“მან აიშენა საკუთარი სამყარო!” _ ასე შეაფასებს მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებით განებივრებული რუსეთის ინტელიგენცია რეზო გაბრიაძის მრავალმხრივობით გამორჩეულ შემოქმედებას მისი 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ერთთვიურის შეჯამებისას, რომელიც წლეულს, 12 თებერვლიდან 20 მარტამდე გაიმართა მოსკოვის მუზეუმში, ზუბოვის ბულვარის 2-ში, პრეჩისტენკასა და ოსტოჟენკას ქუჩებს შორის, ქალაქის ცენტრში.
მულტიმედიის, თეატრის, კინოს ამ “არაჩვეულებრივ გამოფენას” ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სრულად ჰქონდა დაპყრობილი 2000 კვადრატული მეტრის ტერიტორია, ქართული კულტურის დიდებული წარმომადგენლის _ რეზო გაბრიაძის ბრწყინვალე შემოქმედების შედევრების ექსპოზიციებს. “ოკუპირებულ ტერიტორიაზე” შესასვლელად ერთადერთი საშვი იყო საჭირო: ხელოვნების ტრფიალება. ასეთები კი მეგაპოლისის მოქალაქეთა და სტუმართა შორის უამრავი იყო. ანუ _ ათასობით.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი რეზო თავის უმთავრეს და უპირველეს პროფესიად მხატვრობას მიიჩნევს, მის ნოველებზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ერთზე მაინც _ საშობაო მოთხრობაზე “ექიმი და ავადმყოფი”.
თვალსაჩინო ნიმუშზე. რადგან, ჩემი აზრით, როგორც დანტე ალიგიერის “პოეტური დიდება მთლიანად ეფუძნება მისი სიჭაბუკისდროინდელ რომანს “ახალი ცხოვრება” და “ღვთაებრივი კომედიის” გრანდიოზულ შენობას, რეზო გაბრიაძის პროზის საყრდენი სვეტი “ექიმი და ავადმყოფია”.
“შერეკილები”? _ ესეც.
“ჩემი პატარა ქალაქიც”…
“დრმ–დრმ–დრუმ”
ეს ამბავი, სხვებისთვის შეუმჩნეველი, ქუთაისში მოხდა, სადაც, “ბულვარს რომ ჩაივლით, კათოლიკების ეკლესიის დაჟანგულ სახურავს დაინახავთ პირამიდულ კვიპაროსთა შორის, კიდევ ცოტა მარჯვნივ, ფიზიოსა და კომისარიატის იქით, სიარულით გაცვეთილ ეკლესიის ტროტუარზე იისფერმა რაბინმა თხლად რომ ჩაიარა, სინაგოგა მოჩანს; აი, იქით კი, სულ ახლო მეოცე საუკუნის, ჩვენი ცოდვების უკანასკნელი მოსანანიებელი, თეოდოლიტით ნაშენი მკვეთრკუთხედებიანი ეკლესიაა, ჯვრით დამშვენებას და მღვდელს რომ ვერ მოესწრო. იმის იქით კი გამჩენის დიდებული საჩუქარი წარმოგვიდგება. მეათე საუკუნე დგას, კუთხეებდაბლაგული, პერანგგახეული მონასტერი” (“ჩემი პატარა ქალაქი”).
აი, ამ ქალაქის ერთ მიყრუებულ უბანში შობის ღამეს კი თოვდა, “ოღონდ თოვლი მიწამდე ვერ აღწევდა. მხოლოდ ჭიშკრის ქვის სველი თავი იყო დაპუდრული და მის გვერდით ტყემლის ნერგის წვეტი ჩანდა თეთრ წერტილად”.
აქვე შევნიშნავ, რომ არა მარტო სიუჟეტი და ფაბულაა ის მაშველი თოკი (ბაწარი), “რომელსაც ავტორი გადაუგდებს მკითხველს ინტერესის შესანარჩუნებლად”, რადგან “ისტორიების (ამბების) მოსმენის სურვილი ადამიანებში ისეა გამჯდარი, როგორც საკუთრების გრძნობა”… მაგრამ “მწერალს მხოლოდ ისტორიების მთხრობელს თუ ვუწოდებთ, ეს მისი აბუჩად აგდება იქნება” (სომერსეტ მოემი, “სიტყვის ხელოვნება”, გვ. 39).
რეზო გაბრიაძის შემოქმედების კეთილშობილების საფეხურზე დამდგარნი, მხოლოდ ასე შევძლებთ, სრულად აღვიქვათ სიყვარულისა და სიკეთის ის ყოვლისშემძლეობა, რომელიც “სიცილ-ტირილის” ფონზე ვითარდება პროვინციული ქალაქის მკვიდრი ორი ადამიანის თავს გადახდენილ ამბავში. მათგან პირველი დაკარგული სიყვარულის ნიადაგზე შეშლილი, საბჭოთა მეზღვაური (თადარიგის) ჩიტო-”პობედაა”, მეორე _ მარტოხელა მოხუცი ექიმი, ბატონი იაკობი, რომელსაც “თითის სიმსხო” ვენები აწუხებს და, რომელზეც მაყვალა ექთანი ამბობს: “რა ავტორიტეტი გაქვთ ქალაქში! როგორ უყვარხართ ყველას! დედას ვფიცავარ, მეტირება!”.
ჩრდილოეთის ფლოტიდან დემობილიზებული მეზღვაური ჩიტო თავის გულისწორს სხვისი “ზიმ-მოსკვიჩის” საჭეზე ხელდადებულს რომ დაინახავს, ელდა ეცემა, ფეხები მოეკვეთება და ჩემოდანზე ხუთ საათამდე დაჯდება.
“მერე ადგა, ჩემოდნის გასაღებით მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა მანქანაში, იმავე გასაღებით ჩართო მოტორი, თქვა “დრმ-დრმ”, ჩააგდო წარმოდგენილი მანქანა პირველ სიჩქარეში, კიდევ გადადგა ნაბიჯი წინ, მეორე სიჩქარეში გადართო, მერე _ მესამეში, მთავარ ფოსტასთან კი რული დაატრიალა და მარცხნივ შეკავებული სირბილით დაეშვა ბალახვნისკენ”.
ჩიტო მანქანად იქცა, “პაბედად”, “სჩასტლივი ნომრით გკ 49-54, ფერით კოფე ს მალაკომ”.
“აბგონზეც” უშვებდნენ
იმ პატარა ქალაქის ობივატელურ ბომონდს, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც თანდათან მიავიწყდება ჭკუიდან გადასული თადარიგის მეზღვაურის ტრაგედია:
“თავში ხალხს ეცინებოდა, სვეტოფორთან რომ დაინახავდნენ მანქანებში გარეულს, შემდეგ წვიმები დაიწყო, ჩაქუმ ვითომ ნინელი გაიტაცა წყალტუბოში, რაფიელს საკომისიოში კომისია ჩაუჯდა, მეექვსე ბიბლიოთეკა დაიწვა, ბორია დაიჭირეს, დომნა მოკვდა, ბალავაძე გადაიყვანეს და ჩიტოც მობეზრდათ”.
წვიმები რომ დაიწყოო. ხოლო როცა “თავსხმა წვიმაში შეთქმულება (შეთქმულებაც კი _ ა.ს.) ჩვენში ინტერესს კარგავს” (“შერეკილები”), ჩიტოს მოდიდან გასვლას ვერავის დააბრალებ კერძოდ.
მაგრამ დაივიწყა, საზოგადოებრიობამ ზოგადი გაგებით, თორემ კოლეგა შოფრები უწინდებურად “პატივს სცემდნენ, გზას უთმობდნენ, პირველ მაისს “აბგონზედაც” უშვებდნენ. მშრომელთა სოლიდარობის დღე იყო და _ აბა, როგორ!
შოფრების სოლიდარობისაც, რა თქმა უნდა, თორემ სხვა დღეებში (დღესაც კი) “აბგონზე წასვლა” შეგინებაზე უარესია.
სხვა დღეებში ჩიტოს თავისი საქმე ჰქონდა, წვრილ-წვრილი, და “გონკაობისთვის” არ ეცალა. “ცოტას წაუტაქსავებდა კიდეც. თბილისის მატარებლის მოსვლისას ჩადგებოდა ზადნით ტაქსებში ვაგზლის მოედანზე და ისე იმნაირად გააღებდა კარს და ისე იმნაირად გადმოვიდოდა, რომ იფიქრებდი, ეგების მართლა დგას აქ მანქანა და მე ვერ ვხედავო”.
ეგებ, მართლა იდგა, რადგან, ერიხ მარია რემარკის არ იყოს, გარემო სამყაროს რეალურად მაინცდამაინც გიჟები აღიქვამენ, ნორმალური ადამიანები კი _ თავიანთი წარმოდგენების მიხედვით, მაშასადამე, _ მრუდედ (“შავი ობელისკი”).
შეიძლება ასეცაა…
ხოლო ის ამბავი, რომელიც “აკრძალულ შობის” ღამეს მოხდა, სიგიჟეს კი ჰგავდა, მაგრამ ნამდვილი იყო.
ან, ეგებ, პირიქით?
არაჩვეულებრივი და უცნაური, ყოველ შემთხვევაში.
აკრძალული შობა
ნაშუაღამევს, როცა ყველას “ეძინა”, როცა “ყველა დარაბებს ხურავს”, ფანჯრებზე “ადიალებს კიდებენ და, რაც აქვთ, ყველაფერს კიდებენ, შუქი რომ არ გამოვიდეს! ამხანაგმა გოგუაძემაც მთელ ქუჩებში გამორთო შუქი”.
“_ ამ ღამეს ყველა ფანჯარა ჩაბნელებულია.
_ იმიტომ, რომ შობაა! _ თქვა ჩიტომ.
_ მაგრამ რატომ არის ჩაბნელებული?
_ ასე უნდა იყვეს შობაზე! ასეთია წესი!”
შობა აკრძალულიაო მთავრობის მიერ და იმიტომო, _ განუმარტავს გიჟი ჩიტო ბატონ იაკობს შემდეგ. მანამდე კი ფეხზე დააყენებს მთელ უბანს ყვირილით:
“_ არიქა, ექიმო, იღუპება ბოვში!.. ჩქარა, თვარა ცოცხალს ვერ მიუსწრებთ… დედამისი ტაბურეტკაზე დგას და ხელებით უჭერია თერთმეტი წლის გოგო!”, რომელსაც “იოდი დოულევია”, და გიჟი ჩიტო-”პობედა” უკანასკნელ არგუმენტს დაუმატებს: “_ ორჯერ იყო (სასწრაფო)! იაშა ექიმი თუ უშველისო!”
და იწყება წარმოსახვით ტრანსპორტში მსხდომთა გიჟური რბოლა თოვლჭყაპიან ქალაქში, როცა “პაბედას” ხან მარჯვენა კარი არ ეღება (“რამდენი თბილისელი გამიქცია სადგურზე! ძველია ეს უპატრონო! გადასაგდებია! ბოდიში, ვერ მოვასწარი გარეცხვა”), ხან ქარი თოვლს დაატრიალებს და ნათურის ქვეშ ფიფქები თითქოს ძაბრში მოექცნენო, მერე ყველა ერთად მიეყრება სახეში მგზავრებს, ხან ექიმი უკვე ვერაფერს ამჩნევს, რადგან “სათვალე შიგნიდანაც და გარედანაც თოვლით ჰქონდა ამოვსებული. პალტო კიდევ უფრო დამძიმებოდა, სველი ხელით ეძებდა ღილს და ვერ პოულობდა, დაავიწყდა, პალტო ორჯერ რომ იყო გადაბრუნებული და ახლა ისევ კაცურად იკვრებოდა. ქარი მეორე ღილში უძვრებოდა განსაკუთრებით. უკვე ვეღარ იგებდნენ, საით მიდიოდნენ. გზა სულ ზევით და ზევით მიიწევდა… (ჩიტო) ხან ორივე ხელით წინიდან ექაჩებოდა ექიმს, ხან უკნიდან აწვებოდა ბეჭით”, ხან თხრილი გადაუკეტავდათ გზასავალს, ხან ცდკ-ას საბილიარდოს ჩაუვლიან, “საიდანაც ისმოდა მშვიდი დედის გინება”.
გზადაგზა გიჟი ჩიტო ძალაგამოცლილ ექიმზე ენერგიულად მოქმედებს _ “ქრთამად გაუღიმებს”, ნატურით ქრთამავს, ოღონდ “მანქანიდან” არ გადმოვიდეს, “ჯიბიდან დაჩვარული ფული ამოიღო.
_ სამი მანეთი გამომატანა შენთვის (ავადმყოფის დედამ), ფაქიზად ჩაუდო ექიმს ფული ჯიბეში. ექიმმა ფული ჯიბიდან ამოიღო, დახედა, ფულს კუთხე მოხეული ჰქონდა.
_ დილასვე დავაწებებ ფოსტაში!”; ხან კეთილშობილი ზრუნვის განსახიერებად მოგვევლინება: “_ ექიმო, ძაან გთხოვ, სანამ მანქანას არ გავაჩერებ, ნუ გადახვალ, _ გულით შეევედრა ჩიტო, _ ასე ნა ხადუ, შენ ასაკში რამე უბედურება რომ მოგივიდეს, მე ვერ ვიცოცხლებ”.
ექიმი მონუსხულია, მაგრამ რეალობის განცდას არ კარგავს. გონიერებისა და სიგიჟის ბეწვის ხიდზე გადაჰყავს ავტორს ბატონი იაკობი:
“მოსაკლავი ვარ! _ ბრაზობდა ექიმი, _ გიჟს, გადარეულს როგორ ავყევი! როგორ ჩავუჯექი მანქანაში?! _ ბოლო სიტყვამ სულ გადარია ექიმი: _ მანქანაში?! ხომ მათქმევინა მაინც, რომ მანქანაში ვზივარ!”
მაგრამ იძულებულია, მიიღოს ჩიტოს “თამაშის წესები”, რადგან მხოლოდ მან (ჩიტომ) და სხვამ არავინ იცის სასიკვდილოდ განწირული ბავშვის მისამართი.
“შენც ფეხით რომ დარბიხარ…”
“_ ავადმყოფიო! _ გრძლად ყვიროდა ექიმი, _ სადაა ავადმყოფი?! ბავშვი კვდება! ავი ზნე ჭირს! თავით კიდია! უნდა იწვეს. სიწყნარე უნდა! შენ მანქანობანას თამაშობ?! არ ხარ შენ მანქანა! მანქანა თუ ხარ, სადაა შენი ბორბალი!”
პასუხად ესმის მორიგი “დრმ-დრმ, დრუმ-დრუუმ”, ჩიტოს მიერ ამუშავებული მანქანის ძრავის სპეციფიკური ხმა, რომელიც პოეტურ რეფრენად გასდევს მთელ მოთხრობას.
“დრმ-დრმ”.
გიჟური მგზავრობა რომელიღაც მომენტში ხელოვნების თემას წამოაგდებს:
“_ მურმანსკში გუნდში ვმღეროდი! აკორდეონზე ვისწავლე ჩემით!
ვ ზოლოტიხ ოგნიახ
გიდროსტანციი
ველიჩავაია ანგარა!
_ ვახ! რაა შესტაკოვიჩი! ქართველებს არ უყვართ! კუპრავას ქელეხში კინაღამ მომკლეს! სამაგიეროდ ზესტაფონიდან რომ ვბრუნდებოდი, ვიმღერე და ვიმღერე მეშვიდე სიმფონია! გავძეხი ბოლომდე!”
გიჟი უთხარი შენ…
მუსიკის თემა კი სასაფლაოზე გადაინაცვლებს, სადაც გზააბნეული მგზავრები აღმოჩნდებიან, სიკვდილს შეგუებული ექიმი უძალობას დანებდება და ჩათვლემს სველი ქარბუქის წივილში, მოჩვარდება და “პირში მოუკალავი კოვზის გემო” დარჩება.
წარმოუდგება თავისი გარდაცვლილი სიყვარულის იმქვეყნიური განსახიერება.
“გაიხა ცა, იწივლა ტანგომ!
ნელა, გრძელი კვალით თოვლში, წეროებივით მუხლის მაღლა აწევით უახლოვდებიან ერთმანეთს, დიდხანს უყურებენ თვალებში და შორდებიან, რომ აღარასოდეს შეხვდნენ. ნელ-ნელა, დამცინავი ღიმილით ჩაუვლის ნუნუ, თითქოს ვერ ხედავსო, ნელ-ნელა შედის ძელქვის უკან და ქრება სამუდამოდ”.
“ძვლებში შევიდა სევდა”.
გაქრება ზმანება…
და გამჟღავნდება ის ტყუილიც, რომლითაც ჩიტომ გადაკარგულში შეიტყუა ექიმი, ჯოჯოხეთის ყველა რკალში გაატარა: გაცოფებული ძაღლების თავდასხმა მოუგერია ლიმონათის ყუთით; ციცაბო, დათოვლილ და გადათხრილ გზაზე აიყვანა “ზადნი” სვლით (“შენ იარე უკან-უკან და აღმართ-აღმართ”), “სნეგოჩისტიტელ” ორთქლმავლის ბორბლებს გამოგლიჯა ლიანდაგზე დამხობილი და “ოპელ-კაპიტანის” პატრონ ერმონიასთან ოდინდელ კონფლიქტში ჩაითრია გამშველებლად.
კვანძი მაშინ გაიხსნება, როცა ბოლოს და ბოლოს მიაღწევენ დანიშნულ ადგილამდე, როცა ჩიტო ფანერის კარს გააღებს და ექიმი მასთან ერთად შევა ქვის კიბის ქვედა ნაწილში “ფოშტა-ხით”, ჟეშტებითა და სხვა ამგვარი შემთხვევითი მასალით მიშენებულ სადგომში, სადაც “გიზგიზებდა ცეცხლი პატარა ჟეშტის ფეჩში” და “რკინის ვიწრო საწოლზე ათი წლის გოგო იჯდა. ნახევარი სახე ცეცხლისგან პატარა ვარდებით ჰქონდა აჭრელებული. ტუჩებზე საბანი ჰქონდა აფარებული და სხივებიანი თვალებით დამცინავად უყურებდა ექიმს”. გაიხსნება კვანძი და ბავშვის პირით გაჟღერდება ჭეშმარიტება:
“_ მამაჩემი მართლა შენი შოფერია?..
…ექიმმა უყურა გოგონას და თავი დაუკრა. გოგონამ ისევ მოიშორა საბანი:
_ მამაჩემს დაყავხარ მანქანით სამსახურში?
ექიმმა ისევ დაუკრა თავი.
_ მერე შენც რომ ფეხით დარბიხარ, ვერ ხვდები? პატრონ-მყვარებელი არ გყავს? _ გოგონა დაიმალა საბანში და აკისკისდა, _ სურამში უნდა წახვიდეთ ორივე მაგ მანქანით! _ იგუდებოდა გოგონა საბნის ქვეშ, _ ჯერ პირველში! დრუმ-დრუმ! მეორეში! მესამეში! მეოთხე სიჩქარით! დრმ-დრუმ!”
აქვე გაირკვევა, რომ ეს გოგონა “სამ წლამდე კი უჯდებოდა (ჩიტოს) მანქანაში, მერე დასცინოდნენ ბავშვები. ვაგონში იჯდა სულ, გარეთ არ გამოდიოდა. იოდი დალია, არ მინდა სიცოცხლეო, ბოვშვმა აუკრძალა, მანქანით არ მოხვიდეო”.
და ჩიტო ბავშვის დედას წარუდგენს ექიმს, გაუმხელს სიმართლეს, როგორც სამხედრო საიდუმლოებას:
“_ ამ ქალს ნადია არ ჰქვია! ცისანაა, ჩემი ცისანა! სამტრედიაში მოვაწერეთ ხელი! აღდგომაზე! ვაიმე, რა კარგი იყო! თქმა ღალატია! დეიფიცე, რო არ წამოგცდება”.
ის ცისანა ყოფილა, რომელიც მეზღვაურის დემობილიზებას არ დაელოდა და ცოლად გაჰყვა ჩიტოს მეგობარ როლანდას, ბავშვი კი ამ გიჟისგან გაუჩნდა.
ცისანაც გაუმხელს ექიმს: “გუშინ მაგან და ბოვშვმა წეიჩხუბესავით. ჩიტომ დეიჩემა, ჩემი თუ არ გჯერავს, ექიმს მოვიყვანო”.
შოფერი რომ ვარო, ექიმის. და მოუყვანა კიდეც თავისი “პაბედით”, რომელიც ქვევით, ძაან ქვევით, მილიციის ზევით, ანზორას სახლთან გააჩერა.
“_ როლანდა სადღაა?
_ თბილისშიაო, მარქსიზმის კათედრაზე”…
ეს ამბავი თავისი პერიპეტიებით, ნერვების გლეჯით, თავგანწირვით და სიკეთის საქმნელად სიცრუის გამოყენების მცდელობით წარსულ დროში გადადის.
ნამყო ხდება.
ავადმყოფური ბოდვები სურვილის ახდომად ტრანსფორმირდება, ირეალურობაში დარჩენილი.
“ქრისტე იშვა ბეთლემსაო”
ბუნებას თავისი გააქვს:
“მთვარის ნათება თოვლის სითეთრისგან გასამებული იყო. ქარიც ჩაწყნარდა, აგერ-აგერ ანაწილებდა თოვლს ღობეებში, ისე, ტყვილა, თავისთვის.
ქუჩები გასუფთავდა, აღარ ჩანდნენ ჩამპალი კიბეები, დაგრეხილი აივნები, ორმოები, წუმპეები, დაღრეცილი ბორდიურები, ჟეშტები, ფანერკები, სვარკა. ყველაფერი გალამაზდა და განაზდა. ძველებურ შობის ატკრიტკას დაემსგავსა ქუთაისი”.
ჩიტო თითს დააჭერს ვირტუალურ რადიოს და ტკბილი, ოდნავ ხრინწიანი ტენორით დაიწყებს შობის ალილოს:
“ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
და…”
ექიმმა ნელა, წყნარად აუწყო ხმა.
რადიოში გადმოსცემდნენ დარვინის “ბიოგრაფიას” (კონტრასტული რეალობა!).
“ასე ალილოთი მიადგნენ ექიმის ეზოს. ექიმმა საკვოიაჟი თოვლში გადააგდო, დაეჯაჯგურა მანქანის კარს, გააღო, გადმოვიდა და მორყეული ჭიშკარი თოვლში ჩააწვინა”. და იბადება სასწაული _ ჩიტო გაიღიმებს “ფართედ, გაშლილად, კეფიდან კეფამდე, საღორიიდან ჭომამდე, ქუთაისურად და ოდნავ მრუდედ”. “ამოდენა ღიმილს თავისი დასავლეთ-აღმოსავლეთი კი უნდა ჰქონდეს”, _ გააღიმებს რეზო გაბრიაძე იაკობ ექიმს, რადგან ასეთი ღიმილი მისი მოგონილია, ორგანული შემადგენელია, იუმორით გამთბარი (როგორ ციოდა შობის იმ ღამეს!), ნატიფი და ეკონომიური მისეული სტილის; და _ მასშტაბური, როგორც “ტრიფონიას ეზოში გამსკდარი მეხი”, როცა ორი პლანეტარული ძალა ერთმანეთს დაერია და “გახურდა ჩხუბი! აღდგა იმერეთი! გაწიეს გვერდზე საქართველო! გაიღო კარი ლხინისა!” (“შერეკილები”).
ჩვენი გმირები კი ალილოზე ჩამომვლელებივით განაგრძობენ საუკუნეებგამოვლილ სიმღერას:
“ჩვენ მათხოვრები
არა ვართ,
შობის მახარობლები ვართ, და…” _ დაიწყო ერმონიამ უტკბილესი ხმით, კვეს-აბედით სანთელი აანთო და წავიდა წინ. ჩიტო ბეჭით შეუდგა ექიმს ზურგში:
ვაჰჰი-ჰაი, ჰაი, ალილო!
ასე ტკბილი, ჩუმი, მორჩილი, სათნო გალობით სამ ხმაში ავიდნენ ბალკონზე.
ვაჰჰი-ჰაი-ჰაი, ალილო…
კარებში ჩიტოს დედა დახვდათ”, რომელიც ისე იყო გახარებული, რომ “ახალთახალი, პრიალა, ბირკებიანი რეზინის ბოტებში ფეხის თითებით ცეკვავდა”.
…ერმონიამ ორივე კარი ერთად გააღო და თაფლში გამოტარებული შუქით დაიხატა განათებული ოთახი”.
მერე მოხდება ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერმონიას კვალზე გაიმეორებს _ შეიწყნარებს დასაკლავად გამზადებულ ინდაურს:
“_ მევიკლა თავი?! _ იყვირა ერმონიამ და ინდაურს მივარდა, რომელსაც დანის ტარზე, ტაფის გვერდით, თავისთვის ძილით ეძინა, _ მე პირადად ვერაფერი ვუქენი!
ერმონიამ ცაში ისროლა ინდაური. ინდაური თეთრ ფიფქებში გაერია, მტრედს დაემსგავსა და სამტრედიისკენ დაემგზავრა თბილ ქართულ ქარს.
თოვლი შეწყდა, ცა მუჭისხელა ვარსკვლავებით მოიჭედა”.
მოგვები მოჰყვნენ ორიათასი წლის წინათ ცაზე ამობრწყინებულ არნახულ ვარსკვლავს:
“და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო…
…დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას” (მათ. 2,9-11).
ნახტომში მოკრეფილი ზღმარტლი
ერთ მშვენიერ წიგნში _ “რეზო გაბრიაძის თეატრი”, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გამოიცა, აღნიშნულია: “გაბრიაძესთან ყველაფერი ფრინავს”. ასეა “შერეკილებში”, “მიმინოში”, მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელშიც ლიკა ქავჟარაძის სილამაზით გაბრუებული მოწინავე მეგზურები _ კახი კავსაძე და ბაადურ წულაძე მოფარფატე პეპელას დასდევენ; “დე ფანტიეს ბრილიანტშიც” კი ხანუმა პარიზში პარაშუტით ჩაეშვება და ახალშობილი პაბლო პიკასო ზეციდან მოევლინება ქვეყნიერებას. გაბრიაძის ფანტაზია გალაქტიკას სწვდება: კინოფილმ “ქინ-ძა-ძას” (ქართული ქინძიდან რომ არის ტრანსფორმირებული) გმირები კალინინის (ყოფილი) პროსპექტიდან კოსმოსში გადაადგილდებიან ავტორის მიერ აღმოჩენილ პლანეტა პლუკზე, სადაც დისკრიმინირებული “პაცაკები” (პატარა კაცები) ბინადრობენ, ხოლო იქაური კოსმოსური ხომალდი სახელდებულია “პეპელაცად” (პეპელად).
ეს მიწიერი ამბავიც, სადაც “პურის სუნს სველი ძაღლი მისდევს”, ზეცაში მთავრდება დახვეწილი ფრაზებისა და მოულოდნელი მიგნებებით შეკრული კიბის მეშვეობით:
“ლამპოჩკასავით რომ ანათებს ზევით რაღაც მოშავო”;
“ქარი ყოველთვის წინიდან ხვდებოდა და მის მკერდზე იღუნებოდა ნედლი კეტივით”;
“მერე ბოქლომისა და თუჯის უთოს ცეხის ღობეს ჩამოეკიდა და ჰაერის ჭამა დაიწყო ბელტებად”.
მივყვებით ამ კიბეს “ზევით და ზევით”:
“ამ ტოტებში ალესილ ყავისფერ ფაფაში ძნელი იყო, დაგენახა ზღმარტლი. ნახტომში მოკრეფილს გავდა”;
“ტალახიანი ხელით თაგვის კუდივით რაღაცა დაჩხაპნა ზედ” (რეცეპტზე);
“ქალს მუხლები მოეკვეთა და ფანერკაზე მისხმულივით ჩაიღვარა”;
“… გაბრაზდა ექიმი: _ აქვს თუ არა ადამიანს, თორმეტ გამოძახებაზე რომ იყო, უფლება, ხახვის სუნი მაინც დააყენოს ოთახში შობაზე?”
კიდევ რამდენია ზევით ასასვლელი, იქ, სადაც “ეკლესიის ზარის ხმა ქალაქის თავზე ჰაერს წმენდდა და ნათლავდა. თენდებოდა”.
“ასეთი იყო ის შორეული, დაუვიწყარი, ჩემი ბავშვობის ტკბილი ქრისტეშობა, ნაზი, როგორც თოვლის ფიფქი”.
თოთო ბავშვისთვის თავზე ხელის გადასმასავითაა.
ბოლოთქმის მაგიერ:
დიდებული მწერლის _ რეზო გაბრიაძის შემოქმედება სრულად, მთელი თავისი მრავალფეროვნებით ერთ მეტაფორად წარმოგვიდგება, ისეთ ულამაზეს ჩუქურთმად, როგორიც ოშკის ტაძრის კარიბჭის სვეტზეა ამოკვეთილი.
და დაუმთავრებელი.
ხოლო საშობაო მოთხრობის ერთმანეთისგან განსხვავებული ღამეული გმირები ავტორის მიერ ისე არიან გაცოცხლებულნი, როგორც გაბრიაძის თეატრის ნახევრადჩაბნელებული სცენის სივრცეში სულიერ არსებებად ქცეული მარიონეტები _ გაადამიანებული თოჯინები დიდოსტატი “კუკლოვოდის” _ მეთოჯინის ხელში… ღმერთო, მაპოვნინე უკეთესი შესატყვისი ქართულად.
ევროპული მწერლობის კორიფეებს მიაჩნდათ, რომ რუსი პროზაიკოსების პლეადამ შესძინა მილევის საშიშროების წინაშე მდგარ დასავლურ მოკლე მოთხრობას ახალი სიცოცხლე, ხოლო რუსული მოკლე ჟანრის მამა არის ლევ ტოლსტოი თავისი “ივან ილიჩის სიკვდილით”. “იქიდან მოყოლებული რუსი მწერლების პრესტიჟი… არნახულად ამაღლდა” (ს. მოემი, “ოსტატობა სიტყვისა”, 1939 წლის გამოცემის შესავალი).
რეზო გაბრიაძის საშობაო მოთხრობა “ექიმი და ავადმყოფი” ასეთივე წყაროსთვალია სიტყვაკაზმულობის ძნელად სავალ გზაზე შემდგარი მგზავრისთვის.
ასეთი მისია აკისრია.
არმაზ სანებლიძე