Home რუბრიკები საზოგადოება ომარ ქეშელაშვილი _ 75

ომარ ქეშელაშვილი _ 75

1391

თვალსაჩინო მეცნიერი და სასახელო პიროვნება

აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა უკვე კარგა ხანია, მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა შორის და დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა.

1968 წელს დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მინიჭებული აქვს პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1995 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1966 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ. 1988 წლიდან იყო აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 2006 წლიდან _ დირექტორი, 2007_ 2011 წლებში _ აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, შემდეგ _ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმღვანელი.

1991-2011 წლებში იყო, მის მიერვე დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლის _ საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტის რექტორი.

ამჟამად არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ამავე აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრი, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, გამომცემლობა “აგროს” ხელმძღვანელი, საერთაშორისო ჟურნალ “მოამბის” პასუხისმგებელი რედაქტორი.

აკადემიკოსმა ომარ ქეშელაშვილმა, თავისი გამოკვლევებით ახალი მიმართულებები შექმნა ქართულ აგრარულ-ეკონომიკურ მეცნიერებაში. პირველმა მან მოგვცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების გამოყენების ეკონომიკური შეფასება და მისი მეცნიერული საფუძვლები, დაადგინა მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები.

მან საფუძელი ჩაუყარა სოფლის მეურნეობაში სამეურნეო რისკის მართვის პრობლემების კვლევას და პირველმა (2008-2009 წწ.) დაადგინა რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ზღვრები და უკუგების ოპტიმალური დონეები ფერმერული მეურნეობებისათვის.

აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის ზონალური სქემის შედგენაში. მის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევების საფუძველზე, 2009 წელს, საქართველოს ტერიტორია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის თვალსაზრისით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად.

მისი თანახელმძღვანელობით, უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით 1977, 1982 და 1986 წლებში მომზადდა და მასობრივი ტირაჟით (ქართულ და რუსულ ენებზე) გამოიცა ავტორთა კოლექტივის კაპიტალური ნაშრომი “რეკომენდაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების შესახებ”, 1985-1987 წლებში “სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემების რეკომენდაციები” საქართველოს 15 ტიპური სასოფლო-სამეურნეო საწარმოსათვის. ამ ნაშრომისთვის მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის პრემია.

1970-იანი წლებიდან, 15 წლის განმავლობაში, აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობითა შესრულდა დიდი მეცნიერულ-გამოყენებითი ხასიათის სამუშაოები _ 15 რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები, რომლებიც ფართოდ დაინერგა წარმოებაში.

2006_2011 წლებში, აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის ხელმძღვანელობით აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტში შესრულდა ფუნდამენტური სამეცნიერო სამუშაოები, დამუშავდა მრავალწლიური პრიორიტეტული პრობლემა: “საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის რესურსული და ინსტიტუციურ-მარკეტინგული, ზონალურ-დიფერენცირებული სტრატეგიული სისტემა”.

ორიგინალურია და დიდი მოწონებით სარგებლობს მის მიერ მომზადებული და გამოცემული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები: “აგროსამრეწველო ინტეგრაცია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში” (1986წ.), “ბიზნესის ორგანიზაცია” (1995 წ.); “სამართალმცოდნეობა ყველასთვის”(2001წ), “ვინ იცის ეკონომიკა?” (2004 წ.), “ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტი” (2005 წ.), “ინტელექტუალური საუბრები” (2005 წ.), “ვერბალური მართვა” (2005 წ.); “საქართველოს აგრარული სექტორის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიული სისტემა” ოთხ ტომად (2008-2010 წლებში), “რისკის მართვა ფერმერულ მეურნეობებში” (2009 წ.), “ბიზნესური ეკონომიკა” (2010 წ.), “სამთო სოფლის მეურნეობა (განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები” 2010 წ.); “ბიზნესგეგმის შედგენის თეორია და პრაქტიკა” (2012 წ.); “ეკონომისტისა და ბიზნესმენის ცნობარი” (2014წ), “ეკონომიკური ცოდნის საგანძური” (2014წ.), “ინოვაციური სამეცნიერო-გამოყენებითი პროექტები სოფლის მეურნეობის მგრადი განვითარებისათვის” (2014წ), “ეს ყველამ უნდა იცოდეს” (2015წ), “საქართველოს სოფლის მეურნეობის ზოგად-ეკონომიკური დახასიათება და სტრატეგიული მიმართულებები” (2015წ), “სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარების პროგნოზი” (2016წ. თანაავტორობით).

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა საგანმანათლებლო სფეროში, 1980 წლიდან, წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში.

დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა კადრების აღზრდასა და მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აღზრდილი ჰყავს 31 ასპირანტი, მაძიებელი და დოქტორანტი. მიღებული აქვს მონაწილეობა 4 მსოფლიო კონგრესში.

აკადადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი უაღრესად ნაყოფიერი და პროდუქტიული მეცნიერია. გამოქვეყნებული აქვს 750-მდე სამეცნიერო, თეორიულ-მეთოდოლოგიური, ფუნდამენტური და სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 40 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 87 ბროშურა და ცალკე გამოცემა. 32 ნაშრომი გამოცემულია საზღვარგარეთ, მისი რედაქტორობით გამოცემულია 180-ზე მეტი წიგნი და ჟურნალი.

აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო და აღიარებული მეცნიერია, მის კომპეტენტურ სიტყვას აფასებენ და ანგარიშს უწევენ. მისი ღვაწლის დიდი აღიარება იყო ის, რომ 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება ეკონომიკის დარგში.

ვულოცავთ ბატონ ომარს საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს!

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

2 COMMENTS

  1. ბატონო ომარ, გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს. ღმერთმა უმრავლოს ქვეყანას თქვენისთანა ნიჭიერი, საამაყო და საქმისთვის თავდადებული მოქალაქეები.

  2. ჩემი რექტორი იყო, დიდებული პიროვნება, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ ომარს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here