საქართველოში პირველად გაიხსნა კონტაქტური ზოოპარკი “ფაუნალენდი”, სადაც ადამიანებს ცხოველებთან შეხება შეუძლიათ. როგორც “ფაუნალენდის” კომერციული დირექტორი იულია აზმაიფარაშვილი ამბობს, თბილისში კონტაქტური ზოოპარკის გახსნის იდეა მის დამფუძნებელს სინგაპურის ზოოპარკმა შთააგონა:
_ “ფაუნალენდი” 2016 წლის თებერვალში გაიხნა. ეს არის საქართველოში პირველი კონტაქტური ზოოპარკი, რომელიც ორ დარბაზად გვაქვს გაყოფილი. პირველ დარბაზში გვყავს გველები, ქამელეონი, ზღარბები; აგრეთვე, შეგიძლიათ იხილოთ, როგორ იჩეკებიან პეპლები ჭუპრებიდან. მეორე დარბაზში გვყავს ბაჭიები, ბოჩოლა, სირაქლემები და ზღვის გოჭები. “ფაუნალენდის” გახსნის იდეა გაჩნდა სინგაპურის ზოოპარკის მაგალითიდან. ჩვენი დამფუძნებელი იგორ ოსტაპენკო ხშირად მოგზაურობს, სწორედ ერთ-ერთი მოგზაურობისას ნახა კონტაქტური ზოოპარკი სინგაპურში და გადაწყვიტა, მსგავსი თბილისშიც გაეხსნა. ყველას კარგად გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა, რომელმაც რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. ასევე, გვახსოვს ამ წყალდიდობის შედეგად ზოოპარკი რომ დაიტბორა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გახსნა ბატონმა იგორმა თბილისში კონტაქტური ზოოპარკი.
_ რით განსხვავდება კონტაქტური ზოოპარკი ჩვეულებრივისგან?
_ ჩვენს ზოოპარკში შეგიძლიათ ხელით შეეხოთ სასურველ ცხოველსა თუ ქვეწარმავალს, აიყვანოთ ხელში და გამოკვებოთ.
_ უსაფრთხოა თქვენს ბინადრებთან ახლო კონტაქტი?
_ ჩვენთან ყველა ცხოველი აცრილია, ამიტომ უსაფრთხოა. როდესაც მიუახლოვდებით ცხოველებს, მათგანაც იგრძნობთ სითბოს. დამთვალიერებლები, ძირითადად, გველებზე გვეკითხებიან, შხამიანი არიან თუ არაო. რა თქმა უნდა, არ არიან შხამიანი, ამიტომ საშიში არაფერია.
_ რა დანიშნულება აქვს “ფაუნალენდს” და არის თუ არა აუცილებელი, რომ ბავშვებს ცხოველებთან კონტაქტი ჰქონდეთ?
_ ბავშვს პატარაობიდანვე სჭირდება მეგობარი. ცხოველები კი სწორედ მათი მეგობრები არიან. ცხოველებთან ერთად გაზრდილი ადამიანი გარე სამყაროსთან ადაპტაციას გაცილებით იოლად ახერხებს, უფრო კომუნიკაბელურია, სირთულეებს იოლად უმკლავდება. ცხოველების მოფერება და თამაში ყველაზე ნერვიულ და აგრესიულ ბავშვსაც კი აწყნარებს. საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვს ცხოველებთან კონტაქტი კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება. ცხოველებთან თამაშის შემდეგ არაკომუნიკაბელურ ბავშვს ხშირად სურს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა.
ჩვენი ზოოპარკი ეხმარება ადამიანებს, სხვადასხვა ფობიის დაძლევაში. ბევრს გველის შიში აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, პეპლისაც. პირველად რომ მოდის ადამიანი, მხოლოდ შორიდან შეხედავს ცხოველებს, როცა მეორედ მოვა, უკვე ეხება. ბევრმა დაძლია ცხოველების შიში ჩვენი ზოოპარკის საშუალებით. სამწუხაროდ, თბილისში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ ცხოვლებთან ახლო კონტაქტის საშუალება, განსხვავებით სოფელში მცხოვრები ბავშვებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ მათთან ურთიერთობა. ბევრმა ბავშვმა არც კი იცის, რომელ ცხოველს რა ჰქვია.
_ ვინ იზრუნა “ფაუნალენდის” ინტერიერზე?
_ ახალგაზრდა დიზაინერებმა, ჩვენი კონტაქტური ზოოპარკი თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მოაწყვეს.
_ გიდი თუ გყავთ, რომ უფრო მარტივად შეძლოს ბავშვმა მისთვის უცხო გარემოში ადაპტირება…
_ რა თქმა უნდა, გვყავს გიდი, რომელიც უხსნის ბავშვებს, რომელ ცხოველს რა ჰქვია, უყვება საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ, როგორ ცხოვრობს ესა თუ ის ცხოველი, რით იკვებება. ჩვენთან შეიტყობთ ისეთ ინფორმაციებს ცხოველებსა თუ ქვეწარმავლებზე, რომლებიც აქამდე არ გსმენიათ. მაგალითად:
ქამელეონს შეუძლია თვალები ატრიალოს და ერთდროულად გაიხედოს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით. ამასთანავე, ის ყრუა. ქამელეონის ენა მის ტანზე 1,5-2-ჯერ გრძელია.
ანდა, იცოდით, რომ სირაქლემას თვალი მის ტვინზე დიდია? ის ავითარებს 70 კმ/სთ სიჩქარეს, ფეხის ერთი ამოკვრით შეუძლია ლომი მოკლას. სირაქლემა 80 წლამდე ცოცხლობს. არ შეუძლია უკან სიარული. მას წილად ხვდა პატივი, გამოესახათ ავსტრალიის გერბზე. აფრიკული სირაქლემას ფეხის დარტყმა, ცხენის ფლოქვის დარტყმაზე გაცილებით ძლიერია. ხოლო მისი თავდასხმის შემთხვევაში, საკმარისია, ჯოხზე წამოცმული სამოსი ასწიოთ, რომ დაუყოვნებლივ უკან დაიხევს. სირაქლემა თავს ესხმის მხოლოდ მასზე დაბალ მოწინააღმდეგეს. მისი კვერცხი, თუ ის საკვებად გინდათ, 2 საათის განმავლობაში უნდა ხარშოთ. სირაქლემას ერთი კვერცხისგან მიიღება ქათმის 25 კვერცხის ოდენი მასა. ვინაიდან სირაქლემას არ აქვს კბილები, კუჭში საჭმლის დასამუშავებლად ყლაპავს წვრილ ქვებს, ასევე ლურსმნებს, ხის ნაჭრებს, რკინას, პლასტმასს და ასე შემდეგ. თუ მტაცებელი მის ბუდეს ემუქრება, შეუძლია, მიწაზე დაწოლა და გარინდება, თავის ქვიშაზე დადებით, იმისთვის რომ ვერ შეამჩნიონ.
კოსტა–რიკული ტარაკნები. ტარაკნის ტვინი გაშლილია სხეულში, ამიტომაც შეუძლია იცოცხლოს თავის დაკარგვის შემდეგაც კი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ცოცხლობს არაუმეტეს ათი დღისა. ვინაიდან უთავო ტარაკანი წყალს ვერ დალევს, უწყლობის გამო დაიღუპება. საკვების გარეშე კი ტარაკანს შეუძლია გაძლოს ერთ თვეზე მეტ ხანს. ტარაკნის ორგანიზმი ისეთი გამძლეა რადიაციის მიმართ, რომ შეუძლია იცოცხლოს ატომურ რეაქტორშიც კი. შეუძლიათ გაირბინონ საათში 4 კილომეტრი, გარდა ამისა, იციან ცურვაც. ტერიტორიის დაცვისას თავს ესხმის საზღვრების დამრღვევს. ერთდროულად იბადება 30 ტარაკანი. მისი კუჭი აღჭურვილია არა მხოლოდ ძლიერი კუნთებით, არამედ კბილებითაც. ისინი საჭმელს, ყბების გარდა, კუჭითაც ამუშავებენ.
მორიელი. რაც უფრო დიდია მორიელი, მით უსაფრთხოა ადამიანისთვის. საიმპერატორო მორიელი, რომელიც ჩვენც გვყავს, ყველაზე დიდი ჯიშისაა. ის ჰოლივუდის ვარსკვლავია _ გადაღებულია თითქმის ყველა სათავგადასავლო ფილმში. თუ უდაბნოში მოგიწევთ ღამის გათევა, საკმარისია, თქვენ გარშემო დადოთ სელის თოკი და მორიელები მასზე ვერ გადმოვლენ, ვინაიდან ვერ იტანენ სელის სუნს. ისინი ასევე კარგად იტანენ რადიაციას. სიბნელეში ნადირობისას მორიელები იყენებენ გრძნობის სპეციალურ ორგანოებს, რომელთა დაბოლოებაზე წვრილი მგძნობიარე წანაზარდებია. მათი დახმარებით მორიელს შეუძლია მსხვერპლი იპოვოს. ძალიან შხამიანი მორიელის მარწუხები პატარაა ნესტართან შედარებით. ნაკლებად შხამიან მორიელს პირიქით _ დიდი მარწუხები აქვს, ნესტარი კი _ პატარა. კაშკაშა მზის სინათლეზე მორიელების ბაკანი მწვანედ ელავს.
_ ბავშვებს თუ მოსწონთ ახალი ზოოპარკი?
_ ძალიან მოსწონთ და არა მხოლოდ ბავშვებს, უფროსები ხშირად ბავშვზე მეტადაც კი ხალისობენ.
_ რა ღირს ზოოპარკის ბილეთი?
_ ბილეთის ფასი უფროსისთვის 10 ლარია, 3-დან 14-წლამდე ბავშვისთვის _ 8 ლარი, 3-წლამდე ბავშვის შემოსვლა უფასოა. ყოველდღე ვმუშაობთ 11-დან 8-საათამდე. ზოოპარკში ყოფნის დრო არ არის განსაზღვრული, შეგიძლიათ, მთელი დღე იყოთ საყვარელ ცხოველებთან.
ესაუბრა
ქრისტინე ტოგონიძე
ძვირი სიამოვნებაა ზოოპარკში შესვლა წარმოიდგინე ოჯახში უფროსი ასაკის ბავშვების გადასახადი 10ლარი თუკი 4ან მეტი ბავშვები არიან რაქნან