“ზიკას” ვირუსის შემდეგ საქართველოში ახალი დაავადების _ “ზუგი”-ს (ზურა–გიგი) _ გადამტანი კოღო შემოვიდა. როგორც ჩვენი აცრილი კორესპონდენტი გვაცნობებს, კოღოს აქამდე უცნობი სახეობა “ქართული ოცნების” ოფისში ნახეს და მას სამედიცინო ენაზე ადეიშვილ–უგულავას ვირუსის გადამტან მწერს ეძახიან.
პოლიტმწეროლოგების ცნობით, კოღოს ეს სახეობა ხასიათდება ფარული მიპარვით და მისგან დაინფიცირების შემდეგ იწყება ე.წ. ფანჯრის პერიოდი, როდესაც პაციენტს კლინიკური ნიშნები უვითარდება.
მეხსიერების დაბინდვა, აგრესია, გადამეტებული მადიანობა, მაღალი სექსუალური მოთხოვნილებები და ე.წ. გაუმაძღრობის სინდრომი _ ეს იმ კლინიკური ნიშნების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც “ზუგი”-ს ვირუსი გამოირჩევა.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა “ქართულ ოცნებაში”. პარტიის ცნობით, ეკა ბესელია, მანანა კობახიძე და გუგული მაღრაძე სპეციალური ელექტროშოკით 24-საათიანი მორიგეობით დარაჯობენ ვირუსის გადამტან კოღოს.
“მეორე დღეა, მე და გოგოები ვდარაჯობთ, რომ ჯერ დავიჭიროთ და მერე პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა მოვიმოქმედოთ”, _ განაცხადა გუგული მაღრაძემ.
“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნაციონალების გამოგზავნილმა კოღომ ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს ის, რასაც ამ 4 წლის განმავლობაში ვქმნიდით”, _ ამბობს ბესელია.
ჩვენი ინფორმაციით, დიდი ბუზსაკლავით არის ჩასაფრებული ლუკა კურტანიძე და გოგი თოფაძეც, რომლებმაც სადარაჯო პერიმეტრი გაიყვეს.
როგორც ცნობილია, კოღო ამჟამად პრემიერის სამუშაო ოთახშია, მაგრამ მისი პოვნა ვერ ხერხდება და მხოლოდ ბზუილით ხვდებიან, რომ ის იქ არის.
საოცარია, რომ ზოგჯერ ეს კოღო სატელევიზიო ეთერშიც ჩანს ხოლმე, მაგრამ მისი დაჭერა მაინც ვერ ხერხდება.
გუგული მაღრაძე შიშობს, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ კბენით, არამედ ხანგრძლივი ბზუილითაც დაავადდეს ადამიანი ამ ე.წ. ზუგი-ს ვირუსით. “აქედან გამომდინარე, ბატონი კვირიკაშვილის სამუშაო ოთახს ყოველ 1 საათში ვანიავებთ და სადეზინფექციო ხსნარებს ვასხამთ”, _ განაცხადა მაღრაძემ.
ფაქტს ეხმაურება ამერიკის საელჩო საქართველოში, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“შევიტყვეთ რა აღნიშნული კოღოს “ქართულ ოცნებაში” შემოსვლის შესახებ, ვფიქრობთ, როგორ საშიშროებასაც უნდა წარმოადგენდეს იგი, არსებობისა და სიცოცხლის უფლება მაინც აქვს, ვინაიდან დემოკრატიული საქართველოს პირობებში დაიბადა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მისი დაჭერის შემთხვევაში, მისი ლიკვიდაცია არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს, შესაძლოა, დემოკრატიული პროცესების შეფერხების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს”, _ ნათქვმია ამერიკის ელჩ იასონ კელაძის განცხადებაში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, აღნიშულმა კოღომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე დაკბინა.
“ამ სახეობის კოღო იმითაც არის საშიში, რომ მას ზოგჯერ არა მხოლოდ “ზუგი”-ს, არამედ “ვამი”-ს ვირუსის (ვანო-მიშა) გადატანაც შეუძლია!” _ აფრთხილებელნ მოსახლეობას შესაბამისი სამსახურების უსაქმური თანამშრომლები.
მიშა ვანო ზურა გიგი კოღუაშვილი