, საელჩოებთან რომ დგანან? რომ გავიგე, რა პირობები იყო ჯარში, მივხვდი, ტყუილუბრალოდ უნდა დამეკარგა ერთი წელიწადი. გავიკითხე, თუ შეიძლებოდა მოგვიანებით სასურველ დროს წასვლა და, ერთი წელი რომ გადამევადებინა, 500 ლარი უნდა გადამეხადა. ანუ რა გამოდის? _ საქართველოს თავდაცვის სისტემა კონცენტრირებული იმაზე კი არ არის, ქვეყანას მომზადებული ჯარისკაცები ჰყავდეს, არამედ იმაზე, რომ გაწვევის მეშვეობით ფული იშოვოს.

ირაკლი ხარშილაძე, 21 წლის:

_ ჯარში გაწვევის გაუქმება შეიძლება გამართლებული იყოს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სწორ პოლიტიკას ატარებს ან ნეიტრალიტეტს იცავს. ამას რომ ვიტყვით, ყველას გაახსენდება შვეიცარია, რომელიც ნეიტრალიტეტს კი იცავს, მაგრამ საკმაოდ დიდი არმია ჰყავს. შვეიცარიელებმა შექმნეს სამხედრო პუნქტებისა და მიწისქვეშა ბუნკერების სისტემა და ქვეყანაში შეჭრილ მტრის ჯარს სიურპრიზი ელის გვირაბებისა და ხიდების გავლისას, რადგან ეს ყველაფერი დანაღმულია და შვეიცარიელები ომის შემთხვევაში ააფეთქებენ. მიუხედავად ნეიტრალიტეტისა, შვეიცარია მზად არის საფრთხის თავიდან აცილებისთვის. საქართველოს პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ გვჭირდება კარგად მომზადებული ჯარი, მაგრამ ამას ხელს ნამდვილად არ უწყობს გაწვევა. დღეს ახალწვეულებს სათანადოდ არ ამზადებენ. ამას გეტვით ყველა, ვისაც სამხედრო-სვალდებულო სამსახური გავლილი აქვს.

გიორგი ბლიაძე, 22 წლის:

_ დღეს ქართული ჯარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, არადა, ყველაზე დიდი ბიუჯეტი სწორედ თავდაცვის სამინისტროს აქვს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი ჯარი. განა ჩვენ არ გვინდა, შეგვეძლოს ქვეყნის დაცვა? აუცილებლად წავალ ჯარში ერთი წლით, თუ მეცოდინება, რომ შესაბამის ცოდნას მომცემენ და, რამე რომ მოხდეს, ჩემს ქვეყანას გამოვადგები, მაგრამ ამაზე სახელმწიფო არ ფიქრობს. ჩვენსსტრატეგიულ პარტნიორსურჩევნია საქართველოში ჰყავდეს არა ახალწვეულები, არამედ კონტრაქტორი ჯარისკაცები, რომლებსაც უფრო მარტივად მართავს.

მინისტრის გადაწყვეტილებასა და ახალგაზრდების მოსაზრებებს გენერალი ტრისტან წითელაშვილი აანალიზებს.

_ ბატონო ტრისტან, ახალგაზრდები ამბობენ, რომ ახალწვეულებს ჯარში ცუდად ასწავლიან, უფრო ზუსტად, ამბობენ, რომ თითქმის არაფერს ასწავლიან

_ აბსოლუტურად ვეთანხმები მათ. დღეს სწორედ ასეთი ვითარებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის თავდაცვის სამინისტრო, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის რესპუბლიკური პარტიის შტაბბინა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. პროფესიონალი კადრები, რომლებსაც შეეძლოთ კვალიფიციური სწავლება, ხიდაშელმა დაითხოვა და დააბრუნა ყოფილი ნაციონალები, ზონდერები, რომლებიც ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს. ისინი ვერასდროს აღზრდიან ახალწვეულებს სათანადოდ, რადგან ახალწვეულს სჭირდება პროფესიონალი ოფიცერი, რომელმაც 5 წელი ისწავლა სამხედრო სასწავლებელში და მომზადებულია, ასწავლოს ახალწვეულს. ასეთი ოფიცრები ხიდაშელს არ ჰყავს. მან რესპუბლიკური პარტიის ხალხი გადაიყვანა თავდაცვის სამინისტროში ზოგი კულტურის, ზოგი ეკონომიკის, ზოგი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. აი, ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრო აღარ არსებობს. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრძოლისუნარიანობა ნულის ტოლია, ამიტომ ახალგაზრდებს ვეთანხმები, რომ დღეს ახალწვეულებს ნამდვილად არაფერს ასწავლიან.

_ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ემხრობა ამ ეტაპზე ჯარში გაწვევის გაუქმებას, ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას შეუქმნის საფრთხეს. რატომ მიიღო თავდაცვის მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება და გამოსავალს თუ ხედავთ?

 _ ხიდაშელი არა მხოლოდ უნდა გადააყენონ თანამდებობიდან, არამედ უნდა დაკითხონ სპეცსამსახურმა, პროკურატურამ, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა _ დაშალა ჯარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დაარტყა, ამიტომ პასუხი უნდა აგოს თავის საქციელზე. ეს თავხედური გადაწყვეტილება იყო. ხიდაშელი, უკვე დიდი ხანია, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს და მისი ქმედებები ძალიან ჰგავს მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს. ხიდაშელმა გამოსცა უკანონო ბრძანება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მან თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ მიიღებდა თავდაცვის სამინისტრო წვევამდელებს: პირველი, როცა თავდაცვის სამინისტროს აქვს მწირი ბიუჯეტი, და მეორე _ თუ თავდაცვის სამინისტროს აქვს კვალიფიციური კადრების დეფიციტი. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, თავდაცვის სამინისტოს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, რომ მიეღო ახალწვეულები. რაც შეეხება ოფიცრებს _ მათი პროფესიონალიზმი ნულის ტოლია. ხიდაშელს უნდა მიემარათა მისი უშუალო ხელმძღვანელისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის მზად, მიიღოს ახალწვეულები. შემდგომ პრეზიდენტი მოიწვევდა უშიშროების საბჭოს, სადაც განიხილავდნენ ამ საკითხს და უშიშროების საბჭო მთავარსარდალთან ერთად მიმართავდა პარლამენტს, რათა გაწვევის კანონში შეეტანათ ცვლილებები. შემდგომ ხიდაშელს მიეცემოდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ის ამ ეტაპზე ვერ მიიღებდა ახალწვეულებს, ეს იქნებოდა კანონზომიერი და არა ის, რომ მან არაფრად ჩააგდო მთავარსარდალი, პარლამენტი, მთავრობა. ეს არის უგუნური გადაწყვეტილება, რომელიც ლახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების პრესტიჟს და პირდაპირ მიბმულია იმ საბოტაჟზე, რომელსაც სააკაშვილი ახორციელებს უკრაინასა და საქართველოში.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here