Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა და ქილა ოცნება

ბიძინა და ქილა ოცნება

701

ეს სტატია 2013 წელს გერმანიაში ყოფნისას დავწერე და საქართველოში გამოვგზავნე. სამწუხაროდ, მისი გამოქვეყნებისგან იმხანად თავი შეიკავეს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მე დევნილობიდან სამშობლოში დავბრუნდი. 

გერმანიას კი გასულ წელს მილიონამდე ლტოლვილი მიაწყდა. საერთო ჯამში, გაეროს მონაცემებით, 2015 წელს პირველად მსოფლიოს ისტორიაში ლტოლვილებისა და იძულებით გადადგილებულ პირთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა და 65,3 მილიონს მიაღწია. გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების მტაცებლურმა სურვილმა, თავსმოხვეულმა ფერადმა რევოლუციებმა, სახელმწიფო გადატრიალებებმა თუ პირდაპირმა სამხედრო აგრესიამ თავისი შედეგები გამოიღო. ამ ფონზე ახლახან ევროკავშირის ერთერთი გავლენიანი წევრის _ ინგლისის მოსახლეობამ ამ გაერთიანებას უარი უთხრა. დღეს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში აშკარად შეიმჩნევა სოციალური და ნაციონალური ტენდეციების გაძლიერება. ამ ყველაფრის უმთავრეს მიზეზად დასავლელი უბრალო ადამიანები და რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები მიიჩნევენ საბჭოთა კავშირის შემდგომ დარჩენილ ერთადერთ ზესახელმწიფოს _ შეერთებული შტატებს.

საით მივდივართ ჩვენ? რას გვიქადის მომავალი? _აი თემები, რომლებმაც მაიძულა, ჩემი თვალსაზრისი ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამომეტანა.

ზურაბ დგებუაძე, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქე,  ყოფილი პოლიტიკური დევნილი

განწყობის ფსიქოლოგია

ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი კიიმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ

ილია ჭავჭავაძე

უნდა ვაღიარო: ქარიზმული მიხელ სააკაშვილით ცოტა ხნით მეც ვიყავი მოხიბლული. ეგ კი არა, 2000 წელს ჩემი წიგნი “ასე ნანატრი თავისუფლებაც” კი ვუსახსოვრე ემოციური მინაწერით. იმხანად მეც აღფრთოვანებული ვიყავი ახალბედა პოლიტიკოსით, რომელმაც შევარდნაძის კორუფციულ ეპოქაში კარდინალური ხასიათის რეფორმები წამოიწყო. სრულიად ახალგაზრდა პოლიტიკოსმა პირველი ეფექტიანი სვლა სასამართლო სისტემაში გააკეთა. მისი ინიციატივით სასამართლოს მთელი შემადგენლობა დაითხოვეს და მათი ადგილი “გამოცდაჩაბარებულმა” მოსამართლეებმა დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო, პოზიტიურ მომენტებსაც შეიცავდა. განახლებულ სასამართლო სისტემაში სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდა ინტელექტუალებიც გამოჩნდნენ. მაგალითად, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ 36 წლის ნიჭიერი სამართალმცოდნე ლადო ჭანტურია დაინიშნა, მის მოადგილედ ასევე ახალგაზრდა მეცნიერი და სამართალმცოდნე მერაბ ტურავა. თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტსაც პატიოსნებით გამორჩეული მეცნიერ-იურისტი დავით სულაქველიძე დაეუფლა.

დღის წესრიგში იდგა კარდინალური ცვლილებები ძალოვან უწყებებში. სამწუხაროდ, შემდგომი ეტაპის უმნიშვნელოვანესი რეფორმები და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა იგვიანებდა. შეიქმნა უცნაური სიტუაცია: რეფორმირებული და განახლებული სამართლო სისტემის გვერდით არსებოდა საოცარად მოუქნელი და პარალიზებული პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური. თანდათან შევამჩნიე, რომ ამგვარი ცალმხრივი სახეცვლილება მავანის შორს მიმავალ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გავლენიანი პოლიტიკური ძალები ქვეყანას შეგნებულად მიაქანებდნენ რევოლუციისაკენ. ამ თემაზე ვწერდი საგანგაშო სტატიებს, შეძლებისდაგვარად ვესაუბრებოდი მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ისინი მისმენდენ, მეთანხმებოდნენ, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვროდა. ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს საჯაროდ მოვუწოდებდი, დაუყოვნებლივ ეზრუნათ სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებაზე, გადამჭრელი და კომპლექსური ღონისძიებები გაეტარებინათ კორუფციის ჭაობში ჩაფლული სახელმწიფოს გადასარჩენად. სამართლებრვი ნიჰილიზმით დაბრმავებული მაღალჩინოსნებისა და საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, ღვაწლმოსილ იურისტებთან ერთად, ბევრი ვეცადე, დამეფუძნებინა რეალურად დამოუკიდებელი იურიდიული გაერთიანება, რომელსაც თავისი გაზეთი და ჟურნალი ექნებოდა. სამწუხაროდ, ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ვერაფრით მოვიპოვეთ ძლიერთა და ფულიანთა მხარდაჭერა. მავანს ზედაპირულად მოაზროვნე ახაგაზრდების გარკვეული ჯგუფის აზრი უფრო ხიბლავდა, ამიტომაც ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული თავისუფლების ინსტიტუტს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სხვა საეჭვო წარმონაქმნებს. და აი 2003 წლის ნოემბერში გლობალისტების მიერ შემოგდებული პირველი რევოლუციური ექსპერიმენტი საქართველოში წარმატებით განხორციელდა. რევოლუციურ ხელისუფლებას პოზიციების გასამყარებლად სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ძლიერი და მოქნილი აღმასრულებელი ხელისუფლება. სწორედ ამიტომ ყურადღება გადაიტანეს ძალოვანი უწყებების სახეცვლილებაზე და რეფორმების ეპიცენტრმაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროებისა და პროკურატურის სისტემაში გადაინაცვლა. მაგრამ რჩებოდა ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. ვარდების რევოლუციისსულისჩამდგმელებს უკვე ფეხებში ებლანდებოდათ თავისუფალი სასამართლო და დამოუკიდებელი მოსამართლეები, ამიტომ ხელისუფლების მწვერვალზე აღზევებულმა სააკაშვილმა ისევ კანონის გვერდის ავლით, ერთხელ უკვე განახლებული მოსამართლეთა კორპუსი დაითხოვა და ისინი მორჩილი მოსამართლეებით ჩაანაცვლა. თანდათან გამოიკვეთა სხვა საშიში ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობები საეჭვო წარსულის მქონე ძველმა მაღალჩინოსნებმაც შეინარჩუნეს, მასობრივად დაიწყო ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრების დაწინაურება. მავანისათვის ცხადი იყო: ნედლი მასალის დამუშავება და სათანადო ფორმის მიცემა გაცილებით ადვილი საქმეა, ვიდრე უკვე ფორმამიღებულის გადაკეთება. ძველი თაობა ამ თვალსაზრისით, მართლაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ამ მიზეზთა გამო, დიდმა რეჟისორებმა “ჩარეცხილების” კასტრაცია დაისახეს მიზნად. ძლიერი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით წელში გამართულმა “ვარდების რევოლუციის” პირმშოებმა აშკარად დაიწყეს რევოლუციამდელი ცნობიერების ხელაღებით უარყოფა. მათი იდეოლოგიის სამიზნეში აღმოჩნდა წარსული და ის თაობა, რომლის მხრებზეც უნდა მდგარიყო სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ეს ნაბიჯიც დიდი სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო. გამოცდილი თაობის დიდი ნაწილი ხომ თავისი ცნობიერებით, კულტურით, რწმენითა და ისტორიით მჭიდროდ ერწყმოდა ჩრდილოელ მეზობელს. ასე რომ, სრულიად გეგმაზომიერად დაიწყო მეხსიერებიდან იმ კადრების ამოჭრა, რომლებიც ადამიანებს საბჭოეთთან და რუსეთთან აკავშირებდა. წარსულისაკენ ყურება და რუსული ორიენტაცია სამშობლოს ღალატად გამოცხადდა. ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ “პედოფილიას” საქართველოში უკვე ნოყიერი ნიადაგი ჰქონდა.

ახალი სცენარი, ანუვარდების რევოლუციიდან” “ცოცხების რევოლუციამდე

უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა

ილია ჭავჭავაძე

საქართველო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის ემზადებოდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს _ სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურებოდა. არადა, ქვეყნის ბედზე ნავარჯიშებ 46 წლის პოლიტიკოსს ახლა ეწყებოდა სიმწიფის ხანა. თანაც, ძალაუფლებას დახარბებულ პირწავარდნილ პოპულისტს, არავითარი სურვილი არ ჰქონდა, პირველკაცობა, თუნდაც ფორმალურად, დროებით ვინმესთვის გადაებარებინა. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა საკანონმდებლო ხრიკს მიმართა _ ჩვეული ცინიზმით კონსტიტუცია კიდევ ერთხელ ჩაჭრა-ჩაასწორა თავისი გემოვნებით და პრემიერმინისტრის სავარძელში წამოსასკუპებლად გაემზადა. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახელისუფლო ბერკეტები პრემიერმინისტრის ხელში გადადიოდა. პრემიერმინისტრის კანტიდატურას კი საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებდა. აი ასე აპირებდა ნაციონალების ბელადი ძალაუფლების მწვერვალზე დარჩენას.

არსებობდა სხვა გეგმაც. ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად დიდი ხანია ემზადებოდა დასავლეთის “მზრუნველობით” მოძლიერებული დისიდენტური ტრადიციების მქონე რესპუბლიკური პარტია. ეს პარტია გამორჩეული იმითაც იყო, რომ ზვიად გამსახურდიას მმართველობიდან მოყოლებული მუდამ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ყველა ხელისუფლებით უკმაყოფილო და მობუზღუნე ეს პოლიტიკური ძალა მაინც ახერხებდა ახალ რეალობაში დროულად გარკვევას და პარლამენტშიც ჩვეულ ოპოზიციურ ნიშას იკავებდა. რესპულიკელები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ჯერ კიდევ 2001 წელს ოპოზიციაში გადამხტარი ჟვანია-სააკაშვილის მხარდამხარ პარლამენტის წინ მრავალათასიანი მიტინგი გამართეს და იმ პერიოდისთვის ყველაზე თამამი ლოზუნგი წამოაყენეს: “საქართველო შევარდნაძის გარეშე!”. მალე ეს პოლიტიკური ალიანსი სამსუბიექტიანი საარჩევნო ბლოკის _ “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის” შექმნით დასრულდა. სწორედ აქედან დაიწყო სააკაშვილის აღზევება და “ვარდების რევოლუციის” კოკორი საბოლოოდ 2003 წლის ნოემბერში გაიფურჩქნა. პარლამენტში შესულმა რესპუბლიკელებმა რამდენიმე თვეში ჩვეული პოზა დაიკავეს და კონსერვატორებთან ერთად ოპოზიციაში გადავიდნენ. პოლიტიკურ ტექნოლოგიებში მეტ-ნაკლებად ჩახედულ იურისტს დიდად არ გამკვირვებია, როცა ჯერ კიდევ 2005 წელს დასავლეთის გრანტებზე “შემჯდარმა” ნაცნობმა არასამთავრობოელმა ნაციონალების მემკვიდრედ რესპუბლიკელები დამისახელა. მეორე ოპოზიციური ძალა, რომელიც რესპუბლიკელების მსგავსად “ნაციონალური ბლოკიდან” გამოიჩეკა, კონსერვატორები გახლდნენ. რაც შეეხება მესამე საკლონე მასალას, მისი პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა გერმანიაში დევნილობის პერიოდში შევიტყვე. 2009 წელს სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა ირაკლი ალასანიამ ახალი პოლიტიკური პარტია “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” დააფუძნა და ოპოზიციურ ბანაკში გადაბარგდა.

ამ პოლიტიკურ ფუსფუსს შორიდან ვადევნებდი თვალყურს და პარალელს “ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდთან ვავლებდი. იმხანადაც _ მართველი პარტიის _ “მოქალაქეთა კავშირის” რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. მიუხედავად ამისა, 1999 წლის საპარლამეტო არჩევნებში სახელისუფლო პარტიამ ადმინისტრაციული და სხვა ბერკეტების გამოყენებით პარლამენტში მანდატების უმრავლესობა შეინარჩუნა. რამდენიმე თვეში კი მოქალაქეთა კავშირის დაშლისა და მმართველი გუნდიდან ახალი კლონის გამოყვანის პროცესი დაიწყო. ბოლოს ყველაფერი “ვარდების რევოლუციითა” და 2003 წელს ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა.

ამჯრადაც ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ საქართველოში პოლიტიკური სამზადისი მიმდინარეობდა _ პოლიტიკური სპექტაკლების დამდგმელი გამოცდილი რეჟისორები ახალი წარმოდგენისთვის ემზადებოდნენ. თუმცაღა თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრში, როგორ შეძლებდა მავანი პოლიტიკურად გაკოტრებული “ერთიანი ნაცონალური მოძრაობიდან” ახალი კლონის გამოყვანას. როგორ შთაბერავდნენ სულს პროდასავლურად განწყობილ ურეიტინგო ოპოზიციურ პარტიულ წარმონაქმნებს. და აი მოულოდნელად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა იდუმალი “ჭორვილელი მილიარდერი”. ჩრდილიდან გამოსული უცნაური კაცის ქცევა ერთი შეხედვით საოცრად რომანტიკული ჩანდა. ამ პოლიტიკურმა სიახლემ ჩემშიც კი, ვისთვისაც “მესიანიზმი” მიუღებელ პოლიტიკურ გემოვნებად აღიქმება, ემოციების მუხტი ააფეთქა. ასე რომ, “ოცნებით” ფრთაშესხმულმა 2011 წლის 29 დეკემბერს გერმანიიდან გაზეთ “რეზონანსის” მეშვეობით ფართო საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მივმართე:

“ბრიყვნი ამბობენ… ბატონი ბიძინას ფულს რუსული სუნი ასდისო, მე თუ მკითხავთ, ოკეანისგაღმელი მილიარდელი სოროსის ფულს ჩემი ჭორვილელი კაცის რუსეთში “ნაშოვნი” ფული მირჩევნია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენებურ კაცს თავისი ქვეყანა უყვარს და იმას კიდევ _ თავისი. დადგა დრო, ქართველმა ერმა, ბოლოს და ბოლოს, სწორი არჩევანი გააკეთოს და გაჰყვეს იმას, ვინც კარგა ხანია, საქმით დაამტკიცა ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, სხვა შანსი ჩვენ აღარ მოგვეცემა!”.

არადა, ამ მგზნებარე მოწოდებას საფუძველი მართლაც ჰქონდა. ამ “თავმდაბალი” მეცენატის საქმენი მართლაც მრავლისმეტყველად ღაღადებდნენ _ “ფეხზე დამდგარი” ჭორვილა, მადლიერი საჩხერლები, “დაპურებული” ხელოვანნი და შიმშილს გადარჩენილი ცნობილი სახეები. აი ის “პატარა” ჩამონათვალი, რომელიც “იდუმალებით” მოცული ქველმოქმედის მოღვაწებას ამკობდა. ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობს. არადა, რწმენის იდუმალება სწორედ მისტიციზმშია ჩამარხული. პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილ ახალ მესიას კი ბევრი ადამიანური ნაკლი აღმოაჩნდა. ადამიანის ფსიქიკა უცნაურად არის მოწყობილი _ ჩვენ ადვილად ვიჯერებთ იმას, რაც სასურველია, ამიტომ ხშირად გავებმებით ხოლმე გაქნილი თაღლითების დაგებულ ხაფანგში. ნაციონალების პარპაშით გამწარებულთა მსგავსად, მეც გავეხვიე ოცნების ბურუსში და ცივი დასავლეთიდან ქართველ საზოგადოებას პრესის მეშვეობით შთაბეჭდილებები გავუზიარე: “ბატონი ბიძინას პირველმა სატელევიზიო ინტერვიუმ ცხადად დაგვანახვა, რომ ამ პოეტური ბუნების კაცს საჯაროობა და პოლიტიკური შოუ ნამდვილად არ იზიდავს, მისი ნაბიჯი მართლაც ჰგავს იძულებითს, ვიდრე წინასწარ დაგეგმილს. “გაცვეთილი” პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, იგი მწყრალად არის დემაგოგიის ხელოვნებასთან და ვერც პოპულიზმის ბოლით აბრმავებს ადამიანებს. ქართველმა საზოგადოებამ პირველად იხილა უბრალო ენით მოსაუბრე პიროვნება, რომლის გულახდილობას მხოლოდ დიდი საქველმოქმედო საქმეები და ფინანსები უმაგრებს ზურგს”.

ასეთი იყო ივანიშვილის პირველი პოლიტიკური ნაბიჯების ჩემი გულწრფელი შეფასება. შემდეგ თანდათან მოვეგე გონს და ამაში საჯარო ასპარეზზე მოსული “გულუბრყვილო” პოლიტიკოსიც დამეხმარა. დიახ, გაჩახჩახებულ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენილმა ახალბედა ლიდერმა ბევრი რამ თვითონჩამოფქვა”. განსაკუთრებით დამაფიქრა მისმა ერთმა განცხადებამ, _ ბევრს რომ ეგონა, “ვარდების რევოლუციის” შემოქმედ არასამთავრობოებს ოკეანისგაღმელი სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში ეს მე ვიყავიო. ამის გამგონეს, ეკალივით გამკრა გულში ეჭვმა. გამახსენდა ისიც, რომ 2007 წელს, როცა მეორე მილიარდერი (ბადრი პატარკაციშვილი) და მთელი ოპოზიცია გააფთრებით უტევდა ნაციონალების სახელისუფლოციხესიმაგრეს”, იდუმალიჭორვილელითავის რეზიდენციაში იყო შეყუჟული.

დაცარიელებულ და დაშრეტილ პოლიტიკურ სივრცეში ივანიშვილის გამოჩენა მეხის გავარდნას ჰგავდა. ახალმა მესიამაც, წინამორბედთა მსგავსად, “საძულველ” რეჟიმს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა და ქართველ საზოგადოებას ხმამაღლა ამცნო,_ პრობლემა მხოლოდ ერთ კაცში, პრეზიდენტ სააკაშვილში, არისო. მოვლენებიც ელვის სისწრაფით განვითარდა. მილიარდერი დღითიდღე იკრეფდა ძალას. მან კი საზოგადოებას მოულოდნელი საბრძოლო ლოზუნგი გადმოუგდო _ “შუა გაიკრიფოს!” მილიარდერმა სიტყვას საქმე მოაყოლა, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი განზე გასწია და პარტნიორებად ყველაზე დაბალი რეიტინგის პროდასავლური პოლიტკური პარტიები შეარჩია _ რესპუბლიკელები, კონსერვატორები და თავისუფალი დემოკრატები. ეს ერთობა მალე გამოცხადდა საარჩევნო ბლოკქართულ ოცნებად”.

პოლიტიკური ტემპერატურა ხელისუფლებაშიც იწევდა, მაღალ ეშელონებში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე დაინიშნა, ხოლო მისი ადგილი თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაიკავა. გაპოლიტიკოსებული მილიარდერი ამ საკადრო ცვლილებას თავისებურად გამოეხმაურა,_ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით მერაბიშვილი მნიშვნელოვან უწყებას ჩამოაშორა და ყოვლად უუფლებო თანამდებობაზე გადაიყვანაო. უფრო მეტიც მან მერაბიშვილი შეაქო და საჯაროდ განაცხადა: პრეზიდენტის გუნდში თუ ვინმე გონიერია, სააკაშვილის პოლიტიკისა და ხასიათის მსხვერპლიაო. პრემიერმინისტრის საპენსიო სავარძელში “გონიერი” მერაბიშვილის გადასმით და შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელში “ცუდი ბიჭის” _ ახალაიას დასმით სააკაშვილი ძალადობრივი პოლიტიკის გატარებას აპირებსო. ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის ტაქტიკა ზუსტად ჯდებოდა გამოცდილი “რეჟისორის” ხელწერაში. ძველი სცენარის მსგავსად, კლონირებული ოპოზიციის მთავარი სამიზნე ამჯერადაც სახელმწიფოს პირველი პირი უნდა გამხდარიყო, ხოლო პარალელურად, მოკავშირეები ხელისუფლებაში ეძებნათ. ამ ტაქტიკით წარმატებით შეიძლებოდა სახელისუფლო ციხესიმაგრის შიგნიდან ჩამოშლა და, რა თქმა უნდა, ხალხის “დაბოლებაც” ადვილი შესაძლებელი იქნებოდა. პოლიტიკური სცენარების ავტორებს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ _ სააკაშვილმა თავისი შესაძლებლობა ამოწურა და წინამორბედის მსგავსად მისი პოლიტიკური სარბიელიდან ჩამოშორების ჟამი ახლოვდებოდა. თუმცაღა დიდი რეჟისორები, ხანდაზმული შევარდნაძისგან განსხვავებით, ახალგაზრდა სააკაშვილს თვითგადარჩენის შანსს მისცემდნენ, ოღონდ ყველაფერი მის სიცოცხლისუნარიანობაზე იქნებოდა დამოკიდებული. სხვათა შორის, პოლიტიკური სივრციდან ნაციონალების გარიყვას რომ არ აპირებდნენ, ამგვარ მესიჯებს დაკვირვებული თვალი მილიარდერის განცხადებებშიც ამოიკითხავდა. მოკლედ, ქვეყანაში ახალი მშვიდობიანი რევოლუციის აჩრდილი დაძრწოდა. უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ დასავლეთი “ფერადი რევოლუციების” დიდი ექსპორტიორი იყო, ხოლო დაუძლურებული ან შეუმდგარი ქვეყნები _ მისი ფართო მომხმარებელი. საშველი თითქოს არსაიდან ჩანდა. “ვარდების რევოლუციისა” და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი დამფინანსებელი ამჯერად “ქართულ ოცნებად” მოვლენოდა გზააბნეულ ხალხს.

სააკაშვილმა თავისი შესაძლებლობები პირველი პირის, ანუ მესიის რანგში ამოწურა. “მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს!” სააკაშვილის შემცვლელს კი ქველმოქმედებაში უკვე “დაბანდებული” კაპიტალი შეუდარებელ ხიბლს ჰფენდა. თუმცა “ახალბედა” ლიდერს, ფინანსების გარდა, სხვა პოლიტიკური კაპიტალიც ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ ივანიშვილის მიერ რუსეთში “ველური კაპიტალიზმის” პერიოდში ნაშოვნი უზარმაზრი სიმდიდრე პროდასავლელ ნაციონალებსა და დასავლეთის ხიბლში მოქცეულ ამომრჩეველს საშუალებას აძლევდა, ოპოზიცონერი ლიდერისათვის რუსული იარლიყი მიეკერებინა. მეორე მხრივ, ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობა და პროდასავლურ პარტიებზე აქცენტირება დასავლეთისკენ მომზირალი ელექტორატის იმედსაც კვებავდა.

მოვლენების სიღრმეში უფრო ღრმად თუ “ჩავყვინთავდით”, ირგვლივ ასეთი სურათი იკვეთებოდა: აშკარად ჩანდა, რომ მილიარდერსა და მტრად მოკიდებულ სახელისუფლებო ძალას წარსულში საკმაოდ შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ამბავი არცახალ მესიად მოვლენილ მხსნელსდაუმალავს.

ხშირად დიდი სიმდიდრის უკან მდგარ ეშმაკს განუზომელი ძალა აქვს და სატანაც, სწორედ გმირისა და მხსნელის მანტიით გვევლინება ხოლმე. მავანიც ხმის ჩახლეჩამდე გაჰკიოდა: “ქართული ოცნების” შემოქმედი სულაც არ არის უცოდველი კრავი და მისი “უხმაურო” ქველმოქმედება თავიდანვე მზაკვრული ფანდია საქართველოს დაუძინებელი მტრების ზრახვების ასახდენადო. ძალიან არ მინდოდა ამ მითქმა-მოთქმის დაჯერება, მაგრამ ახალი პოლიტიკური რეალობა კითხვის ნიშნებს სვამდა:

ვინ იდგა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული მილიარდერის უკან?

ვისი ინტერესების გატარებას შეეცდებოდა ის _ დასავლეთის, ჩრდილოეთის თუ პირადი ინტერსებით ნასაზრდოები უხეირო ბალანსირების პოლიტიკით ქვეყანას გამოუვალ მდგომარობაში ჩააგდებდა?

იქნებ მის უმთავრესი ამოცანა დაშლისაკენ მიმავალი სახელმწიფოს გადარჩენა და ორ პოლუსს შორის გაჭედილი ქართული პოლიტიკის დილემიდან გამოყვანა იყო?

 კითხვები კითხვებად რჩებოდა, ახალი ლიდერის პოლიტიკური განცხადებები და ქმედება კი დღითიდღე “საქმიანი” ხდებოდა. დაპირებისამებრ, მან “შუა გაკრიფა” და ფიცხელი საარჩევნო ბრძოლაც სახელისუფლო პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის გააჩაღა. არადა, ამ ორი დაპირისპირებული ძალის საარჩევნო პროგრამები გაჭრილი ვაშლივთ ჰგავდა ერთმანეთს. საგარეო პოლიტიკაში “ქართული ოცნება,” მმართველი პარტიის მსგავსად, პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას ასახელებდა. იყო, ერთი შეხედვით, მცირე განსხვავებებიც და ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული. მაგალითად, ნაციონალები ხშირად ადანაშაულებდნენ ივანიშვილს რუსეთთან და “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში. თავის მხრივ, ახალი ოპოზიციური ძალა არ უარყოფდა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იქნებოდა.

 სხვათა შორის ამ “კომპრომატებს” არაფერი დაუკლია ივანიშვილისთვის, პირიქით, მმართველი ძალის მიერ მილიარდერის “რუსეთუმედ” მოხსენიება დასავლეთით იმედგაცრუებული და ხელმოცარული ამომრჩველის თვალში ერთგვარი რეკლამაც იყო. ერთი სიტყვით, დაძაბული საარჩევნო მარათონი პიკს აღწევდა. აზარტში შესულმა ფულიანმა პოლიტიკოსმა მაისიდან სექტემბრის ჩათვლით თითქმის ყველა რაიონში გამართა ხალხმრავალი აქცია. ამ ემოციურ პოლიტიკურ სანახაობას ერთი მეტად თვალშისაცემი სიახლეც ახლდა: საარჩევნო მარათონი მიმდინარეობდა კომპრომატების ფონზე, რომლებიც გამარჯვების სასწორს ხან ერთ მხარეს ხრიდა და ხან _ მეორე მხარეს. არჩევნებამდე ორიოდე კვირა რჩებოდა, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა პატიმართა გაუპატიურებისა და წამების სენსაციური ვიდეოკადრები რომ გაავრცელეს. ეს იყო მუხტი, რომელმაც ააფეთქა ქართველი საზოგადოება. ქუჩები ფართომასშტაბიანმა საპროტესო გამოსვლებმა მოიცვა. ხელისუფლება თავდაცვაზე გადავიდა _ სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. მილიარდერის უპირატესობა აშკარა გახდა. ციხის კადრების გამავრცელებლებმა სამიზნეში შინაგან საქმეთა გადამდგარი მინისტრი ბაჩო ახალაია ამოიღეს. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ გამანადგურებელი დარტყმა განიცადეს. მრავლის მთქმელია თვითონ ამ საშინელი კადრების მოპოვების ისტორია. უცხოეთიდან პირდაღებული ვუსმენდი ჟურნალისტ ირმა ინაშვილის განცხადებას, რომელიც საზოგადოებას დაუჯერებელ ამბავს ამცნობდა:

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს კადრები არის პირადად ჩემი მოპოვებული. მე გეტყვით, როგორ დაიწყო ეს ისტორია. მაისში დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელით და ეს შემზარავი ვიდეოკადრები გადმომცეს. შევიტყვე ისიც, რომ ამ შემაძრწუნებელი ფაქტების გადამღები უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა და ამ საქმეში იყო ძალოვანების გარკვეული შტოდან მხარდაჭერა. საზოგადოებამ ნახა მხოლოდ ფრაგმენტი ამ ვრცელი ვიდეომასალიდან, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მე კი ხელთა მაქვს ჩიპი. ეს არის საათნახევრიანი ვიდეოკადრები, სადაც ასახულია გაცილებით მეტი საშინელება. დღეს ეს მასალები უკვე ევროსტრუქტურების ყველა პირველ პირს უდევს მაგიდაზე”.

 მოვლენებისა და ფაქტების თანამიმდევრულობა მიუთითებდა, რომ “ციხე შიგნიდან გატყდა”.ამ სცენარში ყველაზე სენსაციური იყო ის, რომ ნაციონალების სასიკვდილო კომპრომატების მთავარ ავტორად ვანო მერაბიშვილი დასახელდა. საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდებოდა, თბილისსა და ქუთაისში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული მიტინგებს ხალხის რეკორდული რაოდენობა დაესწრო. 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები კი ზუსტად იმ შედეგით დასრულდა, რომელსაც “ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე” ოპოზიციონერი მილიარდერი ვარაუდობდა _ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ხმების თითქმის 55% მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი _ 40%-ზე ოდნავ მეტი.

დასასრული

შემდეგ ნომერში

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here