Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ თამაზ მეჭიაურს

ღია წერილი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ თამაზ მეჭიაურს

709

ბატონო თამაზ, გიდასტურებთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას, როგორც ეროვნული ინტერესების გამტარებელ და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერ ერთერთ მაღალკვალიფიციურ და ნათელ სახეს ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ჩარევითა და მხარდაჭერით უთუოდ დაჩქარდება საგადასახადო სამართლიანობის აღდგენის თაობაზე ქვემოთ მოყვანილი ჩვენი წინადადებების განხორციელება საქართველოში.

მოგეხსენებათ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2004 წელს, შეცვალა და თავის თავზე მოირგო საქართველოს საგადასახადო კოდექსი; გააუქმა პროგრესული ფორმის საშემოსავლო გადასახადი, რომლის განაკვეთები იზრდებოდა საგადასახადო ბაზის, ანუ ფიზიკურ პირთა შემოსავლის გაზრდასთან ერთად 12-დან 15, 17 და 20%-მდე. ამის მაგიერ შემოიღეს პროპორციული ფორმის საშემოსავლო გადასახადი, რომლის მიხედვითაც ყველა ფიზიკურ პირს, როგორც მაღალშემოსავლიან მდიდრებს (ნაცმოძრაობის ელიტას), ისე დაბალშემოსავლიან ღარიბებს (მოსახლეობის უდიდეს ნაწილს) საშემოსავლო გადასახადის გადახდა დაეკისრათ ფიქსირებული 12-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. იმხანად “ნაციონალებმა” ატეხეს ხმაური და დაიწყეს პიარი, რომ მათ მნიშვნელოვნად შეუმცირეს საშემოსავლო გადასახადი მშრომელ ხალხს. სინამდვილეში კი მხოლოდ თავიანთ თავს შეუმცირეს საშემოსავლო გადასახადი, თორემ მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის საგადასახადო განაკვეთი ისევ 12 პროცენტი დარჩა.

შემდგომ, როცა დაეპატრონენ და წილებში ჩაუჯდნენ ყველა ბიზნესს, ხელისუფლებამ მეპატრონეებისთვის, ანუ დამსაქმებლებისთვის განკუთვნილი სოცდაზღვევის გადასახადი შეიტანა საშემოსავლო გადასახადში, განაკვეთი ასწია 20%-მდე და ეს საგადასახადო ტვირთი აჰკიდა დასაქმებულებს, ანუ მშრომელ ხალხს, რაც დღემდე გრძელდება.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ გადადგმული როგორც აღნიშნული, ისე სხვა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევით ან უცოდინარობით დაშვებულ შეცდომებად. პირიქით, მათი ყველა ნაბიჯი იყო გააზრებული, მიზანმიმართული და მორგებული მმართველი ელიტისა და ერთი მუჭა მაღალჩინოსნების უსაზღვროდ გამდირებასა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მსხვილი მონოპოლიური ბიზნესის ინტერესებზე.

სამწუხაროდ, უკვე მეოთხე წელია, კოალიცია ქართულ ოცნებაშიჩაბუდებული მედროვეების ზეგავლენით ქვეყნის მთავრობა და მისი ეკონომიკური გუნდი არც კი ფიქრობსნაცმოძრაობისგანმემკვიდრეობით მიღებული ზემოაღნიშნული და სხვა ანტიეროვნული ნამოქმედარის გამოსწორებასა და სამართლიანობის აღდგენას. მათ არ სურთ, გაიგონ, რომ საერთაშორისო პრაქტიკისა და მსოფლიო გამოცდილების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის პროგრესული ფორმა უფრო სამართლიანი, ჰუმანური, სოციალურ გათანაბრებაზე ორიენტირებული და ეფექტიანია სხვა ფორმებთან შედარებით. მათ არც ის უნდათ დაინახონ, რომ თანამედროვე ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მათ შორის, ევროგაერთიანების უკლებლივ ყველა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ პროგრესული საშემოსავლო გადასახადები ზღვრულ საგადასახადო სარგოებს შორის ფართო დიაპაზონით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოქმედი პროგრესული საშემოსავლო გადასახადის ზღვრულ საგადასახადო განაკვეთებს შორის დაწესებული ინტერვალის დიაპაზონი შეადგენს 0-დან 50%-მდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში _ 10-დან 35%-მდე, გერმანიაში _ 14-დან 45%-მდე, საფრანგეთში _10,5-დან 47%-მდე, ესპანეთში _ 24-დან 43%-მდე, პორტუგალიაში _ 0-დან 43%-მდე, იტალიაში _ 23-დან 43%-მდე, დანიაში _ 38-დან 59%-მდე, ბელგიაში _25-დან 50%-მდე, ნიდერლანდებში _ 0-დან 52%-მდე, ავსტრიაში _21-დან 59%-მდე, ნორვეგიაში _28-დან 51%-მდე, შვედეთში _ 0-დან 56%-მდე, ირლანდიაში _20-დან 41%-მდე, ისრაელში _ 10-დან 47%-მდე, სინგაპურში _3,5-დან 20%-მდე, იაპონიაში _ 5-დან 40%-მდე და . . უფრო მეტიც, სფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს დროებით შემოღებული აქვს 75-პროცენტიანი გადასახადი ფიზიკური პირების მიერ წელიწადში ერთი მილიონი ევროს ზევით მიღებულ შემოსავალზე, რითაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, სავსებით სამართლიანად, ძირითადად დაკისრებული აქვს მოსახლეობის მდიდარ ფენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ სამარცხვინოდ მიგვაჩნია იმ ეგოისტი ვაიექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პროგრესული ფორმის საშემოსავლო გადასახადის პირობებში თურმე ირღვევა ადამიანთა თანასწორუფლებიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდისო საქართველოს კონსტიტუციასთან. მათი ლოგიკით გამოდის, რომ ევროკავშირში შემავალ ყველა ქვეყანასა და მსოფლიოს წამყვან ცივილიზებულ სახელმწიფოებში პროგრესული საშემოსავლო გადასახადების გამოყენების გამო გამეფებულია ადამიანთა დისკრიმინაცია და ფეხქვეშ ითელება მათი უფლებები, რაც სრული აბსურდია. სინამდვილეში, ზემოაღნიშნულ მაღალგანვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, უპირველად, ყურადღება ექცევა იმ დისკრეციული თანხის მოცულობას, რომელიც რჩება სხვადასხვა შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების ხელში მათი დაბეგვრის შემდეგ და იმას, თუ როგორ არის დაცული ჰუმანურობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპები.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობის შემადგენლობაში მყოფი ფულს დახარბებული მაღალჩინოსნების ნაწილს დაკარგული აქვს სოლიდარობის განცდა ქვეყნის შედარებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მიმართ და ხელმძღვანელობს ცნობილი ქართული ანდაზითსხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”. მათ გადაწყვიტეს, ჭეშმარიტებად ჩათვალონ ზემოაღნიშნული ვაიექსპერტების მცდარი მოსაზრებები, უცვლელად შეინარჩუნონ თავიანთი მაღალი შემოსავლები და განაგრძონ უზრუნველი ცხოვრება სააკაშვილისდროინდელი პროპორციული საშემოსავლო გადასახადის პირობებში. ასეთი აგდებული დამოკიდებულება დაბალშემოსავლიანი ფართო მასების მიმართ მათვე დაუბრუნდებათ ბუმერანგივით და მიიღებენ სოციალურ აფეთქებასა და აღშფოთებული ხალხის გამოსვლას ქუჩაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დამყარდეს საგადასახადო სამართლიანობა საქართველოში და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სასწრაფოდ აღადგინოს პროგრესული საშემოსავლო გადასახადი ქვეყანაში. ამ წინადადების რეალიზება ადვილად შეიძლება და მისი განხორციელება მრავალ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. მოსახლეობის მცირეშემოსავლიან ნაწილს მნიშვნელოვნად შეუმცირდება საშემოსავლო გადასახადი, რაც მათ მისცემს გარკვეულ ფინანსურ შვებას და შეამცირებს სოციალური დაძაბულობის საფრთხეს. ამას გარდა, თუ პროგრესული საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული სარგო გაუტოლდება 56%-ს, როგორც ეს შვედეთშია, ან 59%-ს, როგორც ეს არის ავსტრიასა და დანიაში, მნიშვნელოვნად მოიმატებს შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის მთავრობას სხვადასხვა ჰუმანური და სოციალური პროექტების განსახორციელებლად. ამასთანავე, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირ ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელობას, აგრეთვე, სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებულ ზოგიერთ გაზულუქებულ, მაღალშემოსავლიან მუშაკს მნიშვნელოვნად გაუნელებს სწრაფვას, დაინიშნოს მაღალი დანამატები ხელფასზე და გამოიწეროს პრემიები.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აგრეთვე, რომ სოციალური გადასახადი გამოეყოს საშემოსავლო გადასახადს და მისი გადახდა კვლავ დაეკისროს იურდიულ პირებს, ანუ დამსაქმებლებს, რომლებიც არ შეიძლება, არ იყვნენ პასუხისმგებელნი და დაინტერესებულნი მათ მიერ დასაქმებული მუშაკების სოციალური მდგომარეობით. ჰუმანური იქნებოდა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარებას გააუმჯობესებდა საარსებო მინიმუმთან გატოლებული დაუბეგრავი მინიმუმისა და მისი ინდექსაციის შემოღება ქვეყანაში, გარკვეული საგადასახადო შეღავათების ამოქმედება იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები, კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილები, პენსიონერი მშობლები, ინვალიდები და სხვა უნარშეზღუდული წევრები, როგორც ეს არის საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები:

ანზორ აბრალავა, თამაზ ბაქრაძე, აკაკი გაბელაია, ლევან გაბელაია, ვახტანგ დათაშვილი, შოთა ვეშაპიძე, იგორ კვესელავა, პაატა კოღუაშვილი, ნინო ლაზვიაშვილი, პარმენ ლემონჯავა, ციალა ლომაია, გიორგი მალაშხია, რამაზ ოთინაშვილი, თამარ როსტიაშვილი, კარლო ღურწკაია, შოთა ყიზილაშვილი, კონსტანტინე ყიზილაშვილი, ნოდარ ცანავა, ზაურ ციხელაშვილი

1 COMMENT

  1. იმედია თამაზ მეჭიაური უზრუნველყოფს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორების წინადადებების რეალიზაციას ქართულ ეკონომიკაში, რითაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის შემოტრიალებას სახით რეიტინგის მკარგავ \\\”ქართული ოცნებისაკენ\\\”.

  2. იმედია, რომ მეჭიაური გამოიყებებს მთელ თავის ძალა–უფლებას და უზრუნველყოფს გეპეის შესანიშნავი პროფესორების ძალზე სასარგებლო და ეფექტიანი წინადადებების დანერგვას ცხოვრებაში. დროა მიხედოთ ხალხს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here