ჩვენი რესპონდენტი, 47 წლის მუსიკოსი მაია სიხარულიძე, პროფესიით მევიოლინე, იტალიაში, ვენეციასთან ახლოს, ქალაქ ლუგო დი ვიჩენცაში ცხოვრობს. ქალბატონი მაია, რამდენიმე წელია, თავისი პროფესიით აღარ მუშაობს, მაგრამ მისი უდიდესი სურვილია, დაბრუნდეს საქართველოში და ქართული კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.
_ ქალბატონო მაია, რატომ წახვედით საქართველოდან?
_ საქართველო ისე უცნაურად და სწრაფად დავტოვე, რომ, შეიძლება ითქვას, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი.
1993 წლის ივნისის შუა რიცხვები იყო. თბილისში სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო. უშუქობა, უწყლობა, ტალონებით ვყიდულობდით პურს, ფქვილსა და სხვადასხვა პროდუქტს… ამ პერიოდში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოში ჩამოვიდა იტალიელთა ჯგუფი. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მწერალი და მკვლევარი, დავაახლოვე მწერალსა და ეზოთერიკოს გივი ალაზნისპირელსა და გიორგი იბერიონს, რომლებიც ნუნისში იმყოფებოდნენ და ამტკიცებდნენ, ნუნისის მთა წმინდაა და იქ ნოეს კიდობანი იყოო. მათთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება შემძინა, გავიღრმავე იტალიური ენის ცოდნა და საბოლოოდ აღმოვჩნდი ამ ადამიანის სტუმარი მილანში. იმავე პერიოდში სრულიად შემთხვევით მიმიწვიეს იტალიის კუნძულ სარდინიაზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად და თარჯიმნად. ეს პროექტი არ განხორციელდა ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ მე იმ მომენტისათვის უკვე მილანში ვიმყოფებოდი და ველოდებოდი ქართველებს. მგზავრობისას თვითმფრინავში გავიცანი იტალიელი მეწარმე, რომელიც რუსეთიდან ბრუნდებოდა სამშობლოში. მან დახმარება შემომთავაზა და მითხრა, თუ რამე გაგიჭირდება იტალიაში, ჩემი იმედი გქონდესო. ასეც მოხდა, იტალიაში ეულად შემოვრჩი და, როდესაც უკან დაბრუნება დავაპირე, ჩემმა ტელეფონმა დარეკა _ ეს იყო თვითმფრინავში გაცნობილი იტალიელი მეწარმე. მან ახსნა-განმარტების შემდეგ მიმიწვია თავის ქალაქში, სადაც მიმასპინძლა მისმა მეგობარმა, რომელიც მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა. შევქმენით ოჯახი და გვყავს სამი შვილი.
_ როგორი სიტუაციაა იტალიაში, როგორი ხელისუფლება ჰყავთ იტალიელებს და რას ამბობენ ქართველებზე?
_ ქართველებს ჰგონიათ, რომ აქ ცხოვრება მარტივია _ სამსახურის შოვნა, ადამიანებთან ურთიერთობა. ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ და ვიცი, რა მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა იტალიაში. ენის უცოდინარობაც დიდი პრობლემაა, რადგან იტალიაში თითქმის არავინ ლაპარაკობს ინგლისურად, მით უმეტეს, იმ ოჯახებში, რომლებშიც ჩვენებს, ძირითადად, ხანდაზმულების მოვლა უწევთ. იტალიელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ჩრდილოელები უფრო ცივი და უკარება ხალხია, სამხრეთელები კი _ უფრო გახსნილები და პირდაპირები. ძალიან რთულია სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მათი ტრადიციებისა და ფსიქოლოგიის გაგება. მინდა, თანამემამულეებს ვუთხრა, რომ მე ვეთაყვანები ქართულ კულტურას, ქართველების ნიჭს, მათ მოხერხებულობას და ვფიქრობ, ვისაც ეს თვისებები აქვს, საქართველოშიც შეძლებს საქმის კეთებასა და წარმატების მიღწევას. აქ ყველაფერი რთულია _ სახელმწიფო ძალიან ბიუროკრატიულია, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია _ მძიმე, სირიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილების ნაკადი შემოდის, იტალიელები კი, სამწუხაროდ, ტოვებენ სამშობლოს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ბევრია კარგი ქართველი, რომელებიც იტალიაში მხოლოდ სამუშაოდ ჩამოდიან და თავიანთ საქმეს პირნათლად ასრულებენ, საკმაოდაა ისეთიც, რომელსაც სულაც არ ხიბლავს მუშაობა და მარტივ გამოსავალს ეძებს _ ქურდობს და ა.შ., ამიტომ ზოგ რეგიონში ქართველებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ.
_ ევროპას ბევრი ლტოლვილი მიაწყდა, განსაკუთრებით _ გერმანიას, სადაც თვითონ ხელისუფლება უწყობს ხელს ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის შესვლას. რა სიტუაციაა იტალიაში, როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ლტოლვილების მიმართ?
_ იტალიის სამხრეთში ლტოლვილთა თავშესაფრები გადავსებულია. სახელმწიფომ ბევრი ლტოლვილი შეიფარა და, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამაზე მეტი მიგრანტის მიღება. ისინი უფრო სამხრეთში არიან და იქ კრიმინალური სიტუაციაც გამწვავებულია. ქურდობენ არა მხოლოდ სირიელი ლტოლვილები, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ბალკანეთის ნახევარკუნძულიდანაც. შესაბამისად, იტალიელები აგრესიულად არიან განწყობილნი მათ მიმართ.
_ საქართველოში აქტიურად განიხილავენ ერთი და იმავე სქესის პირთა ერთმანეთზე დაქორწინების დაკანონების საკითხს. როგორი დამოკიდებულება აქვთ იტალიელებს მათ მიმართ და თავად რას ფიქრობთ, უნდა მიიღონ ეს კანონი საქართველოში?
_ სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინათ იტალიის პარლამენტმაც მიიღო კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. აღშფოთებული ვარ, რომ ასეთ კანონზე საქართველოს პარლამენტშიც საუბრობენ! ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება აბსოლუტურად მიუღებელია ქართული კულტურისთვის და, საერთოდ, კაცობრიობისთვის.
_ იტალიაში მცხოვრები ქართველები ჩართული თუ ხართ საქართველოს შიგა პოლიტიკურ საქმიანობაში და რას ფიქრობთ დღევანდელ ხელისუფლებაზე?
_ სახელმწიფომ, პირველ რიგში, ახალგაზრდები უნდა დაასაქმოს და პენსიონერებს უნდა მისცეს ნორმალურად ცხოვრების საშუალება. პენსია, სულ ცოტა, 500 ლარი მაინც უნდა იყოს. სრულიად საქართველო ვალებშია ჩაფლული და საქართველოს ტელევიზია რეკლამებს ავრცელებს, როგორ ისესხონ სწრაფად და უპრობლემოდ ბანკებისგან ფული. ვალს გასტუმრება უნდა და, თანაც, რა პირობებით გვასტუმრებინებს ბანკები ამ ვალს, ყველამ კარგად ვიცით. ბოლო პერიოდში განხორციელდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი ვარსკვლავების მოწვევას საქართველოში. ამისთვის კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო 29 მილიონი ლარი. თუ სახელმწიფოს ჰქონდა ეს თანხა, რატომ არ შეიძლებოდა, გაზრდილიყო პენსიები და დახმარებოდნენ ამდენ უპატრონო და მშიერ ოჯახს?! ძალიან გულდასაწყვეტია, ასეთი ფაქტები რომ ხდება ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა!
_ ქალბატონო მაია, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას და დიდი სურვილი მაქვს, ტურიზმის განვითარებას შევუწყო ხელი. მწამს, რომ ამ სფეროში საქართველო მეტად მიმზიდველი ქვეყანა გახდება. ჩემი ოცნება ახდა _ შევქმენი ქართული კულტურის ცენტრი. მილანში ჩვენი დიასპორის დიდი ნაწილია. იქ ჩვენი საამაყო ემიგრანტი, მუდამ საქართველოზე ფიქრით გამსჭვალული ქალბატონი, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის დამაარსებელი ბერგამოს უნივერსიტეტში, აწ გარდაცვლილი ნინო ყაუხჩიშვილი ატარებდა შეხვედრებს. მისი ღვაწლი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში უდიდესია. მისი და რამდენიმე ქართველის ინიციატივით დაფუძნდა საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებელი”. უკვე 15 წელია, საზოგადოება არსებობს და ვასრულებთ ქალბატონი ნინოს მიერ დატოვებულ ანდერძს _ საქართველოს ვაცნობთ იტალიელებს. უამრავი კონცერტი, ქართული ფილმების ჩვენება, წიგნების პრეზენტაცია, კონფერენცია ქართული მეღვინეობის შესახებ და სხვა კულტურული ღონისძიებები ჩავატარეთ, რომლებშიც აქტიურად მონაწილებს ჩვენი გუნდი “სინტონია თბილისი”, რომელიც დედაჩემმა გულიკო ლომთათიძემ და მე ჩამოვაყალიბეთ. ვენეტოელი ქალბატონებისაგან შემდგარმა მომღერლთა ჯგუფმა აირჩია, რომ მხოლოდ ქართული სიმღერები შეესრულებინა და ჩვენც ვასწავლით, როგორც შეგვიძლია.
ესაუბრა
ქრისტინე ტოგონიძე
მადლობა ქვეყნის სიყვარულისთვის, ქალბატონო მაია. კარგი ადამიანი ბრძანდებით