Home რუბრიკები პოლიტიკა “კადავერინი”

“კადავერინი”

2001

წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ოთახში ვიმყოფებით ხრწნად გვამთან და აქვე სწრაფად გამოვთვალოთ, რამდენ წამს ან წუთს გავძლებთ იმ საზიზღარმოტკბოსუნში, რომელსაც მიკროორგანიზმების ხრწნის შედეგად გამოსცემს ტოქსიკური ნივთიერებები _ კადავერინი, პუტრესცინი და ნეირინი. გვამური შხამი სწორედ ამ სამი ნივთიერების ნაზავია. დროს არ დაგაკარგვინებთ იმის შეხსენებით, თუ რაოდენ სახიფათოა ზემოხსენებული შხამი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი ორგანიზმიც დასუსტებულია სტრესით, დარდით, უიმედობით, უსახსრობით და, ბოლოს, არასახარბიელო ეკოლოგიური ვითარებით.

დღეს ვისაუბრებთ იმ უხილავ “კადავერინზე”, რომლის მოქმედება, საბოლოო ჯამში, გაცილებით სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით _ ზნეობრივი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მისი სამედიცინო ანალოგი. ამ ნივთიერებას, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, გამოყოფენ ის პიროვნებები, რომლებსაც უწოდებენ პოლიტიკურ გვამებს.

რას ნიშნავს “პოლიტიკური გვამი”? _ რას და, პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანს, რომელმაც უღირსი (თანაც არაერთი) საქციელის გამო დაკარგა თავისი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე, გავლენაც. აუცილებელია ხაზგასმა იმ თავისებურებისა, რომლითაც ქართველი “პოლიტიკური გვამი” განსხვავდება მისი ევროპელი ან ამერიკელი “კოლეგისგან”. ევროპელი ან ამერიკელი “პოლიტგვამი” მშვიდად წევს “პოლიტიკურ სამარეში” და ბედს არის შეგუებული, ჩვენი თანამემამულე კი ბედს არ ურიგდება, წინასაარჩევნო მონაკვეთში გამოდის “პოლიტიკური აკლდამიდან” და “მოტკბო” სურნელით გაჟღენთილი დაპირებებით აფრქვევს “კადავერინის” სიმყრალეს, რომლითაც საზოგადოებას გონებას უწამლავს.

რამდენიმე დღის წინათკადავერინისარომატით ლამის გაგვგუდა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასწავლებლის კურსდამთავრებულმა, ამჟამადთავისუფალი დემოკრატებისლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ბატონმა ირაკლიმ “ტვ პირველის” ეთერიდან მოუწოდა “საზოგადოების დიდ ნაწილს” ქუჩის აქციებისკენ “ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ”. ვერ გეტყვით, რას ასწავლიდნენ მას ამერიკელი პედაგოგები, მაგრამ ბატონი ალასანიას გამონათქვამების მოშველიებით, დიდი ალბათობით, ვასკვნი: ყველაფერს, გარდა ლოგიკური აზროვნებისა და მჭევრმეტყველებისა. მოვუსმინოთ ალასანიას: მე ფიზიკურადაც დავიწყებ ხალხისა და ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში. ეს იქნება მოთმინების ბოლო წვეთიჩვენ, ყველას, დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოყვარე ხალხს რომ დაეცემა ბოლო წვეთადჩვენ შევცვლით რეალურად ამ ხელისუფლებას, როგორც ბიძინა ივანიშვილის დანამატს. ეს გამოაჩენს კიდევ ერთხელ, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა პრეზიდენტად, ვინ მოვა ხელისუფლებაში, მთავრობაში. ეს გამოაჩენს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს ჩვენს ქვეყანას”. ბატონი ალასანიას პირველი შეცდომა არის ის, რომ მან ცალ-ცალკე მოიხსენია “ხალხი” და “თავისი მხარდამჭერები”. როგორ გამოიყვან “ხალხს” ქუჩაში, თუ ეს “ხალხი” არ იქნება შენი მხარდამჭერი?! ან რას ნიშნავს “ბოლო წვეთი, ჩვენ ყველას რომ დაგვეცემა”? “ბოლო წვეთი” ავსებს “ფიალას” და არავითარ შემთხვევაში არც “ფიქრობს”, ვიღაცის თავზე დაეცეს. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა ხალხსმოთმინების ფიალასაფუძვლიანად რომ აუვსოს, მისი მხრიდან საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები, რომელიმე დეპუტატი ან მინისტრი ქალის გაუპატიურება, თანაც საჯაროდ ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ბატონ ირაკლის წარმოდგენა არ აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის ამჟამინდელ განწყობაზე, რაც მას ნამდვილად არ ამშვენებს. და რა საჭიროახალხის ქუჩაში გამოყვანა”, თუ ირაკლი ალასანიასთვისაბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა პრეზიდენტად, ვინ მოვა ხელისუფლებაში, მთავრობაში”? ან მრავალათასიანი ქუჩის აქციებმა უნდა გახადოს ცხადზე ცხადი, “რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს ჩვენს ქვეყანას”? და, კიდევ, გამახსენდა, რა დითირამბებსუგალობდაბატონი ირაკლი სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ ბატონი ივანიშვილის ქველმოქმედებას, პატიოსნებასა და სიბრძნეს. ამის გამო, როგორც ამომრჩეველს, გზაკვალი მაქვს აბნეული და არ ვიცი, რომელი ალასანიას სიტყვები ვირწმუნო _ თანამდებობაზე მყოფის თუ თანამდებობადაკარგულის?

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ ტელეარხ “მაესტროს” ეთერიდან შთამბეჭდავად აგვაყროლა. სხვათა შორის, ამ პიროვნების მიერ “ნაცპარტიის” რიგების დატოვება პოლიტიკაში დაჩაგრულმა ქალბატონმა სარიშვილმა შეაფასა, როგორც “ბოზობა”… ბატონი ვაშაძეც ვერ დაიკვეხნის ღრმა ანალიტიკური აზროვნებით, აღარაფერს ვამბობ მჭევრმეტყველებაზე, მაგრამ, ბატონი ალასანიასგან განსხვავებით, რომლისთვისაც “აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი და ა.შ., ბატონი გიორგის ამბიციები უტოლდება ისეთ მძიმე ფსიქიკურ დაავადებას, როგორიც არის განდიდების მანია: ჯიბეში ჩავისვამ ბიძინა ივანიშვილს იმ ახალგაზრდებთან და ენერგიულ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც მოვდივარ პოლიტიკაში”… უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყოფილი “ნაცი” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკავებულ “უგვირგვინო მეფის” ტახტს უმიზნებს. სარკასტული ღიმილისმომგვრელია ამ ბატონის თუნდაც ეს ფრაზა: ჩემი მთავარი ღირებულება არის თავისუფლება. მე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ვარ თავისუფალი და ამას ვერავის ჩავაბარებ. 35 წლის ვარ, მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ახლა მივეყიდო ვიღაცას?!”

ვალდებული ვარ, შევახსენო ბატონ ვაშაძეს, რომ ის, თანაპარტიელებთან ერთად, 2004 წელს იყიდა ჯორჯ სოროსმა. ამ მსოფლიო მნიშვნელობის თაღლითმა საჯაროდ განაცხადა, რომ აფინანსებს “ნაციონალურ მოძრაობას”, ანუ თითოეული “ნაცი” მისი ოფიციალური მოჯამაგირეა… ასევე, სადავოა მისი მტკიცებაც, რომ 35 წლის ახალგაზრდაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელმა ვაშაძის წლოვანებამდე ვერ მიაღწია. ისე, ვურჩევ “თავისუფლებისმოყვარე” ბატონ გიორგის, რომ ზუსტად ახლა, სანამ ახალგაზრდაა, თავი ძვირად შეაფასოს, თორემ სიბერისგან დაჩაჩანაკებული ვის რაში დასჭირდება. და კიდევ _ თუ მისი მთავარი ღირებულება მაინცდამაინც “თავისუფლებაა”, მით უმეტეს უნდა შეეგუოს თავის “გვამობას” და პოლიტიკიდან წავიდეს, რადგან პოლიტიკური მოღვაწეობა, უპირველეს ყოვლისა, ხალხის მსახურებას გულისხმობს, მაშასადამე, თავგანწირულ შრომასა და უზარმაზარ პასუხისმგებლობას, რომელიც გიორგი ვაშაძეს, მოკალი და, არ გააჩნია.

4 მაისს კი მქონდა ბედნიერება, ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ეთერში ე.წ. ნანუკას შოუ მეხილა. სრულიად სერიოზულად ვაცხადებ, რომ საინტერესო გადაცემად მეჩვენა. წამყვანმა სტუდიაში პოლიტიკოსების შვილები დაპატიჟა. უკლებლივ ყველა ბავშვი ქების ღირსი იყო და თავისი გონივრული პასუხებით მხოლოდ დაადასტურეს ქალბატონი ჟორჟოლიანის მიერ დასაწყისში თქმული: დღეს საპატიო სტუმრები გვყავს, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათი მშობლები არიანო. მაგალითად, ცნობილი საჯარო მოლაყბისა და ფუჭი სკანდალისტის, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის_ ალეკო ელისაშვილის ორმა პატარა ვაჟკაცმა თავისი სერიოზულობით, სიდინჯით, გონებაგამჭრიახობით დაჩრდილა ქართული პოლიტიკის “ჯუნგლებში” გზააბნეული მშობელი…

“ქართული ოცნების” წევრის, თვალსაჩინო კარიერისტის _ ზაქარია ქუცნაშვილის შვილებმა გამაოცეს. ასეთ შთამომავლობას მეც ვინატრებდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბატონი ქუცნაშვილის გამოჩენას “კადავერინის” სურნელი რომ არ გამოეფრქვა:

_ ძალიან ცუდი მამა ვარ, _ განაცხადა მან და მიზეზებიც “დააყოლა”, _ სახლში არყოფნის გამო, ამომრჩეველზე ორიენტირების გამო, ვერ მოვახდინე ოჯახის წევრებისთვის ყურადღების მიქცევა და ამას განვიცდი, იქიდან გამომდინარე, რომ აშკარად ვატყობ, შვილებს აკლიათ მამა. თორნიკე ამბობს, მამა პოლიტიკამ წაგვართვაო.

…რით განუგეშოთ? ძნელი დასაჯერებელია, რომ ბატონი ქუცნაშვილი “ამომრჩეველზეა ორიენტირებული” და ამომრჩევლის გამო ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს. თვალნათელია, რომ ამ მოწვევის პარლამენტი არ არის “ორიენტირებული ამომრჩეველზე”. ჩემი რწმენით, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს თავისი “მსუბუქი თმების სისტემა” უფრო აღელვებს, ვიდრე ქვეყნის გასაჭირი; ხოლო, რას ნიშნავს “მსუბუქი თმების სისტემა”, გირჩევთ, განმარტებისთვის თვითონ დეპუტატს მიმართოთ. ისე, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ზაქარია ქუცნაშვილი თავისი შვილების აღზრდის პროცესში, მით მეტია შანსი, ისინი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

ნანუკას ე.წ. შოუს კულმინაცია იყო გიორგი თარგამაძის ორი მშვენიერი გოგონას _ თეკლასა და მაკინეს გამოჩენა სტუდიაში. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ წამყვანი გიორგი თარგამაძის “პოლიტიკური რეაბილიტაციით” იყო დაკავებული. მაგალითად, მან თეკლას, რომელმაც ჟურნალისტობა გადაწყვიტა, განუცხადა: იცი რა, ცოტა რთული გადაწყვეტილება მიგიღია, იმ თვალსაზრისით, რომ შენ ხარ იმ ჟურნალისტის შვილი, რომელმაც (არ წაიქცეთ! _ ავტ.) ეპოქა შექმნა და ძალიან მაგარი შედეგი დადო ქართულ ჟურნალისტიკაზე (სტილი დაცულია _ ავტ.)”. ალბათ, ქალბატონი ნანუკა გულისხმობდა, რომ გიორგი თარგამაძემ თავისი გამაოგნებელი უპრინციპობითა და ცინიზმით, რომელიც მისი მამა-მარჩენლების _ ასლან აბაშიძისა და ბადრი პატარკაციშვილის ცუდად შენიღბულ ღალატსა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევის ხელშეწყობაში გამოიხატა, კი არ “დადო ქართულ ჟურნალისტიკაზე”, არამედ დაადო ქართულ ჟურნალისტიკას!..

ყოველთვის მაოცებდა “რუსთავი 2”-ის წამყვანების არაპროფესიონალიზმი; და, აჰა, თვითონ ნანუკა ჟორჟოლიანმა დამიდასტურა ეს ფაქტი. პატარა თეკლას ნანუკა დეიდამ ურჩია: როდესაც სტუდენტებს ვხვდები, სულ ვეუბნები, რომ არ არის აუცილებელი, ჟურნალისტიკაზე ჩააბარო, იმიტომ, რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ დაკარგული წლებია, როდესაც ჟურნალისტიკაზე აბარებენ და ვეუბნები, თუ პროფესია გექნებათ, ჩააბარეთ იურიდიულზე (სტილი დაცულია _ ავტ.)”. ხედავთ, ქალბატონი ჟორჟოლიანი ჟურნალისტობას პროფესიად არ მიიჩნევს, რადგან მაგ ფაკულტეტზე თურმე არაფერს ასწავლიან… რა თქმა უნდა, თუ მომავალ ჟურნალისტებს ისეთი ლექტორები ჰყავთ, როგორებიც არიან ნანუკა ჟორჟოლიანი, ზვიად ქორიძე, დავით კიკალიშვილი, თენგიზ გოგოტიშვილი, ლევან ბერძენიშვილი და მსგავსნი, სტუდენტები ცოდნას ვერ მიიღებენ, რადგან თვითონ მათ პედაგოგებს არაფერი გაეგებათ ჟურნალისტიკაში; ვერ არჩევენ, რა განსხვავებაა, დავუშვათ, რეპორტაჟსა და ნარკვევს შორის, სამაგიეროდ, კარგად აქვთ ათვისებული აშშ-ის სახდეპარტამენტის მოჯამაგირეობისა და პროპაგანდისტული მავნებლობისთვის ჰონორარის (გრანტის სახით) ჩაჯიბვის “თეორია და პრაქტიკა”.

სხვათა შორის, თავისი უვიცობის ამბავი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი თარგამაძემაც აღიარა, როცა შვილი დამოძღვრა: ოთხი წელი უნდა დაკარგო, ვერაფერს ვერ ისწავლი, რაც შეიძლება რეალურად გამოგადგეს ტელევიზიაში, იმიტომ, რომ ყველაფერი პრაქტიკით ისწავლებაო ვითომ რა, იურისპრუდენცია პრაქტიკითაც არ ისწავლება, როგორც ნებისმიერი მეცნიერება? ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას, ვინ უშლიდა ბატონ თარგამაძეს, შეესწავლა ფილოსოფია, უცხოური ლიტერატურა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, პოლიტეკონომია, ანუ ის საგნები, რომლებიც სავალდებულო იყო მომავალი იდეოლოგებისთვის? ოღონდაც გესწავლა!.. ქალბატონი ჟორჟოლიანისა და ბატონი თარგამაძის რწმენით, ჟურნალისტიკა გასართობი, არასერიოზული რამ ყოფილა და ერთობიან კიდეც.

გამოგიტყდებით, რამდენჯერაც გამოჩნდებოდა ეკრანზე ბატონი თარგამაძე, იმდენჯერვე ჩემს მგრძნობიარე ცხვირზე ცხვირსახოცს ვიფარებდი “კადავერინის” და “პუტრესცინის” ჭარბი დოზის გაუნებელსაყოფად. აი, როდესაც გიორგი თარგამაძე ბავშვების აღზრდის მეთოდზე ალაპარაკდა: ყველაზე კარგი მეთოდი აღზრდისა პირადი მაგალითის მიცემა არისო, უკვე ხსენებულ ნივთიერებებს ყველაზე შხამიანი და მყრალი _ “ნეირინი” შეემატა, “მოტკბო სურნელი” აუტანელი გახდა და გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა… ღმერთმა დაიფაროს ყველა ბავშვი ასეთი მშობლის “პირადი მაგალითისგან”!

ოც წელზე მეტია, “პოლიტიკური გვამები”, კერძოდ, ნათელაშვილები, ბურჯანაძეები, ქარდავები, კაციტაძეები, ბარამიძეები, ბოკერიები, სააკაშვილები, წიკლაურები, წერეთლები, ბერძენიშვილები (მაპატიონ, ვინც გამომრჩა) და სხვები გვიწამლავენ ტვინს, გვიბინძურებენ საცხოვრებელ სივრცეს. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, ეს ხომ ჩვენი ბრალია, რადგან ვივიწყებთ არდასავიწყებელს _ “გვამი” უნდა გააპატიოსნო, წესი აუგო და მიწაში ჩაფლო. მხოლოდ მაშინ დაკარგავს აქტუალობას “კადავერინი”…

გიორგი კორძაძე

8 COMMENTS

  1. ყოჩაღ ავტორს !! აი თქვენ კი ჟურნალისტი ხართ და ნამდვილად განათლებული ადამიანი!! ძალიან ვისიამოვნე თქვენი სტატიით 🙂

  2. ფრიად საგულისხმო მოსაზრებაა. თავისუფალი მარტო გიჟია. ჩვენ მათი სიმრავლე გვღუპავს.

  3. ყოჩაღ, ბატონო გიორგი,თქვენ ხართ ნამდვილი ჟურნალისტი და მოაზროვნე ადამიანი. მეორედ წავიკითხე თქვენი სტატია. ამ გაზეთში განსაკუთრებით ნიჭიერი ხალხი ,ჭკვიანი ანალიტიკოსები მუშაობენ. იცოდეთ, რომ თქვენი სტატიები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე.

  4. აქ ვინმე ელისო ძალიან გულახდილად წერს – … თქვენი სტატიები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. ახლა მე მოგმართავთ ბატონო გიორგი კორძაძევ, ერთი ისეთი სტატიაც დაწერეთ, რომელიც ელისო კილაძეზეც მოახდენს სათანადო გავლენას! მქონდეს თქვენი იმედი?! 🙂

  5. ირაკლი ალასანიასააგან ძან გამკვირებია რომ თანამდებობის დაკარგვის მერე გახდა ოპოზიციონერი და მერე დაიწყო ხალხზე ფიქრი, მაინტერესებს ერტი რამ როცა თავდაცვის მინისტრი იყო და პრემიებს რომ ღებულობდა თუ იცოდა რომ მის უწყებაში მსახურობდნენ ადამიანები რომელთაც 1998–1999 და 2000 წლებიდან ფქონდატთ აუღებელი ეგრეთწოდებული \\\”გაყინული ხელფასები\\\” და რა გააკეტა ამ კუთხიტ მისი თანამშრომლებისათვის რომ მათ მიეღოტ 15 და 16 წლის წინანდელი აუღებელი ხელფასები.მე ძალიან ვთხოვ მას ისაუბროს ამომრჩევლებტან შეხვედრისას ამ საკითხზე რადგან სამხედროებიც ამომრჩევლები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here