Home რუბრიკები საზოგადოება ზაალ ჟვანია: რას ჰქვია გამომიშვეს? ან რატომ დამიჭირეს და, თუ კანონიერად დამიჭირეს,...

ზაალ ჟვანია: რას ჰქვია გამომიშვეს? ან რატომ დამიჭირეს და, თუ კანონიერად დამიჭირეს, რატომღა გამომიშვეს?

ახალგაზრდული გაერთიანება “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ბიზნესმენებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ მათ საგადასახადო დავალიანება აპატია. სულ კი სახელმწიფომ ბიზნესმენებს მილიარდ ასი მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა, თუმცა, როგორც ბიზნესმენების ვინაობას, ასევე თანხას, სახელმწიფო მკაცრად ასაიდუმლოებს. 

თავისუფალი თაობისდამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი  ამბობს, რომ ვალი ნაციონალებთან დაახლოებულ ბიზნესმენებს აპატიეს. არადა, ყოფილი ხელისუფლებისგან დაჩაგრული ბევრი ადამიანი სამართალს დღემდე უშედეგოდ ეძებსყოფილი პოლიტპატიმარი და კომპანიის _ “კავკას ტრანს ექსპედიტორი ევროპააზიადამფუძნებელი ზაალ ჟვანია იმ ბიზნესმენთა შორისაა, რომლებიც, წლებია, წართმეული ქონების დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვენ. “ნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში სამართლის ძიებისას კუთვნილი თანხის დაბრუნების სანაცვლოდ ბიზნესმენი თაღლითობის ბრალდებით ორ შვილთან ერთად ციხეშიც აღმოჩნდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მართალია, ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა, მაგრამ, მოგებული სასამართლო პროცესების მიუხედავად, თანხას დღემდე ვერ იბრუნებს.

დავით უსუფაშვილმა და მანანა კობახიძემ განმიცხადეს, _ ხომ გამოგიშვით ციხიდან და მეტს რას ითხოვთო. რას ჰქვია გამომიშვეს? ან რატომ დამიჭირეს და, თუ კანონიერად დამიჭირეს, რატომღა გამომიშვეს?”

ზაალ ჟვანია, ბიზნესმენი, ყოფილი პოლიტპატიმარი:

_ ყველაფერი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, როდესაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ჩემი კომპანიის ვალი დაედო, რადგან საწვავი წაიღეს და თანხა არ გადამიხადეს. რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს მოვუგე საქმე სასამართლოში, იმჟამინდელი მთავრობის სხდომაზეც განიხილეს საქმე და ვალის გასტუმრება სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.

გამოუშვეს # 90 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ვალი, სამი მილიონი აშშ დოლარი, ჩემთვის უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ფული არ გადამიხადეს, ამიტომ, საქართველოში პირველმა, სწორედ მე გავხსენი გაკოტრების საქმე. ამის შემდეგ საქმეში ჩაერივნენ მაშინდელი პრეზიდენტი და მთავრობა, ყველანაირად მავიწროებდნენ, მემუქრებოდნენ, თავსაც დამესხნენ და, ბოლოს და ბოლოს, დამითანხმეს, გაკოტრების საქმე შემეწყვიტა, ხოლო დავალიანება, რომელიც რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს მართებდა, ჩემი კომპანიის გადასახადებიდან უნდა გაქვითულიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი კომპანია “ყაზბეგი-კასტელს” შეუერთდა, ეს ბრძანებაც გააუქმეს, რადგან არ სურდათ, ჩემთვის კუთვნილი თანხა დაებრუნებინათ. საგადასახადო შემოსავლების იმჟამინდელმა მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა გამოუშვა ბრძანება, რომლითაც გააუქმა მთავრობის ბრძანება #90 და ჩემი ფულის დაბრუნებაც შემეზღუდა. მიხეილ მაჭავარიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც სამართალმემკვიდრეობის პრინციპზე უარი თქვა და ამის ნაცვლად რაღაც ბრძანება გამოუშვა, რომლის ძალითაც ადმინისტრაციული ნორმატიული აქტი გააუქმა. ბრძოლა ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლის შემდეგაც გავაგრძელე და, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოვითხოვე, შეთითხნილი ბრალდებით მეც და ჩემი შვილებიც დაგვიჭირეს.

_ რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ ნაციონალების მთავარი მოტივი ჩემთვის ბიზნესის წართმევა და მითვისება იყო. მოითხოვდნენ, უარი მეთქვა ჩემს კომპანიაზე. ამას გარდა, უნდა მეთანამშრომლა მათთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანისთვის უნდა დამებრალებინა, თითქოს მათთან ერთად ფინანსურ მაქინაციებს ვაწარმოებდი. ეს ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნებოდა, რადგან არც ერთ მათგანს პირადად არ ვიცნობდი. როდესაც თანამშომლობაზე უარი განვაცხადე, წამართვეს ბიზნესი და შეთითხნილი ბრალდებით დამაპატიმრეს, თითქოს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგარანტიო წერილი გავაყალბე. ხოლო, რადგან ჩემი საქმე სტრასბურშიც გავაგზავნეთ, ამის გამო ჩემს ოჯახსაც დაუპირისპირდნენ და ხულიგნობის ბრალდებით ჩემი ორი შვილიც დააპატიმრეს.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამომიშვეს ციხიდან, როგორც პოლიტპატიმარი, და მას შემდეგ სამართლიანობის აღდგენას ველოდები.

_ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თქვენი რეაბილიტაცია თუ მოხდა?

_ არავითარი რეაბილიტაცია არ მომხდარა. მხოლოდ პოლტიპატიმრებად გამოგვაცხადეს და გამოგვიშვეს ციხიდან. დავით უსუფაშვილმა და მანანა კობახიძემ განმიცხადეს, _ ხომ გამოგიშვით ციხიდან და მეტს რას ითხოვთო. რას ჰქვია გამომიშვეს? ან რატომ დამიჭირეს და, თუ კანონიერად დამიჭირეს, რატომღა გამომიშვეს? თუ ეჭვი ეპარებათ ჩემს სიმართლეში, მზად ვარ, ჩემს საქმეს გადახედონ.

_ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის დადგენილებით, 18 მილიონი ლარი უნდა გადაგიხადოს სახელმწიფომ?

_ დიახ, პლუს ამას, დაყადაღებულია ჩემი ქონება, სახლი აუქციონზეა გატანილი და, ჩემია თუ არა, დღემდე ვერ გამიგია. მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს, მაგრამ არ ასრულებს. პირიქით, რაღაც მაქინაციებით 11 მილიონი ლარის დავალიანება დამარიცხეს. არადა, სახელმწიფომ უნდა გადამიხადოს დავალიანება. ახლახან ადგნენ და ზოგიერთ კომპანიას მილიარდ ასი მილიონი ლარის თანხა ჩამოაწერეს. თქვას ხელისუფლებამ, რომელ კომპანიებს აპატია დავალიანება, რატომ ადევს ამ ინფორმაციას გრიფი საიდუმლო, რა იყო გასასაიდუმლოებელი, არ მესმის! ან რატომ ჩამოაწერეს კონკრეტულად იმ ბიზნესმენებს და მე რატომ არ მოვხვდით ამ სიაში? რა ხდება ამ ქვეყანაში, არ მესმის…

_ სასამართლო პროცესი მოიგეთ, რა მოტივით არ გიბრუნებენ თანხას?

_ ფინანსთა სამინისტროში რომ უზით ის “შამანი” _ ნოდარ ხადური, ეგ კაცი რას აკეთებს საერთოდ ან რა განცხადებებით გამოდის, არ ვიცი. სადავო საქმეებშია ჩემი საქმე, ერთი ნაწილი აღიარეს ვითომ, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ხელოვნურად დამარიცხეს ჯარიმები, რომლებიც არ მეკუთვნოდა და, რომც მეკუთვნოდეს, ეს თანხა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გამოქვითულიყო. წარმოუდგენელი რამ ხდება.

ვერც მინისტრთა კაბინეტიდან, ვერც პარლამენტარებისგან პასუხს ვერ ვიღებ, ვერც ვერავის ვუკავშირდები. ტელეფონის ზარს არავინ პასუხობს. დესპოტური მმართველობის პრინციპია ქვეყანაში. სააკაშვილს თუ ტირანია ჰქონდა, ამათ დესპოტური მმართველობა აქვთ. ერთადერთი _ ქუჩაში აღარ დაგვდევენ და ტყვიას აღარ გვესვრიან, თორემ სხვა ყველაფერი იგივე ხდება, რაც “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში.

ნოდარ ხადურმა თემურ კოხოძეს 10 მილიონი ლარი საეჭვოდ ჩამოაწერა

თავისუფალი თაობისდამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა ახლახან ფინანსთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართა და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ ბიზნესმენს რამდენი ლარის ოდენობის დავალიანება აპატია სახელმწიფომ 2015 წელს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

_ სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ნოდარ ხადურმა 2013-2015 წლებში ისეთ ოდიოზურ ბიზნესმენებს ჩამოაწერა საგადასახადო ვალდებულებები, როგორიცაა, მაგალითად, “თეგეტა მოტორსის” დამფუძნებელი თემურ კოხოძე, რომელიც 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. კოხოძეს სახელმწიფომ ათი მილიონი ლარი ჩამოაწერა. თანხა, აგრეთვე, ჩამოაწერეს ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” დამფუძნებელ პაატა კურტანიძეს, “პე-ეს-პეს” დამფუძნებელ კახა ოქრიაშვილსა და ერეკლე კოდუას დედას _ ლაურა ღაჭავას. სახელმწიფომ, ფაქტობრივად, კოდუების ბიზნესს აჩუქა თანხა. სხვათა შორის, “ქართუ ბანკმაც” ჩაფარცხა ეს საქმე.

გამოდის, ხელისუფლებამ ნაციონალების კარის ბიზნესმენებს ჩამოაწერა ფინანსური ვალდებულებები, თანაც, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი და, როდესაც დავინტერესდი ხელისუფლების მოტივაციით და გამიჩნდა ლოგიკური კითხვა _ რატომ ჩამოაწერა მხოლოდ ამ კონკრეტულ ბიზნესმენებს სახელმწიფომ თანხა, ასევე, ვინ იყვნენ ეს ბიზნესმენები და რა ოდენობის თანხა ჩამოაწერეს, წერილობით მივმართე ფინანსთა სამინისტროს და მივიღე პასუხი, რომ თურმე ფინანსთა მინისტრმა ჩამოაწერა მილიარდ ასი მილიონი ლარის დავალიანება წვრილ, საშუალო და მსხვილ ბიზნესმენებს. როგორც აცხადებენ, ისეთი ბიზნესმენები შეარჩიეს, რომლებიც გაკოტრდნენ და შეწყვიტეს საქმიანობა, მაგრამ ყველა მეწარმემ, რომლებსაც დიდი დავალიანება დაუგროვდება, იცის, რომ შეუძლია ვითომ გაკოტრებულად გამოაცხადოს კომპანია, რათა აღებული ვალდებულებები გაუუქმდეს და საქმიანობა უკვე შეცვლილი სახელწოდებით განაგრძოს.

ესენი ბიზნესკოაბიტაციაში არიან. კარგია, რომ ბიზნესს ეხმარებიან, მაგრამ საკითხავია, რა ფორმით და ვის ეხმარებიან. ამიტომ, ამ შემთხვევაში მე დავინტერესდი არა წვრილი ან საშუალო ბიზნესით, რომლებსაც მართლა სჭირდება დახმარება, არამედ მსხვილი ბიზნესმენებით. მათთან, როგორც ჩანს, სხვა ტიპის გარიგება შედგა…

_ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოსა და ზოგიერთ ბიზნესმენს შორის ფარული გარიგებები ხდება?

_ დიახ, ლოგიკურად ასე გამოდის. ბიზნესმენი, რომელსაც ჩამოაწერეს თანხა და არ გაკოტრებულა, ანუ განაგრძობს საქმიანობას, უკვე გარკვეულ დათმობაზე მიდის სახელმწიფოსთან _ ან ეხმარება არჩევნებში, ან მის სასურველ ადამიანებს ასაქმებს, ან უარესი _ იმ ჩამოწერილი თანხიდან გარკვეულ ოდენობას აბრუნებს, ოღონდშავი ფულისსახით. სწორედ ეს არის კორუფცია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 15-მდე ბიზნესმენი საკმაოდ სოლიდური საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი და საზოგადოების ეჭვი გააქარწყლოს, ვითხოვთ ბატონ ნოდარ ხადურისგან, გაასაჯაროოს ინფორმაცია ან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან მაინც შექმნას ჯგუფი და მათ მაინც გააცნოს ეს ინფორმაცია.

_ თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ, მაგალითად, თემურ კოხოძეს თანხა ჩამოაწერეს.

_ ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციის დამალვის მიზეზად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლს ასახელებს, რომელიც მესამე სუბიექტს სახელმწიფოსა და ბიზნესმენის ურთიერთობაში ჩარევას უკრძალავს, მაგრამ სიცრუეა, თითქოს ეს აძლევს მათ უფლებას, დამიმალონ, რომელ ბიზნესმენს რა თანხა ჩამოაწერეს. გამოდის, რომ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ართმევდნენ ფულს ბიზნესმენებს და მათთან გარიგებებს დებდნენ, ასე იქცევა ამჟამინდელი ხელისუფლებაც. თბილისი პატარაა და ყველამ კარგად იცის, რომ ნოდარ ხადურმა თემურ კოხოძეს 10 მილიონი ლარი საეჭვოდ ჩამოაწერა. ფინანსთა სამინისტრო ისევ ნაციონალებს ეხმარება და ჩვენი ფული, სახელწიფო ბიუჯეტის ფული, აჩუქეს იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც ისედაც არ აკლიათ ფული, თანაც, პასუხსაც არ გვცემენ, რა მოტივით აჩუქეს ეს თანხა, ეს კი დანაშაულია.

 სააკაშვილისგან გამწარებული უამრავი ადამიანი დღესაც ვერ პოულობს სამართალს, სახელმწიფო კი ეხმარება ნაციონალების კარის ბიზნესმენებს, რომლებიც არჩევნებზე ისევ ნაციონალებს დააფინანსებენ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ძალიან მაინტერესებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების ჩამოწერის რა უფლება აქვს ან ხადურს ან პრემიერს და საერთოდ რატომ აძლევენ თავიანთ თავს იმის უფლებას რომ ჩემს დაუკითხავად და ქართველი ხალხის დაუკითხავად განაგებენ ჩვენს ქონებას მათ ეს თანხები თავიანთი ჯიბიდან უნდა ზღონ ვინც აპატია რატომ მოსახლეობას არ პატიობს ვინმე თუნდაც ერთ თეთრ დავალიანებას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here