ქალაქ რამშტაინში (გერმანია), ამერიკის ავიაბაზასთან, 5000 გერმანელი ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა. გერმანელთა აღშფოთება უპილოტო საფრენი აპარატებით სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია, _ იუწყება Deutshe Welle.
ამერიკულ ავიაბაზასთან, რომელიც რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის ქალაქ რამშტაინშია განლაგებული, 5000-მა ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, რათა გამოეხატა უკმაყოფილება აშშ-ის მიერ გერმანიაში განლაგებული ავიაბაზიდან სამხედრო ოპერაციებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გამო. რამშტაინის სამხედრო ბაზა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო ოპერაციების ჩატარებაში. აშშ-დან წამოსული სიგნალები საომარი მოქმედებების ზონაში გერმანიაში განლაგებული რეტრანსლაციის სადგურ SATCOM-ის მეშვეობით გადაეცემა.
საპროტესტო აქციაში მონაწილე გერმანელები მთავრობისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტათ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა.