რატომ დაეცა “ქართული ოცნების” რეიტინგი?
არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამერიკის საერთაშორისო ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის _ “ენ–დი–აის” კვლევის შედეგები ასეთია: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა 16% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 10% _ “ნაციონალურ მოძრაობას”, 7% – “თავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას, “დემოკრატიულ მოძრაობასა” და “პატრიოტთა ალიანსს” _ 3-3%.
ამასთანავე, გამოკითხულთა 60%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, გადაწყვეტილება მიღებული აქვს 35%-ს, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ქართველი საზოგადოების უმრავლესობისთვის გამაღიზიანებელი იყო “აი–რა–ისა” და “ენ–დი–აის” მიერ ჩატარებული გამოკითხვა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც შედეგი ასე გამოიყურებოდა: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 47% დაუჭერდა მხარს; “კოალიცია ქართულ ოცნებას” _ 10%; “ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას” _ 3%; დანარჩენი პარტიები კი არც ჩანდნენ…
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა მაშინ ბოიკოტი გამოუცხადეს ამერიკულ ინსტიტუტებს. ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში _ ჯონ ბასს და “ენ–დი–აისა” და “აი–რა–ის” კვლევების შეწყვეტა მოითხოვა. მიმართვას მალევე მოჰყვა ჯონ ბასის პასუხი: “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც, 20 წელზე მეტია, მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს”.
ამ წერილის შემდეგ ამერიკული ინსტიტუტების მიმართ საყვედური აღარავის გამოუთქვამს. არადა, როგორც ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, დიდი ხანია, მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ამერიკულ ინსტიტუტებს “ფეხი ამოუკვეთეს”.
შევეცადეთ, პოლიტოლოგებთან და პოლიტიკოსებთან ერთად გაგვერკვია, თუ რა აქვთ ჩაფიქრებული ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს. იძლევა თუ არა კვლევის შედეგები საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამერიკისთვის სასურველი შედეგის მისაღებად გაყალბდება? რატომ დაეცა “ქართული ოცნების” რეიტინგი?
“რაც ამ დღეებში ვიხილეთ, მოდელირებული კვლევაა, რომელიც მიმართულია
იმ მკვდარი პარტიების გასაცოცხლებლად, რომელთა მფარველებიც იმ ქვეყანაში სხედან, რომელსაც “ენ–დი–აი” წარმოადგენს”
ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი:
_ დიდი ხანია, ამ ქვეყანაში “ენ-დი-აის” სოციოლოგიურ კვლევას არავინ ენდობა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ამინდს ქმნის. ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება?
_ “ენ-დი-აის” ბოლო კვლევა მიშასდროინდელ მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს. ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” იმიჯის გასალამაზებლად არის. აგრეთვე, სურთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამოტივტივება, რადგან ალასანია პოლიტიკაში ყოველთვის სათადარიგო მოთამაშე იყო. “ენ-დი-აის” ეს კვლევა, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიმართული იყო ე.წ. პრორუსული პარტიების დასაკნინებლად. ეს მათ მიერ ჩატარებულ ბოლო რამდენიმე კვლევაში ნათლად გამოჩნდა. ნინო ბურჯანაძის პარტიასა და “პატრიოტთა ალიანსს” არც ერთ კვლევაში საერთოდ არანაირი პროცენტი არ აქვთ, და რაც მთავარია, ამ ყველაფრისთვის პირველ ლეიბორისტს, შალვა ნათელაშვილს, იყენებენ, რომელიც რამდენიმე წელიწადია, “ნაცების” თამაშს თამაშობს. ნათელაშვილი კვლევებში ჩანს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მისი რეიტინგი ნულია.
ასე რომ, რაც ამ დღეებში ვიხილეთ, “ენ-დი-აის” მოდელირებული კვლევაა, რომელიც მიმართულია იმ მკვდარი პარტიების გასაცოცხლებლად, რომელთა მფარველებიც იქ სხედან, რომელ ქვეყანასაც “ენ-დი-აი” წარმოადგენს.
_ ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის გარეშეც ვიცით, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი მკვეთრად დაეცა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ერთ–ერთი მიზეზი ის ხომ არ არის, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის გუნდი ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას დაჰპირდა, მაგრამ ამ მხრივ არაფერი გაკეთდა?
_ ეს მთავარი მიზეზი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად არის. ხალხს მხოლოდ იმის მოლოდინი არ ჰქონდა, რომ მწვანილი გაეყიდა რუსეთში. მას სურდა, ყოვლისმომცველი ურთიერთობები ყოფილიყო. დღეს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი არ მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისე არიან დაშინებულები, რუსეთზე საუბარს საერთოდ ვერ ბედავენ. ასეთი ნახევარფაბრიკატივით გაკეთებული საქმით “ოცნებამ” იმედი გაუცრუა მოსახლეობას.
“ქართული ოცნება” აღარ არსებობს, პატარა ბიჭს ჩააბარეს _ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობს, ახალი ძალა უნდა მივიყვანო პარტიაში, ინგლისურის მცოდნეებიო… ვფიქრობ, მათთვის ეს ნაბიჯი სრული ფიასკო იქნება. მგონია, რომ “ოცნება” ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, თუ მასობრივი გაყალბება არ მოხდება, თუმცა მათი გადარჩენა შეუძლია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და დაკავებულ თანამდებობაზე ოთხი წლით დარჩენას.
“ჩვენ ხომ ამერიკის “სტრატეგიული” პარტნიორები და მონები ვართ? “აი–რა–ისა” და “ენ–დი–აის”, თავზე რომ არ გვასხედან და არ გვაჭენებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ”
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ წლების განმავლობაში “ენ-დი-აიცა” და “აი-რა-იც” მხოლოდ რეიტინგების გაყალბებით არიან დაკავებულნი. ის, რაც დღეს ხდება, ხელისუფლების სისუსტეა. როდესაც “ენ-დი-აი” და “აი-რა-ი” ქვეყანაში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების დანაშაულია. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ამერიკული ინსტიტუტები, დიდი ხანია, გააძევეს. საქართველოში ამას ვერავინ ბედავს, ჩვენ ხომ ამერიკის “სტრატეგიული” პარტნიორები და მონები ვართ. ასე რომ, “აი-რა-ისა” და “ენ-დი-აის”, თავზე რომ არ გვასხედან და არ გვაჭენებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ.
ის, რასაც “ენ-დი-აი” აკეთებს, ნიშნავს საზოგადოების შემზადებას იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში პარლამენტში დიდი ადგილი დაიკავოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მასთან ერთად საქმეში “თავისუფალი დემოკრატები” გაჰყავთ და ის ძალები, რომლებიც ამერიკელებს კუდს უქიცინებენ. როგორ დავიჯერო, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას საერთოდ არანაირი პროცენტი არ აქვს?! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბურჯანაძე და მისი პარტია მიყვარს, უბრალოდ, არარეალურია ეს სურათი. როგორ შეიძლება სიმართლედ ჩაითვალოს ის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ პროცენტს ეშინია რუსეთის და რუსეთთან ურთიერთობა მაინც სურს?! საქართველოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნამდვილად არ უნდა არც ნატო და არც ევროკავშირი, კვლევები კი სულ სხვა რამეს ამბობს.
_ “ენ–დი–აის” კვლევების არ გვჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ “ოცნების” რეიტინგი დაეცა. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების დაპირების შეუსრულებლობამ ხომ არ გამოიწვია ეს?
_ “ოცნების” რეიტინგის დაცემა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობას არ გამოუწვევია, ეს აუხდენელმა ოცნებებმა განაპირობა.
რუსეთთან ერთიერთობის მოგვარება ყველას სურს, მაგრამ უფრო მეტად ნორმალური ცხოვრების პირობები უნდათ. გარდა ამისა, ხალხს სურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყელში არ გასჩხეროდა, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ისე წაიყვანეს საქმე, რომ ამ პარტიამ მომავალ საპარლამეტო არჩევნებში, შესაძლოა, 13%-ზე მეტი მიიღოს.
“საქართველოს კეთილდღეობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზეა დამოკიდებული”
გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:
_ “ენ–დი–აის” ბოლო კვლევა ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები გაყალბდეს?
_ “ენ-დი-აი” მარგინალების ორგანიზაციაა. ქართველი ხალხი მიეჩვია მის ასეთ გამოხდომებს. “ევრაზიის ინსტიტუტმა” ჩაატარა კვლევა, რომელიც ოდნავადაც არ ემთხვევა “ენ-დი-აის” კვლევას, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე რეიტინგით თითქოს პირველ ადგილზეა. ეს ხომ წარმოუდგენელია?!
_ რატომ დაეცა “ოცნების” რეიტინგი? იმიტომ ხომ არა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას რომ დაჰპირდნენ ხალხს და არაფერი გააკეთეს?
_ ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად ეს იყო, რადგან საქართველოს კეთილდღეობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზეა დამოკიდებული. ერთხელ ვთქვი, არც ერთ პარტიას არ ვურჩევ ანტირუსული რიტორიკით არჩევნებზე გასვლას-მეთქი. ასეთი რიტორიკა არამხოლოდ უმართებულოა საქართველოს ინტერესებისთვის, არამედ ამით პარტიის რეიტინგიც დაეცემა.
ანტირუსული ელექტორატი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულია და სწორედ მას არ აძლევს ხელს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, დანარჩენი ამომრჩევლისთვის კი ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია.
“ენ–დი–აის” კვლევა სოციოლოგიური თაღლითობაა”
ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:
_ არჩევნების გაყალბებას ყველა ვარაუდობს, რადგან ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს. საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს. ეს იმიტომ ხდება, რომ არჩევნები იმთავითვე გაყალბდა და ეს მოხდა არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, არამედ ქართველი ხალხის დასათრგუნავად. გაყალბება მასშტაბურია და ის ქართველი ხალხის ცნობიერებაზე აისახება. პოლიტიკოსები ქართველი ხალხის ფსიქიკაზე ძალადობენ. ამის გამოხატულებაა ყველა მოწვევის პარლამენტი. ქართველი ხალხის სურვილია, იცხოვროს ღირსეულად. არჩევნების დროს ეს სურვილი ყალბდება, პირველ რიგში, და “ენ–დი–აის” კვლევაც ამას ადასტურებს.
“ენ-დი-აის” კვლევა სოციოლოგიური თაღლითობაა. ისინი ახერხებენ, ციფრები იყოს სინამდვილესთან მიახლოებული, მაგრამ მთავარსა და არსებითში შეაცდინონ საზოგადოება. სოციოლოგიური კვლევა არ ტარდება იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორია ხალხის განწყობა, ტარდება პროპაგანდისთვის და ემსახურება მათთვის სასურველი მიმართულების საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ აღნიშნული კვლევა ხალხის უნდობლობას იწვევს და არა მხოლოდ ხალხის, პოლიტიკური სუბიექტების უნდობლობასაც.
“ენ–დი–აის” კვლევა ნათლად გვიჩვენებს, თუ რა სურთ მათ, სად და რა ნაწილში უნდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
დღეს ერთმანეთს ებრძვიან პრორუსული და პროდასავლური ძალები და აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ შემთხვევითი არ არის პოლიტიკური სპექტრის დაყოფა პრორუსულ და პროევროპულ ძალებად. არავინ ამბობს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც პრორუსულს უწოდებენ, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში ხედავს საქართველოს პერსპექტივას. აქ კი სალანძღავი არაფერია. ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი, პროდასავლური პოლიტიკოსები ამ სეგმენტში შესვლას ცდილობენ და მისი გამოყენება თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის სურთ. რუსეთის თემა საჯილდაო ქვად იქცა.
თუ გავაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე, შეიძლება ითქვას, საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება არის გასაღები იმისა, რომ მოჯადოებული წრე გაიხსნას, რათა გზა გავიკვლიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ ეკონომიკური და სულიერი აღორძინება დაიწყოს.
ივანიშვილისა და მისი გუნდის რეიტინგის დაცემა სწორედ იმან გამოიწვია, რომ უმთავრესი გზავნილი _ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, არ შესრულდა. ქართველი არ არის ისეთი სულელი, რომ ის დაეჯერებინა, რასაც ივანიშვილი ჰპირდებოდა. მას ხალხმა ნდობა იმისთვის გამოუცხადა, რომ იცის, ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი რა არის. სწორედ ამას შეეხო ივანიშვილი და დაჰპირდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა, რაც, ასე თუ ისე, სარწმუნო იყო. აი, ამის გამო დაუდგა გვერდით ქართველი ხალხი ივანიშვილს, მაგრამ მან ყველა მიმართულებით გაუცრუა იმედი. ქართველისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ ივანიშვილის მთავრობამ რუსეთთან არათუ ურთიერთობის რეალური მოწესრიგება ვერ შეძლო, შეხვედრაც ვერ მოახერხა რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს “ოცნების” ფიასკოა.
უბედურება არის ის, რომ “ენ–დი–აის” კვლევა ამტკიცებს: ქართულ პოლიტიკაში კვლავ “ოცნება” და “ნაციონალები” არიან მთავარი მოთამაშეები, ანუ, რაც აქამდე იყო, ისევ იმ გზით უნდა გაგრძელდეს ცხოვრებაო.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა