Home რუბრიკები საზოგადოება მრგვალი მაგიდა _ “დიდი სამამულო ომი და საქართველო დღეს”

მრგვალი მაგიდა _ “დიდი სამამულო ომი და საქართველო დღეს”

661

2016 წლის 21 ივნისს სასტუმროვერე პალასშიპუბლიცისტ დავით მხეიძის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებითდიდი სამამულო ომი და საქართველო დღეს”. შეხვედრას პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ისტორიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

ქართველებისთვის უცხოა ქსენოფობია, მით უმეტეს _ რუსოფობია

დავით მხეიძე, პუბლიცისტი:

_ შეხვედრის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გაგვეხსენებინა დიდი სამამულო ომის დაწყების მიზეზები და საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს, როლი ფაშიზმის დამარცხებაში. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში ანტირუსული ისტერია მძვინვარებს, რომელსაც საქართველოც უერთდება. ქვეყანაში გამოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც საფუძველშივე კლავენ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენის შანსს. არ შეიძლება, მეზობელ ქვეყანას უთხრა, რადგან ევროპამ ზურგი გვაქცია, ახლა შენ დაგელაპარაკებითო. ეს უარყოფითად განაწყობს მოპირდაპირე მხარეს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ვამცნოთ, რომ მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გადაარჩენს ქვეყნის ეკონომიკას.

საქართველოში არ უნდა არსებობდეს უცხოური სამხედრო ბაზები

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ დიდი სამამულო ომის თემა ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია. აუცილებელია, ქართველმა ხალხმა მე-20 საუკუნის ისტორია შეისისხლხორცოს და ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გასცეს. არ არის აუცილებელი, დავრჩეთ წარსულში, შესაძლებელია, რომ ახლებური ხედვებიც გვქონდეს, მაგრამ სამამულო ომის დეტალების გაქიაქება დაუშვებელია.

ძალიან ცუდია, რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომლებიც თითო-ოროლაღა შემორჩნენ ქვეყანას, მხოლოდ 9 მაისს ახსენდებათ და 200 ლარს ჩუქნიან ხოლმე. ომის თემას არ აშუქებს არც ერთი ტელევიზია და მხოლოდ რუსეთთან კონფრონტაციაზეა საუბარი. აღარ ვლაპარაკობ სტალინის წინააღმდეგ დაწყებულ ისტერიაზე…

ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად, მაგრამ სასურველი შედეგებისგან ჯერ შორს ვართ. ძალზე ცოტა გაკეთდა საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს ჯეროვანი შეფასება დიდ სამამულო ომს, როგორც მთელი კაცობრიობისა და, მათ შორის, საქართველოს გადარჩენისთვის ომს. გამარჯვების დღე _ 9 მაისი _ საქართველოში ჯეროვნად არ აღინიშნება, ყველაფერი შემოიფარგლება იმით, რომ ოფიციალური პირები თბილისში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტს თაიგულებით ამკობენ, ცოცხლად დარჩენილ მცირერიცხოვან ვეტერანებს კი ერთჯერად დახმარებას ურიგებენ. საქართველოს ქალაქებში ამ დღეს არ ჩანს ბანერები მისალოცი სიტყვებით, არ არის სატელევიზიო მიმართვები, არ ხდება ომის თემაზე დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება.

დავით მხეიძის ინიციატივით გამართული მრგვალი მაგიდა მეტად დროული და მნიშვნელოვანია ქართველი საზოგადოებისთვის.

მრგვალი მაგიდის _ “დიდი სამამულო ომი და საქართველო დღეს” _ მონაწილეებმა შეაჯამეს რა ღონისძიება, შეადგინეს მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი, რომლის ტექსტს აქვე გთავაზობთ:

“ანტიქართული “ნაციონალური” რეჟიმის პირობებში საზოგადოებას თავს მოახვიეს აზრი, რომ საბჭოთა კავშირის ბრძოლა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ 1941-1945 წლებში ორ ტოტალიტარულ სისტემას _ კომუნიზმსა და ფაშიზმს _ შორის კონფრონტაციის გამოვლინება იყო. დიდი სამამულო ომის ცნება პრაქტიკულად გააუქმეს, რადგან საქართველო განიხილებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ და, ამ მხრივ, ორ ტოტალიტარულ სისტემას შორის დაპირისპირებაში იძულებით ჩათრეულ ქვეყნად. ფაშიზმზე გამარჯვების დამსახურება ძირითადად “დემოკრატიულ” დასავლეთს მიეწერებოდა, რომლითაც თურმე ისარგებლა კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა და გააძლიერა საკუთარი პოზიციები.

ისტორიის ამგვარი დაუფარავი ფალსიფიცირება განპირობებული იყო რეჟიმის მისწრაფებით _ მაქსიმალურად მოეწყვიტა ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი მეგობრისგან _ ერთმორწმუნე რუსი ერისგან, დაეთესა ხალხთა შორის მტრობა და შუღლი. რუსოფობია გადაიქცა “ნაციონალური” რეჟიმის მთავარ მკვებავ ნიადაგად.

მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი დარჩა ერთგული იდეალებისა, რომელთა გამოც ასიათასობით ქართველი მიდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. ქართველებისთვის უცხოა ქსენოფობია, მით უმეტეს, რუსოფობია. ქართველმა ხალხმა იმიტომაც უთხრა “არა” ანტიხალხურ რეჟიმს, რომ იგი აწარმოებდა პროვოკატორულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომელმაც ისევ და ისევ საქართველო დააზარალა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ, მაგრამ სასურველი შედეგებისგან ჯერ ისევ შორს ვართ. ძალზე ცოტა გაკეთდა საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს ჯეროვანი შეფასება დიდ სამამულო ომს, როგორც მთელი კაცობრიობისა და, მათ შორის საქართველოს, გადამრჩენს. გამარჯვების დღე _ 9 მაისი საქართველოში სათანადოდ არ აღინიშნება, ყველაფერი შემოიფარგლება იმით, რომ ოფიციალური პირები თბილისში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტს თაიგულებით ამკობენ, საუკუნეს მიტანებულ მცირერიცხოვან ვეტერანებს კი ერთჯერად დახმარებას ურიგებენ. საქართველოს ქალაქებში ამ დღეს არ ჩანს მოსალოცი ბანერები, არ არის სატელევიზიო მიმართვები, არ ხდება ომის თემაზე დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში შეკვეცილად ისწავლება დიდი სამამულო ომის ისტორია, უფრო მეტიც, ეს ისტორია მახინჯდება. არ დასჯილან პირები, რომლებიც გორში სტალინის ძეგლის უკანონო დემონტაჟზე არიან პასუხისმგებელნი. მეტიც, ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, შეესრულებინა მოქალაქეთა უმრავლესობის მოთხოვნა _ სტალინის ძეგლი თავის ადგილას დაებრუნებინა.

ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტსა და მთავრობას, ხელისუფლების ყველა შტოს, გამოფხიზლდნენ და ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ, რადგან წარსულის ჯეროვანი გააზრების გარეშე ჩვენს ქვეყანას არ ექნება მომავალი.

საქართველოს ასევე არ სურს, იყოს დასავლეთის ხელში რუსეთის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი. ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურაში საქართველოს ჩათრევის გზით კავკასიის რეგიონში ვითარების ხელოვნური დაძაბვის წინააღმდეგ გამოვდივართ. საქართველოში არ უნდა არსებობდეს უცხოური სამხედრო ბაზები. საქართველო უნდა გახდეს ურთიერთთანამშრომლობის არენა.

მრგვალი მაგიდის მონაწილენი:

გოგი თოფაძე,

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;

რამაზ ხუროძე,

პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

ყოფილი რექტორი;

ლევან ჩაჩუა,

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაქართული იდეისთავმჯდომარე;

ტარიელ გაგნიძე,

არასამთავრობო ორგანიზაცია  “ისტორიული მემკვიდრეობისთავმჯდომარე;

იოსებ არჩვაძე,

პროფესორი;

თამარ კიკნაძე,

პროფესორი;

ნანა წითელაშვილი,

პროფესორი;

გიორგი შერვაშიძე,

გადამდგარი გენერალი;

ტრისტან წითელაშვილი,

გადამდგარი გენერალი, ყოფილი პოლიტპატიმარი;

ომარ მხეიძე,

საქართველოს სახალხო არტისტი;

ომარ მარგველაშვილი,

მეწარმე;

იური მეჩითოვი,

მხატვარიფოტოგრაფი;

ნანა დევდარიანი,

პოლიტოლოგი, საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი;

გივი ვანიშვილი,

გადამდგარი ოფიცერი, ყოფილი პოლიტპატიმარი;

ავთანდილ იოსელიანი,

პოლიტიკური მოძრაობარუსეთი ჩემი მეზობელიასთავმჯდომარე;

გელა ღლიღვაშვილი,

პროფესორი;

გიორგი ნიშნიანიძე,

ექიმი;

დავით გოგიშვილი,

ისტორიკოსი;

გულბაათ რცხილაძე,

პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;

დავით მხეიძე,

პუბლიცისტი

თბილისი, 21 ივნისი, 2016 .”

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here