Home რუბრიკები საზოგადოება კონსტიტუცია ბორკილდადებულია და კარცერშია გამომწყვდეული!

კონსტიტუცია ბორკილდადებულია და კარცერშია გამომწყვდეული!

ქვეყნის ძირითადი კანონი დაუბალანსებელი, წინააღმდეგობრივი და ერთ თანამდებობის პირზე მორგებული დოკუმენტი რომ არის, ყველას კარგად ესმის, მაგრამ მის დასაბალანსებლად და საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ამ მოწვევის პარლამენტს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. იმიტომ, რომ არც პარლამენტსა და არც მთავრობას არ ესმის მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. კონსტიტუცია განსაკუთრებით სუსტია ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში.

ბატონო გურამ (გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი)!

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე და სატელევიზიო ეთერში არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ “საქართველოს კონსტიტუცია გარანტირებულ დამარცხებაზე ორიენტირებული დოკუმენტია”, მაგრამ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ უცდია ამ შეფასების გაბათილება, ან ვის უნდა ეცადა, როდესაც არც წინა და არც მოქმედ საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი ნამდვილი სამხედრო არ ყოფილა შეყვანილი. სამხედრო პირებისთვის ერთი მანდატიც ვერ გაიმეტეს.

პარლამენტი და მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არაფერი ესმით და არც სურთ, გაიგონ. გამოდის, საკუთარი მოსახლეობის აზრი მათ სულაც არ აინტერესებთ.

არადა, კონსტიტუციის მოყვანა ქვეყნის თავდაცვის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად დიდი კვორუმის საჭიროებისა, ადვილი იყო, რადგან არ გაჭირდებოდა პატრიოტ პარლამენტართა ხმების სამი მეოთხედის მობილიზება, ამის მონდომება და სურვილი რომ ყოფილიყო.

დავიწყოთ ყველაზე სახიფათო 73-ე მუხლის ზ) ქვეპუნქტიდან, რომელშიც წერია:

“1. საქართველოს პრეზიდენტი:

) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად”.

მგონია, რომ ყველას კარგად ესმის ამ ჩანაწერის აბსურდულობა.

ვინ წავა იმის წინააღმდეგ, რომ დროის მაჩვენებელი “48 საათი” შეიცვალოს სიტყვით “დაუყოვნებლივ”, როგორც ეს სხვა ქვეყნების კონსტიტუციებით არის გათვალისწინებული (აზერბაიჯანის გარდა)?!

ან იმის წინააღმდეგ, რომ სრულიად უუფლებო, ძალებისა და საშუალებების (მათ შორის, დაზვერვის) გარეშე დარჩენილმა პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის ან რომელიმე სხვა სტრუქტურებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ?!

ან ვინ წავა იმის წინააღმდეგ, რომ ძირითადი კანონის 50-ე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-3′ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე, და რომელიც შეურაცხყოფას აყენებს პარლამენტს, ასევე პრეზიდენტს (საპრეზიდენტო რესპუბლიკებში ასეთი უფლება ქვეყნის მეთაურსაც არ აქვს)?!

მაგალითად: საფრანგეთის პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის ზედა და პალატების თავმჯდომარეებთან და საკონსტიტუციო საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ;

თურქეთის პრეზიდენტი კი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრთა და ეროვნული უშიშროების საბჭოების თვალსაზრისის გათვალისწინებით.

კონსტიტუციიდან ამოსაღებია, აგრეთვე, მე-100 მუხლის პირველი აბზაცი, რომელიც კიდევ 48 საათით და შეიძლება უფრო მეტად ახანგრძლივებს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცებას პარლამენტის მიერ. და ეს დრო შეიძლება გაუტოლდეს 144 საათს, ანუ 6 დღე-ღამეს;

ან ვინ გამოვიდოდა იმის წინააღმდეგ, რომ ტერმინი “სამხედრო ძალები” შეცვლილიყო ტერმინით “შეიარაღებული ძალებით”, როგორც ეს სხვა სახელმწიფოებშია, ვინაიდან სამხედრო ძალები რეალურად უკვე, დიდი ხანია, აღარ არსებობს?!

და, თუ ვინმე გამოვიდოდა ამ ცვლილებების წინააღმდეგ, მას კარგი დღე არ დაადგებოდა, მრავალი არასახარბიელო ეპითეტით შემკობის ღირსი იქნებოდა.

ჩანს, რომ ძირითადი კანონის ეს მუხლები ჩამოყალიბებულია სამხედრო საქმეში სრულიად ჩაუხედავი პირების მიერ სამხედრო ხელოვნების, კანონებისა და წესდებების იგნორირებით და ამიტომაც დღემდე არ არსებობს ქვეყანას მორგებული შეიარაღებული ძალების ლოგიკური ორგანიზაციული სტრუქტურა. კონსტიტუციამ საეჭვო გახადაეროვნული უშიშროების საბჭოსადა სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობის არსებობის აუცილებლობაც.

ან ვინ გამოვიდოდა იმის წინააღმდეგ, რომ გამოცხადებული საომარი და საგანგებო მდგომარეობებისას პარლამენტი დაუყოვნებლივ შეკრებილიყო და მისი მუშაობა გაგრძელებულიყო ამ მდგომარეობების გაუქმებამდე?! ამის წინააღმდეგი კი 50-ე და 61-ე მუხლებია.

დღეს ყველას კარგად ესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის ფაქტორს ომის პირობებში და ამიტომ პარლამენტისა და მთავრობის (მათ შორის პრეზიდენტის) შეთანხმებული მოქმედებისთვის მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფად დასამტკიცებლად მიზანშეწონილია, შეიცვალოს პარლამენტის ადგილსამყოფელი და ის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოვიდეს.

გამოდის, რომ ძირითადი კანონის სამ მუხლში 7 ძალიან სახიფათო შეცდომაა დაშვებული.

ძირითად კანონში აღმოჩნდა ისეთი ჩანაწერებიც, რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ მექანიკურ შეცდომებს (კონსტიტუციაში, საერთოდ, შეიძლება იყოს რაიმე შეცდომა _ თუნდაც მექანიკური)?

მაგალითად, აი ასეთი:

“კონტრასიგნაციას, ე.ი. პრემიერმინისტრის ხელმოწერას არ საჭიროებს საქ. პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება:

1. საომარი მდგომარეობის გამოცხადებას და გაუქმებას” (. 73′ .4):

ვიცით, რომ პრეზიდენტს კი აქვს საომარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება, მაგრამ მისი გაუქმების უფლება კონსტიტუციას მისთვის არ მიუნიჭებია და ეს უფლება დღემდე პარლამენტის პრეროგატივაა

2. “პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას” (. 73′, . 4).

წინა მოწვევის პარლამენტარებს დაავიწყდათ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებად, ძირითადად, მინისტრები გაამწესეს, შემდეგ პარლამენტის წევრებიც დაუმატეს. როგორც ვიცით, პრეზიდენტს მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლების უფლება აღარ აქვს და ამიტომ პრემიერმინისტრის გამორიცხვა ამ ორგანოს საქმიანობიდან სრულიად არალოგიკურია.

3. “პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან სესიის მოწვევას” (. 73′, . 4). კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პრეზიდენტმა დაკარგა უფლება თავისი ინიციატივით მოიწვიოს რიგგარეშე სესია, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას _ რიგგარეშე სხდომა, მაგრამ მთავრობის წარდგინებით პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს რიგგარეშე სესია და რიგგარეშე სხდომაც. ჩავთვალოთ, რომ ესეც მექანიკური შეცდომაა.

მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მექანიკურ შეცდომად მივიჩნიოთ ძირითადი კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს 71-ე მუხლს და, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ფიცის დადების მაგივრად, განცხადებას აკეთებს, ანუ, ხალხურად რომ ვთქვათ, “თვალში ნაცარს გვაყრის”.

მაგრამ ძალიან აღმაშფოთებელია ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიერ გათამამებული პრემიერი, არათუ ფიცს დებს, განცხადების გაკეთებასაც კი არ კადრულობს.

ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური, მინისტრები და პარლამენტარებიც დებენ ფიცს და წარმოთქვამენ სიტყვას “ვფიცავ.” ამით ვალდებულებების დაკირების შემდეგ უფლება ეძლევათ, დაიკავონ თანამდებობები.

ჩემთვის უცნობია, დადეს თუ არა ახალარჩეულმა დეპუტატებმა პარლამენტარის ფიცი, და თუ დადეს, რომელი სიტყვა წარმოთქვეს _ “ვაცხადებ” თუ “ვფიცავ”? ტექსტი მოითხოვს, წარმოთქვას სიტყვა “ვაცხადებ”.

საპარლამენტო რესპუბლიკის სახელისუფლო ორგანოების სისტემაში ხელმძღვანელი როლი ეკუთვნის პარლამენტს და არა მთავრობას ან პრეზიდენტს, ჩვენთან კი პირიქითაა _ პრემიერმა დაჩაგრა როგორც პარლამენტი, ასევე პრეზიდენტი.

სამხედრო საქმის მცოდნე პირების კატასტროფულმა უკმარისობამ და ქვეყნის ხელმძღვანელი პირების სრულმა არაკომპეტენტურობამ გამოიწვია ის შედეგები, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში და ეს არაპროფესიონალიზმი აისახა როგორც კონსტიტუციაში, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებშიც.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დაისვას ასეთი კითხვა:

იცოდნენ თუ არა ამ სახიფათო ჩანაწერების შესახებ პარლამენტარებმა, როდესაც კონსტიტუციაში შესწორებებს ამტკიცებდნენ?

იცოდნენ!

მხოლოდ დავით ბაქრაძეს ჯერ კიდევ 2009 წელს სამი წერილი მივწერე. ამ საკითხებზე წერილები გავუგზავნე, აგრეთვე, გივი თარგამაძესა და პავლე კუბლაშვილს, მაგრამ მათგან პასუხი არ მომსვლია. მხოლოდ ბატონმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაიზიარა ჩემი მოსაზრებები, მაგრამ მას არ უსმენდნენ.

მოქმედი პარლამენტარებიდან, ასე თუ ისე, ლოგიკური პასუხი გამომიგზავნა ბატონმა გია ვოლსკიმ, მაგრამ, როგორც ჩანს, ფრაქციაში მასაც ვერ გაუგეს.

2010 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შედეგად სრულიად გაუგებარია როგორც პრეზიდენტის, ასევე მას დაქვემდებარებული ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური ორგანოს _ ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი ქვეყნის მართვის სისტემაში; ამასთანავე, გაუგებარია, არის თუ არა პრეზიდენტის თანამდებობა საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული, ვინაიდან კონსტიტუციამ მას პრაქტიკულად ჩამოართვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციობის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები და, აქედან გამომდინარე, მისთვის მიწებებული სახელმწიფოს მეთაურისა და ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტის ტიტულები სრულიად შეუსაბამოა მის უფლებამოსილებებთან. ნუთუ პარლამენტარები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობოები, საკონსტიტუციო სასამართლო და თვით გიორგი მარგველაშვილი ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან, რომ კონსტიტუციამ მოქმედი პრეზიდენტი წინა პრეზიდენტის კარიკატურად აქცია?

ზოგი პარლამენტარი საპარლამენტო ორგანოში დაბერდა და ძირითადი კანონი დღემდე არ შეუსწავლია, ახლებს კი არ წაუკითხავთ და ამიტომაც არის მათთვის გაურკვეველი ქვეყნის მმართველობის სისტემა. ზოგს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიულ (ქალბატონი გუგული მაღრაძე) მიმართულებებს, ზოგს კი საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად მიაჩნია (ზაქარია ქუცნაშვილი, კახა კუკავა).

წინა მოწვევის პარლამენტმა პრეზიდენტს სახელმწიფოს სამეთაუროდ არავითარი უფლება რომ არ დაუტოვა და მხოლოდ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აჰკიდა, ნუთუ ვერ ხედავენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვენეციის კომისიაში?

მრავალ ქვეყანაში კონსტიტუცია ითვლება სახელმწიფოს უშიშროების გარანტად. ჩვენთან კი ძირითადი კანონი გაუგებრობისა და ხელისუფლების შტოებს შორის არეულობის მიზეზი შეიქნა. პრეზიდენტი არ ცნობს პრემიერს, პრემიერი კი არც სახელმწიფოს მეთაურს და არც პარლამენტს. ამას ადასტურებს თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან.

ამას მოწმობს პარლამენტის მიერ მიღებული “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ ორგანული კანონი და მთავრობის მიერ 2014 წელს “კრიზისების მართვის შესახებ” მიღებული #38 დადგენილება, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტიც და პრემიერიც ცდილობენ პარლამენტის თავმჯდომარის თავის დაქვემდებარებაში მოქცევას და ისე დაიბნენ, რომ ვერც კი შეამჩნიეს, როგორ აქციეს ერთი და იმავე შემადგენლობისა და შესასრულებელი ამოცანებით ეროვნული უშიშროების საბჭო და კრიზისების მართვის საბჭო ქსეროქსზე გამრავლებულ მთავრობად.

ამ მოკლე მიმოხილვაში გავაანალიზეთ კონსტიტუციის მოთხოვნების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ეხება უშუალოდ სამხედრო თემებს და რომლის გამოსწორებაც არც ისე რთულია დარჩენილ პერიოდში. ამით ქაღალდზე მაინც იქნება დაცული ქვეყნის თავდაცვის ინტერესები.

საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს მეცნიერებათა აკადემია და, საქართველოს ე.წ. ელიტას ცოტა თავმოყვარეობა და სიამაყე რომ ჰქონდეს, საჭირო აღარ იქნებოდა ვენეციის კომისიისა და უცხო ქვეყნების მუდმივი ჩარევა ჩვენს საკანონმდებლო და სხვა სამართლებრივ საქმეებში. ნუთუ ასეთი უნიჭონი ვართ?

2012 წელს არჩეული პარლამენტის მუშაობის უარყოფითი შედეგები საკანონმდებლო ორგანოში სპორტსმენებისა და ხელოვანთა სიმრავლის ბრალი კი არ არის, არამედ პარლამენტში პროფესიონალი და პრინციპული იურისტების, პოლიტიკოსებისა და სამხედროების ნაკლებობის.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ნუთუ პარლამენტარები, პრემიერმინისტრი და მინისტრები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ისევ ფიცის დადების გარეშე შეუდგებიან?

2016 წლის 1 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პარლამენტის არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი და ამ თარიღს ათანხმებს პრემიერთანო. ამ განცხადებამ სათავე დაუდო გაუგებრობასა და გაუთავებელ კამათს ამ საკითხზე.

პრეზიდენტმა ისე, რომ არც კი ჩაუხედავს კონსტიტუციის 73′ მუხლში, 5 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს 2016 წლის 8 ოქტომბერს და ეს გადაწყვეტილება გაუგზავნა პრემიერს შესათანხმებლად _ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი კოლეგიურად მოიქცა, თუმცა შეეძლო ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო. ამისთვის მას პრემიერის თანხმობა არ სჭირდება.

მთავრობის მეთაურმაც ისე, რომ არც ის არ გასცნობია 73′ მუხლს, თავი დაიფასა და გარკვეული შენიშვნებით დოკუმენტი უკან დაუბრუნა, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა როგორც პრეზიდენტთან, ასევეპოლიტიკოსებთანდაყველაფრისმცოდნეარასამთავრობოებთან.

ამით კი სამივემ _ პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერმა და პრეზიდენტმა _ დაამტკიცა, რომ პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, და თავიანთ უფლებამოსილებებში ჯერ ვერ გარკვეულან.

და როგორი სურვილი აქვთ ხელისუფლებაში დარჩენისა და ჩვენი მართვის?!

ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განცხადებით შეცდომაში ამერიკის ელჩიც კი შეიყვანა.

მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა, ყოველგვარი კონსულტაციისა და ვინმესთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და ამაზე კითხვა არავის უჩნდება. არადა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის არჩევნების თარიღის დანიშვნას რა აჟიოტაჟი და კამათი მოჰყვა? თითქოს ამით ქვეყანა დაინგრა.

გაზეთის მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, თუ როგორ შეაფასებდა უცხო სახელმწიფოს დამკვირვებელი ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელი პირების მიდგომას თავდაცვისა და უშიშროების საკითხებისადმი, მათ პრინციპულობას სამართლიანობისა და დემოკრატიის დამყარებაში, ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის მართვის სისტემაში.

1. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი _ კონსტიტუციის მიხედვით, კარიკატურული უფლებებით, მაგრამ დარჩენილ უფლებამოსილებებსაც ხშირად იყენებს საზოგადოებაში სიტუაციის გასამწვავებლად, ძალაუფლების სახელისუფლო შტოებს შორის დაძაბულობის შესატანად.

მას თითიც კი არ გაუნძრევია, თუნდაც, თავისი მინიმალური უფლებების აღსადგენად; უკანონოდ გასამართლებული სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, მათი ღირსების აღსადგენად.

ძალიან სუსტია სამხედრო საკანონმდებლო აქტებში.

2. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი _ ეტყობა ნაკითხი ადამიანია, მაგრამ მასაც არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაემსგავსოს კლასიკური ევროპული ქვეყნების პარლამენტებს (ალბათ, მათი კონსტიტუციები არ შეუსწავლია). ის ვერ ათვითცნობიერებს, რომ:

* პარლამენტი ვეღარ აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და ეს უფლება პრემიერმინისტრს გადაეცა (მ. 79, პ. 2);

* მთავრობის მეთაურს შეუძლია უგულებელყოს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნასაც კი და ეს ორგანო პასუხის ღირსადაც არ ჩათვალოს (მ. 59, პ. 3);

* მთავრობას მოეხსნა პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე და ის ანგარიშვალდებულებით შეიცვალა (მ. 78, პ. 1);

* პარლამენტს დაუტოვეს უფლება, პრემიერმინისტრს მოსთხოვოს მხოლოდ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში (მ. 79, პ. 3); მეტი არაფერი;

* პრემიერმინისტრს ქვეყნის მართვაზე არავითარი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები არ დაუკისრებია, არათუ ფიცის დადებით, განცხადებითაც კი.

* გაუგებარია ქვეყნის მმართველობის სისტემა.

საკონსტიტუციო კომისიამ ორ წელიწადზე მეტხანს იმუშავა და მისი მუშაობის შედეგი არავის უნახავს და არც არავის მოუთხოვია, რისთვის დაიხარჯა 300 000 ლარი. ამ კომისიის თავმჯდომარე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. და ეს არის 2012-2016 წლების პარლამენტის მუშაობის შედეგი?

როდესაც პარლამენტის თამჯდომარეს ავიწყდება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების თარიღის დანიშვნის პროცედურა, სხვას რა უნდა მოსთხოვო?

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ეტყობა, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ კონსტიტუციის საკითხებში უკვე მეორედ ჩაიჭრა.

პირველად _ როდესაც ვერ აუხსნა ჟურნალისტს, რატომ არ დახვდა საქართველოს ელჩი აშშ-ის პრეზიდენტს აეროპორტში და რატომ იმყოფებოდა ის მუდმივად პრემიერმინისტრის ამალაში და არა პრეზიდენტის.

მაგრამ ყველაზე მეტად გამაკვირვა კვირიკაშვილის ახსნა-განმარტებებმა კრიზისების მართვის ოთახის დათვალიერებისას 2016 წლის 8 თებერვალს. მან ვერ შეძლო, დამაჯერებლად, ზუსტად და მკაფიოდ აეხსნა საზოგადოებისთვის კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს დანიშნულება და ამოცანები.

ამ სტრუქტურის სხვა წევრებმაც ბუნდოვანი განცხადებები გააკეთეს.

და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მომენტი რომელიმე მზვერავს გამორჩებოდა, ძალიან ცდება. ქვეყნის ხელმძღვანელობის შესაძლებლობები თავდაცვის, უშიშროებისა და სხვა სფეროებში მათ (მზვერავებს), უკვე დიდი ხანია, შეფასებული აქვთ.

როგორ უნდა უწოდო საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა, როდესაც თვით ძირითადი კანონია დაპატიმრებული და ბორკილდადებული?!

აბა, სხვაგვარად როგორ გავიგოთ 102-ე მუხლის მოთხოვნები?

არასამთავრობოებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და მათ, ვისაც ბოლომდე არ აქვს წაკითხული საქართველოს კონსტიტუცია, შევახსენებ ამ მუხლის შინაარსს:

“3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი”.

და ეს არის საპარლამენტო დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია?

რა დროს მაჟორიტარული არჩევნების სისტემის გაუქმებაზეა საუბარი, როდესაც ძირითად კანონში დაშვებული შეცდომების გამო:

_ ქვეყანა საფრთხეშია;

_ არსებობს ავტორიტარული რეჟიმის დამყარების საფრთხე;

_ კონსტიტუცია ბორკილდადებულია და კარცერშია გამომწყვდეული.

ამ დოკუმენტს ხელახლა შემუშავება თუ უშველის, და ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პარტიას “საქართველო მშვიდობისათვის”, რომელიც ამ საკითხებზე, უკვე დიდი ხანია, მუშაობს.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here