Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილმა პირად საუბარში ვერც მე დამისაბუთა, როგორ მოახერხებს ევროკავშირსა...

თამაზ მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილმა პირად საუბარში ვერც მე დამისაბუთა, როგორ მოახერხებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას

490

 პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა ცოტა ხნის წინათ კოალიციაქართული ოცნებადატოვა და პარტიათამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვისდააფუძნა. სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თამაზ მეჭიაურისაქართველო და მსოფლიოსესაუბრა.

_ ბატონო თამაზ, ცოტა ხნის წინათ პარტია ჩამოაყლიბეთ და საზოგადოებას თქვენი გუნდის წევრები წარუდგინეთ. ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა, სანდრო ბრეგაძე, დათო ფაცაცია, ია მეტრეველი _ რა ნიშნით შეარჩიეთ ეს ადამიანები?

_ უპირველეს ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანი 2012 წლის არჩევნებამდეც უსამართლობას ებრძოდა და აპროტესტებდა ძალადობას, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა _ ეს იყო 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებისა თუ ტელეკომპანიის დარბევა…

_ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომკოაბიტაცია, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ლანძღავდა, უნდა მოვახერხოთ”. როგორ შეაფასებთ ივანიშვილის განცხადებას და რას ფიქრობთ ამ საკითხზე _ ითანამშრომლებთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან?

_ გააჩნია, ბატონი ბიძინა “მოხერხებაში” რას გულისხმობს. თუ ის გულისხმობს, რომ ყველასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა უნდა განვაგრძოთ, მიუხედავად იმისა, რა დანაშაული ჩაიდინა ამა თუ პირმა, ვერ დავეთანხმები; მაგრამ, თუ გულისხმობს საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებთან თანამშრომლობას, რომლებიც არ ყოფილან სასტიკ დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულნი, მაგრამ ირიბად მაინც ყოფილი ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ და გარკვეულ დავალებებს ასრულებდნენ, ვფიქრობ, მათთან შესაძლებელია თანამშრომლობის გაგრძელება.

_ ქვეყნის საგარეო ვექტორს რაც შეეხება: ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელ ინტერვიუში კვლავ უპასუხოდ დარჩა კითხვა: როგორ მოახერხებს საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას?

როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხზე?

_ საქმეც ის არის, რომ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა პირად საუბარში ვერც მე დამისაბუთა, როგორ მოახერხებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას (და, ბუნებრივია, ვერც ინტერვიუში დაასაბუთებდა), სწორედ ამიტომ გავემიჯნე მას ამ ნაწილში. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ მოახერხებს.

და, თუ ხალხი გადაწყვეტს, აირჩიოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ თავსმოხვეულ საგარეო ვექტორზე უარს იტყვის, ქვეყნის ღირსების შესაბამისად იმოქმედებს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებს ყველასთან, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც იძულებული იქნება, ხალხის ნებას დაემორჩილოს და დასავლეთის გავლენისგან გამოვიდეს. დარწმუნებული ვარ, ის ქვეყნის პატრიოტია და ასეც მოიქცევა.

_ თქვენ პარტიის პრეზენტაციაზეც ისაუბრეთ ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობაზე. ფიქრობთ, რომ მოახერხებს რომელიმე პოლიტიკური გუნდი, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან თუ სხვა მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას?

_ გააჩნია, რას ვუწოდებთ რეალურ დამოუკიდებლობას. სრულიად დამოუკიდებელი არც ერთი ქვეყანა არ არის. თვითონ ევროკავშირის ქვეყნებიც კი გარკვეულწილად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი და არის საკითხები, რომლებსაც საერთო გადაწყვეტილებით იღებენ. რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვიწევს თავისუფლების ნაწილის გადაცემა ამა თუ იმ სუბიექტისთვის, მაგრამ გააჩნია, ამას რის ფასად გავაკეთებთ… უნდა ვიცოდეთ, რის ფასად გავიღებთ მსხვერპლს. დღეს ავღანეთსა თუ აფრიკაში სამხედრო მისიებში ჩვენი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით მონაწილეობენ, მაგრამ ამის სანაცვლოდ რას ვიღებთ, გაუგებარია, რადგან, მაგალითად, 2008 წლის ომის დროს ნატოს არც ერთი ჯარისკაცი არ შემოსულა საქართველოში და ჩვენი ქვეყანა არ დაუცავს. სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინათ ტაშფანდურითა და რამდენიმე ტანკით შემოვიდნენ და სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.

_ მოსახლეობაში . ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელი ვიზების გამარტივების, დიდი მოლოდინი არსებობდა, მაგრამ საქართველოს საკითხი კვლავ გაურკვეველია.

_ ვიზალიბერალიზაციისადმი გაცილებით ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი იმ პერიოდშიც კი, როდესაც ნატოსთან საქართველოს ურთიერთობას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ შემდგომ იმ ევროპული ქვეყნების ნაბიჯებმა, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, დამარწმუნა, რომ ისინი ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხს დიდი ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით არ უყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ყველა დავალება შეასრულა, რომლებიც დაიკისრა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს ყოველთვის განიხილავენ თურქეთთან, უკრაინასთან, კოსოვოსთან ერთად, ანუ ისეთ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულებები შესრულებული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამამცირებელია.

მით უმეტეს, დღეს, როცა თვითონ წამყვანი ევროპული ქვეყნები ემიჯნებიან ევროკავშირს, ჩვენც მაინცდამაინც თავი არ უნდა გავიგიჟოთ და ევროკავშირის წევრობის გამო რადიკალური ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ. ჯერ დაველოდოთ, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი.

_ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ეს რაზე მეტყველებს?

_ ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ევროპაში ყველაფერი რიგზე არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლტოლვილთა ნაკადმა იმატა და ევროპელები კინაღამ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. არავის შეურაცხვყოფ, მაგრამ ქართველები მენტალურად ევროპასთან ყველაზე ახლოს ვართ, ვიდრე აზიელი მიგრანტები, რომლებსაც ასე ადვილად იღებდა ევროპა. ჩვენ კი ამდენი გამოცდის გავლის შემდეგ მაინც უარს გვეუბნებიან, რაც შეურაცხმყოფელია და, საბოლოო ჯამში, უარყოფათად აისახება საქართველოს მოსახლეობის განწყობაზე _ ევროკავშირისა თუ ევროპული ფასეულობების მიმართ…

_ ბატონო თამაზ, თქვენ დაპირისპირებული ხართ რესპუბლიკელებთან. ისინი კვლავ ინარჩუნებენ თანამდებობებს, თქვენ და, მაგალითად, გოგი თოფაძე, ომარ ნიშნიანიძე კი თქვენი განცხადებების გამო, ფაქტობრივად, გარიყულები აღმოჩნდით. რატომ მოხდა ასე?

_ ვერ გეტყვით, თუმცა გარიყულად სულაც არ ვგრძნობ თავს. ვინც რესპუბლიკელების გარემოცვაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი. ხალხი არჩევნებზე გამოხატავს თავის აზრს და ყველა დაინახავს, ვინ უფრო გარიყულია.

_ დასასრულ, როგორ აპირებთ ნდობის მოპოვებას ამომრჩევლისა, რომელიც უამრავი შეუსრულებელი დაპირების გამო ისედაც ნიჰილისტურად არის განწყობილი?

_ გულწრფელობით…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here